ევრომაიდანი დარჩენილი ქალაქისგან სახელდახელოდ, მაგრამ საკმაოდ მყარად აგებული ბარიკადებით გამოყოფილი ერთგვარი ციხესიმაგრეა. ყველაფერი სწორედ ამ ბარიკადებს შიგნით ხდება. გარეთ კი, შეიძლება, ვერც კი იფიქროთ რომ ქვეყანაში ასეთი დიდი პროტესტია აგრორებული.
როდესაც მსგავს მოვლენებს შორიდან უყურებ, შეიძლება, ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნას, თითქოს ეს ათასობით და ათიათასობით ადამიანი ვიღაც პოლიტიკოსების ხელში მხოლოდ და მხოლოდ პაიკების არმიაა და სხვა არაფერი. თუმცა როდესაც მათ შორის დგახარ და ყველაფერს უშუალოდ ადევნებ თვალს, ხვდები, რომ ეს ადამიანები თუ მართლა პაიკები არიან, მაშინ ისეთები, - რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, საჭადრაკო დაფის ბოლოში გავიდნენ.
გუშინ გვიან ღამით, როდესაც ოპოზიციის ლიდერებმა მეიდანზე შეგროვილ ხალხს მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგები გააცნეს, საკმაოდ დიდი ნაწილის მხრიდან აღშფოთებული შეძახილები მიიღეს. ხალხი გააბრაზა თავიანთი ლიდერების ხელისუფლებასთან დათმობებზე წასვლის ოდნავმა შესაძლებლობამაც.
ასეც რომ არ იყოს, პოლიტიკოსები აქ საღამოობით თუ შემოივლიან ხოლმე: ერთი-ორი საათით მიმართავენ ხალხს და შემდეგ ქრებიან. ხოლო ვინც რჩება, ისენი ევრომაიდნის დამცველები არიან - თავისუფლების მოედნის დამცველები.
ევრომაიდანი დარჩენილი ქალაქისგან სახელდახელოდ, მაგრამ საკმაოდ მყარად აგებული ბარიკადებით გამოყოფილი ერთგვარი ციხესიმაგრეა. ყველაფერი სწორედ ამ ბარიკადებს შიგნით ხდება. გარეთ კი, შეიძლება, ვერც კი იფიქროთ რომ ქვეყანაში ასეთი დიდი პროტესტია აგრორებული.
ამ ბარიკადებს ევრომეიდნის დამცველები მთელი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ამაგრებენ: მინუს 20-25 გრადუსიანი ყინვისგან ასფალტზე დადებულ ყინულის სქელ ფენებს ამტვრევენ, ტომრებში აგროვებენ და ბარიერებისკენ მიეზიდებიან. ოთხ უზარმაზარ ბარიკადს, ცეცხლმოკიდებულ საბურავებსა და ათასობით ევრომაიდნელს იქით ბერკუტი დგას. დემონსტრანტები ამბობენ, რომ შტურმისთვის ნებისმიერ დროს მზად არიან და მანამ არ დაიშლებიან, სანამ პრეზიდენტი იანუკოვიჩი არ გადადგება.
“თქვენი პრეზიდენტის დრო გასულია - წადით, თავს უშველეთ, სანამ დრო გაქვთ” - უყვირიან ბერკუტს. ბერკუტი დუმს. ამ დროს კი, თუკი სადღაც შორს, ერთმა ადამიანმა დაიყვირა “დიდება უკრაინას” - სადაც კი მისი ხმა მისწვდება, ყველგან აუცილებლად უპასუხებენ “გმირებს დიდება”. ბერკუტი ისევ დუმს, ბერკუტი ბრძანებას ელოდება -ევრომაიდანი ბერკუტის მოქმედებას.
ევრომაიდანზე ჯერჯერობით სიმშვიდეა. ევრომაიდანი მხოლოდ იწვის, ხმაურობს და ელოდება. თუ ევრომაიდანს ესვრიან, ევრომაიდანიც ესვრის. ევრომაიდანი დაშლას არ აპირებს.