საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხი კანდიდატი დაამტკიცა. თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ საბჭოს საქმიანობა ქმედითუნარიანად ჩაითვალოს, მინიმუმ შვიდი წევრის დამტკიცებაა საჭირო. შესაბამისად, ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელს სამეურვეო საბჭო ისევ არ ჰყავს. საბჭოს წევრობის ხუთი ვაკანტური თანამდებობის შესავსებად კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს. როგორ აისახება სამეურვეო საბჭოს არყოლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე? როგორ აფასებენ განვითარებულ მოვლენებს მაუწყებლის თანამშრომლები?
სამეურვეო საბჭოზეა დამოკიდებული ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულების მიღება და ბიუჯეტის დამტკიცება. სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს. გარდა ამისა, სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის წარდგენით ამტკიცებს საშტატო განრიგს, თანამშრომლებისათვის გასაფორმებელი ხელშეკრულებების პირობებს და სახელფასო ფონდს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობაზეა დამოკიდებული აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრა, ბიუჯეტისა და დებულების დამტკიცება. შესაბამისად, მანამ, სანამ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ეყოლება სამეურვეო საბჭო, ვერც აჭარის ტელევიზია და რადიო იმუშავებს მრჩეველთა საბჭოს მიერ დადგენილი პრიორიტეტებით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის შეფასებით სამეურვეო საბჭოს არყოლა არხის სრულყოფილად მუშაობას უშლის ხელს, - „იმის გამო, რომ სამეურვეო საბჭო არ გვყავს, ამ დრომდე არ დამტკიცებულა ბიუჯეტი, არ არის განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტელევიზიაში არაფერი ახალი არ იქმნება. არის მოლოდინის რეჟიმი, რაც იმედი მაქვს მალე დასრულდება. იმისათვის, რომ არხმა სრულფასოვნად განაგრძოს მუშაობა სამეურვეო საბჭოს არჩევა აუცილებელია. რაც მეტად გაიწელება დროში ეს პროცესი, მით უფრო ცუდი იქნება ეს მაუწყებლისთვის.“
საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ არასტაბილურ მდგომარეობაზე საუბრობს არხის თანამშრომელი, ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი. მისი თქმით, ტელევიზიაში ისეთი რთული მდგომარეობა, როგორიც ახლაა, აქამდე არ ყოფილა,- „მიუხედავად იმისა, რომ არხს რეალურად ბევრი პატრონი უნდა ჰყოლოდა, იქნება ეს საბჭო, დირექტორი თუ სხვა, მაინც აღმოჩნდა სრული კოლაფსის წინაშე. ეს ერთი წელია არხი ინერციით მუშაობს. ეს არის პროცესი, როცა არავინ იცის რა იქნება. თანამშრომლები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. ახლაც არხზე უამრავი ახალი თანამშრომელი, გადავსებული ოთახებია. არავინ იცის რა ფუნქციას ასრულებენ ისინი, თუმცა ხელფასს იღებენ. რაც შეეხება არხის მენეჯმენტს აქაც ქაოსია, ერთი გუნდი თუ ალაგებს, მეორე ურევს. არავინ იცის, საით მივდივართ, შეჩერებულია ახალი პროექტებისა თუ გადაცემების გაკეთება. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ჟურნალისტები არიან დათრგუნული, დაშინებული და ამიტომ არაფერს ამბობენ“.
არხის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ გაჭიანურებული პროცესი მალე დასრულდება. მათი თქმით, სამეურვეო საბჭოს არყოლა არხის ფინანსურ რეგულაციებზე აისახება. ის, რომ ბიუჯეტი ვერ მტკიცდება ზოგჯერ აფერხებს არხის მიერ სამივლინებო ან სხვა ხერჯების დაფარვას .
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის, ნინო ზაუტაშვილის თქმით, შექმნილი სიტუაცია ძალიან რთულია და ყველა თანამშრომლის სურვილია, პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს,- „ძალიან მძიმე სიტუაციაა. ეს არის არასტაბილურობის განცდა. ყველას სურვილია, რომ დასრულდეს ეს გაუთავებელი პროცესი. ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია გავუძელით, გმირობაა. ძალიან მძიმეა ასეთ სიტუაციაში ყოფნა. მაშინ, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ იყოს კარგი ტელევიზია, მსგავსი პროცესი ამის მიღწევაში ხელს არ უნდა უშლიდეს“.
კანონის მიხედვით იმისათვის, რომ საბჭო დაკომპლექტდეს, საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს - ორ მეურვეს, რომელსაც წარადგენს სახალხო დამცველი, სამს – საპარლამენტო უმრავლესობა, სამს- საპარლამენტო უმცირესობა, ხოლო ერთს– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ არ გამოიყენა სრულად საკუთარი კვოტა და სამ-სამი კანდიდატი არ დაასახელა, რაც სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრებმა შეაფასეს, როგორც კანონდარღვევა. მათი განმარტებით, კანონის იმპერატიული მოთხოვნა, დეპუტატებს დაესახელებინათ კანდიდატები, მათ არ შეასრულეს, ამით კი დაარღვიეს კანონი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ კანონი არ დარღვეულა, დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ კანდიდატებზე, თუმცა პარლამენტს მეტი არგუმენტები უნდა დაესახელებინა იმის განსამარტავად თუ, რატომ არ დაასახელეს კანდიდატები, - „ერთადერთი არგუმენტი ამ თვალსაზრისით არის ის, რომ კონკურსში მინაწილეობის შესაძლებლობა უფრო ფართო საზოგადოებას უნდა ჰქონოდა. ამის გარდა სხვა არგუმენტი არ ყოფილა.
ძირითადი გამოწვევა ახლა ისაა, რომ ამ გამჭვირვალე პროცედურებით, სურვილის შემთხვევაში ხელახალ კონკურსში ყველამ მიიღოს მონაწილეობა. მე არ მინდა შევაფასო ცელკე უმცირესობა და ცალკე უმრავლესობა, შედეგზე პასუხისმგებელი არის პარლამენტი. მთავარი პრობლემა ის არის, რომ სამწუხაროდ პარლამენტმა ვერ მიიღო დროული გადაწყვეტილება. შესაბამისად, ახლა მთავარია, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. რადგან საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა იმ შედეგს, რაც პარლამენტმა დააყენა, მოგვიწევს ამ საზოგადოების ნდობის დაბრუნება“.
საქართველოს პარლამენტმა პირველი წარდგენისას 2013 წლის 27 დეკემბერს საბჭოს სამი წევრი დაამტკიცა. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატი - მარინა მუსხელიშვილი; საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი - ნათელა სახოკია; საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ დასახელებული კანდიდატი - ქეთევან მსხილაძე. მეორე წარდგენისას, 2014 წლის 23 იანვრს, პარლამენტმა მხოლოდ ერთი, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანდიდატი - ლელა გაფრინდაშვილი დაამტკიცა. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს ხუთი წევრის ადგილი ვაკანტურია. კანონის მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს.