Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევრომაიდანი - ყინულისა და ცეცხლის სიმღერა

29 იანვარი 2014

როცა საუბრობთ ევრომაიდანზე არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმოთ მხოლოდ კიევი. აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ადამიანებს მთელი უკრაინიდან, რომლებიც დედაქალაქში პროტესტის გამოსათქმელად ჩამოვიდნენ. ისინი მინუს 20-25-გრადუსიან ყინვაში ქუჩაში ან კარავში ათენებენ ღამეს, თუნუქის კასრებში დანთებულ ცეცხლთან თბებიან, კვამლისგან სახე უშავდებათ და მურში ამოთხვრილი ხელებით ჭამენ მხოლოდ იმას, რასაც შიგადაშიგ გრუშევსკის ქუჩაზე წითელჯვრიანი, თეთრჟილეტიანი ქალები ჩამოატარებენ ხოლმე.

ბერკუტთან შეტაკება რამდენიმე დღეა არ ჰქონიათ: დამწვარი ავტობუსებით, ყინულით სავსე ტომრებითა და მანქანის საბურავებით აგებულ კედელსა და სპეცრაზმს შორის ფეხბურთის მინისტადიონზე ოდნავ დიდი ყინულის მოედანია ბოლო შეტაკებების შემდეგ დარჩენილი ქვებითა და მოლოტოვის კოქტეილის ცარიელი ბოთლებით. ამ “ნეიტრალურ ტერიტორიაზე” მხოლოდ რეპორტიორები, სასულიერო პირები ან “დედების ჯგუფი” თუ შებედავენ.

სანამ ევრომაიდანი ხმაურობს, ბერკუტი დუმს. სპეცრაზმელები მხოლოდ ერთმანეთს თუ გადაულაპარაკებენ ერთი-ორ სიტყვას. მომიტინგეები ლამის ყოველდღე იგონებენ ახალ სლოგანებს და შეძახილებს:

“დიდება უკრაინას!” – “გმირებს დიდება!”

“დიდება ხალხს!” – “სიკვდილი მტერს!”

“უკრაინა!” – “უპირველეს ყოვლისა!”

როდის, რა სიტუაციაში და რა მანძილიდანაც არ უნდა მოისმას ამ შეძახილების პირველი ნაწილი, პასუხად ხმამაღალ შეძახილს ყოველთვის იწვევს. ეს მომხრეების იდენტიფიკაციის ერთგვარი საშუალებაცაა: თუ ევრომაიდანზე მოხვდით და გამვლელმა გითხრათ - “СЛАВА УКРАИНЕ!”, ჯობს სწრაფადვე უპასუხოთ “ГЕРОЯМ СЛАВА!”

გუშინ მთელი ევრომეიდანი ელოდებოდა რადას სხდომის დასრულებას, თუმცა არცთუ დიდი იმედით, რომ რამე კონკრეტულ შედეგს მიიღებდნენ. მართალია, პრემიერ-მინისტრთან ერთად მთელი მინისტრთა კაბინეტი გადადგა, მომიტინგეები ამ ამბავს დიდად არ გაუხარებია: მათ სჯერათ, რომ ეს იანუკოვიჩის სტრატეგიული სვლაა და სხვა არაფერი და ვინც არ უნდა დაინიშნოს ახალ პრემიერ-მინისტრად, პრეზიდენტი ძალიან მალე გაათავისუფლებს მას და “თავის მარჯვენა ხელს” აზაროვს უკანვე დააბრუნებს.

როგორც ჩანს, ევრომაიდანი კიდევ კარგა ხანს არ აპირებს დაშლას. იმ სამ ბარიკადს, რომელიც მათ ბერკუტისგან ყოფს, მეოთხესაც ამატებენ. უკვე ორი დღეა გრუშევსკის ქუჩის დასაწყისში ყინულის ტომრებს ერთმანეთზე აწყობენ და ამაგრებენ.

გუშინდელ სხდომაზე პარლამენტმა მხოლოდ ის შეძლო, რომ ე.წ. “16 იანვრის კანონები” გაეუქმებინა, მათ შორის კანონი ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის  გამკაცრებისა და მასობრივი აქციების დროს წესრიგის დარღვევის შესახებ. თუმცა მთავარი პროცესი მაინც წინაა. ორივე პოლიტიკური მხარე თავის მოთხოვნებს აყენებს: მთავრობას ხალხის მიერ დაკავებული შენობების გათავისუფლება უნდა, ოპოზიციას კი ამნისტიის შესახებ კანონის მიღება. შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ, ამბობენ, რომ “ოქროს შუალედი” უნდა იპოვნონ, თუ არადა მოლაპარაკებები თავიდან დაიწყება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^