პრემიერმა ღარიბაშვილმა მაქსიმუმის გაკეთება სცადა. მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე, აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებულ სადისკუსიო პანელზე მან დროის სულ მცირე ფანჯარა საქართველოში მიმდინარე ცვლილებებისა და მთავრობის მუშაობის შესახებ ყურადღების მისაპყრობად გამოიყენა. თუმცა, მას იმის გათვალისწინებაც მოუხდა, რომ „ბაიერიშე ჰოფის“ დიდ დარბაზში შეკრებილი მსმენელების თავაზიანი ინტერესით ძალიან დიდ ხანსაც არ ესარგებლა ბოროტად.
ცხადი იყო, რომ ყველა, ძირითადად, ვიტალი კლიჩკოს გამოსვლას ელოდებოდა, რომელიც პოდიუმზე ღარიბაშვილისგან 2 სკამით მოშორებით იჯდა.
კლიჩკო ღონისძიების საიდუმლო ვარსკვლავად იქცა. მან მიუნხენში მრავლად წარმოდგენილი მედიის დაახლოებით ისეთივე ყურადღება მიიპყრო, როგორც პროფესიული მეკრივეობის საუკეთესო ეტაპზე. თუმცა, ის მედიის გარდა, ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე ორმხრივი შეხვედრებისთვისაც ყველაზე სასურველი პარტნიორი აღმოჩნდა.
უკრაინის მიმართ ცხოველი ინტერესი საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისათვის შანსიც იყო და გამოწვევაც. ერთი მხრივ, ძალიან სასარგებლოა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის თემა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დაძაბულობის, აფრიკული კრიზისის, სირიული სამოქალაქო ომის, ირანთან ატომური მოლაპარაკებების და ევროპა-ამერიკას შორის მიმდინარე ჯაშუშური სკანდალის ფონზე მაინც აქტუალური რჩება. მეორე მხრივ, საქართველოს უკრაინის ჩრდილიდან გამოყვანა და ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის დამოუკიდებელ რელსებზე გაყვანა დიდი გამოწვევაცაა. ვილნიუსის ნოემბრის სამიტი მაინც წარუმატებლობად განიხილება, რადგან არც უკრაინას და არც სომხეთს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მოსაწერად მზადყოფნა არ გამოუთქვამთ.
კომენტატორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა მეზობელ ქვეყნებთან თაფლკვერისა და მათრახის პოლიტიკის გამოსაყენებლად პუტინის მზადყოფნა სათანადოდ ვერ შეაფასა. ევროპელმა პოლიტიკოსებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ თაფლკვერის - იაფი კრედიტებისა და გაზის - მათრახის - სავაჭრო სანქციების პოლიტიკას ასე ქმედითად გამოყენება შეიძლება.
ევროპა შეშფოთებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და ძალადობის ესკალაციას. თუმცა გარემოება, რომ იანუკოვიჩს თავდაცვის პოზიციაში გადასვლა მოუხდა, იმის დასტურად აღიქმება, რომ უკრაინის პრეზიდენტისა და რუსეთის ხელმძღვანელობის მეთოდები წარმატებული არ აღმოჩნდა. უკრაინული მოვლენები გაკვეთილიც იყო - მომავალში ვითარების ასეთი გამწვავება ევროპამ როგორმე თავიდან უნდა აიცილოს.
ეს გაკვეთილი განსაკუთრებით სასარგებლო გერმანიის ახალი მთავრობისთვისაა. დეკემბრის შუა რიცხვებში ბერლინში ფორმირებული ახალი მთავრობა ევროპის უშუალო სამეზობლოში კონფლიქტების მოგვარების მხრივ გააქტიურებას აპირებს.
ორმხრივ შეხვედრებში ქართველებს მეგობრული ყურადღებით მოუსმინეს, თუმცა გერმანული მხარის რაიმე დადასტურებული პოზიცია ჯერ არ ჩანს. ყურადღებით შეხვდნენ როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, მაგალითად თემურ იაკობაშვილის მშფოთვარე მოლოდინს, რომ სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ რუსეთი საქართველოზე წნეხს გაზრდის. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უფრო ე.წ. რბილი წნეხის - „სოფთ ფაუერის“ მეთოდების გამოყენებას ელოდება. ამაში, პირველ რიგში, ევროკავშირისა და ნატოს საწინააღმდეგო განწყობების გაღვივება იგულისხმება, მათ შორის ეკლესიის დახმარებით. ამიტომ ევროკავშირში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შეძლებისდაგვარად სწრაფ გაფორმებაზე საუბრობენ. რეალურ ვარიანტად აგვისტო განიხილება.
სექტემბერში დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ნატოს სამიტი, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით საქართველოში უფრო მნიშვნელოვნად აღიქმება, ვიდრე დასავლეთში. ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერ არაა ნათელი, რას მიიღებს საქართველო ნატოსგან.
ცხადია, რომ საქართველომ სამხედრო სფეროში გატარებული რეფორმებისა და ავღანური სამხედრო მისიისთვის აღიარება უნდა მოიპოვოს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გერმანიის თავდაცვის ახალ მინისტრ ურსულა ფონ ლაიენთან შეხვედრის დროს მზადყოფნა გამოთქვა 2014-ში, საერთაშორისო მისიის დასრულების შემდეგ, ავღანეთის უშიშროების ძალების საწვრთნელ ღონისძიებებში საქართველომ სამხედრო კონტინგენტით მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, ამ გეგმის განხორციელება ჯერ სათუოა, რადგან ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეერთებულ შტატებთან ამ თემაზე მომზადებული შეთანხმებისთვის ჯერ ხელი არ მოუწერია. ალასანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზადაა აფრიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაშიც მიიღოს მონაწილეობა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ, კონფერენციის დაწყებამდე, ბერლინში გერმანელ დეპუტატებთან, კანცლერის კანცელარიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა შეხვედრები.
ჯაფარიძე „ლიბერალთან“ საუბარში, შტაინმაიერის გეგმას იხსენებს, რასაც 2008 წელს, ომამდე, დეესკალაცია უნდა მოჰყოლოდა. ის აპირებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე ფოკუსირებულ ასეთივე გეგმას ინიცირება მოახდინოს.
მთავრობის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს ორშაბათს ბრიუსელში გააგრძელებენ. პრემიერი ღარიბაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, შტეფან ფულეს შეხვდება.
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მრავალრიცხოვანი კრიზისების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ საქართველოსადმი ინტერესი მაინც ლიმიტირებული დარჩება. ამიტომ, ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება, თუ მთავრობა და ოპოზიცია შიდაპოლიტიკურ პრობლემებს თავად გადაწყვეტენ და განსახილველად საერთაშორისო სცენაზე არ გაიტანენ, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა.
სასარგებლო იქნებოდა რუსეთთან კონსტრუქციული დამოკიდებულებაც. რუსული პროვოკაციების შემთხვევაში, ეს დასავლეთს საქართველოს მხარეს დადგომას გაუადვილებს. საგულისხმოა, რომ დასავლეთი რუსეთთან პრობლემების მოგვარებითაა დაინტერესებული, რადგან პუტინი სირიის კონფლიქტსა და ირანულ ვითარებაზე გავლენას ინარჩუნებს.
მიუნხენში კონფერენციას ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანია, თედო ჯაფარიძე და ლადო ჭანტურიაც ესწრებოდნენ. ოპოზიციის მხრიდან თემურ იაკობაშვილი, გიორგი კანდელაკი და ეკა ტყეშელაშვილი იყვნენ წარმოდგენილები. მიუნხენში გამოჩნდა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.
სომხეთი და აზერბაიჯანი მიუნხენში ორ-ორ წევრიანი სამთავრობო დელეგაციებით მონაწილეობდნენ. აზერბაიჯანის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა, სომხეთისას კი - პარლამენტის წევრი.