Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

95 წუთი გარდასახვამდე

24 მარტი 2018

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ახალი პროექტი "მეტამორფოზები"

როდესაც 2016 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი" დაარსდა, ეს მნიშვნელოვან გარღვევას ნიშნავდა. რაც არა მხოლოდ თანამედროვე ბალეტის განვითარებას, არამედ საერთოდ, თანამედროვე ცეკვის (თავისთავად, ტერმინი Contemporary dance გაცილებით ფართო მნიშვნელობისაა და თანამედროვე ქორეოგრაფიაში არსებულ სრულიად განსხვავებულ მიმართულებას, მიმდინარეობასა და ტექნიკას გულისხმობს) წახალისებასა და მიმდებარე „ფიზიკური თეატრის" განვითარებასაც გულისხმობდა.

და აი, წლევანდელი ნაყოფიც - თანამედროვე ბალეტი სახელწოდებით „მეტამორფოზები, რომელსაც საფუძვლად დიდი რომაელი პოეტის, ოვიდიუს ნაზონის „მეტამორფოზები" („გარდასახვა") დაედო საფუძვლად. კაცობრიობის ისტორიის ეს ერთ-ერთი ბრწყინვალე პოეტური ნაშრომი 15 წიგნად, რომელიც მითების პოეტურ „გარდასახვაზე” მოგვითხრობს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისა“ და Silk Factory Studio-ის ერთობლივი საინტერესო პროექტის საფუძველი გახდა.

იოჰან სებასტიან ბახისა და ნიკა მაჩაიძის ელექტრონული მუსიკა, რომელიც გამოყენებულია „მეტამორფოზებში”, უკვე ქმნის დროისა და სივრცის უცნაურ ნაერთს - ისეთ განზომილებას, რომელშიც წარმოდგენის ავტორსა და დამდგმელ ქორეოგრაფს, მარიამ ალექსიძეს საკუთარი ქორეოგრაფიული წარმოსახვისა თუ იმპულსების გამდიდრებისთვის, შესანიშნავი საშუალება აქვს.

თუ ამას აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონის უზარმაზარ სივრცეს (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა) დავუმატებთ, სადაც „მეტამორფოზების” რამდენიმე წარმოდგენა სრული ანშლაგით მიმდინარეობდა, გასაგები გახდება, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს თანამედროვე ქორეოგრაფიასა და, ზოგადად, ხელოვნებაში სწორედ კრეატიულობისა და იდეების სწორი თანხვედრა თუ მათი შემდგომი გენერირება.

ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასმა დადგა სწორედ საავტორო, თანამედროვე და ამავე დროს, კლასიკური მითებითა და მუსიკით შეზავებული წარმოდგენა, რომელიც მაყურებელს სწორედ დღევანდელი ენით, სხეულით, ნიშნებით ესაუბრება.

ბარკოსა და ელექტონული მუსიკის ერთი შეხედვით მკვეთრი და პარადოქსული ანტირითმა, სინამდვილეში კოხტად „ტემპერირებული კლავირის” წაკითხვისა და აცეკვების მცდელობაა, ანუ „დარღვეული დროთა კავშირის” მორგება დღევანდელ ციფრულ სამაყაროში ჩაკარგულ ადამიანთან. ამაში ქორეოგრაფს არა მხოლოდ ნიკა მაჩაიძის საუნდი ეხმარება, არამედ ანა ნინუას მხატვრობა და სცენოგრაფია. პლუს კონცეფციის ავტორისა და ხელმძღვანელის, დავით მაზიაშვილის იდეებიც.

მაყურებლის თვალსაწიერში სრულ სიშავეში ჩაძირული მართკუთხა სივრცეა მოქცეული, რომელიც სცენის კუთხეში უზარმაზარი განტოტვილი ხით ბოლოვდება. მარჯვნივ, განაპირას გაფატრული შავი ცხენი დგას, მარცხნივ - სკამზე მჯდომი თავჩარგული კაცი, რომელიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავად ავტორია, ან პროტაგონისტი…

გარკვეული თვალსაზრისით, მაყურებელი ბალეტში გამოყენებული ერთ-ერთი მითის, ნარცისისა და ექოს თანამონაწილე თუ წყევლის „მსხვერპლი” ხდება - „შეიყვაროს და ვერ მისწვდეს, თავის საყვარელს”. ეს მითიც, ისევე როგორც სხვა უამრავი, თითქოს მაყურებელზეა, რომელიც ცდილობს კავშირი დაამყაროს ამ საოცარ, იდუმალ, ბნელ და მისტიკურ სამყაროსთან, თუმცა რაღაც ყოველთვის „უშლის ხელს”: ხან ბახის აუწონავი სიღრმე, ხან ნიკა მაჩაიძის ელექტონული ანტირითმა, ხან იშვიათ პაუზებსა და სიჩუმეში ჩაკარგული სხეულების ოხვრა-სუნთქვა და ხანაც ფეხსაცმლის ქუსლებით დარღვეული კონტრაპუნქტი, რომლის „მოწესრიგებას” მანამდე პუანტებზე ამხედრებული ქალები თუ კაცები ცდილობდნენ.

ერთმანეთს ენაცვლება ჰერმესისა და აფროდიტეს ულამაზესი ვაჟის, ჰერმაფროდიტუსის ტრაგიკული ისტორია, ნარცისისა და ექოს მითი, ორფეოსის სიმღერა, ქსოვაში დახელოვნებული არაქნეს გარდასახავა ობობად, არიადნეს გვირგვინის ამბავი, დაბრმავებული ტირესიასის განცდები… უცვლელი რჩება თავად ქორეოგრაფის მთავარი პრინციპი: დაინახოს ანტიკურ-რომაული მითების პერსონაჟები ისეთ მდგომარეობაში, როცა მოცეკვავის პლასტიკური ხაზი და გამოსახველობა განყენებული კი არ იქნება, არამედ დროისა და დღევანდელი ადამიანის სულის შესატყვისი.

ამაში მარიამ ალექსიძეს 10 მოცეკვავე ეხმარება, რომლებიც სხვადასხვა პერსონაჟებს განასახიერებენ. მაგალითად, ნათია ბუნტური ექოსა და არიადნეს, ინტიგამ მამედოვი - ნარცისს, თეზევსსა და პირამუსს, მარიამ დარჩია - პროკნესა და არიადნეს, მარიამ ქოიავა - სიბილასა და კლიმენეს და ა.შ.

დაბოლოს, ჩვენი აზრით, უმთავარესი: სპექტაკლ „მეტამორფოზებით” თავად მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული ენა განიცდის მეტამორფოზას. მის მიერ დადგმული თანამედროვე ბალეტი (წაიკითხეთ Contemporary dance) გაცილებით ნატიფ, შთამბეჭდავ და ირონიულ იმპროვიზაციაზეა აგებული, ვიდრე ამას პროგრამული ბალეტის სავალდებულო შინაარსი გულისხმობს. ამგვარი გარდასახვისათვის კი მას მხოლოდ 95 წუთი ესაჭიროება, ანუ დაახლოებით ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმის დრო.

ცოტა რამ თავად მარიამ ალექსიძის შესახებ:

სწავლობდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სადაც მიიღო კლასიკური განათლება. 16 წლის ასაკში, ლოზანის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, ციურიხის საბალეტო სკოლის დირექტორებმა სწავლის გასაგრძელებლად ციურიხის საბალეტო სკოლაში მიიწვიეს. პარალელურად, ეუფლებოდა მოდერნ-ბალეტისა და თანამედროვე ცეკვის სხვადასხვა მიმდინარეობას; ასევე - ნეოკლასიკურ სტილს, რომელიც პირველ რიგში ჯორჯ ბალანჩინის სახელს უკავშირდება. თავის დროზე გაიარა ფლამენკოს ცეკვის მასტერკლასი ცნობილ მოცეკვავესთან, ნინა კორტისთან. ცეკვავდა ციურიხის ოპერისა და ბალეტის თეატრშიც, რომლის საბალეტო დასი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა...

მამის, გოგი ალექსიძის მოსკოვში გარდაცვალების შემდეგ, მარიამ ალექსიძე საქართველოში დაბრუნდა და უკვე დიდი ხანია მუშაობს, როგორც დამოუკიდებელი ქორეოგრაფი.

2009-2017 წლებში განახორციელა სრულიად განსხვავებული კონცეფციის, ფორმისა და მიმართულების ქორეოგრაფიული წარმოდგენები - გალაკტიონის პოეზიით შთაგონებული  „დოვინ-დოვენ-დოვლი”, ეროვნული თუ ეთნოგრაფიული ქორეოგრაფიით გამდიდრებული “აჭარპანი”, გურულად მსუბუქი და მოცარტულად ელეგანტური "ჰარირა" (ჯანსუღ კახიძის სიმღერების მიხედვით, რომელშიც მოცეკვავეებთან ერთად რუსთაველის თეატრის მსახიობებიც მონაწილეობდნენ), სუფიზმის ფილოსოფიითა და ესთეტიკით "გურჯი ხათუნის" ტრაგიკული ისტორია (დავით ტურაშვილის ლიბრეტოს მიხედვით), პერფორმანსი სახელწოდებით „შექსპირი. სიყვარული“, რომელშიც გარკვეულწილად თეატრი, ქორეოგრაფია და პოეზია გააერთიანა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^