Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოტესტირების საფრთხეები საქართველოში

11 თებერვალი 2014

რამდენიმე დღის წინ, “ჯამპსტარტ ჯორჯიამ” გამოაქვეყნა ვიზუალიზაცია ქართული ნარკოპოლიტიკის შესახებ სახელწოდებით, “წამალდამოკიდებულებას დასჯა არ კურნავს”. ნარკოპოლიტიკაზე დისკუსიის დროს, როგორც წესი, მთავარი საკამათო თემა დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკაა, რომელსაც შედეგიანობის, ეფექტიანობის, ხარჯების გონივრულობის თვალსაზრისით  არაერთი ხარვეზი აქვს.

თუმცა არანაკლებ საყურადღებოა ნარკოტესტირების პრაქტიკა, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებთან სრულ ჰარმონიაში ვერ თანაარსებობს. „ჯამპსტარტ ჯორჯიას“ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, 2008-2013 წლებში ჩატარდა  189 881 ნარკოტესტი, რომელთა 66%-ში ნარკოტიკის მოხმარება არ დადგინდა. ქუჩიდან აყვანილ პირებზე ნარკოტესტირების ჩატარება იმ სქემის ნაწილია, რომელსაც სამართალდამცავები სტაბილურად იყენებენ ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულებასთან საბრძოლველად.

რა სამართლებრივ მექანიზმებს ემყარება პოლიციელის მიერ პირის ნარკოტესტირებაზე შემოწნება? რა უფლებები აქვს ამ დროს პირს? რა საფრთხეებს შეიცავს ამგვარი პრაქტიკა?

განმარტებისთვის დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის პასუხისმგებლობა ორი აქტითაა გათვალისწინებული: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსი. შესაბამისად, განსხვავებულია ის სტანდარტები და რეგულაციები, რაც ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლაში გამოიყენება. განსხვავებულია პირის საპროცესო უფლებებიც.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი პოლიციელს გამოკვლევის მიზნით  უფლებას ანიჭებს, უფლებამოსილ სუბიექტს წარუდგინოს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. სწორედ კანონის ეს ჩანაწერი ქმნის იმის საფუძველს, რომ პოლიციელმა  პირი  ნარკოტესტირებაზე შეამოწმებინოს. როგორც აღვნიშნეთ, 2008-2013 წლებში ჩატარებული 189 881 ნარკოტესტიდან 66%-ში ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე გამოკვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ტერმინი “საფუძვლიანი ეჭვი” უდავოდ თავში გულისხმობს იმ ტიპის სტანდარტს, რომელიც პირის მიმართ ანალოგიურ ეჭვებს  პოლიციელის გარდა ნებისმიერ სხვა ადამიანსაც გაუჩენდა. ამასთან, “საფუძვლიანი ეჭვი” იმის შესახებ, რომ პირი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, საჭიროა ეფუძნებოდეს რიგი გარემოებების ერთობლიობას. მოტანილი სტატისტიკა, რომელიც პოლიციელების “საფუძვლიანი ეჭვის” საფუძვლიანობაზე მიუთითებს, ეჭვქვეშ აყენებს ამ სტანდარტის პრაქტიკულ მნიშვნელობას და უფრო მეტად პირების შემთხვევითი შერჩევის პრაქტიკაზე მიუთითებს. ცალკე აღებული ფაქტი, რომ პირი წარსულში სახდელდადებული ან ნასამართლევია ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო, რა თქმა უნდა, არ აძლევს უფლებას პოლიციელის, რომ  პირს ნარკოტესტის ჩატარება მოსთხოვოს. მიუხედავად ამისა, სახდელდადებულებისა და ყოფილი მსჯავრდებულების განმარტებები მიუთითებს, რომ ისინი მუდმივად სამართალდამცავთა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და ინტენსიურად ხდებიან სამართალდამცავების “საფუძვლიანი ეჭვისა” და შესაბამისად გამოკვლევის ობიექტები.

შსს მინისტრისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების მიხედვით, პირი ვალდებულია დაემორჩილოს პოლიციელსა და გამოკვლევაზე უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას. ეს კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პირს ლაბორატორიულ გამოკვლევაზე უარის თქმის უფლება არ გააჩნია. თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც პირი უარს აცხადებს გამოკვლევაში მონაწილეობაზე? ითვლება თუ არა პირის უარი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად, რაც დამოუკიდებელ სამართალდარღვევას წარმოადგენს? რა ხდება მაშინ, როცა პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაჯარიმების შემთხვევაშიც კი  პირი უარს ამბობს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე? შეიძლება თუ არა ეს და თუ შეიძლება, რა იძულების მეთოდების გამოყენება შეუძლია პოლიციელს ამ შემთხვევაში?

ამ საკითხებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და მასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები პასუხს ვერ სცემენ. თუმცა კანონით გაუთვალისიწინებელი იძულებითი მეთოდების გამოყენების ეჭვს აჩენს ის, რომ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ძალიან ცოტა ვინმე თუ ამბობს უარს.

ფაქტია, რომ კოდექსი არასაკმარისად ნათელი და სრულყოფილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამართალწარმოების პროცესის განჭვრეტა და პირის აღჭურვა ადეკვატური საპროცესო გარანტიებით მაშინ, როცა ეს კოდექსი ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის პირველადი საშუალებაა. სამართალდარღვევათა კოდექსის სისხლის სამართლის პროცესის სტანდარტებთან შედარებით ნათელი ხდება, რომ ეს ერთგვარი ალტერნატიული სამართლის სისტემაა, რომელიც  შესაძლებელობას იძლევა ძირითადი პროცესუალური უფლებების გვერდის ავლით პირის მიმართ გამოყენებულ იქნას იმგვარი იძულების ღონისძიებები, რაც პირის თავისუფლებასა და ხელშეუხებლობას, პირადი ცხოვრების უფლებას უკავშირდება. თუკი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ასეთ შემთხვევებში სასამართლო კონტროლის მექანიზმს, საპროცესო უფლებებსა და გარანტიებს უზრუნველყოფს, ადმინისტრაციული წესით სამართალწარმოებისას პირი დარჩენილია ამგვარი დაცვის გარეშე და მას მხოლოდ ex post გასაჩივრების შესაძლებლობა აქვს.

შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის დიდი ნაწილი ეფუძნება ბუნდოვან საკანონმდებლო მექანიზმებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის ეფექტურობას და ზრდის იმ პირთა უფლებების დარღვევის საფრთხეს, რომელთა მიმართაც ყოველდღიურად გამოიყენება ამგვარი კანონმდებლობა.

 

 ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^