Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცოტა სისხლი, მეტი ვნება და ბევრი ბალეტი

11 თებერვალი 2014

ძირითადად არტ-ჯადოქრულ შეფასებებს მაშინ მოვუხმობთ ხოლმე, როცა მხოლოდ ლოგიკით ან ესთეტიკით მოვლენების ახსნა და სახელდება გვიჭირს. ამიტომაც იბადება მსგავსი თავქუდმოგეჯილი შეფასებანი: "ეს ფანტასტიკაა, საოცარია, ენით აღუწერელია"...  რაღაც ამდაგვარი სიტყვები ისმოდა რუსთაველის თეატრში იმ უცხოელი იმპრესარიოებისგანაც, რომლებიც სუხიშვილების ახალ პროექტის "რამიშვილების" დასრულების შემდეგ გაოცებულები დარჩნენ. თუმცა მეფე სოლომონისა არ იყოს, ესეც ჩაივლის... და ისტორიას დარჩება 50 წუთში ჩატეული და ფოლკლორს რამდენიმე ათეული მეტრით დაშორებული ეს შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული სანახაობა.

 

პროექტი "რამიშვილები" ის შემთხვევაა, როცა ხელოვნება შენ თვალწინ იქსოვება, ერთდროულად ცოცხალი ტრადიციისა და ჯერ კიდევ მოუთელავ-მოუხელთებელი მოდერნის გათვალისწინებით. თუმცა ახალი თაობის სუხიშვილებმა (არამხოლოდ ამ პროექტით) დაამტკიცეს, რომ ფოლკბალეტის ყამირი უკვე გაკვალულია, ხნული გავლებული, მიზანი გამოკვეთილი, ხოლო მოგვიანებით ნაყოფი საამოც და სასარგებლოც იქნება.

ყოველგვარი სტერეოტიპის ნგრევა და ახალი იდეებით შთაგონებული ფოლკის შენება, სუხიშვილების ანსამბლის შემთხვევაში, მითოლოგიური წარსულის გაგრძელებას და საცეკვაო ენის გათანამედროვეობას ემსახურება. გარკვეული სკეპტიციზმისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ტრადიცია შვილიშვილების შემოქმედებაში სარისკო ტრანსფორმაციას განცდის. მაგრამ მაყურებელს თავად შეუძლია ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზის შეფასება.

"რამიშვილებში" ამ ანსამბლის მიერ დამკვიდრებული ფეხმარდი კაცების გასმაც გახსენდებათ და ფაქიზად მროკავი, ვნებიანი ქალების სცენაზე აუხსნელი სრიალიც. თუმცა  მთავარი გზავნილი მაინც ოდნავ თავგადახოტრილი, სამი წითელკაბიანი ქალის ცეკვაში იკითხება. შესაძლოა ისინი კონსერვატორულმა პუბლიკამ ვნებიან ალქაჯებადაც აღიქვას, ხოლო  მოდერნ-ბალეტში გარკვეულებმა  - პინა ბაუშიდან ნასესხებ სილამაზედ. ასეა თუ ისე, ნაციონალური ბალეტის ახალ სპექტაკლში იგრძნობა არა მარტო სიახლის სურვილი, არამედ არქეტიპების ნგრევის დღესასწაულიც, რომლის გარეშეც თანამედროვე ხელოვნება ვერ სულდგმულობს ან ვერ არსებობს.

ისტორიისა და თანამედროვეობის კავშირი იმაშიც ჩანს, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში, მხატვარ სოლიკო ვირსალაძის მიერ ნინო რამიშვილისთვის შექმნილმა კაბამ შვილიშვილს, ნინო სუხიშვილს, უკარნახა ახალ პროექტში ზემოაღნიშნული სამეულისათვის წითელი, ხასხასა კოსტუმი შეექმნა. და ისინი ყველაგან დასრიალებენ: შავ-თეთრით გაწყობილი ტანგოს წიაღშიც, კომპოზიცია „ბაღდადის“ კორდებალეტშიც და „სნაიპერთა“ ცეკვის ფინალშიც შთამბეჭდავად გაიელვებენ. როგორც თავად ნინო სუხიშვილი ამბობს, "აქ არის ვნება, თავგანწირვა და სისხლი, რომლის გარეშეც პროექტი "რამიშვილები" ალბათ, არც იარსებებდა".

საკმაოდ ძვირი, 50-ლარიანი ბილეთების მფლობელმა შეიძლება იფიქროს, რომ 50 წუთი ძალიან ცოტაა ელეგანტურად ვნებიანი ქალებისა და ჰაერში მფრინავი მამაკაცების საყურებლად, მაგრამ ზოგჯერ მცირე დროში მოთხრობილი და ხარისხიანი სპექტაკლი  უკეთესია, ვიდრე ხანგრძლვი და აკადემიური წარმოდგენა

დახვეწილი კოსტიუმები, ქორეოგრაფიული სითამამე და ცოცხალი მუსიკის ერთიანობა უდავოდ განაპირობებს „რამიშვილების“ წარმატებას. შესაძლოა თამამად ჟღერდეს, მაგრამ წლების შემდეგ იქნებ ამ პროექტს არა მხოლოდ ინოვაციური, არამედ რევოლუციურიც კი უწოდონ. თავის დროზე, ალბათ ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილიც დიდ რევოლუციურ განცდებში იქნებოდნენ, როცა „მზეკარს“, „ილოურს“ და „ოსურს“ თხზავდნენ.

ფოლკლორული და როკმუსიკის გადაკვეთა ისევე აუცილებელია ამ პროექტის წარმატებისთვის, როგორც მოსრიალე ქალების არტისტულობა და კომუფლიაჟით შემოსილი მამაკაცების პირუეტები. უცნაურია, მაგრამ შთამბეჭდავი, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ამერიკულ სამხედრო სპეცფორმებში გამოწყობილი ქართველები მოდერნ-ფოლკლორს ცეკვავენ. თვალში გვვხვდება ასევე აღმოსავლური პლასტიკითა და გამჭვირვალე ქსოვილით მოსილი ქალების სითამამე. კომპოზიციაში სახელწოდებით "ისინი" ირონიული სიფაქიზით აირეკლება ისტორიული "სამაია". 

„რამიშვილები“ კიდევ რამდენიმე  კომპოზიციას იტევს, რომელშიც უცნაურად არის შერწყმული "ტანგოს" თავშეკავებულობა, „ნინოურის“ კლასიკურობა და „მეტრონომის“ გეომეტრიული სრულყოფილებაც.

ფინალური ცეკვა სახელწოდებით  - „მიზანი“, მართლაც ემოციურ და ფსიქოლოგიურ შეჯამებას ჰგავს: შავკაბიანი ქალები, რომლებსაც წითელი სამიზნეები ახატიათ, მოულოდნელად „სნაიპერების“ სამიზნეები ხდებიან. ფოლკლორული და მილიტარისტული თემის მოულოდნელი რითმით მთავრება სექტაკლი, რომელშიც ორმოცამდე მონაწილე სინქრონულად ცეკვავს. სიქაგამოცლილი მამაკაცები იატაკზე ეცემიან, ხოლო წითელკაბიანი ქალები მოჩვენებასა თუ გაელვებსავით უვნებელნი რჩებიან.

სიყვარული არ ცვდება, არც ვნება ილევა, არც ტრადიცია გბეზრდება, თუ ის  შთაგონებულია  ენერგიითა და ახალი ფორმების ძიებით. პროექტი „რამიშვილები“ სწორედ ამ ფოლკლორული და მოდერნისტული ენერგიის ამოფრქვევას ჰგავს. ვისაც სურს  ზემოთქმული არტ-ჯადოქრობის დაჯერება, შეუძლია თავად კონცერტები იხილოს. მერე აღარც პლაგიატის უხერხული შეგრძნება გაუჩნდება ვინმეს და არც სუხიშვილების მამაკაცთა ტრიალს შეადარებენ მიხეილ ბარიშნიკოვის იატაკზე გასრიალებას. არადა თავის დროზე, ამერიკაში გასტროლების დროს სწორედ სუხიშვილებმა ასწავლეს მიხეილ ბარიშნიკოვს როგორ გასრიალებულიყო სცენაზე!.. და ქალების გულებიც დაეპყრო... მიუხედავად იმისა, რომ სუხიშვილების ახალი პროექტის შემდეგ მაყურებელს რთული და ჩახლართული ასოციაციები წარსულთან მაინც გაუჩნდება, ის იმასაც მიხვდება, რომ ხელოვნება ყოველთვის იმარჯვებს, თუ ის ახალი და მოულოდნელია და, რაც მთავარია, მას  ნიჭიერი ადამიანები ქმნიან.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^