პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ორი ახალი წევრი აირჩია.
კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით წარდგენილმა კანდიდატმა, ბესიკ ლილუაშვილმა პარლამენტის დეპუტატთა ხმათა უმრავლესობა (101) მიიღო.
უმცირესობის კვოტით ნინია კაკაბაძე იყო წარდგენილი. ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ ვერ მოიპოვა პარლამენტის მხარდაჭერა.
უმრავლესობას სამი კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი სამეურვეო საბჭოს წევრობაზე. ესენი იყვნენ: ია მამალაძე, ზაზა შათირიშვილი და მალხაზ ასლამაზაშვილი.
პარლამენტის მხარდაჭერა ზაზა შათირიშვილმა მიიღო (103 ხმა).
ვაკანტურია სახალხო დამცველის კვოტით ასარჩევი კანდიდატის ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში.
ომბუდსმენის კვოტით ასარჩევ კანდიდატზე კონკურსი გამოცხადდება. კონკურსის გამოცხადების ვადები ჯერ ცნობილი არაა.
ომბუდსმენის კვოტა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ომბუდსმენის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა, ზვიად დევდარიანმა კანდიდატური მოხსნა. ზვიად დევდარიანის გადაწყვეტილება უკავშირდება „ქალთა მოძრაობის“ განცხადებას, რომლითაც ისინი ამ უკანასკნელს ქალების შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. თავად ზვიად დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ მოძალადე არასოდეს ყოფილა.