ლოს-ანჯელესის სასტუმრო „ბევერლი ჰილტონში“, ოქროს გლობუსის დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიალზე შეკრებილი ვარსკვლავები საკუთარი ჩაცმულობის, სამკაულების, ვარცხნილობის დემონსტრირების, ფოტო და ვიდეოკამერებთან პოზიორობის, თაყვანისმცემლების მისალმების გარდა, კიდევ ერთ აუცილებელ „პროცედურას“ გადიოდნენ: თითოეული მათგანი ინტერაქტიულ სტენდთან მიდიოდა, ვიდეოებს წერდა ან ფოტოს იღებდა...
ეს სტენდი პოპულარულ სოციალურ ქსელ Instagram -ს ეკუთვნოდა. სერვისმა მომხმარებლებს საშუალება მისცა, საკუთარი კითხვები 15-წამიანი ვიდეოს სახით ჩაეწერათ და ჰეშტეგ #AskGlobes-ის ქვეშ გამოექვეყნებინათ. მათ კითხვებს ვარსკვლავები პირდაპირ ცერემონიალზე ისმენდნენ, პასუხებს ასევე ვიდეოს სახით წერდნენ და პრემიის ოფიციალურ გვერდზე - @GoldenGlobes-ზე აქვეყნებდნენ. გამარჯვებულებისა და მონაწილეების ფოტოები კი უბრალოდ ფოტოები კი არა, ავტოპორტრეტები, ე.წ. „სელფშოტები“ იყო...
დღეს ფოტოების პოპულარული სოციალური ქსელი Instagram-ი მხოლოდ ოქროს გლობუსის გადაცემის ცერემონიალის ნაწილი არ არის. ის არა მარტო ჰოლივუდის ვარსკვლავების, არამედ მსოფლიოს 150 მილიონზე მეტი მომხმარებლის ცხოვრების განუყოფელ და საყვარელ აპლიკაციადაა ქცეული, მათ შორის საქართველოშიც. ბევრმა თქვენგანმა მის შესახებ უკვე იცის, ბევრი ალბათ დარეგისტრირებულიცაა, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც Instagram -ზე პროფილი არ აქვს, ან მის შესახებ საერთოდ პირველად ესმის. მოკლედ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Instagram-ის „გაფილტრულ“ სამყაროში.
***
Instagram-ი ფოტოების სოციალური ქსელია, უფრო სწორედ რაღაც შუალედურია სოციალურ ქსელსა და მიკრობლოგს შორის, ერთგვარი Twitter -ი, თუმცა თუ Twitter -ზე მთავარი ტექსტია, აქ ძირითად ადგილს ფოტოები და ხანმოკლე ვიდეოები იკავებს. ისევე, როგორც Twitter -ზე, Instagram -ზეც შეგიძლიათ გყავდეთ „ხელმომწერები“, თავადაც გამოიწეროთ სასურველი ადამიანის განახლებები, განათავსოთ ფოტოები, მოიწონოთ და დააკომენტაროთ სხვათა ნამუშევრები. მოხმარება ძალიან მარტივია: ამავე სახელწოდების უფასო აპლიკაცია უბრალოდ უნდა ჩამოტვირთოთ და დააინსტალიროთ.
Instagram -ი კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა 2010 წლის ოქტომბერში გაუშვეს. თავდაპირველად ის მხოლოდ Apple-ს მოწყობილობებისთვის იყო ხელმისაწვდომი, 2012 წლის აპრილში კი ადმინისტრაციამ Android ვერსიაც შექმნა, რის შემდეგაც 24 საათში აპლიკაცია მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა. ფოტოებისა და მომხმარებლების სწრაფი ძიებისთვის 2011 წელს Instagram-ს საკვანძო სიტყვები - ჰეშტეგები დაემატა, გასული წლის თებერვალში კი - უკვე ვებ-ვერსიაც. 2012 წელს სერვისი Facebook -მა მილიარდ დოლარად იყიდა. ამჟამად მას 150 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, დღეში სოციალურ ქსელში საშუალოდ 55 მილიონი ფოტო და ვიდეო ქვეყნდება.
ფოტოგრაფისა და ბლოგერის თამარ მირიანაშვილის პირველი ფოტო Instagram -ზე უბრალო ტესტი იყო. აინტერესებდა, როგორი ფოტო გამოვიდოდა, სიტუაციას რომელი ფილტრი მოუხდებოდა. დღეს კი Instagram მის ყოველდღიურ ცხოვრებას ფეხდაფეხ დაჰყვება: „აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული უბრალო ავტოპორტრეტიდან ე.წ. selfie -დან, დამთავრებული კერძებით, ლანდშაფტებით თუ საპროტესტო აქციებით. აუცილებლად ვიყენებ ჰეშტეგებს - საძიებო სიტყვებს, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი ფოტოაქტივობა სოციალურ ქსელებში უფრო მეტად გაიშალოს და ის ფოტო, რომელსაც იმ წუთას ვაქვეყნებ, უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს“, - ჰყვება თამარ მირიანაშვილი.
თუმცა ძალიან ხშირად Instagram -ს საკუთარი ცხოვრების ფრაგმენტების გადასაღებად და გასაზიარებლად იყენებენ. თანაც, მისი მთავარი ხიბლი ის სპეციალური ფილტრები და ეფექტებია, რომლებიც პროგრამას თან ახლავს და ყველა მომხმარებელს თავს ფოტოგრაფად აგრძნობინებს. სულაც არაა საჭირო ფოტოს დამუშავებისთვის ფოტოშოპის დიდოსტატი იყოთ, საკმარისია, მხოლოდ შეეხოთ ერთ-ერთ ფილტრს და პროგრამა გამოსახულებას ავტომატურად დაამუშავებს. Instagram -ის შემქმნელებმა ამ ფილტრებსა და ეფექტებზე მართლაც შესაშურად იზრუნეს: მათი წყალობით თითქმის ყველა ფოტო შეიძლება მიმზიდველად იქცეს...
ელენე კერესელიძისთვის ცხოვრება Instagram -ზე iPhone-ის შეძენით 2 წლის წინ დაიწყო: „Instagram ძალიან მიყვარს... აქ სულ დადებითი ემოციებია, თანაც მეჩვენება, რომ ცოცხალია, იმას აქვეყნებ, რაც ამ წუთას ხდება. ადრეც ვიღებდი ფოტოებს, მაგრამ სხვებს ნაკლებად ვუზიარებდი, იმიტომ რომ მათი „დაფოტოშოპება“ რთულ პროცედურებთან იყო დაკავშირებული. Instagram-ს კი ამის მარტივი საშუალება აქვს. ჩემთვის ეს სოციალური ქსელი სწორედ ფოტოს მარტივად გაუმჯობესებასა და სხვებისთვის გაზიარებას ნიშნავს. ვფიქრობ თუ არა, სანამ გამოვაქვეყნებ? კი, ყოველთვის გაქვს თუნდაც რამდენიმე წამი და შეიძლება ამ დროს გადაიფიქრო კიდეც“, - ამბობს ელენე.
ნინო თევზაძე კი ხშირად ხუმრობს, რომ მისგან წარმატებული, თანაც ცხელ წერტილებში მომუშავე ფოტორეპორტიორი გამოვიდოდა. „მოვლენა მომხდარი არ არის, რომ ფოტო უკვე Instagram -ზე მაქვს ატვირთული. მეგობრები გაოცებულები მეკითხებიან, როდის მოასწარიო. გადაღება და გაზიარება ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ Instagram -მა და მისმა ფილტრებმა ამ პროცესს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყოველდღე რაღაც უნდა გამოვაქვეყნო, არ აქვს მნიშვნელობა ახალი ფეხსაცმელი იქნება ეს, სამკაული, ამინდის შესაფერისი ფოტო, ფინჯანი ყავა, რომლითაც დილას იწყებ თუ შენი სამუშაო გარემო. მახსოვს, ამ ახალ წელს ჩემი ნაძვის ხის ფოტოებს ყოველდღე ვდებდი, ყველა სათამაშოს სათითაოდ ვუღებდი“, - ამბობს ნინო და დასძენს, რომ ამ ყველაფერზე უკვე ოდნავ, მაგრამ მაინც დამოკიდებულია: „მეც იმ პირებს მივეკუთვნები, ვინც აცნობიერებს, მაგრამ მაინც აგრძელებს... ზოგჯერ ვბრაზდები კიდეც დროს რომ ვკარგავ ამაზე, მაგრამ ეს სოციალური ქსელები ყველაფერს მავიწყებს და ისევ იმავესკენ მიბიძგებს“, - აღნიშნავს ნინო.
მოკლედ თუკი Google -მა ყველაფერი იცის, Instagram-ი ყველაფერს ხედავს. შეიძლება ამის ბრალიცაა, რომ ეს „ყველაფერი“ ზოგიერთისთვის ზოგჯერ ოდნავ, ზოგჯერ კი ძალიან გამაღიზიანებელია. განსაკუთრებით უკვე ნახსენები სარკეებში გადაღებული „სელფშოტები“, ქვიშაში მონავარდე ფეხები და საუზმის, სადილისა თუ ვახშმის ფოტოარქივი. სულ უფრო აქტუალურია კითხვა: Instagram -ი რეალობას მართლაც გადმოსცემს, თუ მისი ფილტრების მიღმა ყველაფერი სხვაგვარად მოსჩანს? არის თუ არა ეს ფოტოგრაფია? ამ საკითხზე თამარ მირიანაშვილს მაგალითად უცხოელი ფოტოგრაფები მოჰყავს: „ Instagram -ი საშუალებას გაძლევს ფოტო უფრო სწრაფად ატვირთო და გაავრცელო. მართალია, ეს ხარისხის დაქვეითების ხარჯზე ხდება, მაგრამ თუ ამ მოვლენას ფოტო ან სამოქალაქო ჟურნალისტიკის კუთხით შევხედავთ, პირველი მნიშვნელოვანი მომენტი ფოტოს ოპერატიულად გავრცელებაა. ბევრი წამყვანი სააგენტოსა თუ ჟურნალ-გაზეთის ფოტოგრაფი ძალიან წარმატებით სარგებლობს მობილური ფოტოგრაფიითა და Instagram -ით”, - ჰყვება თამარ მირიანაშვილი და მაგნუმის და ნეიშენელ ჯეოგრაფიკის ფოტოგრაფის მაიქლ ქრისტოფერ ბრაუნის ისტორიას იხსენებს, რომელმაც თავისი სმარტფონი და Instagram -ი ლიბიის რევოლუციის დროს წარმატებით გამოიყენა: „რასაკვირველია იყო კრიტიკაც, Instagram -ის ფილტრები ხომ ისედაც დრამატული მოვლენის უფრო მეტად დრამატიზაციის საშუალებას იძლევა, ცვლის შინაარსს, შეგრძნებებს ფოტოს ნახვისას, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ როგორც მაიქლ ბრაუნის ფოტოები ლიბიის რევოლუციიდან, ასევე დემონ ვინთერის ფოტოები ავღანეთიდან, გამოექვეყნებინათ და მეტიც - ამაში ავტორებს ბევრი ჯილდოც მიეღოთ. საუკეთესოა ის კამერა, რომელიც საჭირო დროს შენთან არის. ამერიკელი ფოტოგრაფის ჩეიზ ჯერვისის ამ სიტყვებში დევს პასუხი ყველა კითხვასა თუ კრიტიკულ გამოხმაურებაზე. ხარისხი მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ბევრი უხარისხო ფოტო, რომელთა ღირებულება და შინაარსი ისტორიისთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პიქსელების რაოდენობის მნიშვნელობა“, - აღნიშნავს თამარ მირიანაშვილი.
მოკლედ, Instagram -ი მხოლოდ „დაკფეისების“ ქსელი არ არის, ის დიდი ხანია სასარგებლო აპლიკაციად ჩამოყალიბდა. იმ ირონიულ მიდგომას კი, რომლის გამოც ამ სოციალურ ქსელს ხშირად ფუდსტაგრამს უწოდებენ, ყავლი გაუვიდა. მართალია, მომხმარებლები კაფეებში, რესტორნებსა თუ სახლებში კერძებს ფოტოებს კვლავაც მუდმივად უღებენ, მაგრამ ახლა უკვე ამ გატაცებას სხვა მიზეზებიც აქვს: მაგალითად, აშშ-ში ბევრი დაწესებულება კლიენტებს თავად მოუწოდებს კერძების გადაღებისკენ და სანაცვლოდ გემრიელი დესერტითაც ასაჩუქრებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც 1000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. უფრო მეტიც: ბევრი კომპანია კრეატიული მარკეტინგული სარეკლამო კამპანიისთვის სწორედ Instagram -ს ირჩევს. კიდევ ერთი სტატისტიკა: Fortune 500-ის რეიტინგში შემავალი უმსხვილესი ორგანიზაციებიდან 123-ს პროფილი Instagram -ზე აქვს და თანაც, საკმაოდ აქტიური.
მარკეტინგის კონსულტანტი ნიკო თევდორაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ეს სოციალური ქსელი ჯერჯერობით სუსტი მარკეტინგული არხია, მაგრამ პირად ცხოვრებაში მაინც იყენებს. „ Instagram -ი ცხოვრების, განწყობების, სურვილების სურათების საშუალებით გასაზიარებელ ადგილს წარმოადგენს და მაღალი ინტერაქციის საშუალებას არ იძლევა. მე უფრო ტესტირების რეჟიმში მოვიხმარ, პროფესიიდან გამომდინარე სხვადასხვა არხებს ვტესტავ, მაინტერესებს, რა როგორ მუშაობს და სად რა შესაძლებლობები შეიძლება აღმოჩნდეს“, - აღნიშნავს თევდორაშვილი. ანუნა ბუკია კი, რომელიც ამ სოციალურ ქსელში 5 გვერდს მართავს, ამბობს, რომ დღეს ვიზუალური ინფორმაცია ადამიანებისთვის უფრო საინტერესო გახდა, Instagram -ი კი შენი ორგანიზაციის სულ სხვა სივრცეში, სულ სხვა მიმართულებით წარმოჩენის საშუალებას გაძლევს: „სეგმენტიც საინტერესოა, იმიტომ რომ ამ სოციალური ქსელით ძალიან დიდი ასაკობრივი ჯგუფი სარგებლობს. თავიდან უფრო ქაოტური იყო, მერე უკვე დავლაგდით... ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ Instagram -ი მისთვის არ არის, ვიღაც გააქტიურდა და ფოტოს ხარისხი გააუმჯობესა, ვიღაც მაყურებლის როლში დარჩა. გააჩნია, როგორი კომპანია ხარ და აუდიტორია ვინ გყავს. Instagram -ი უნდა ჰქონდეს მას, ვისაც ნამდვილად სჭირდება, თუმცა სამომავლოდ ამ სოციალურ ქსელზე საკუთარ ხედვას კიდევ უფრო მეტი ადამიანი თუ კომპანია წარმოაჩენს“, - აღნიშნავს ანუნა ბუკია.
მომხმარებლების რაოდენობის კუთხით Instagram - მა მნიშვნელოვან შედეგს უკვე მიაღწია: იგი 2013 წელს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელი გახდა. ბლოგერი და სოციალური მედიის ექსპერტი გიგა პაიჭაძე, რომელიც Instagram -ს ყოველდღიური, საინტერესო ფოტოების გამოქვეყნებისთვის თავადაც იყენებს, სოციალური ქსელის პოპულარობის სწრაფ ზრდას შემდეგნაირად ხსნის: „მან ყველას დაასწრო და გამოუშვა უმარტივესი მობილური აპლიკაცია. იმის ნაცვლად, რომ სახლში მიხვიდე, ფოტოები რომელიმე ჰოსტინგზე, ბლოგზე ან Flickr -ზე ატვირთო და მერე დააშეარო, ამ აპლიკაციით მომენტალურად შეგიძლია გადაიღო, ატვირთო და გააზიარო. ბოლო რამდენიმე წელია სმარტფონების რაოდენობა ძალიან იზრდება, 2013 წელს კი მსოფლიოში ამ რიცხვმა უკვე კომპიუტერების რაოდენობას გადააჭარბა. შესაბამისად, ნებისმიერი კომპანია, რომელიც სმარტფონებისთვის სოფტს გამოუშვებს, უფრო მალე მიაღწევს წარმატებას - მით უმეტეს, ისეთ სოფტს, რომელიც სხვებს არ აქვთ“, - აღნიშნავს პაიჭაძე.
ასე რომ, გაუგეთ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც უბრალოდ უყვართ რომანტიკული და მხიარული ფოტოების გადაღება. ადამიანები განსხვავებულები არიან, ყველას ვერ ექნება ის ფოტო, რომელიც თქვენ მოგწონთ. ვისაც ჯერ არ შეგიხედავთ სამყაროსთვის გაფილტრული თვალით, სცადეთ, უჩვენეთ სხვებს თქვენი ხედვა, დაანახეთ სამყარო, რომელიც თქვენ ირგვლივაა, არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების და თამამად ჩართეთ საკუთარი წარმოსახვა. არ დაგავიწყდეთ, რომ სოციალური ქსელი საინტერესო სივრცეა, სადაც მომხმარებლების ტალანტი ახლებურად შეიძლება წარმოჩინდეს.
და თუ „სელფშოტების“ ავტორებს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებთ და Instagram-იც მხოლოდ მათთვის შექმნილი სამოთხე გგონიათ, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას: ნახეთ ფოტოგრაფ დევიდ გუტენფელდერის ფოტობლოგი ( http://instagram.com/dguttenfelder/ ) ჩრდილოეთ კორეის შესახებ, რომელიც გასულ წელს ჟურნალმა time-მა საუკეთესოდ დაასახელა, ან ეწვიეთ თამარ მირიანაშვილის ნახსენებ მაიქლ კრისტოფერ ბრაუნის: http://instagram.com/michaelchristopherbrown.