შოთა რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე და ანა კალანდაძე ცნობილ ვებგვერდ Ranker.com-ზე პოეტების ტოპსიაში მოხვდნენ. მომხმარებლებს ხმის მიცემა აქვე შეუძლიათ.
Ranker-ზე, სადაც რეიტინგს მომხმარებელი განსაზღვრავს, ქართველი პოეტები მსოფლიოში საუკეთესოთა შორის ლიდერობენ. სიის სათავეში 5 000-ზე მეტი ხმით შოთა რუსთაველია, მას ვაჟა-ფშაველა მოსდევს, 4 000-ზე მეტი ხმით, მესამე ადგილზე ნიკოლოზ ბარათაშვილია, შემდეგ - გალაკტიონ ტაბიძე, მეხუთე ადგილს კი უილიამ შექსპირი იკავებს.
ამ დროისათვის შექსპირს ისევ ქართველი პოეტი მოსდევს - Ranker-ზე მე-6 ადგილს ანა კალანდაძე იკავებს. ანა კალანდაძის შემდეგ ტოპათეულს დანტე ალიგიერი, ჰომეროსი, გოეთე და ედგარ პო აბოლოებენ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი Ranker-ზე სხვა სიაშიც არის. რომანტიზმის ხანის საუკეთესო პოეტებს შორის მისი კანდიდატურა თავად ვებგვერდის გუნდმა დაამტა და ამჟამად მე-15 ადგილს იკავებს.
დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე
როგორ ხდება სიების შედგენა?
სიის შედგენას, როგორც წესი, Ranker.com-ის გუნდი რამდენიმე კანდიდატის დამატებით იწყებს. ხოლო ვებგვერდზე შესულ მომხმარებელს ხმის მიცემას ან მთელი სიის პირადი შეხედულებით დალაგებასთან ერთად, ახალი კანდიდატების დამატებაც შეუძლიათ. ამ შემთხვევაში ქართველი პოეტები მომხმარებლებმა: George 98, Tamari Dzodzouashvili და Georgian11 დაამატეს.
Ranker.com-ზე სიების ნაწილს თავად მომხმარებელი ადგენს. იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ შედგენილ სიას 100-ზე მეტი ადამიანი გამოეხმაურება, სია Ranker-ის მთავარ გვერდზეც აღმოჩნდება.
Ranker.com-ზე მომხმარებლის მიერ შედგენილ რეიტინგებთან ერთად სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო სიებიც არის თავმოყრილი. ვებგვერდის გუნდი მიუთითებს, რომ მათი მიზანია, საუკეთესო მწერლების, წიგნების რეიტინგები ხალხმა შეადგინოს და არა რომელიმე ექსპერტმა. როგორც Ranker.com-ის გუნდი წერს, მათ ვებგვერდს ყოველთვიურად 50 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და ისეთი მედიაგამოცემები ციტირებენ, როგორიცაა The Wall Street Journal, Business Insider, The Hollywood Reporter და USA Today.