როცა 2016 წელს ობამას რუსეთის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევების შესახებ მოახსენეს, მას იქვე წარუდგინეს რუსეთზე საპასუხო დარტყმის ვარიანტიც - კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კიბერშეტევები, რომლებიც რუსეთს სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. მაგრამ პრეზიდენტმა ამ ვარიანტზე უარი ორი მიზეზის გამო თქვა: პირველი - ამერიკა, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ღია საზოგადოება, კიბერომში დიდ ზარალს ნახავდა; მეორე - ტრამპი მისი მხრიდან ამ ნაბიჯს აუცილებლად თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა - დემოკრატები არჩევნებს აგებენ და ცდილობენ ეს რუსეთს გადააბრალონო. საბოლოოდ ობამას პასუხი არც ისე ხისტი აღმოჩნდა (რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გაძევება და რუსეთის საკუთრებაში არსებული შენობების ჩამორთმევა), რამაც ალბათ კიდევ ერთხელ დაარწმუნა პუტინი თავისი გათვლების სისწორეში - ობამა არ იყო საშიში, რადგან იგი მოქმედებდა რაციონალურად და, შესაბამისად, მისი ნაბიჯების წინასწარ გათვლა შესაძლებელი იყო.
მაგრამ ამ მოვლენებიდან წელიწად-ნახევარში რუსეთმა მიიღო მისი გადმოსახედიდან მეტად საშიში ადმინისტრაცია ვაშინგტონში. აქამდე ტრამპის ტროიკიდან (თავდაცვის მინისტრი - მატისი, საგარეო მინისტრი - ტილერსონი და ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველი - მაკმასტერი) მოსკოვის შეშფოთებას ალბათ მხოლოდ მატისი თუ იწვევდა და შეშფოთება რომ საფუძვლიანი იყო, სირიაში ამერიკელთა მიერ „ვაგნერის” (რუსი დაქირავებულების შენაერთი) ჩახოცვამაც დაადასტურა. ტროიკის მეორე წარმომადგენელი მაკმასტერი დიდ პრობლემას არ ქმნიდა, ტილერსონს კი რუსები კარგად იცნობდნენ ნავთობკომპანია „ექსონში” მოღვაწეობის პერიოდიდან. იმდენად კარგად, რომ შეთქმულების თეორიებიც კი გაჩნდა - საგარეო მინისტრი „რუსების მოსყიდულიაო”. ამ კონსპირაციას სათავედ იქცა შემდეგი ფაქტი - რუსეთში მოღვაწეობისას ტილერსონი პუტინმა დააჯილდოვა. წესით, სწორედ რომ მოსყიდული არ უნდა დააჯილდოვო საჯაროდ, მაგრამ რას ვიზამთ, კონსპიროლოგებს ლოგიკა ნაკლებად აინტერესებთ.
მაგრამ ასე თუ ისე, ტილერსონს რუსები არ უფრთხოდნენ და ამიტომ პომპეოთი (იქამდე დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი) მის შეცვლას დიდი სიხარულით არ შეხვედრიან. მაგრამ რამდენიმე დღეში კიდევ უფრო რადიკალური ცვლილება განხორციელდა, იმდენად რადიკალური, რომ არა მხოლოდ რუსები, არამედ ამერიკის მოკავშირეებიც კი დაშინდნენ - მაკმასტერი ჯონ ბოლტონით შეცვალეს.
ვინ არის ბოლტონი? ერაყში ომის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, ირანთან ომის მომხრე, ჩრდილო კორეაზე პრევენციული დარტყმის მომხრე… კაცი, რომელიც ბუში-უმცროსის გუნდის ფონზეც კი რადიკალად გამოიყურებოდა. ტრამპმა, რომლის გაპრეზიდენტება რუსეთის დუმაში შამპანურით აღნიშნეს, ტროიკაში თავი მოუყარა ნორმალურ ქორს, აგრესიულ ქორს და ზეაგრესიულ ქორს. ასეთი გუნდი ბუშ-უმცროსსაც არ ჰყავდა. მის ტროიკას კონდოლიზა რაისი ამშვენებდა ხოლმე რომელსაც თავი რუსეთის დიდ მცოდნედ მიაჩნდა და ამის ფონზე რატომღაც მოსკოვს ბევრ რამეს უთმობდა. სწორედ მას ეკუთვნის ინსტრუქცია, რომლითაც ამერიკა ერაყში ომის შემდგომ ხელმძღვანელობდა: ვაპატიოთ რუსეთს, დავაიგნოროთ გერმანია, დავსაჯოთ საფრანგეთი. რა მოიტანა ამ ინსტრუქციამ კარგადაა ცნობილი - ამერიკასა და ევროპას შორის ურთიერთობების გაფუჭება და რუსეთის გაძლიერება.
ბოლტონის დანიშვნამ, როგორც უკვე ვთქვით, არც ამერიკის მოკავშირეები გაახარა. სხვა თუ არაფერი, ერაყის ომს ნეგატივები ყველას კარგად ახსოვს. მაგრამ კიდევ უფრო მეტად ეს ამბავი ალბათ კრემლში არ გაუხარდათ - ახლა ამერიკის ადმინისტრაცია ისეთი არაპროგნოზირებადია როგორც არასდროს. ეს უკვე აღარ არის ობამა, რომელიც პრინციპული იყო, მაგრამ არა საშიში. მისი რეაქციის გათვლა შეიძლებოდა და აქედან გამომდინარე შეიძლებოდა ამერიკისთვის ისეთი სიურპრიზების მოწყობა, როგორიც გახლდათ კიბერშეტევები და არჩევნებში ჩარევა. ახლა ყველაფერი შეიცვალა.
არადა, როგორც უკვე ვახსენეთ, ოდესღაც ტრამპის არჩევას მოსკოვში ტაშ-ფანდურით შეხვდნენ. მაგრამ ტაშ-ფანდური თანდათანობით პანიკამ შეცვალა. არა მხოლოდ არ შედგა რუსულ-ამერიკული შერიგება, არამედ ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. აშკარაა, რომ ტრამპს მართლაც სურდა ურთიერთობების დარეგულირება, მაგრამ ეს მეტისმეტად რთული იქნებოდა იმ ანტირუსული კამპანიის ფონზე, რაც ამერიკაში აგორდა. სკანდალები და კომპრომატები ერთმანეთს ენაცვლებოდა და ტრამპი მალე ბუშსა და ობამაზე გაცილებით დიდ ანტირუსად იქცა. სხვა გზა არც ჰქონდა.
სკანდალებსა და კომპრომატებში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს, ე.წ. ტრამპის დოსიეს, რომელიც ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტის გარემოცვის რუსეთთან ფარულ კავშირებს ამხელს. დოსიეს ავტორი ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი კრისტოფერ სტილია. ბოლო დროს გაჩნდა ვერსია, რომ სკრიპალის მოწამვლა შესაძლოა სწორედ ამ კაცსა და მის დოსიეს უკავშირდებოდეს.
საქმე ის გახლავთ, რომ სტილთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა პაბლო მილერი - ბრიტანეთის დაზვერვის კიდევ ერთი ოფიცერი, რომელმაც გადაიბირა თავის დროზე სკრიპალი და რომელიც სკრიპალივით სალსბერიში ცხოვრობდა. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დოსიეს შედგენაში სტილს რუსეთის კარგი მცოდნეები - მილერი და სკრიპალი დაეხმარნენ (დოსიემ კი დიდი როლი ითამაშა ტრამპის ანტირუსად ქცევაში). ანუ, სკრიპალი რეალურად კვლავაც აქტიურ აგენტად რჩებოდა, რომელიც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობდა. ეს უკვე აზრიან პასუხს იძლევა კითხვაზე - რატომ დაარღვია კრემლმა დაუწერელი კანონი და გადაწყვიტა მის მიერვე გათავისუფლებული (გაცვლილი) ჯაშუშის ლიკვიდაცია? მით უმეტეს, რომ რუსული სპეცსამსახურები ალბათ იმედოვნებდნენ, რომ ბრიტანელები მომწავლელი გაზის წარმოშობაში ვერ გაერკვეოდნენ და მოსკოვის კვალზე ვერ გავიდოდნენ.
ასე რომ, ყველაფერს შესაძლოა ერთი მიმართულებით მივყავდეთ - მოსკოვში ამერიკასთან ურთიერთობების დალაგება უნდათ, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი უკუღმა გამოსდით. სკრიპალის პასუხად რუსეთმა არც ისე მკვეთრი პასუხი მიიღო. ჯაშუშების გაძევება დიდი ვერაფერია, მით უფრო, რომ მოსკოვმაც ბრიტანეთს ანალოგიურად უპასუხა. მეის, მაკრონსა და მერკელს მთელი ევროკავშირის მოსკოვის წინააღმდეგ მობილიზება აღარ გამოსდით - იტალია, საბერძნეთი და სლოვაკეთი ფეხს ითრევენ და ახალ სანქციებამდე საქმე არ მივა. მაგრამ სამაგიეროდ, ამ სკანდალმა ამერიკასთან მორიგების შანსებს კიდევ უფრო მეტად გადაუსვა ხაზი...