"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ პარტიას იმიჯის გამოცვლა სჭირდება. ბოლომდე გაუგებარია ეს მხოლოდ გარეგან შელამაზებას გულისხმობს, თუ შინაარსობრივ ცვლილებებსაც. გარე დაკვირვებით ისე ჩანს, რომ ჯერჯერობით, უფრო პირველის მომსწრენი ვართ, ვიდრე მეორესი. ქვემოთ ვისაუბრებ იმაზე, თუ რაში მდგომარეობს ნაციონალური მოძრაობის ჯერჯერობით ურყევი დოგმების შინაარსი, რატომ არ არის მოსალოდნელი მათი უმრავლესობის შეცვლა და რა სახის რებრენდინგის პოტენციალი აქვს ამ პარტიის დღევანდელ შემადგენლობას.
პირველ რიგში საუბარი იმით დავიწყოთ, თუ რას ემყარება იდეოლოგიურად დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია. ნაციონალური მოძრაობის 2013 წლის 5 ოქტომბერს მიღებული სამოქმედო პროგრამა იწყება ქვეთავით: „საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა“. შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, "ნაციონალური მოძრაობის" ბოლოდროინდელი რიტორიკა უმთავრესად სწორედ ამ თემის გარშემო ტრიალებს. „ქართული ოცნების“ მიერ რუსეთთან დაწყებული „გადატვირთვის“ პოლიტიკა ამომრჩეველთა ნაწილის ნაციონალურ სენტიმენტებზე მოქმედებს; მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დათბობა ნაციონალური ინტერესების უგულებელყოფა და ეროვნული ღირსების შეურაცხყოფაა. რამდენად მართებულია ასეთი დამოკიდებულება ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობს გამოხატოს მოქალაქეების ამ ნაწილის შეხედულებები (და მთელ რიგ შემთხვევებში, უფრო მეტად გაამწვავოს).
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს პარლამენტის თავდაპირველი დუმილი ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა თავმჯდომარემ - დავით ბაქრაძემ - კარგად გამოიყენეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაესვათ ხაზი რუსეთთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ ფრთხილი პოზიციის უარყოფით მხარეებზე. ნაციონალურმა მოძრაობამ არა მხოლოდ გადატვირთვის პოლიტიკის ჩავარდნებზე გააკეთა აქცენტი, არამედ იმაზეც, რომ რუსეთის მიმართ ამგვარი სიფრთხილე შესაძლოა ხელისუფლების არასაკმარის პატრიოტულობაზე მეტყველებდეს. რიტორიკის ამ ხაზის გაგრძელებამ შეიძლება „ქართული ოცნება“ საგრძნობლად დააზარალოს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ვერ შეძლებს მყარად დაასაბუთოს რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის რუსეთთან არაანგაჟირებული ტონით საუბარი.
ამავე რიტორიკის შემადგენელი ნაწილი იყო პროდასავლურ კურსზე ხაზგასმაც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ თავი პროდასავლურ პარტიად გამოაცხადა, ნაცმოძრაობას ეს იდეოლოგიური საყრდენიც გამოეცალა. ყოველ შემთხვევაში, ამომრჩეველზე ამით მანიპულირებას ისე ვეღარ შეძლებს, როგორც ადრე, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ძალას პირდაპირ ანტიდასავლურად აცხადებდა. მომავალში სავარაუდოა, რომ მთელი ყურადღება რუსეთთან ურთიერთობის ნაწილზე გადავა და ამომრჩევლის მობილიზება უფრო მეტად ამით მოხდება.
ნაცმოძრაობის იდეოლოგიის კიდევ ერთი ქვაკუთხედი ქვეყნის ეკონომიკური მოდერნიზაციაა. პარტიის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამაში ე.წ. „მცირე სახელმწიფოს“ მხარდაჭერა და საგარეო ინვესტიციებისთვის მაქსიმალურად მომგებიანი ეკონომიკური კლიმატის შექმნა იგულისხმება. გრძელვადიან პერსპექტივაში მოსახლეობის ფართო მასებზე ამ პროგრამამ მაინცდამაინც დიდი გავლენა ვერ მოახდინა, რადგან იგი საყოველთაო პრივატიზაციასთან, უმუშევრობის დონის ზრდასთან, ძვირადღირებულ ჯანდაცვის მომსახურებასთან და გაზვიადებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ასოცირდება. ამაზე შეიძლება ვინმე შემომედავოს და თქვას, რომ საქართველოში ამომრჩეველი ჯერჯერობით სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების დიფერენცირებას ვერ ახდენს. რა თქმა უნდა, მე დავეთანხმებოდი იმას, რომ მემარჯვენე-მემარცხენე დაყოფა ქართულ პოლიტიკაში ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ამომრჩევლების უმრავლესობა სოციალურ თემებზე პოლიტიკურ ძალებს შორის განსხვავებების იდენტიფიცირებას მაინც აკეთებს. დღესდღეობით კი, „ქართული ოცნება“ მეტად ასოცირდება სოციალურ პროექტებთან, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა". შესაბამისად, ამ კუთხით პირველს მეტი ამომრჩევლის მობილიზების უნარი აქვს, ვიდრე მეორეს.
უახლოეს მომავალში „ქართული ოცნების“ სოციალური რიტორიკა თუ კონკრეტულ ქმედებებში არ გადაიზარდა, ამან შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობას" დამატებითი მიზეზები მისცეს, რომ თავისი ნეოლიბერალური პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიეროს. ამ რიტორიკის შეცვლა კი ნაკლებად სავარაუდოა უმთავრესად სამი მიზეზის გამო: პირველი, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ის ნაწილი, რომელსაც პარტიაში ფინანსური კონტრიბუციები შეაქვს ან მომავალში შეუძლია შეიტანოს, მემარჯვენე ბიზნესმენები არიან (კახა ბენდუქიძე, დავით კეზერაშვილი, ლადო გურგენიძე და ა.შ.); მეორე, პარტიის მხარდამჭერ ინტელექტუალთა მნიშვნელოვანი ნაწილი მემარჯვენე ორიენტაციისაა და ჟურნალ და აწ უკვე ტელეარხ „ტაბულას“ გარშემოა შემოკრებილი; და მესამე, პარტიის მხარდამჭერთა გარკვეული ნაწილი დასავლეთს ავტომატურად აიგივებს სახელმწიფოს სოციალური როლის შემცირებასთან.
მაშ, თუ ძირითად პროგრამულ საკითხებზე "ნაციონალურ მოძრაობას" პოზიციის შეცვლა მაშინაც კი გაუჭირდება, ძალიანაც რომ მოინდომონ მისმა ლიდერებმა, რებრენდინგის რა შესაძლებლობებიღა რჩება პარტიას?
ერთი შესაძლებლობა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა უკვე იყენებს არის დისტანცირება რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობის ისტორიისგან და ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკისგან. ეს კარგად ჩანს არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გამოსვლების მთავარ აქცენტებში, არამედ იმაშიც, თუ როგორ იწევა წინა პლანზე პარტიის ნაკლებად ოდიოზური ნაწილი.
თუ ამ მიმართულებით გააგრძელებს რებრენდინგს, "ნაციონალური მოძრაობა" მემარჯვენე ნაციონალისტურ პარტიად ჩამოყალიბდება, რომელსაც ეყოლება თავისი მყარი ელექტორატი ნაციონალისტების სახით და დამფინანსებლებლი - მემარჯვენე-ლიბერტარიანელი ბიზნესმენების სახით. ეს მოდელი გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშავებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ელექტორალური უმრავლესობის მოკლე დროში მიღება მოახერხოს. ის კონსერვატორული ცენტრისტული პარტიის ნიშა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს დაკავებული, ჯერჯერობით, ყველაზე უფრო მომგებიანია და, სავარაუდოდ, მომგებიანი იქნება მას შემდეგაც, რაც ბიძინა ივანიშვილის პერსონა იმდენად გადამწყვეტი აღარ იქნება იმისთვის, რომ „ოცნებამ“ არჩევნებზე ხმების უმრავლესობა მიიღოს.
ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ბედს ვერ გაექცევა. მსოფლიო ისტორიას ახსოვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ძირითად პარტიებს რადიკალურად შეუცვლიათ იდეოლოგიური პლატფორმები, თუმცა ეს უმრავლეს შემთხვევაში, მაშინ მომხდარა, როდესაც იცვლებოდა საზოგადოების მთლიანი სოციოეკონომიკური სტრუქტურა. ჩვენს შემთხვევაში კი, ცხადია, რომ საზოგადოების განწყობები და სოციოეკონომიკური შემადგენლობა ჯერჯერობით იგივე რჩება და ამ ფონზე ძალზე მცირე შანსია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალურად შემოტრიალდეს.
გარეგნული რებრენდინგი - მოძალადე რეჟიმის მემკვიდრის იმიჯისგან გათავისუფლება „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე დაიწყო. სავარაუდოდ, ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ თემა პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ ამოვარდება. ამის შემდეგ კი, ალბათ, უკვე მეტ-ნალებად გამოკვეთილი იდეოლოგიური ბრძოლის ეტაპზე გადავალთ და ცხადი გახდება, თუ რომელ იდეოლოგიას რამდენი და როგორი მხარდამჭერები ეყოლება. ამ ეტაპს შესაძლოა ჯერ კიდევ დიდი დრო - მინიმუმ ხუთი წელი მაინც - გვაშორებს...