Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დიდი კულტურის მიწა“ - უგზოდ და უწყლოდ

28 მარტი 2018

ჯავახეთში,  ვარძიის კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს  მთაზე გზა ადის. ამ მთის ბოლოს რამდენიმე სოფელია, მათ შორისაა სოფელი ოკამი, დაახლოებით 150 ოჯახით, სადაც ცხოვრობენ ჯავახები, სომხები, აჭარელი ეკომიგრანტები და ა.შ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში 15 სხვადასხვა მხარისა და სოფლის მოსახლეობაა გადმოსახლებული. ამიტომაც ოკამი, ისევე როგორც სამცხე-ჯავახეთის მხარის ბევრი სოფელი სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს აერთიანებს. 1944 წლამდე  კი ოკამში მესხები ცხოვრობდნენ, რომლებიც შუა აზიაში გადაასახლეს.

ოკამი გზების გამო მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს. აქ არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სოფლამდე მისვლა შესაძლებელია ორი გზით, ახალქალაქისა და ვარძიის მხრიდან. ეს უკანასკნელი გზა მეტად სახიფათოა, განსაკუთრებით კი ზამთარში, ამიტომაც ადგილობრივები ამ გზით იშვიათად სარგებლობენ. სოფელს არ აქვს საბავშვო ბაღი და ბავშვები სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ.

ვარძიას შებინდებისას ვუახლოვდებით. სოფლის გზას დავადექით. მძღოლი ადგილობრივია, სოფელ აფნიიდან. გზა კარგად იცის და განსაკუთრებულად ფრთხილად ატარებს. ბნელა, გზა კი თოვლიანი და გაყინულია. დაახლოებით 9 საათისთვის მთის წვერზე ვართ, განათებული ვარძია შორიდან ძლივს მოჩანს. გზის რთული მონაკვეთი დასრულდა და დავაკებულ ადგილზე გავედით. პირველი შემხვედრი სოფელი - აფნიაა. აფნიის ცენტრში X საუკუნის დარბაზული ეკლესია დგას.  

მისი ინტერიერი შეთეთრებულია, მხოლოდ რამდენიმე ხატი კიდია, რომელიც, სავარაუდოდ, კათოლიკურია. ეზოში ძველი საფლავებია წარწერებით და რელიეფური გამოსახულებებით.

აფნიის ეკლესიას გვერდს ვუვლით და გზას​ ოკამისკენ ვაგრძელებთ. წინ მხოლოდ მინდვრები მოჩანს. რამდენიმე წუთში შევდივართ ხშირ ტყეში, რომელიც საბჭოთა პერიოდში გააშენეს, ე.წ. ქარსაცავი ზოლი. მალე ეს ხშირი ტყეც სრულდება და ისევ მინდვრებში ვხვდებით. შორიდან სახლები და განათებები მოჩანს.

თოვლში, შორიდან, გაიანე და მისი ძმა გამოჩნდნენ, ქუჩაში გველოდებიან.

„მთელი ღამე არ მეძინა, ისე გელოდებოდით“, - ამბობს გაიანე.

გაინე მალქასიანი ოკამში მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. ის სომხური ოჯახიდანაა, ოკამში 90-იან წლებში კუმურდოდან გადმოვიდნენ. თუმცა ახლა ამ სოფლიდან წასვლას გეგმავენ, ახალქალაქში სურთ გადასვლა. 

გაიანეს სურვილია, წელს ეროვნული გამოცდები ჩააბაროს და ახალციხის უნივერსიტეტში ისწავლოს. ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს. ამბობს, რომ ახლა ოკამში მისი ერთადერთი გასართობი სერიალებია.

გაიანეს მამას არტური ჰქვია. ამბობს, რომ ოკამში მეზობლებს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რომ რელიგია და ეთნიკური წარმოშობა არასდროს გამხდარა რაიმე კონფლიქტის მიზეზი. სოფელში მეჩეთიც არის და ეკლესიაც, თუმცა არა სომხური.

„აქ ქართული ყველა სომეხმა იცის, თუმცა ბავშვები უფრო თავისუფლად ლაპარაკობენ. აქ აჭარლებმა სომხური ისწავლეს, სომხებმა კი ქართული. ბიძაჩემს ქართველი ცოლი ჰყავს. ძირითადად, ქართულად ლაპარაკობენ“, - ამბობს არტური.

გაიანეს მშობლები მასწავლებლები არიან. არტური სომხურენოვანი სოფლის, ქარცების სკოლაში ქართულს ასწავლის. დედა კი ოკამის სომხური სკოლის პედაგოგია.

ოკამის სომხურ მოსახლეობას სკოლა არ ჰქონდა, ამიტომაც მალქასიანებმა სკოლისთვის თავიანთი სახლი დათმეს და  ოკამის სომხურ მოსახლეობას განათლების მიღება ახლა იქ შეუძლიათ. სოფლის ცენტრში ქართული სკოლაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ განაახლეს. სკოლის ეზოში ძველი ვაგონი დგას, რომელიც 90-იან წლებამდე სომხური სკოლა ყოფილა.

ოკამში 1944 წლამდე მესხები ცხოვრობდნენ. სოფლის ცენტრში ეკლესიის ნანგრევებია. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქვე იყო ძველი მეჩეთიც, მისი დანგრევის შემდეგ კი ახალი აშენდა.

იქვე დათოვლილ ბორცვზე ახლაც შეიმჩნევა მესხთა საფლავები. ამბობენ, რომ სოფლიდან გადასახლებულ მესხთა შთამომავლები ხშირად ჩამოდიან წინაპართა საფლავებისა და ძველი სახლების სანახავად. 

საფლავების გვერდით ერთი მესხური, ბანიანი სახლია, სადაც ჰასაკ ჰამაზარიანი ცხოვრობს.

ჰასაკი 85 წლისაა. ამბობს, რომ ამ სოფლიდან გადასახლებული მესხები საფლავებს ხშირად სტუმრობენ, ჩამოდიან, რათა ნასახლარები მოინახულონ. ჰასაკს თურქულად საუბარი კარგად შეუძლია, ბავშვობიდან ახსოვს, ამიტომ საფლავების სანახავად სოფელში ამოსული მესხების შთამომავლებს ის ხშირად ესაუბრება. იმ ისტორიებს იხსენებს, რომლებიც სოფელში უკვე აღარავის ახსოვს.

ჰასაკის ისტორიაც მესხების გადასახლებას უკავშირდება. ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სოფელში, სადაც 1944 წლის ნოემბრის ერთ ღამეს მუსლიმი მოსახლების გადასასახლებლად რაზმი შევიდა.

ჰასაკი გადასახლების დღეს იხსენებს. მაშინ, როცა მის ოჯახს ასახლებდნენ, ის სახლიდან გაიპარა, ამიტომ მისი ოჯახისგან განსხვავებით, ის გადასახლებაში არ მოჰყვა. შემდეგ სოფელ კუმურდოს შეაფარა თავი, სადაც ერთ-ერთმა ოჯახმა იშვილა.

„გადასახლების დროს სოფლიდან გავიქეცი, სამხედროები რომ მოვიდნენ, კლდეებს შევაფარე თავი. ტირილით მივრბოდი, სამი-ოთხი დღე კლდეებში ვიყავი მარტო, მშიერი და მწყურვალი. მერე სოფელ კუმურდოში გადავედი, ერთმა კაცმა შემიფარა. მითხრა, მოდი შვილოჯან, რაშია საქმე, რა დაგმართნიაო. მას შემდეგ იქ ვიზრდებოდი. რას ერჩოდნენ იმ ხალხს, რისთვის გადაასახლეს - არ ვიცი. არც მშობელი ვიცი, რას ნიშნავს, არც და-ძმა. მერე არც მომიძებნია, რადგან მაშინ ნახევარზე მეტი გზაზე დაიხოცა. ახლა ქრისტიანი ვარ, თუმცა მუსლიმების ოჯახი დავიბადე“, - ამბობს ჰასაკი

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი მთავარი პრობლემა გზა და წყალია. მათი შემოსავალი, ძირითადად, მეცხოველეობასა და კარტოფილზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ წელი ნაყოფიერი არ არის, შემოსავლის გარეშე რჩებიან. ამბობენ, რომ თუ გზა გაკეთდება, სოფელი და სოფლამდე მისასვლელი გზა, რომელიც მაღალ მთაზე ადის, ტურისტებისთვის შესაძლოა მიმზიდეველი გახდეს, რადგანაც სოფელი ახლოსაა ვარძიასთან, ისტორიულ კომპლექსთან, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ყველაზე მეტადაა დატვირთული ტურისტებით.

ოკამში ზამთრობით გზა ხშირად იკეტება, მაშინ როცა თოვლი და ქარბუქია. ასეთ შემთხვევაში სასწრაფოც ვერ ადის სოფელში. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ისინი ადგილობრივი მედდის იმედზე არიან, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში თავისი ხარჯებით უწევს ქალაქში მედიკამენტების ყიდვა.

„აქ არავინ მუშაობს, ყველაფერი გვაწუხებს. თავს ძირითადად კარტოფილით ვირჩენთ, კარტოფილი ნამდვილად არის, მაგრამ მაგასაც არ აქვს ფასი, არც საქონელს აქვს ფასი. ხანდახან თურქები ჩამოდიან და თუ 100 ლარი ღირს საქონელი, ისინი 50-ად ყიდულობენ. აქ ყველა ისეთი გაჭირვებულია, როგორც მე. შეხედეთ ამ სახლს“, - ამბობს ჰასაკი.

ჰასაკის მოპირდაპირე მხარეს გიორგი მიქელაძე ცხოვრობს. ეზოში შეგვხვდა, ახალქალაქში მიდიოდა, ასაკში შესული დედისთვის წამლები უნდა ეყიდა. ცოტა ხნით შეყოვნდა და სოფლისა და მისი ოჯახის ამბები მოგვიყვა.

მისი ოჯახი ოკამში მესხების გადასახლების შემდეგ 1944 წელს ჩაასახლეს. თავად ჯავახია. ამბობს, რომ ოკამიდან დაახლოებით 15 კილომეტრში ცხოვრობდა, სოფელ ქილდაში, რომელიც ახლა ნასახლარადაა ქცეული. რატომღაც გადაწყვიტეს მესხების ნასახლარში მათი ჩასახლება. გაუჭირდათ სოფლის დატოვება, არ უნდოდათ. ალბათ მესხებისთვის როგორი რთული იყოო, ამბობს ის.

ამბობს, რომ ძალიან რთულია ამ სოფელში ცხოვრება, პირველ რიგში უგზოობისა და უწყლობის გამო. დასაქმებულები მხოლოდ მასწავლებლები და რამდენიმე მედდაა, რომლებსაც მედპუნქტიც არ აქვთ.

„არც გზაა, არც გაზი გვაქვს. წყალი არის, მაგრამ ვაი ასეთ ქონას. სათავეები ბინძურია. ყოველ წელს აკეთებენ მაგრამ შედეგი არ არის. შემოსავლის წყარო მესაქონლეობაა. ძირითადად, ამ სოფელში დასაქმებულები მხოლოდ მასწავლებლები და რამდენიმე მედდაა. აქ არაფერი აღარ ფუნქციონირებს. ადრე საავადმყოფოც იყო, აბანოც, ფურნეც, ფოსტაც, სასადილოც, ბაგა-ბაღიც..“, - ამბობს ის.

გიორგის თქმით, სოციალური დახმარება მის ოჯახს არ აქვს, რადგან წინა წლებში კრედიტი აიღო და კომბაინი იყიდა, იმისთვის რომ მოსავალი აეღო. შემდეგ კი ცუდი სეზონი დადგა და მოსავალიც არ მოვიდა, რომ კრედიტი დაეფარათ, კომბაინმა თავისი ხარჯებიც კი ვერ დაფარა. მიქელაძეები, ისევე როგორც, ოკამის სხვა ოჯახები, პროდუქტის საყიდლად ძირითადად ახალქალაქში დადიან. მაგრამ ხანდახან შესაძლოა ვინმე სოფელში ავიდეს და პროდუქტი ბოსტნეულში ან სხვა საქონელში გაცვალონ.

„ჩვენ თვალი გვაქვს მიჩვეული აქაურობაზე და ჩვეულებრივი გვგონია. არადა, ძალიან ლამაზია ყველაფერი. არადა, ძალიან საინტერესოა. ხანდახან ტურისტები ამოდიან ზაფხულში. მაგრამ  ეს სოფელი მაინც ღვთისგანაც კი მივიწყებულია. ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან, იმიტომ, რომ ცოტა თუ გინდა განვითარდე, რამე ისწავლო და გააკეთო, აქედან უნდა წახვიდე. აქ ხომ საბავშვო ბაღიც კი არაა“.

გიორგი ამბობს, რომ ადრე თბილისში ცხოვრობდნენ, 90-იან წლებში დაბრუნდნენ, რასაც ძალიან ნანობს და ახლა ცდილობს, მისი შვილი და შვილიშვილები ისევ დედაქალაქში გადაიყვანოს.

ოკამთან ახლოს რამდენიმე სოფელია. ქარცები, აზმანა, აფნია და გოგაშენი. თუმცა, მიუხედავად სიახლოვისა, სოფლების მოსახლეობას ერთმანეთთან კომუნიკაცია ნაკლებად აქვთ. ესეც ცუდმა გზამ განაპირობა. როგორც გიორგი მიქელაძე ამბობს, ერთი სოფლიდან მეორეში ტრანსპორტით გადასვლას მინიმუმ ერთი საათი სჭირდება.

გიორგი დაცლილი, ნასახლარად ქცეული სოფლების შესახებ გვიყვება. სოფლიდან თურქეთის საზღვრამდე 18 კილომეტრი და 8 ნასახლარად ქცეული სოფელია.

ჯავახეთის კულტურული და ტურისტული პოტენციალი

სამცხე-ჯავახეთი კულტურული თვალსაზრისით, არქიტექტურული ძეგლების სიმდიდრით საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, მისი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება კულტურულ გარემოზეც აისახა.

განსაკუთრებით ბევრია ხალხური არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშები, რომლებსაც დღემდე საცხოვრებლად იყენებენ.

ჯავახეთის სოფლებში ხშირად შეგხვდებათ ბანიანი სახლები, მიწური სახლები, რომლებიც ორ ტიპად იყოფა. გვირგვინიანი და სახლები ბრტყელი გადახურვით. მიწით დაფარული სახურავი მთიან რელიეფზე. იქ, სადაც მჭიდრო დასახლებაა, შესაძლებელია, რომ ქვედა სახლის სახურავი, მის ზემოთ მდებარე სახლის ეზოს ტერასა აღმოჩნდეს.

არქიტექტორი ნანუკა ზაალიშვილი „ლიბერალს“ ჯავახეთის ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა.

მესხურ-ჯავახური სახლების ანალოგი არ გვხვდება საქართველოს სხვა ნაწილში. საინტერესოობას ამ სახლებს ის სძენს, რომ მათ აქვთ სახასიათო სტილი, თავიანთი დადგენილი წესი, რომლის მიხედვითაც ისინი შენდებოდა, რა დროსაც გათვალისწინებული იყო გარემო, ლანდშაფტი და ა.შ. ჯავახეთში მძიმე და მკაცრი ზამთარი იცის. ამიტომ ამ ადამიანებს, რომლებიც ალპურ ზონაში ცხოვრობენ, სიცივისგან თავი უნდა დაეცვათ. მათ სახლების მშენებლობა დაიწყეს მიწაში. მათ ინტერიერში ამოყვანილი გუმბათი ჰქონდა და ერდოთი ბოლოვდებოდა. ზედა ნაწილზე აყრიდნენ მიწას, რაზეც ამოდიოდა ბალახი. სწორედ ეს განაპირობებდა ზამთარში სითბოს და ზაფხულში სიცივეს. თავდაცვის თვალსაზრისით ეს ბალახი შეუმჩნეველი იყო, ხოლო ერდო, რომელიც სინათლის წყარო იყო, იხრებოდა, თუ მოსახლეობა მტერს შეამჩნევდა“, - ამბობს ნანუკა ზაალიშვილი. 

ზაალიშვილი ამბობს, რომ ჯავახეთში ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი სამეცნიერო კვლევის კუთხით, რომ ბევრი კულტურული ობიექტი ჯერ კიდევ არ გამხდარა ინეტერესის ობიექტი.

„ძალიან დიდი კულტურის მიწაა, პირველ რიგში მკვლევრებმა უნდა დაიწყონ მუშაობა, რადგან არტეფატქები ჩვეულებრივად მიწაზე ყრია“. 

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივებს ამ სოფლებში ბევრი სოციალური თუ სხვა პრობლემა აქვთ, და ისინი ყოველდღიურად ცდილობენ თავი გადაირჩინონ, ისინი ამ მემკვიდრეობის დაცვას ვერ შეძლებენ. ეს ჯერ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე უნდა იყოს სათანადოდ დანახული, შესაბამისი ღონისძიებები გატარებული. 

„ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია. როცა ყოველდღიურ გადარჩენაში ხარ ჩართული, ეს რთულია. ასეთ ვითარებაში რაიმეს მოვლა-პატრონობას ვერ მოსთხოვ ადამიანს, შესაბამისად ნადგურდება ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყოს. ასევე ჭირს კომუნიკაცია ადგილობრივებთან, მათ აბსოლუტური გაუცხოება აქვთ. ძალიან ბევრი სამუშაოა ამ მხარეში. სამწუხაროდ, ჯერ მთავრობა არ მუშაობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მერე ადგილობრივი ხელისუფლება ამ ხალხთან. ამ ხელისუფლების პრიორიტეტი კი არის ტურიზმის განვითარება, მაგრამ ვერ აკონტროლებს იმას, რამდენად მზად ხვდება ქვეყანა ტურისტს“, - ამბობს ნანუკა ზაალიშვილი.

ჯავახეთის ერთ-ერთ სოფელში, საროში მსგავსი ჯავახურ-მესხური საცხოვრებელი სახლი ბევრია შემორჩენილი. რამდენიმე წლის წინ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებდნენ, რომ დაგეგმილი იყო ამ სალხების რესტავრაცია-რეაბილიტაცია, თუმცა ის ჯერ კიდევ არ დაწყებულა. 

სააგენტოდან „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ პროექტის სამუშაო ვერსიას ჰქონდა ხარვეზები, განხილვის შემდეგ ის ავტორებმა გაითვალისწინეს. მათი თქმით,  სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყება.

თუმცა, სანამ ზაფხული ძალაში შევა და ოკამელი ახალგაზრდები ტურისტებს დაელოდებიან, სანამ ვარძიაში ჩასული რომელიმე ტურისტი მაღალ მთაზე ასვლასა და იმ სოფლის ნახვას გადაწყვეტს, რომელიც რუკაზეც კი არ არის მონიშნული, ოკამელები სუსხიან დღეებს ისევ უგზოდ და უწყლოდ გაატარებენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^