საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება, რომლის მიზანიც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დირექტორატის დაქვემდებარებაში იქნება ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტები.
„ცვლილებების თანახმად საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად შეიქმნება ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება. (აღსანიშნავია, რომ აქამდე ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ს სამმართველო კურირებდა)“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში ასევე იქმნება სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ამოცანაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისად კომუნიკაციის დაგეგმვა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საზოგადოების ინფორმირება, საკომუნიკაციო სტრატეგიის იმპლემენტაცია და სხვა იქნება.
„აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტების მიხედვით უწყებაში არსებულ დეპარტამენტებშიც იგეგმება ცვლილებები. მთავრობის დონეზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად იქმნება სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობაზე. კერძოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში შეიქმნება დასაქმების ხელშეწყობის სამმართველო. დაგეგმილია საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტისთვის სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის შემადგენლობაში დღეს არსებული ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს დამატება“ - ნათქვამია განცხადებაში.