ორი წლის წინ, 2015 წლის 1 ივლისს, ამერიკელმა მონადირემ პროფესიით დანტისტმა - უოლტერ პალმერმა ზიმბაბვეში ლომი - სესილი მოკლა. ამისთვის მან 50 ათასი დოლარი გადაიხადა. მართალია, იმ თვეში აფრიკაში კიდევ 69 ლომი მოკლეს, მაგრამ სესილის მკვლელობის ფაქტს იმდენად დიდი რეზონანსი მოჰყვა, იმდენად ნეგატიურად განეწყვნენ მონადირის მიმართ, რომ უოლტერ პალმერს საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი მოუწია.
სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხშირია. მონადირეები, რომლებიც, ე.წ. „ტროფეიზე“ ნადირობენ, ძალიან დიდ ზიანს აყენებენ ბუნებასა და გარემოს. ასეთი, „სატროფეო ნადირობის“ შედეგად, პირველ რიგში ზარალდებიან: ლომები, ვეფხვები, ლეოპარდები და ა.შ. სწორედ ასეთი ნადირობა გახლავთ ბევრგან ცხოველების შემცირების მთავარი გამომწვევი მიზეზი.
აღსანიშნავია, რომ ლომი სესილის ისტორია მხოლოდ მისი მოკვლით არ დასრულებულა. უკვე 2017 წელს, მონადირეებმა მოკლეს სესილის შვილი, სახელად - ქსანდა, 6 წლის ხვადი ლომი. ზოგადად, როდესაც ხვადი ლომი იღუპება, მისი ბოკვერები სხვა ლომების მსხვერპლი ხდებიან. ქსანდას მოკვლით მონადირეებმა მისი ბოკვერებიც გაწირეს.
ამ შემთხვევებს, რიგი ქვეყნების მხრიდან, სერიოზული რეაქცია მოჰყვა: აშშ-მა აკრძალა ლომების „ტროფეის“ იმპორტი და მნიშვნელოვნად შეზღუდა ამ ტიპის ნადირობა; სესილის მკვლელობიდან 5 თვეში ლომებზე „სატროფეო ნადირობა“ აკრძალა საფრანგეთმაც, 2016 წელს - ნიდერლანდებმა; 2017 წელს კი, ქსანდას მოკვლის შემდეგ, ლომებისა და არაერთი სხვა სახეობის „ტროფეის“ იმპორტი ბრიტანეთშიც აიკრძალა. საერთო ჯამში, სესილისა და ქსანდას მკვლელობას მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა და სწორედ ამ მკვლელობებს მოჰყვა „სატროფეო ნადირობის“ წინააღმდეგ მიმართული პირველი სერიოზული ქმედებები.
„სატროფეო ნადირობა“, ერთი მხრივ, შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ერთ-ერთი კონსერვაციული ინსტრუმენტი, რასაც აქტიურად მიმართავენ, მაგალითად, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ამით ადგილობრივი მოსახლეობა იღებს ფინანსურ სარგებელს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სარგებელს იღებენ გარკვეული პირები, ისე როგორც აფრიკაში, და არა თემი. კიდევ ერთი საგულისხმო მომენტია „სატროფეო ნადირობით“ სახელმწიფო შემოსავლის გაზრდა: ასეთ დროს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს კვოტები „სატროფეო“ ინდივიდზე, რაც ამ ცხოველების განადგურებას იწვევს.
სესილისა და ქსანდას მსგავსად, „სატროფეო ნადირობის“ მსხვერპლი გახდა არაერთი „ვარსკვლავი“ ინდივიდი. მაგალითად, კენიაში მოკლეს სპილო - სატაი, რომლის თითო ეშვის სიგრძე ორი მეტრი იყო.
ასეთი ცხოველები, იგივე სესილი, ქსანდა, სატაი - ტურისტებისთვის ერთ-ერთ მთავარ სანახაობას წარმოადგენენ, ნამდვილი „ვარსკვლავები“ არიან და როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ასეთი ინდივიდების მკვლელობის შემდეგ, ამ ქვეყნებში მნიშვნელოვნად იკლებს ტურიზმი. ერთი ცხოველის მოკვლის ფონზე ზიმბაბვემ, თითქოს, მაღალი ფინანსური შემოსავალი - 50 ათასი აშშ დოლარი მიიღო, თუმცა ამ ქვეყანას გაცილებით დიდი დარტყმა მიადგა მას შემდეგ, რაც სესილის მკვლელობის გამო ტურისტებმა უარი თქვეს იქ ჩასვლაზე.
„სატროფეო ნადირობასთან“ დაკავშირებით, საინტერესო კვლევა ჩაატარა National Geographic-ის მკვლევარმა, რეჟისორმა და დიდი ცხოველების, მათ შორის ლომების კარგმა მცოდნემ დერეკ ჯუბერტმა. მან დაადგინა, რომ „ტროფეის“ მიზნით წელიწადში დაახლოებით 600 ლომს კლავენ. გამოდის, რომ დღეში დაახლოებით 2 ლომი კვდება. ძირითადად, ამით არის განპირობებული, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ლომების რაოდენობა 450 ათასიდან - 20 ათასამდე შემცირდა.
ასეთივე, სავალალო მდგომარეობაშია ლეოპარდი. 50 წლის წინ მსოფლიოში 700 ათასამდე ლეოპარდი იყო აღრიცხული, დღეისთვის კი მათი რაოდენობა მხოლოდ 50 ათასს აღწევს. ამ შემთხვევაში, ის, ძირითადად, საკუთარი ტყავის გამო ხდება მსხვერპლი.
აი, ასეთი შედეგების მომტანია „სატროფეო ნადირობა“, რომლის მთავარი მიზანი გართობა და სასტუმრო ოთახში ცხოველის რომელიმე ნაწილის გამოფენით თავის მოწონებაა.
ამ მიმართულებით უდიდესი წნეხის ქვეშაა მარტორქა. დღეისათვის ამ ცხოველის რქის ერთი კილოგრამი 65 ათასი აშშ დოლარი ღირს! მაშინ, როდესაც ერთი კილოგრამი ოქროს ფასი 43 ათასი აშშ დოლარია.
მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში, „ტროფეებზე“ მონადირეები მარტორქის მოკვლაში 100 ათას აშშ დოლარს იხდიან. კვლევების თანახმად, ყოველ 9 ½ საათში ერთხელ ერთ მარტორქას კლავენ. უკვე 2011 წელს დასავლეთის შავი მარტორქა გადაშენებულად გამოცხადდა. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ, სუდანში მოკვდა ჩრდილოური ბოლო თეთრი მარტორქა.
მარტორქების რაოდენობა კატასტროფულად მცირდება და ამის კიდევ ერთი მიზეზი ის ლეგენდებიცაა, რაც მისი რქის სასწაულმოქმედ, მკურნალ თვისებებს უკავშირდება. არადა, ამ მიმართულებით არაერთი კვლევა ჩატარებულა, რომელთა მიხედვითაც დგინდება, რომ მარტორქის რქას სამკურნალო თვისებები არ გააჩნია! თუმცა, სამწუხაროდ, ეს ლეგენდები იმდენად მყარად ზის მოსახლეობის ცნობიერებაში, რომ ცხოველი ნადგურდება და ნადგურდება.
„ტროფეებზე მონადირეთათვის“ პოპულარული სახეობაა სპილო. დიდი ზომებიდან გამომდინარე, სპილო სასურველი მსხვერპლია. წელიწადში დაახლოებით 40 ათასამდე სპილო კვდება. იყენებენ მის ეშვებსაც. მართალია, მარტორქის რქასთან შედარებით, 1 კილოგრამი სპილოს ეშვი გაცილებით იაფია და დაახლოებით - 2100 აშშ დოლარი ღირს, მაგრამ რეალურად, მაინც დიდ თანხაზეა საუბარი.
ამ ცხოველების გადასარჩენად სახელმწიფოები გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში მარტორქების მონაცემთა ბაზები შექმნეს, რომლებშიც თითოეული ამ ცხოველის იდენტიფიკაციისათვის დნმ-ის (დნმ ატარებს ინფორმაციას, რომელიც თითოეული ცხოველისთვის ინდივიდუალურია) ანალიზებიც არის მოცემული.
მიუხედავად ამისა, „სატროფეო ნადირობაზე“ მოთხოვნა ძალიან დიდია. ზიანის ნაწილობრივ შესამცირებლად იმავე სამხრეთ აფრიკაში შეიმუშავეს, ე.წ. „კონსერვში ნადირობის“ კონცეფცია - ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის მოპოვება.
შემოღობილ ადგილას უშვებენ ცხოველს, იქნება ეს ვეფხვი, ლომი, მარტორქა, სპილო - ტყვეობაში გამრავლებული ნებისმიერი ინდივიდი, რომელიც ნაკლებად მკაცრი რეგულაციის ქვეშაა. ამ შემოღობილ ადგილას, მონადირეს შეუძლია მისი მოკვლა, ფოტოს გადაღება და პოზირება. ისმის შეკითხვა, რამდენად მისაღებია ასეთი ნადირობა?!
თანაც, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ მიმართულებით, სამხრეთ აფრიკაში ნადირობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ობიექტი - ვეფხვია, ცხოველი, რომელიც ამ ქვეყანაში საერთოდ არ არის გავრცელებული.
სამწუხაროდ, ზოგადად მსოფლიოში, ვეფხვის რაოდენობა კატასტროფულადაა შემცირებული და 2500 ინდივიდს აღწევს. აღსანიშნავია, რომ კონსერვაციის უამრავი მცდელობის მიუხედავად, 1990 წლისთვის ვეფხვების რაოდენობა 5000-დან 7000-მდე მერყეობდა. 2014 წელს კი მათი რიცხვი მხოლოდ 2500 იყო.
აქაც ცხოველის რაოდენობის შემცირების მთავარი მიზეზი არა ჰაბიტატის კარგვა, არამედ ნადირობაა! შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ვეფხვის სხეულის ნაწილებს ხალხურ მედიცინაში იყენებენ, თუმცა ამ ცხოველის მთავარი „სატროფეო“ ღირებულება მისი ტყავია.
ერთია ნადირობა საკვების მოპოვების მიზნით, მაგალითად, ესკიმოსების ნადირობა ზღვის ძუძუმწოვრებზე, რაც შეიძლება განვიხილოთ როგორც ბუნებრივი პროცესი. ის კანონით და საერთაშორისო კონვენციებითაც კი რეგულირდება, მაგრამ მეორე საკითხია, თუ რამდენად მისაღებია მკვლელობა გართობის და ტრაბახის მიზნით, თუნდაც ეს ტრადიციული იყოს. მასაების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრადიცია იყო „ალა მაიო“, რაც ლომის მოკვლას გულისხმობდა: 13-15 წლის ბიჭები მიდიოდნენ სავანაში და სანამ ლომს არ მოკლავდნენ, უკან არ ბრუნდებოდნენ. მათი იარაღი მხოლოდ შუბი იყო. მათ უნდა მოეკლათ შეტევაზე გადმოსული ლომი. სხვაგვარად, ისინი „მორანები“, ანუ მეომართა კლასის წევრები ვერ გახდებოდნენ, შესაბამისად, ვერც დაქორწინდებოდნენ, თუმცა ცოლის მოსაყვანად კვლავ ლომი უნდა მოეკლათ. ჩვენს საუკუნეში სიტუაცია შეიცვალა და მასაებმა განაცხადეს, რომ „ლომების ხოცვა ახლა უკვე მიუღებელია მასაების კულტურისათვის და უნდა შეწყდეს“. ტანზანიაში ლომების საუკეთესო დამცველები ისევ მასაები აღმოჩნდნენ, ხოლო კენიელმა მასაებმა გადაწყვიტეს „მასაური“ ოლიმპიადით ჩაენაცვლებინათ მათთვის წარსულში ძალიან საამაყო, მაგრამ, მათივე აზრით, თანამედროვეობისათვის მიუღებელი რიტუალი.
„სატროფეო ნადირობის“ შედეგად ზიანის შემცირებას სუროგატული მეთოდებითაც ცდილობენ. მაგალითად, მარტორქების მკვლევრებმა ასეთი გამოსავალი მოიფიქრეს - მონადირეები მიჰყავთ ველზე და ისინი ცხოველს ესვრიან ტრანკვილიზატორს, რომელიც მკვლევარმა მაინც უნდა ისროლოს. ერთი მხრივ, ეს თითქოს კარგი მიგნებაა, მაგრამ ძალიან რთულია თავად იმ ადამიანის ფსიქოლოგიის გაგება, რომელსაც სურს, რომ მაინცდამაინც ტყვია ესროლოს და მოკლას ცოცხალი არსება.
მინდა გავიხსენო XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ზოოლოგი და აფრიკის ბუნების მთავარი გადამრჩენელი - ბერნარდ გრჟიმეკი და მისი წიგნი - „გარეული ცხოველებისთვის ადგილი აღარ არის“. ამ წიგნში, ძირითადად, აფრიკაში მიმდინარე პროცესებია აღწერილი. ავტორმა მიაგნო და წიგნში მოათავსა სპილოზე მონადირე, ვინმე გორდონ კემპინგის ჩანაწერს. აი, რას წერს გორდონ კემპინგი:
„მე შევხვდი ყველაზე უფრო დიდ და ლამაზ სპილოს, რომელიც ოდესმე მინახავს. ვესროლე მას მხარში და ამ ერთადერთმა გასროლამ მომანიჭა იმის შეგრძნება, რომ მე გარემოს სრული ბატონ-პატრონი ვიყავი “.
ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ასეთი მკვლელობები ხდება.
შემდეგ კემპინგი აღწერს, თუ როგორი ლამაზი იყო სპილო და როგორ ესროდა სასიკვდილოდ დაჭრილ ცხოველს სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
როგორც ჩანს, მკვლელობის მოთხოვნილება ძალიან ძლიერია ადამიანში. ალბათ ამიტომაც ხარჯავენ უზარმაზარ თანხებს ცხოველთა მოკვლისთვის.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრაკონიერობაზე კი არა, ნადირობაზე ვსაუბრობთ, ნადირობაზე, რომელსაც მონადირეთა ნაწილი სიამაყით მოიხსენიებს.
ადრე თუ გვიან, ალბათ საჭიროა, რომ ამ ტიპის მონადირეებზე ცოტა სხვაგვარი შეხედულებაც გამოითქვას. თუკი ისინი თავს ბუნების ქომაგებად თვლიან და ბუნება უყვართ, საკითხავია რა უყვართ ამ ბუნებაში? ასეთ ადამიანებს ბუნება კი არა, მკვლელობის პროცესი უყვართ, თორემ სხვა შემთხვევაში, ჩემი აზრით, ბუნებაში თოფით სიარული უფრო მოუხერხებელია, ვიდრე, მაგალითად, ფოტოაპარატით.
ასეთივე აზრის იყო ჯონ ჰანტერიც, მონადირე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კენიაში ცხოველების შემცირებაში. გარკვეულ ასაკში ჰანტერი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „სპორტული (იგივეა, რაც სატროფეო) ნადირობა“ არ შეიძლება და ცხოველებისთვის სურათების გადაღება დაიწყო. თავადვე წერდა, რომ „ცხოველი მხოლოდ გასროლამდე ინარჩუნებს თავის სილამაზეს, გასროლის შემდეგ კი უბრალო ლეშად იქცევა. სურათი კი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღაფრთოვანებს ადამიანს“.
ჰანტერის მსგავსად, პოზიცია ძალიან ბევრმა პროფესიონალმა მონადირემაც შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო პროგრესული მონადირე ჯიმ კორბეტი იყო. დღეს ინდოეთში ერთ-ერთ ეროვნული პარკი მის სახელს ატარებს; ვეფხვის ერთ-ერთ ქვესახეობასაც მეორე სახელად კორბეტი (Panthera tigris corbeti) დაერქვა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი პროფესიონალ მონადირედ ითვლებოდა, ის არასოდეს ხოცავდა ცხოველებს, თუ ამისი აუცილებლობა არ დგებოდა! XX საუკუნის პირველ ნახევარში, ინდოეთში, კორბეტი მიზანმიმართულად კლავდა მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემად ქცეულ კაციჭამია ვეფხვებსა და ლეოპარდებს.
ამას ძალიან დიდი დრო მიჰქონდა, რადგან კორბეტი კონკრეტულად კაციჭამია ინდივიდებს ეძებდა. მას არასდროს მოუწყვია ცხოველების ხოცვა-ჟლეტა თუნდაც ერთი კაციჭამია ვეფხვის დასასჯელად. სამწუხაროდ, ამ ტიპის მონადირეები ძალიან ცოტანი არიან.
კიდევ ერთი ყოფილი მონადირე, ამერიკელი მწერალი ჯეიმს ოლივერ კერვუდი იყო. იგი იმედოვნებდა, რომ მისი წიგნების მეშვეობით მცირედით მაინც გამოისყიდიდა იმ დანაშაულს, რომელიც მან ნადირობისას მიაყენა სამყაროს. თავისი წიგნის, „მეფე გრიზლის“ შესავალში ის წერს, რომ: „ეს წიგნი მონანიება და იმედია ...ნადირობის უდიდესი სიამოვნებაა - არა მოკლა, არამედ მისცე სიცოცხლის შესაძლებლობა (greatest thrill of the hunt is not in killing, but in letting live).
„ერთხელ ბრიტანეთის კოლუმბიაში ორ საათზე ნაკლებ დროში ოთხი დათვი მოვკალი და 120 წუთში 120 წლის სიცოცხლე გავანადგურე, ...თავს კრიმინალად ვგრძნობდი, რადგან სიამოვნებისათვის ცხოველის მკვლელობა მხოლოდ მცირედით თუ ჩამორჩება კაცისკვლას“.
აღსანიშნავია, რომ მისი ყველა წიგნი ცხოველებზეა.
„სატროფეო ნადირობა“ მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, გავრცელებული პრაქტიკაა. ადამიანთა ნაწილი მხოლოდ გასართობად ნადირობს!
ჩვენთანაც ფართოდ არის გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულება, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საკვების მოსაპოვებლად ნადირობენ, „მეხორცეებს“ უწოდებენ და დაბალ კასტად მიიჩნევენ.
ანუ, ამ ადამიანების წარმოდგენაში, გასართობად ცხოველის მოკვლა გაცილებით უფრო აღმატებული საქციელია, ვიდრე ცხოველის საკვები მიზნით მოპოვება...