ათასობით ადამიანი საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას საკუთრების უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიცია ქართულმა ოცნებამ პირობა დადო, რომ აღადგენდა დარღვეულ ქონებრივ უფლებებს. ამის მიუხედავად, მოქმედი საკანონმდებლო რეჟიმი არ იძლევა ქონების დაბრუნების (რესტიტუციის) საკითხებზე წამოჭრილი დავების ადვილი გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებებს. ანალოგიურად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები არ წარმოადგენს არსებული რესტიტუციული პრობლემის გადაწყვეტის ეფექტურ საშუალებას. შედეგად, წართმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების უმეტესობა, რომელთა გამოძიება საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს, სრულად გაყინულია.
არსებულ მდგომარეობაში არ ჩანს პრობლემის გადაწყვეტის ნათელი გზა. ერთი მხრივ, ქონებრივი მოთხოვნების მყისიერი დაკმაყოფილება ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევებს ეროვნული ბიუჯეტისათვის, ვინაიდან საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნების ღირებულება ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, საკითხის იგნორირება წარმოშობს პოლიტიკურ პრობლემებს და ძირს უთხრის კანონის უზენაესობის მიმართ ნდობას. აღნიშნულ საკითხზე საჯარო დისკუსიის გაღვივების მიზნით, ამერიკის სავაჭრო პალატის (Amcham) კომერციული და საგადასახადო სამართლის პროექტი იმ გზას აფასებს, რომლის გავლა მოუხდება დაზარალებულს ქონების დაბრუნების მიზნით და იმ გამოწვევებს, რომელიც ხელისუფლებას წინ უდგას ამ რთული სამართლებრივი საკითხის გადასაწყვეტად.
კოალიცია ქართული ოცნების 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებიდან სამი თვის განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში 20 000 საჩივარი შევიდა. მათ შორის 9350 მოთხოვნა სხვადასხვა სახის ქონების დაბრუნების მოთხოვნით, რომლის ჩამორთმევა დაზარალებულთა მტკიცებით 2004-2012 წლის პერიოდში მოხდა.
მომჩივნების ზოგადი მტკიცება ქონების იძულებით ჩამორთმევას და მის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობას უკავშირდება. ყველაზე ხშირად, საკუთრების უფლებების დარღვევა უკავშირდებოდა ქონების გადაცემას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომლის პირობებს პროკურორი მთლიანად კარნახობდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების ან შემსუბუქების სანაცვლოდ. როგორც ჩანს, საკუთრების ჩამორთმევის მიზნით იძულების სხვა ფორმებიც გამოიყენებოდა.
დაზარალებულების მიერ შელახული საკუთრების უფლებების აღდგენა არსებული სამართლებრივი რეჟიმის ფარგლებში ორ ძირითად სირთულესთან არის დაკავშირებული. უპირველესად, როგორც წესი, საკუთრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების გამოყენება ექვემდებარება ხანდაზმულობის ან შეცილების ვადებს, რომელიც უკვე გასული ან ამოწურულია. შესაბამისად, ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე რესტიტუციის შესაძლებლობა შეზღუდულია.
მაგალითად, თუ მომჩივანი ითხოვს ქონების დაბრუნებას, რომლის ჩამორთმევა მოხდა იძულებით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მას შეუძლია ამტკიცოს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან არ გამოხატავდა გარიგების დადების დროს მომჩივანის რეალურ სახელშეკრულებო ნებას. თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული შეცილების ვადა ზღუდავს რესტიტუციის უფლების მქონე პირების სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას.
შემდგომი სამართლებრივი წინააღმდეგობა მდგომარეობს იმაში, რომ ქონების დაბრუნება რიგ შემთხვევებში უკვე ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს. განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხი ისეთ შემთხვევაშია, როცა დაზარალებული ამტკიცებს, რომ საკუთრების ჩამორთმევა განხორციელდა დაუსაბუთებელი სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე. სამართლის ზოგადი პრინციპი res judicata მართალია უშვებს სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობას, თუმცა მხოლოდ შეზღუდულ შემთხვევებში. კერძოდ, სასამართლო ვერდიქტის გადასინჯვის საფუძველია ახლადაღმოჩენილი გარემოებები. ეს უკანასკნელი კი მოითხოვს შესაბამის მტკიცებულებას, რაც, უმეტეს შემთხვევაში, არ არსებობს ან რთულად მოსაპოვებელია.
ამგვარი სირთულეების გათვალისწინებით, მომჩივანთა გარკვეული ნაწილი ქონების დაბრუნების მიზნით ალტერნატიული სამართლებრივი საშუალებების გამონახვას ცდილობს. არსებული საკანონმდებლო პირობების გათვალისწინებით შესაძლებელია ოთხი ასეთი საშუალების იდენტიფიცირება.
რესტიტუციის საჩივრების უმეტესობა საქართველოს პროკურატურაში მიმართულია იმ იმედით, რომ პროკურატურა გამოიძიებს და წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას განაჩენის გადასინჯვისა და res judicata წესის დასაძლევად.
მეორე სამართლებრივი საშუალება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იძულებით დადებული გარიგებების შემთხვევაში, მდგომარეობს სამართლის იმგვარ განმარტებაში, რომელიც გაახანგრძლივებს შეცილების ვადას. მაგალითად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) წარმოადგენს სააქციო საზოგადოება თბილავიამშენის ყოფილ პარტნიორებს, რომელთა მტკიცებით 2010 წლის ივნისში ისინი აიძულეს თავიანთი წილები კომპანიაში სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეთმოთ. შეცილების ვადის დამკვიდრებული ინტერპრეტაციის მიხედვით, მათი მოთხოვნა სავარაუდოდ ვერ გახდება ( დაკმაყოფილებული), ვინაიდან შეცილებისათვის აუცილებელი ვადა (ერთი წელი) იძულების განხორციელების მომენტიდან უკვე გასულია. თუმცა საია შეეცდება ამტკიცოს, რომ თბილავიამშენის ყოფილი პარტნიორების მიმართ განხორციელებული იძულება შეწყდა 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო და სამთავრობო ცვლილებების ფონზე. აღნიშნული სასამართლო საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საიას გამარჯვება შეცილების ვადის განმარტების თვალსაზრისით მნიშვნელოვან პრეცენდენტს შექმნის, რომელიც ასევე შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვა მომჩივნების მიერ.
მესამე, დაზარალებულთა უმეტესობა იმედით უყურებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც რესტიტუციის ეფექტურ სამართლებრივ საშუალებებს გაითვალისწინებს. ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ორ კანონპროექტზე. პირველი საკანონმდებლო შეთავაზება შემუშავებულია პარლამენტის წევრის პაატა კიკნაველიძის მიერ და შესაძლებელია ამ შემოდგომაზე მოხვდეს პარლამენტის დღის წესრიგში. ამ კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ან ქონების დაბრუნება, თუ მან 2004-2012 წლების პერიოდში ქონება სახელმწიფოს უფასოდ და საზღაურის გარეშე გადასცა. თუმცა აღნიშნული კანონპროექტის მიღებას არასახარბიელო პერსპექტივა აქვს. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, მათ შორის იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის აზრით, კანონოპროექტი ძალიან ფართოა და მისი პრაქტიკაში გამოყენება მთელ რიგ პრობლემებს წააყდება. გამჭირვალობა საქართველოს იურისტები, ეკა ბოკუჩავა და გია გვილია, ასევე თვლიან, რომ დოკუმენტი მხედველობაში არ იღებს არსებული რესტიტუციის პროცესის ყველა სირთულეს და მისი იმპლემენტაცია გადაჭრის ნაცვლად?) უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს.
სამართლიანობის აღდგენის განსხვავებულ მექანიზმს ითვალისწინებს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის თაობაზე. აღნიშნულმა კანონპროექტმა უკვე მიიღო მმართველი კოალიციის მხარდაჭერა. ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების აზრით, დოკუმენტი არსებით როლს შეასრულებს კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენაში ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად გახდა მსჯავრდებული. მათივე მტკიცებით, კანონპროექტს ასევე გააჩნია სამართლებრივი საშუალებები იმათთვისაც, ვინც ცდილობს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. მაგრამ, არსებული ფორმით დოკუმენტი მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე ვრცელდება და არ ითვალისწინებს პირდაპირ რესტიტუციულ სამართლებრივ საშუალებებს სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეებზე, რაც არსებითად ზღუდავს მის შესაძლო რესტიტუციულ ეფექტს.
მეოთხე, ეფექტური სამართლებრივი ან საკანონმდებლო საშუალების არარსებობის პირობებში მომჩივანთა ნაწილმა შეიძლება ქონების დაბრუნება ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს მეშვეობით სცადოს. აღნიშნულმა შესაძლოა ჩრდილი მიაყენოს ქვეყნის რეპუტაციას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო განსაკუთრებულ ინტრესს იჩენს სასამართლო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით.
აღნიშნული საკითხების ერთობლიობა არსებული ხელისუფლებისათვის პრობლემების მთელ ერთობლიობას ქმნის. კოალიცია ქართულმა ოცნობებამ წინასაარჩევნო პირობა დადო უზრუნველყოს ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, თუმცა ამ საკითხის მოგვარებას რიგი პრაქტიკული წინააღმდეგობები უდგას წინ.
საკუთრების უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოძიება მძიმე ტვირთია საქართველოს პროკურატურისთვის, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი ყველა საქმის სათანადო გამოძიების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მისიის შესრულებას სხვა გარემოებაც აბრკოლებს. საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აღიარებს, რომ მოქმედი პროკურორების ნაწილი გარკვეულწილად მონაწილეობას იღებდა წინა ხელისუფლების დროს ქონების ჩამორთმევის პროცესში.
შემდგომი პრაქტიკული პრობლემა თავს იჩენს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ჩამორთმეული საკუთრება შემდგომში გასხვისდა ან გაიყიდა მესამე პირზე. ამ უკანასკნელის საკუთრების უფლებამ, იმ პირობით რომ შეძენილია კეთილსინდისიერად, შესაძლოა უპირატესობა მოიპოვოს პირვანდელი მესაკუთრის უფლების მიმართ. აღნიშნულ პირვანდელ მესაკუთრეს მხოლოდ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მიღების უფლებას უტოვებს.
რესტიტუციის პროცესში ურთულეს პრობლემას წარმოადგენს ქონების დაბრუნების და კომპენსაციის ხარჯი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეფასებით რესტიტუციის მოთხოვნათა სავარაუდო ღირებულება 3-4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. იქ, სადაც პირდაპირი რესტიტუცია, ანუ ქონების დაბრუნება, შეუძლებელია, ხელისუფლება იძულებული იქნება გადაიხადოს ქონების ღირებულება კომპენსაციის სახით, რაც სახელმწიფოსათვის მძიმე ფინანსურ ხარჯს წარმოადგენს. ამასთან, ქონების დაბრუნებამ ასევეე შეიძლება გადაცემული ქონების ფუნქციონირების შეფერხება გამოიწვიოს. სამართლიანობას და ეკონომიკურ შედეგებს შორის ბალანსირება სახელმწიფოსათვის ამ შემთხვევაში რთულ გამოწვევას წარმოადგენს.
ქონებრივი მოთხოვნების იგნორირებამ, გარდა წმინდა საარჩევნო და პოლიტიკური შედეგებისა, შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები (???) და, რაც მთავარია, გააჩინოს უნდობლობა და უკმაყოფილობა საქართველოში სამართლიანი პროცესის და კანონის უზენაესობის მიმართ. მეორე მხრივ, ქონებრივი უფლებების აღდგენა და შესაბამისი გამოძიებების წარმოება ძალიან მძიმე შეიძლება გამოდგეს სახელმწიფოს ბიუჯეტისათვის, ასევე სახელმწიფო შესაძლოა განუსაზღვრელი ვადით ჩაერთოს რთულ და ხანგრძლივ ქონებრივ დავებში. მიუხედავად იმისა, თუ რომელ მიმართულებას აირჩევს სახელმწიფო, მიღებული გადაწყვეტილება იქნება ის ძირითადი საფუძველი, რომლითაც მოქმედი მთავრობის წარმატება შეფასდება.
"პირველად გამოქვეყნდა ოქტომბერ-დეკემბერში", ჟურნალ investor.ge-ში.