სტატია პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ "ლიბერალის" თებერვლის ნომერში
ხელოვნური განაყოფიერების საკითხი განსაკუთრებით რთული და სათუთი თემაა ბიოსამედიცინო ეთიკის დარგში. საქართველოში ამ საკითხზე სულ ახლახან დაიწყო საჯაროდ ლაპარაკი, რაც, ვფიქრობ, კარგია.
ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ზოგს არასასურველი ფეხმძიმობა ადარდებს და ზოგს კი - ასევე არასასურველი უშვილობა. წყვილების 10%-დან 15%-მდე განიცდის უშვილობის პრობლემას. ათიდან ერთი წყვილი აუხსნელი მიზეზების გამო უშვილოდ რჩება. უშვილობის შემთხვევაში წყვილების უმრავლესობა განიცდის უზარმაზარ სოციალურ და პიროვნულ ზეწოლას. ასეთი წყვილები თავს იზოლირებულად გრძნობენ როგორც სხვა წყვილებისგან, ასევე ერთმანეთისგანაც, - ეს მაშინ, როცა უშვილობის გამო ქალი ან კაცი თავს დამნაშავედ გრძნობს. რელიგიური წყვილების ბედი კიდევ უფრო მძიმე შეიძლება იყოს, რადგან ისინი უშვილობაში შეიძლება ღვთის სასჯელს ხედავდნენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც რელიგიური ცრურწმენების ბადეში არიან გახვეულნი.
ილია ჭავჭავაძის ტრაგიკომიკური გმირების, დარეჯანისა და ლუარსაბის, უშვილობის ამბავი ხომ გვახსოვს „კაცია-ადამიანიდან”? როგორც ილია ამბობს, ამ წყვილს „ერთი ჯავრი ედო გულშია: შვილი არა ჰყვანდათ“. ყველაფერი სცადეს, ბევრი ბალახ-ბულახი სვეს მაგრამ არაფერი ეშველათ.
სახასიათოა ლუარსაბის სიზმარი, სადაც ის ღმერთს ესაუბრება. „ღმერთო! რა დაგიშავე, შე დალოცვილო, რომ შვილს არ მაძლევ? მიბრძანე და აკი გიახელ თელეთს სალოცავადა, თორმეტაბაზიანი ცხვარი დაგიკალ, ორი აბაზის წმიდა სანთელი აგინთე. სხვა რა ვქნა? წირვა-ლოცვას უამისოდაც არ ვაკლდებოდი, მარხვა მე არ გამიტეხია, ყოველ წელიწადს წმიდა ზიარება მიმიღია და აღსარება მითქვამს“. ლუარსაბს გულს ის უკლავს, რომ მის ძმას დავითს შვილები ყავს, ის კიდევ უშვილოდ გადაგების საფრთხის წინაშე დგას. ლუარსაბი ხალისით აბეზღებს თავის ძმას ღმერთთან იმის გამო, რომ თურმე მისი ძმა მარხვასა ტეხავს, უკურთხებელ საჭმელსა ჭამს, ძაღლს თავისი თეფშიდან აჭმევს, არადა ღმერთი მაინც იმისკენ არის.
სამწუხაროდ, ჩვენი რელიგიური აზროვნება ძალიან შორს არ წასულა ლუარსაბ თათქარიძის „თეოლოგიისგან“, როდესაც ღმერთი დამსჯელ და სასტიკ დიქტატორადაა წარმოდგენილი.
ჩვენ გარშემო ხდება ისეთი შემთხვევებიც, როცა ოჯახის კეთილდღეობა, სოციალური თუ პიროვნული ზეწოლის გამო, დამოკიდებულია არა მარტო ბავშვის ყოლა-არყოლაზე, არამედ ბავშვის სქესზეც კი: თუ ბიჭია კარგია, თუ გოგოა - ცუდი. ასეთი აზროვნება, ცხადია არც ქრისტიანულია, არც ზოგადად რელიგიური და არც ჰუმანური, მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენში ჯერ კიდევ ადვილად ვაძლევთ ასეთ აზრებს ბოგინის საშუალებას.
საღვთო წერილის მიხედვით, ადამიანის უშვილობის მიზეზი ცოდვა არ არის. შესაბამისად, წყვილი შეიძლება იყოს „მართალი ღვთის წინაშე“, მაგრამ არ ჰყავდეთ შვილები (ლუკას სახარება 1, 6). მიუხედავად საღვთო წერილის აფირმაციისა, უშვილობა მაინც სერიოზულ პრობლემად რჩება ადამიანისთვის.
ჩვეულებრივ, უშვილობის შემთხვევაში წყვილები გამოსავალს ბავშვის აყვანაში ხედავენ. დასავლეთში ხშირად ცდილობენ ასაყვანი ბავშვების ეკონომიკურად გაღატაკებულ ქვეყნებში მოიძიებას და ამით მათ ხსნას მძიმე ხვედრისა და შესაძლო ძალადობისგან. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ბავშვის აყვანა უცხო ქვეყანაში უამრავი ბიუროკრატიული დაბრკოლების გადალახვასა და დროს მოითხოვს.
თანამედროვე სამედიცინო მეცნიერება უშვილობის საკითხის მოსაგვარებლად ახალ მეთოდებს გვთავაზობს. ხელოვნური განაყოფიერების ექსპერიმენტები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იშვითად, მაგრამ მაინც მიმართავდნენ ხელოვნური განაყოფიერების ხერხს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ხელოვნური განაყოფიერება ფართოდ გავრცელდა. დღეისთვის ამ გზით ყოველწლიურად ასიათასობით ბავშვი იბადება.
თავად მეთოდი ძალიან მარტივია: საგანგებო ხელსაწყოების გამოყენებით სპერმა საშვილოსნოში (უტერუს) გადააქვთ, სადაც მან შეიძლება გაანაყოფიეროს მომწიფებული კვერცხუჯრედი. თუ მამაკაცი სტერილურია ამ შემთხვევაში გამოიყენება დონორის სპერმა, რაც ბადებს უფრო მეტი მორალური ხასიათის კითხვებს.
უშვილობის დასაძლევად არსებობს კიდევ ერთი ხერხი: ინ ვიტრო განაყოფიერება. ამ შემთხვევაში ქალის მოწიფული კვერცხუჯრედი და ქმრის სპერმა ლაბორატორიულ ჭურჭელში გადააქვთ. თუ რომელიმე სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს გაანაყოფიერებს, ამ შემთხვევაში ის საშვილოსნოში გადააქვთ. ინ ვიტრო განაყოფიერების ათიდან ერთი მცდელობა წარმატებით გვირგვინდება.
უშვილობის დაძლევის კიდევ ერთი ხერხი არსებობს: სუროგატი დედობა. იგი საშუალებას იძლევა, რომ უშვილო წყვილს ეყოლოს ბავშვი, რომელიც ბიოლოგიურად შეიძლება დაკავშირებული იყოს წყვილთან ან ერთ-ერთ მათგანთან (როცა უნაყოფო არის ცოლი ან ქმარი). დადგენილი არ არის ზუსტად როდიდან მომდინარეობს სუროგატი დედობის თანამედროვე პრაქტიკა. მაგრამ მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან დასავლეთის, ევროპისა და ამერიკის ლეგალურ სივრცეში გაჩნდა ამ საკითხის იურიდიულად მოწესრიგების საჭიროება.
თეოლოგიურ სივრცეში უშვილობის დაძლევის ამ ხერხებმა დაბადეს ზნეობრივი ხასიათის კითხვები: ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში დონორის სპერმის გამოყენება ხომ არ წარმოადგენს ცოლქმრული ურთიერთობის ხელყოფას? სუროგატი დედის ჩართვა უშვილობის დაძლევაში ხომ არ იწვევს ასევე ცოლქმრული ურთიერთობის ხელყოფას?
რომის კათოლიკური ეკლესიის პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით პირველად 1949 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პაპმა პიუს XII-მ გამოხატა. პაპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ზემოთხსენებული პროცედურები გაიგივებულ იქნა მრუშობასთან, რადგან მასში დანახულ იქნა ცოლ-ქმრისათვის ღმერთისაგან ნაბოძვარი გეგმის ხელყოფა. პაპმა დაგმო არა მარტო სპერმის დონაცია, არამედ ქმრის სპერმის გამოყენებაც, რაკი იგი ჩვეულებრივი სექსუალური ურთიერთობის ფარგლებს სცილდებოდა.
პიუს XII-ის განცხადებიდან 51 წლის შემდეგ ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციაზე მოსკოვის საპატრიარქომ 2000 წელს მიღებულ „რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეპციის საფუძვლებში“ ასეთივე უარყოფითი პოზიცია გამოხატა; თუმცა პაპისგან განსხავებით მან მისაღებად ჩათვალა ხელოვნური განაყოფიერება იმ პირობით, თუ მასში არ გამოიყენება დონორის სპერმა. რადგან „ეს არ ხელყოფს ცოლქმრული კავშირის სიმტკიცეს და არსებითად არ განსხვავდება ბუნებრივი ჩასახვისაგან“ (სკს XII.4). 2013 წლის 25–26 დეკემბერს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი პასტორალური საჭიროებიდან გამომდინარე კვლავ დაუბრუნდა ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის, განსაკუთრებით სუროგატული დედობის შედეგად გაჩენილი ბავშვების თემას.
რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაგმო სუროგატული დედობა, როგორც „არაბუნებრივი და მორალურად მიუღებელი იმ შემთხვევაშიც კი, როცა სუროგაცია ეყრდნობა არაკომერციულ საფუძველს“ (სკს XII.4). ასევე ეკლესია უარს ამბობს სუროგაციის გზით დაბადებული ბაშვების ნათლობაზე, თუ მათი მშობლები „არ გამოხატავენ მათ მიერ ჩადენილი საქმის (სუროგაციის) გამო აშკარა სინანულს“.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პატრიარქ ილია მეორის განცხადება ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციაზე სწორედ ამ დოკუმენტით იყო ინსპირერებული, რომელიც დაახლოებით იმავე დროს გამოაქვეყნდა რუსული ეკლესიის მიერ, როცა პატრიარქი თავის საშობაო ეპისტოლეს წერდა. 25–26 დეკემბრის რუსული ეკლესიის სინოდის დაგაწყვეტილების ალუზიას წარმოადგენს ასევე პატრიარქის განცხადება, როცა იგი ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებულ ბავშვებს „პრობლემატურად“, ხოლო სუროგაციის გზით დაბადებულებს კი „უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მორტოობისთვის“ განწირულებად მოიხსენებს (საშობაო ეპისტოლე 2014).
პროტესტანტი თეოლოგები ხელოვნურ განაყოფიერებაზე საუბრისას, მართლმადიდებლებისა და კათოლიკებისგან განსხვავებით ნაკლებად კატეგორიულები არიან. მათ ის აფიქრებთ, რომ პროკრეაციის პროცესი ცოლქმრული ურთიერთობისგან გამიჯნულია. ისინი, მსგავსად კათოლიკური ეკლესიისა, პრობლემას ხედავენ ხელოვნურ განაყოფიერებაში, მაშინაც კი, როცა ეს ქმრის სპერმის გამოყენებით ხდება. მათ ეჩოთირებათ, რომ პროკრეაცია ხდება სამედიცინო სივრცეში და არა კაცისა და ქალის ურთიერთობის გარემოში. ასეთ მიდგომას ყველა პროტესტანტი თეოლოგი არ იზიარებს. ჯეიმს ნილსონი, ცნობილი თეოლოგი, თვლის, რომ როდესაც ხელოვნური განაყოფიერება ცოლისა და ქმრის შეთანხმების საფუძველზე ხდება, და როდესაც ცოლი და ქმარი ბავშვს სიყვარულით ღებულობს, არ შეიძლება ეს მრუშობად ჩაითვალოს.
არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ. ეს არის მასტურბაცია, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების თანმდევი პროცესია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლემ, ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, დიდი მითქმა-მოთქმა და პროტესტი გამოიწვია. ამ საკითზე დავაში პატრიარქს გამოესარჩლა ბათუმის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რომელმაც ხელოვნური განაყოფიერების საწინააღმდეგო ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ მასტურბაციის (ონანიზმი) ამბავი მოიტანა.
რომის კათოლიკური ეკლესიის ტრადიციული სწავლების მიხედვით, მასტურბაცია ცოდვად ითვლება იმის გამო, რომ ეს არის სექსუალური აქტი, რომელიც პროკრეაციულ მიზნებს არ ემსახურება. მართლმადიდებელ ეკლესიაში მასტურბაცია დღემდე გაიგივებულია ონანის ცოდვასთან. ასეთ კონტექსტში ახსენა იგი მეუფე დიმიტრიმაც ზემოთ ხსენებული დავის დროს. სინამდვილეში ონანის ცოდვა მასტურბაცია კი არ იყო, არამედ ლევიანური წესის დარღვევა, რომელიც ძმას ავალდებულებდა გარდაცვლილი ძმის მემკვიდრეობა გაეგრძელებინა. ონანმა ამ ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით მიმართა coitus interruptus-ის ხერხს (სქესობრივი აქტის შეწყვეტა ეაკულაციამდე ანუ თესლდანთხევამდე, რითაც დაარღვია კანონი (დაბადება 38, 6-10). მიუხედავად იმისა, რომ საღმრთო წერილი არ კრძალავს მასტურბაციას, პროტესტანტი თეოლოგების ერთი ნაწილი მას მაინც ცოდვად მიიჩნევს ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, მასტურბაციისას სექსუალური გამოცდილება დაშორებულია ორ ადამიანს შორის საჭირო სასიყვარულო ურთიერთობას და, მეორე, მასტურბაციასთან ასოცირებულია სექსუალური ფანტაზია და გარყვნილი გულისთქმები სხვა პიროვნების მიმართ, რომელსაც ის სექსნივთის დანიშნულებას ანიჭებს.
პროტესტანტი თეოლოგების უმეტესობა მასტურბაციას დიდ ყურადღებას არ უთმობს. ქრისტიანული ეთიკის ცნობილი სპეციალისტი ჰელმუტ თილიკე მიიჩნევს, რომ მასტურბაცია ხელოვნური განაყოფიერების მიზნით „ფუნდამენტურად და რადიკალურად განსხვავებული“ მოვლენაა.
ხელოვნურ განაყოფიერებასთან შედარებით, სუროგაციის საკითხი ბევრად უფრო რთულია როგორც იურიდიული, ისე თეოლოგიური თვალსაზრისით. ჯერჯერობით სრულად არ არის განსაზღვრული რამდენად ლეგალურია, როდესაც ქალს უხდიან ფულს იმისთვის, რომ სხვისი ბავშვი გააჩინოს. ამ საკითხისადმი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი იურიდიული დამოკიდებულება არსებობს.
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში სუროგაცია არ იკრძალება კანონით, მაგრამ სუროგოციის გზით დაბადებული ბავშვი სუროგატ დედას ეკუთვნის და არა იმ წყვილს, ვისთვისაც მოხდა ბავშვის ჩასახვა და დაბადება. სუროგაცია კანონით აკრძალულია ევროპის სხვა ქვეყნებში: გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში... განვითარებად ქვეყნებში კანონმდებლობა სუროგაციის შესახებ ბევრად უფრო ლმობიერია, რის გამოც იგი იზიდავს სუროგაციით დაინტერესებულ წყვილებს განვითარებული ქვეყნებიდან.
ცხადია, თეოლოგს სუროგაციის ლეგალურ განსაზღვრებაზე მეტად მისი ზნეობრივი მხარე აინტერესებს. თეოლოგიური პერსპექტივიდან არც ბავშვის კუთვნილების საკითხია არსებითი მნიშვნელობისა, რადგან თითოეული ბავშვი, როგორი გზითაც არ უნდა იყოს ის დაბადებული, მოიაზრება არა ვინმეს კუთვნილებად, არამედ ღვთის ნიჭად, რომელიც მშობლებს ყავს მიბარებული იმისთვის, რათა იგი მოსიყვარულე და მზრუნველ გარემოში გაზარდოს. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ყველა ბავშვი ეკუთვნის საკუთარ თავს და ღმერთს.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სუროგატი დედობის პრაქტიკა ბიბლიისათვის და ბიბლიური სამყაროსათვის უცხო არ არის. აბრაამი და სარა უშვილოები იყვნენ. სარამ სუროგატი დედობის გასაწევად აგარი მიუყვანა აბრაამს და უთხრა: „აჰა, დამხშა უფალმა, რომ არა ვშობო. შედი ჩემს მხევალთან, ვინძლო შვილიერი შევიქნე მისგან“ (დაბადება 16, 2). ამგვარად სუროგაციის გზით უკვე ღრმადმოხუცებულ აბრაამს ვაჟი მხევლისგან შეეძინა და დაარქვა მას სახელად ისმაელი. ბიბლიის მიხედვით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი შეიქნა არაბი ხალხის, ისმაელიანების, მამამთავარი.
ამავე დაბადების წიგნი მოგვითხრობს რახელის ამბავს, რომელიც ასევე უშვილო იყო. რახელს თავისი ქმარი იაკობი შეღონებული ჰყავდა, გინდა თუ არა ბავშვი გამაჩენინეო. იაკობს ყელში რომ ამოუვიდა რახელის ჯაჯღანი, ქალს შეუტია - „მე ღმერთი ხომ არა ვარ, რომელიც მუცლის ნაყოფს გიბრკოლებსო?!" რაკი რახელს ძალიან უნდოდა, რომ შვილი ჰყოლოდა, ადგა და სარასავით ნახა გამოსავალი. თავის ქმარს უთხრა: „აჰა, ბალა, ჩემი მხევალი. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა შვილიერი გავხდე მისგან“ (დაბადება 30, 3). ასე გაჩნდა დანი, ისრაელიანთა ერთ-ერთი ტომის მამამთავარი, სუროგატი დედისაგან.
მოსეს ხუთწიგნეულში სუროგაციათან დაკავშირებით საგანგებო კანონიც კი არსებობდა. თუ კაცი უშვილოდ მოკვდებოდა, მის ძმას უნდა მოეხდინა სპერმის დონაცია გარდაცვლილის მეუღლისთვის, ანუ რძლისთვის, „რათა არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელში“, - ამბობდა რჯულის წიგნი (2 რჯული 25, 6). თუ კაცი უარს იტყოდა თავისი მოვალეობის შესრულებაზე, რაც სპერმის დონაციაში გამოიხატებოდა, ქალს შეეძლო ეჩივლა მისთვის. აი, რას ამბობს ჩვენი ტექსტი: „წარუდგება მისი (დონაციაზე უარის მთქმელის) რძალი უხუცესების თვალწინ, ფეხსაცმელს გახდის, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც სახლს არ უშენებს თავის ძმას“ (2 რჯული 25, 9).
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახარებისეული ნარატივის მიხედვით, თავად იესოს შობის ამბავიც სუროგაციის ალუზიას იწვევს. მარიამი სულიწმიდის ჭურჭელია, რომელშიც მამის გარეშე ჩაისახება „ძე კაცისა“.
ზემოთ მოტანილი მაგალითების მიუხედავად, ჩვენ ცალსახად ვერც იმას ვიტყვით, რომ სუროგაცია მისაღებია და ვერც იმას, რომ იგი თეოლოგიური პერსპექტივიდან მისაღები არ არის. როგორც ბევრი რამ ცხოვრებაში, ესეც დამოკიდებულია გარემოებაზე.
თუმცაღა, როგორი გაუმართლებელიც არ უნდა იყოს სუროგაციის მოტივები და პირობები, ყველა საღად მოაზროვნე თეოლოგი ეთანხმება იმ აზრს, რომ სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვი ყოველთვის, ყველა პირობებში ღმერთის საგანგებო საჩუქარია და ასეთად უნდა მივიღოთ იგი. სრულიად გაუმართლებელია სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის რაიმე ფორმით დისკრიმინიაცია, მის ნათლობაზე აკრძალვების დაწესება, ანდა მშობლებისგან მონანიების მოთხოვნა იმისათვის, რომ ღმერთმა მათ ბავშვი აჩუქა სუროგაციის გზით.
სუროგაციის ზნეობრივ ასპექტებზე მჯელობისას, სასწორის ერთ მხარეზე არის უშვილო ცოლ-ქმრის სურვილი - ჰყავდეთ საკუთარი შვილი, რომელიც ბიოლოგიურად მათთან იქნება დაკავშირებული; სასწორის მეორე მხარეზე კი დევს რთული კითხვები: ვის ეკუთვნის სინამდვილეში სუროგაციის შედეგად ჩასახული და დაბადებული ბავშვი? რა განსაზღვრავს ამას - კონტრაქტი, რომელიც სუროგატმა დედამ დაუდო ბავშვის მსურველს, თუ ფული, რომელიც მას სუროგაციისთვის გადაუხადეს?
ქრისტიანული და ზოგადად რელიგიური ეთიკის პერსპექტივიდან სუროგაციის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი ქალის ექსპლუატაციის საკითხია, როდესაც მდიდარ და დალხინებულ ქვეყანაში მცხოვრები წყვილები დიდ თანხას უხდიან გაღატაკებულ ქვეყანაში მცხოვრებ ქალებს სუროგატი დედობისთვის.
ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წარმომადგენლებს გვჯერა, რომ ბავშვი ღვთის საჩუქარია და ამიტომ ამ საჩუქრის მიღებაში ფინანსური აღებმიცემობის საკითხი საჩოთიროდ გამოიყურება. აქვე საგულისხმოა სუროგატი დედის, როგორც ემოციური მსხვერპლის საკითხი.
სუროგაცია ბევრად უფრო საღ პოზიციაზე დგას, როდესაც იგი უანგაროდ ან ქარიტატიული მოტივებით ხორციელდება. დიდ ბრიტანეთში ხშირად არის, რომ უშვილო წყვილებს სუროგაციით ეხმარებიან მათი ახლო ნათესავები, სადაც, ცხადია, არანაირ კომერციულ ინტერსესს, ანდა ქალის ექსპლუატაციას არ ვხვდებით.
მართალია, კათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული ეკლესიების ნაწილმა უპირობოდ დაგმეს სუროგაცია, როგორც რეპროდუქციის ზნეობრივად მიუღებელი ფორმა, მაგრამ, ცხადია, ამით საკითხი არ ამოიწურა. სუროგაციის გზით დაბადებულთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. ვერც ეკლესია და ვერც თეოლოგები სირაქლემის პოზაში ვერ დარჩებიან.
პროფესორი როჯერ კრუკი, რომლის კალამსაც ეკუთვნის „ქრისტიანული ეთიკის“ უკვე ხუთჯერ გამოცემული სახელმძღვანელო, აღიარებს, რომ სუროგაციის საკითხი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ხელოვნური განაყოფიერებისა, მაგრამ იქვე დასძენს, რომ სუროგაციის პრაქტიკაზე უარი არ უნდა ითქვას იმის გამო, რომ სოროგაციასთან უამრავი პრობლემაა დაკავშირებული („ქრისტიანული ეთიკა“). ჩვენში ამაზე ასე ამბობენ: „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“. სუროგაციასთან მიმართებაში რისკები და საფრთხეები აშკარად არსებობს, მაგრამ ეს საკითხები მსჯელობისა და კვლევის საგნად უნდა დარჩეს. აკრძალვების დაწესება გამოსავალი არ არის. როგორც ვიცით, აკრძალვები მაინცდამაინც არ ამართლებენ. სუროგაციის ან ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვის რაიმე ფორმით დისკრიმინაცია სრულებით გაუმართლებელია და მათზე იერიშის მიტანა სამარცხვინოა.