სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა "ლიბერალის" მარტის ნომერში
რუსეთის ბოლოდროინდელი მოქმედებების (მათ შორის 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრის) გასაგებად, მნიშვნელოვანია გლობალური კონტექსტის სწორად აღქმა. ძალიან ხშირად ამ თემაზე არასწორი მსჯელობა არსებული რეალობის არასწორ აღქმას ემყარება ხოლმე. ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა იმის გარკვევა, თუ სად ვიმყოფებით ახლა და შემდეგ უკვე იმის შეფასება, თითოეულ აქტორს რა პოზიციის დაკავება შეუძლია ძალთა ამგვარი განაწილების პირობებში. ქვემოთ შევეცდები სწორედ მსოფლიოს პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ვისაუბრო და რუსეთის მიერ ბოლო დროს გადადმული ნაბიჯები ძალთა არსებული გადანაწილებით ავხსნა.
პირველ რიგში, იმით დავიწყოთ, რომ მსოფლიო ახლა უნიპოლარულიდან მულტიპოლარულ რეჟიმში ტრანზიციის ეტაპზეა. უნიპოლარული მსოფლიოს კლასიკური მაგალითი იყო 90-იანი წლების ამერიკა (უფროსი ბუშის და კლინტონის პრეზიდენტობის ხანა) და 2000-იანი წლების დასაწყისი (უმცროსი ბუშის პრეზიდენტობის პირველი ვადა). ამ დროს ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან ერთად მსოფლიოს უპირობო ეკონომიკური და სამხედრო ჰეგემონი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს თუ ავიღებთ, ვნახავთ, რომ, მაგალითად, 1995 წელს, მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 30% ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო, 23% - ამერიკის და 16% განვითარებადი სამყაროსი (მათ შორის, ჩინეთის, რუსეთის, ბრაზილიის და ინდოეთის); 2010 წელს კი განვითარებადი სამყაროს მთლიანმა შიდა პროდუქტმა ცალკე აღებული ევროკავშირის და ამერიკის შიდა პროდუქტს გადააჭარბა.
ცალკეული ქვეყნების მონაცემებს თუ ავიღებთ, ვნახავთ, რომ, მაგალითად, 2012 წელს თითოეული ვალუტის გაცვლითი კურსის მიხედვით თუ ვიანგარიშებთ (ე.წ. GDP Nომინალ), ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ორჯერ ნაკლები იყო ამერიკისაზე, თუმცა ის აღემატებოდა იაპონიის, გერმანიის და საფრანგეთისას (გაეროს მონაცემები). რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ე.წ. მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (PPP), აქ 2012 წლის საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, ჩინეთი მყარ მეორე ადგილზე იყო და სამჯერ უსწრებდა ინდოეთსა და იაპონიას, 4-ჯერ - გერმანიას, ხოლო - 6-ჯერ რუსეთს.
ცნობილმა ინდური წარმოშობის ამერიკელმა ჟურნალისტმა ფარიდ ზაქარიამ ამ მდგომარეობას „პოსტამერიკული მსოფლიო“ დაარქვა. ზაქარიას განმარტებით, ეს არის მდგომარეობა, როდესაც აშშ ინარჩუნებს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს სტატუსს, მაგრამ იგი ისეთივე გავლენას ვეღარ ახდენს მსოფლიოზე, როგორსაც ადრე ახდენდა. განვითარებადი ქვეყნების გაძლიერებასთან ერთად აშშ-ს ტრადიციული მოკავშირეებიც კი, მაგალითად, ევროკავშირი სულ უფრო და უფრო პოლიტიკურად დამოუკიდებლები ხდებიან.
ასეთ პირობებში ყველაზე დიდი და ძლიერი განვითარებადი ქვეყნები (ჩვენს შემთხვევაში, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და ბრაზილია) ცდილობენ თავიანთი გავლენის სფეროები არა გლობალურ, არამედ ლოკალურ დონეზე გააფართოონ. ჩინეთისთვის მთავარი ტერიტორიული სამიზნე - ტაივანი, ხოლო ბრძოლის მთავარი ველი - სამხრეთ ჩინეთის ზღვაა. ინდოეთი თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, პაკისტანს, აბალანსებს და იმავდროულად ცდილობს, რომ ინდოეთის ზღვაში ჩინეთის შესაძლო ჰეგემონიას საწყის ეტაპებზევე შეეწინააღმდეგოს. რუსეთისთვის ტერიტორიული გაფართოების და პოლიტიკური გავლენის მოხდენის მთავარი ობიექტი პოსტსაბჭოთა სივრცეა.
რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკური ამბიციების წყარო ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლაა. 2012 წლის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს თუ ავიღებთ, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (ნომინალური) 14 000 დოლარია, ანუ გაცილებით მეტი, ვიდრე ლიტვის, ლატვიის, ხორვატიის, პოლონეთის, უნგრეთის და თურქეთის შიდა პროდუქტი. მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით თუ ვიანგარიშებთ, ამავე 2012 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 17 000 დოლარი იყო, ანუ ცოტათი ნაკლები, ვიდრე ხორვატიის, ლატვიის, უნგრეთის და პოლონეთის შიდა პროდუქტი.
ერთი სიტყვით, რუსეთის ეკონომიკა მართალია დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც ვითარდება. ამ ზრდის მთავარი წყარო ნავთობის და ნავთობპროდუქტების, გაზის, ნიკელის, ალუმინის და სხვა ბუნებრივი წიაღისეულის ექსპორტია. ნელ-ნელა რუსეთი ცდილობს, რომ წიაღისეულით მიღებული სიმდიდრე ინდუსტრიის უფრო მდგრადი დარგების განვითარებას მოახმაროს. მაგალითად, ეკონომიკის დივერსიფიკაციის პროგრამის ნაწილი იყო მედვედევის მიერ წამოყენებული ამერიკული „სილიკონ ველის“ მსგავსი ტექნოლოგიური ცენტრის მოსკოვში აშენების პროექტი. 2010 წელს მედვედევი ამერიკული გამოცდილების სანახავად ცნობილ „სილიკონ ველის“ პირადადაც კი ეწვია. „უოლ სტრიტ ჯურნალი“ მაშინ წერდა, რომ „კრემლი აპირებს ააშენოს ტექნოლოგიური ცენტრი, რომელიც იქნება კვლევითი ლაბორატორიების, უნივერსიტეტების, საოფისე სივრცეებისა და ინკუბატორის მსგავსი დაწესებულებების ერთობლიობა; ეს რუსულ ინოვაციებს ბიძგს მისცემს და საბოლოო ჯამში შეამცირებს რუსეთის დამოკიდებულებას ნავთობისა და გაზის რესურსებზე“.
ამგვარი ამბიციების პარალელურად, რუსეთი ცდილობს თავისი ახლადშეძენილი ეკონომიკური სტატუსის შესაფერისი პოლიტიკური გავლენის მოპოვებასაც. ცნობილი ფაქტია, რომ პუტინის მიერ 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია დაემთხვა გლობალურ ბაზარზე ნავთობის განსაკუთრებით მაღალ ფასებს. ახლაც, როდესაც რუსეთი ეკონომიკური კრიზისიდან გამოდის და სოჭის ზამთრის ოლიმპიადით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს იმკის, პუტინი ცდილობს ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნის იმიჯი გეოპოლიტიკური გავლენის ზრდით დააგვირგვინოს.
ბუშის ადმინისტრაციის წასვლის შემდეგ, აშშ ცდილობს თავისი საგარეო პოლიტიკა მულტიპოლარული მსოფლიოსთვის შესაფერისად გადააწყოს. ბუშის ადმინისტრაციის უნილატერალიზმი, ხშირ შემთხვევაში, ობამას მულტილატერალიზმით იცვლება. ასე მოხდა ლიბიის შემთხვევაში, როდესაც ობამამ ინიციატივა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს გადააბარა. იგივე მოხდა, სირიის შემთხვევაშიც, როდესაც ამერიკამ უნილატერულ ჩარევაზე უარი განაცხადა.
ასეთ პირობებში, ცხადია, რომ მთავარი ინიციატივა სხვა პოლუსების ხელში გადადის. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის საკითხი ამჯერად, როგორც ჩანს, არა ამერიკამ, არამედ საფრანგეთმა და გერმანიამ უნდა მოაგვაროს. საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც შეაჩერა მზადება სოჭის „დიდი რვიანის“ სამიტისთვის. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი 2 მარტს პუტინი დაითანხმა „ეუთოს“ მისიის შექმნაზე, რომელიც ყირიმში შექმნილ სიტუაციას შეისწავლის.
როცა უკრაინის კრიზისის გადაჭრაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ საფრანგეთისა და გერმანიის პოზიცია სიტუაციის მთავარი განმსაზღვრელი იქნება. რა თქმა უნდა, რუსეთის სერიოზულ დათმობებზე წამოყვანა ამერიკის ჩარევის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ამავე დროს, ისიც ცხადია, რომ მხოლოდ ამერიკის პოზიცია პრობლემის გადასაჭრელად უკვე საკმარისი აღარ არის.
რუსეთისთვის გასათვალისწინებელი არის ის, რომ, ერთი მხრივ, მულტიპოლარული სამყაროს პირობებში მას შეუძლია მეზობელ ქვეყანაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს, მაგრამ, მეორე მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მსოფლიოს ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრებთან ურთიერთობების მოგვარებას გულისხმობს. თუ „ცივი ომის“ პერიოდში კოალიციების შექმნას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან ეს საკითხი მეტ-ნაკლებად უკვე გადაჭრილი იყო, დღეს უკვე არსებითად მნიშვნელოვანია ის, თუ კონკრეტულ წამოწყებაზე ვინ და რა დონეზე გიჭერს მხარს.
ობამას ადმინისტრაცია მართალია ბუშის ადმინისტრაციასთან შედარებით უფრო რბილი ტონით საუბრობს, მაგრამ ამავე დროს, ობამა მეტ სივრცეს ტოვებს მოკავშირე ქვეყნების მანევრირებისთვის და საშუალებას აძლევს მათ შექმნილი ძალაუფლებრივი ვაკუუმის ამოსავსებად. მულტიპოლარულ სამყაროში მოქმედი რუსეთისთვის გადამწყვეტი ახლა ყველაზე მეტად სწორედ ევროპულ დედაქალაქებში ჩამოყალიბებული პოლიტიკური მოსაზრებებია. უკრაინის ბედი ამ კრიტიკულ მომენტში არა ორ, არამედ მსოფლიოს რამდენიმე დედაქალაქში გადაწყდება.