Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ ფლობს “ლაგუნა ვერეს”

28 მარტი 2014

ბოლო დროს საცურაო აუზ “ლაგუნა ვერეს” დახურვის გამო ატეხილი ხმაური ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუს”, ასევე სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფის”  სახელს დაუკავშირდა.  “ქართუ ჯგუფის” იურისტი ბესიკ დემეტრაშვილი, რომელსაც “მონიტორმა”  სატელეფონო კომენტარი სთხოვა, ამბობს, რომ მათ “ლაგუნა ვერესთან” არანაირი კავშირი არ აქვთ“.   “ლაგუნა ვერე” 2014 წლის დასაწყისიდან აღარ ფუნქციონირებს. ამის მიზეზად მისი სიძველე, ამორტიზებულობა  და არამომგებიანობა სახელდება.

“მონიტორმა” მოიძია დოკუმენტურად დადასტურებული კავშირები, რომლებიც ორ ფიზიკურ პირზე როინ მოცრაძესა და დავით ჩხეტიანზე გადის..

როინ მოცრაძე სააქციო საზოგადოება “იუნონის”  დირექტორია, “იუნიონი” ლაგუნა “ვერეს” 99%-ს ფლობს.   დავით ჩხეტიანი კი  - 2014 წლის თებერვლიდან “ლაგუნა ვერეს”აღმასრულებელი დირექტორია. ეს პირები ერთი მხრივ “ლაგუნა ვერეს” მართავენ, მეორეს მხრივ “ქართუ ჯგუფთან” და ფონდ “ქართუსთან” არიან დაკავშირებულნი.

1. როინ მოცრაძე - სს “იუნიონი” და შპს “ინტერ-სერვისი”

სამეწარმეო რეესტრიდან მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, “სააქციო საზოგადოება სპორტული კომპლექსი ლაგუნა ვერეს” მფლობელი სააქციო საზოგადოება “იუნიონია”, რომლის დირექტორიც როინ მოცრაძეა. როინ მოცრაძე ამავე დროს შპს “ინტერ-სერვისის” დირექტორი იყო, რაც დასტურდება სტუდია “მონიტორის”  ერთ-ერთ ჟურნალისტურ გამოძიებაში. ამავე გამოძიებაში აღნიშნული იყო, რომ უშუალოდ სს “იუნიონიც” ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიაა, რადგან სწორედ ამ კომპანიას გადაეცა პირდაპირი მიყიდვით ბანკ “ქართუს” შენობის უკან მდებარე წყნეთის ხევის ტერიტორია 2008 წლის იანვარში.  მეორე კომპანია “ინტერ-სერვისის” სახელი კი ფიგურირებდა  ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მშენებლობის პროცესში.  2008 წელსვე “ინტერ-სერვისმა” არსებობა შეწყვიტა და რეორგანიზაციის შედეგად მთლიანად სააქციო საზოგადოება “ქართუს”  შეერწყა.  გრაფიკულად ეს კავშირები ასე გამოიყურება.

ამასთანავე, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, 2007 წლის 29 ივნისს “სპორტული კომპლექს “ლაგუნა ვერეს” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 39 ა-ში, მე- 14 სართულზე ჩატარდა. ამ მისამართზე  “ქართუ ჯგუფი” მდებარეობს. 2007 წელს სს “იუნიონი” “ლაგუნა ვერეს” აქციების 88%-ს ფლობდა.

“ქართუ ჯგუფის” იურისტის ბესიკ დემეტრაშვილის თქმით,   “ქართუ ჯგუფს” ეკუთვნის ჭავჭავაძის 39ა - ში მდებარე თოთხმეტსართულიანი შენობა. შენობა იჯარითაა გაცემული სხვადასხვა იურიდიულ პირზე. ვაქირავებთ საკონფერენციო და სააქტო დარბაზსაც. მე არ ვიცი რა მომენტში იყო ის გამოყენებული”, -  განაცხადა დემეტრაშვილმა სტუდია “მონიტორთან” საუბრისას.

2. დავით ჩხეტიანი

2014 წლის 21 თებერვალს “ლაგუნა ვერეს” აღმასრულებელი დირექტორი დავით ჩხეტიანი გახდა.  მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით “ლაგუნა ვერეს” თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ჩხეტიანი “ფონდ ქართუსთან” დაახლოებული პირია. ჩვენ ვცადეთ საჯარო რეესტრში მოგვეძიებინა დავით ჩხეტიანსა და “ქართუს” შორის კავშირები.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, დავით ჩხეტიანი შპს “ლიზინგი ოცდამეერთე”-ს დირექტორიცაა, რომელსაც იურიდიულ მისამართად “ქართუ ჯგუფის” შენობა აქვს მითითებული.

კიდევ ერთი დამაკავშირებელი რგოლი დავით ჩხეტიანის ოჯახსა და  ფონდ “ქართუს” შორის დავით ჩხეტიანის ვაჟი, ნიკოლოზ ჩხეტიანია.   ნიკოლოზ ჩხეტიანი, სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით, ფონდ “ქართუს” გამგეობის წევრად და გამგეობის თავმჯდომარედ 2012  წლის  13 თებერვალს დაფიქსირდა, მან ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლა. 2014 წლის 17 მარტს დავით ჩხეტიანი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის”  აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

“ფონდ ქართუსთან” რაიმე კავშირს დავით ჩხეტიანი უარყოფს, როგორც ჩხეტიანმა “სტუდია მონიტორს” განუცხადა, “არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მის რომელიმე კომპანიას სად აქვს მისამართი”, ასევე ვერ ხედავს “ქართუსთან” მნიშვნელოვან კავშირს იმით, რომ თავისი შვილი ჯერ ფონდ “ქართუს” ედგა სათავეში, ახლა კი არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეს” ხელმძღვანელობს.

გრაფიკა: გიორგი იაშვილი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^