ინტერვიუ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან.
(სრული ვერსია “ლიბერალის” აპრილის ნომერში)
პრეზიდენტ ობამას ნათქვამმა, რომ საქართველო და უკრაინა ახლა "ნატოს" გზას არ ადგანან, საქართველოში ბევრი ადამიანი გააკვირვა და იმედი გაუცრუა. როგორია ამ საკითხზე "ნატოს" პოზიცია?
საქართველოში არავინ უნდა იყოს იმედგაცრუებული, რადგან "ნატოს" პოზიცია არ შეუცვლია. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. საქართველო "ნატოს" წევრი გახდება. ამერიკელები ამ გადაწყვეტილების ერთგულნი რჩებიან. და მეორეც: "ნატოს" გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ მას სჯერა, სექტემბერში, "ნატოს სამიტზე", დიდ ბრიტანეთში, საქართველო ალიანსის მიმართულებით თვალსაჩინო ნაბიჯს გადადგამს. მას არ დაუკონკრეტებია, ეს რა იქნება, რადგან ამას თვითონ არ წყვეტს, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ საქართველომ ძალიან ბევრი რეფორმა გაატარა, მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია და რაღაც უნდა მოხდეს. მაგრამ, ამ “რაღაცას” ჩვენ სახელი უნდა დავარქვათ. არსობრივად ვითარება ისეთივეა, როგორიც ეს ერთი კვირის წინ ან ობამას გამოსვლამდე იყო. ვფიქრობ, არ უნდა გადავაჭარბოთ ამ გამოსვლის ინტერპრეტაციებში.
ისევ მაპზეა საუბარი თუ, შესაძლოა, ეს სხვა რამე აღმოჩნდეს? ვთქვათ, საპარტნიორო შეთანხმების რაიმე ფორმა?
სწორედ ესაა შეკითხვები. ჩვენ გათვითცნობიერებულად ზედმეტად არ ვაკონკრეტებთ, რა შეიძლება ეს იყოს. ასეა თუ ისე, მაპი იქნება თუ სხვა რამ, სექტემბრის სამიტმა რაც არ უნდა გადაწყვიტოს, დარწმუნებული ვარ, ეს "ნატოსკენ" გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და საქართველოს წარმატებების აღიარება იქნება. ვიმედოვნებ, ქართველები ამაში დარწმუნდებიან. ველი, რომ ქართველები კმაყოფილები იქნებიან იმით, რასაც ჩვენ გადავწყვეტთ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ, ეს იქნება რაღაც რეალური, მნიშვნელოვანი და პოზიტიური.
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველო, მონტენეგროსთან, მაკედონიასთან და ბოსნიასთან ერთად, ასპირანტი ქვეყნების ჯგუფში შედის, რომელსაც უკრაინა არ განეკუთვნება. აქვს ეს სტატუსი საქართველოს?
ასპირანტი ქვეყნების რაიმე ფორმალური ჯგუფები ჩვენ არ გვაქვს. საქართველოსა და უკრაინას შორის კი ერთი თვალსაჩინო განსხვავება არსებობს. როგორც ვიცი, უკრაინა, როგორც ადრე, ისევე ახლაც, ფორმალურად "ნატოს" წევრობისაკენ არ ისწრაფვის. რადაში არსებობს სათანადო კანონპროექტი, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ახლა არაა საუკეთესო დრო იმისთვის, რომ უკრაინამ "ნატოს" წევრობის სურვილზე განაცხადოს. ეს მაინცდამაინც ჭკვიანური არ იქნებოდა.
საქართველო კი იმ ოთხი ქვეყნიდან და მნიშვნელოვანი პარტნიორებიდან ერთ-ერთია, ვინც "ნატოს" წევრობისკენ ისწრაფვის.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე ფეისბუქში ობამას განცხადებას შეშფოთებით გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ, შესაძლოა, ამას საქართველოს უარყოფითი შედეგები ჰქონდეს. ის ბუქარესტის სამიტის შემდეგ მომხდარ ამბებსა და უკრაინას იხსენებს...
ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში ბევრია შეშფოთებული და ფიქრობს რომ, შესაძლოა, რუსული ქმედებებისთვის შემდეგი, ან ერთ-ერთი შემდეგი სამიზნე თავად აღმოჩნდნენ. გვესმის, რატომაცაა ასე. ჩვენ მკვეთრი ნაბიჯები გადავდგით და რუსეთს ვაჩვენეთ, რომ საკუთარ ქმედებებს საერთაშორისო იზოლაციისკენ მიჰყავს. დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, მომავალ კვირას, მომდევნო ნაბიჯები გადაიდგმება. ევროკავშირს ნაბიჯები მხოლოდ კი არ გადაუდგამს, მათ ახალი ნაბიჯებიც მოამზადეს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უფრო შორს წავა. ჩვენს ქართველ მეგობრებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენ გვესმის, რითი არიან შეშფოთებულები. საჭიროების მიხედვით, ჩვენ, პირველ რიგში, ვცდილობთ რუსეთი წნეხის ქვეშ ვამყოფოთ, ან იმისკენ წავახალისოთ, რომ საერთაშორისო წესებს დაექვემდებაროს.