ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულმა კომპანია შპს „მასტერ-თიზ“-მა ლიცენზია გააუქმა. მიზეზად კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ენვერ სიჭინავა ინდუსტრიული ზონის არაპერსპექტიულობას და მაღალ გადასახადებს ასახელებს. როგორც „ლიბერალმა“ გაარკვია, მის მსგავსად ლიცენზიაზე უარი ზონაში რეგისტრირებულმა 100-მდე კომპანიამ თქვა.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის „არაპერსპექტიულობის“ მიზეზით გაუქმებული ლიცენზია
შპს „მასტერ-თიზ“-ს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ლიცენზია 1000 კვ.მ. მიწის ფართზე ჰქონდა მოპოვებული. კომპანია ტერიტორიაზე ინვესტორებისთვის კადრების გადამზადებას გეგმავდა.
„ვგეგმავდით, რომ სხვადასხვა სამუშაოებისთვის ტექნიკურად მომზადებული კადრები დაგვეხვედრებინა, ან, სურვილის შემთხვევაში, მათთვის ის მომსახურება გაგვეწია, რაზეც შესაბამისი ლიცენზია ავიღეთ, მაგრამ წლების განმავლობაში არ ვითარდებოდა ზონა და არც ინვესტორი შემოდიოდა. კომპანია კი ყოველწლიურად ლიცენზიისა და სხვა გადასახადების სახით დაახლოებით 12 ათას დოლარს იხდიდა. ამის გამო მივიღეთ გაუქმების გადაწყვეტილება“, – აცხადებს „ლიბერალთან“ საუბარში „მასტერ-თიზ“-ის ერთ-ერთი მფლობელი ენვერ სიჭინავა.
ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) 300 ჰა მიწაზეა განთავსებული, სადაც ზონის მფლობელი კომპანია ინვესტორებზე მიწას იჯარით გასცემს. კომპანიები, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან და საქმიანობენ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, სხვადასხვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ: იმპორტირებულ პროდუქტზე არ იხდიან მოგების, ქონების და საბაჟო გადასახადს. ისინი ასევე გათავისუფლებულები არიან დამატებული ღირებულების გადასახადებისგან (დღგ), თუმცა მოპოვებული ლიცენზიის გადასახადის ყოველწლიურად გადახდა, იმის მიუხედავად საქმიანობს თუ არა კომპანია, მაინც სავალდებულოა.
წინა ხელისუფლების დაპირებები „ქართული ეკონომიკის სასწაულზე“
ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) შექმნის იდეით წინა ხელისუფლება 2007 წელს გამოვიდა. ხელისუფლების დაპირებით, მას ქართული ეკონომიკის განვითარებაში მთავარი როლი უნდა შეესრულებინა. ამიტომაც მას „ქართული ეკონომიკის სასწაული“ უწოდეს.
2008 წლის აპრილის თვეში ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, იმჟამინდელ პრემიერმინისტრ ლადო გურგენაძესთან, ეკონომიკის მინისტრ ეკა შარაშიძესა და სანდრა რულოვსთან ერთად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
ყოფილი მთავრობის მტკიცებით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა, ერთი მხრივ, ეკონომიკურ სტიმულირებას: ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკაში მაღალი დონით ჩართულობას, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების შემოსვლის წახალისებას, წარმოების მომსახურეობისა და ვაჭრობის ხელშეწყობას; მეორე მხრივ კი – მოსახლეობის დასაქმებას ისახავდა მიზნად.
„თიზ-ი მოახდენს ქართული ეკონომიკის სასწაულს. შექმნიდან 50 თვეში შემოვა 200 მლნ დოლარის ინვესტიცია, დასაქმდება ათი ათასობით ადამიანი, შეიქმნება 400-ზე მეტი საწარმო და ობიექტი, სადაც ასევე დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. რეალური შედეგი იქნება ის, რომ ფოთში აშენდება ასსართულიანი ცათამბჯენები, ახალი აეროპორტები და პორტები“, – განაცხადა ფოთში ზონის პრეზენტაციაზე მიხეილ სააკაშვილმა (2008 წელი 15 აპრილი).
პრეზენტაციაზე სააკაშვილმა თიზ-ს „ქართული ეკონომიკის ოქროს საწყისი, ქართული ეკონომიკის სასწაული“ უწოდა. შემდგომში აღნიშნული წარწერებით ფოთის ქუჩებში – ბანერები, ინტერნეტსივრცეში კი გრაფიკული გამოსახულების ვიდეორგოლები განთავსდა, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ შენდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საწარმოები, მიმდებარე ტერიტორიაზე კი – მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით (№72, 2008 წ.) ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 99 წლით განისაზღვრა. ამავე დადგენილების მიხედვით, ზონას ფუნქციონირება 2009 წლის 15 დეკემბერს უნდა დაეწყო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის აპრილის თვეში, მთავრობამ ფოთის საზღვაო ნავსადგურის 51% და 300 ჰა მიწის ნაკვეთზე განთავსებული ექსტენსიური განვითარების ზონაში არსებული შენობა-ნაგებობები არაბულ კომპანიას „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტ ჯორჯიას“ (რაკიინ ინვესტმენტი _ Ras Al Khmaimah Investment Authority), ერთ პირთან მოლაპრაკების გზით, 90 მლნ. აშშ დოლარად 49-წლიანი მართვის უფლებით მიჰყიდა. ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება 300 ჰა მიწაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობა იყო.
2009 წელს „რაკიამ“ 65 მლნ დოლარად პორტის დარჩენილი 49%-იც შეიძინა, თუმცა მოგვიანებით 2012 წლის აპრილის თვეში არაბულმა კომპანიამ ფოთის პორტი არამომგებიან საწარმოდ დაასახელა და 80% დანიურ კომპანია "A,P. Moller-MaerskGroup"-ის შვილობილ კომპანია APM თერმინალს-ს მიჰყიდა. ის ფოთის ნავსადგურის ამჟამინდელი მფლობელია. „რაკიას“ მფლობელობაში დარჩა ზონის ტერიტორია.
თიზ-ის პროექტის წარუმატებლობა
ზონას, შექმნიდან 4 წლის შემდეგ, 50-მდე ლიცენზიანტი კომპანია ჰყავდა. ტერიტორიაზე კი მხოლოდ ერთი _ ყაზახურ-უკრაინული ინვესტიციის ფარგლებში, კომპანია „გრეინ ტრეიდის“ მიერ გახსნილი ბრინჯის დამფასოებელი საწარმო მუშაობდა, სადაც 20-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტის წარუმატებლობაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ყოფილმა პრეზიდენტმა ფოთში მოსახლეობასთან შეხვედრაზეც ისაუბრა.
„ზონამ ისე არ გაამართლა, როგორც ჩვენ მოველოდით. საწარმოების გახსნა ნელ-ნელა, თითქმის არ მიდის. პატარ-პატარა რაღაცები გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, - აღნიშნა სააკაშვილმა (2010წ. 17 ივნისი).
2013 წელს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მუშაობაზე უკმაყოფილება „რაკიამაც“ გამოთქვა. კომპანიის ხელმძღვანელობა რადიო „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ზონის ცუდად მუშაობის გამო „რაკ ჯორჯია“ ზონის ოპერირების მოდელის შეცვლას გეგმავდა.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დღეს და ახალი დაპირებები
„რაკია საქართველო - ფოთის ინდუსტრიული ზონის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სოსო ნიბლაძის განმარტებით, შეუძლებელია კონკრეტული რიცხვის თქმა, რა რაოდენობის ინვესტიცია განხორციელდა 7 წელიწადში და მიწის რა ფართობია გასხვისებული.
„ქართული ეკონომიკის სასწაულად“ წოდებულ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ამჟამად საწარმოების მშენებლობა საძირკველს ისევ არ გასცდენია, რეგისტირებული კი 150-მდე კომპანიაა. ისინი ლიცენზიანტ კომპანიებს წარმოადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისთვის მათ სპეციალური ნებართვა აქვთ. ყველაზე დიდი სეგმენტი სერვისულ და სავაჭრო პროექტებს უკავიათ. სხვადასხვა სახის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისა და ქარხნების მშენებლობა-ფუნქციონირება კი ისევ სამომავლო დაპირებაა. დაპირებული 400 საწარმოს ნაცვლად ამ დროისთვის ტერიტორიაზე მხოლოდ 5 ობიექტია და ისიც მშენებლობის პროცესში. დასრულებას მიმდინარე წლის ბოლომდე ვარაუდობენ. 10 000 ადამიანის ნაცვლად დასაქმებული მხოლოდ 200-მდე ადამიანია.
„რაკია საქართველო - ფოთის ინდუსტრიული ზონის“ გენერალური დირექტორის მოადგილის კომერციულ საკითხებში სოსო ნიბლაძის განმარტებით, ზონაში შექმნის პირველი წლებიდან მოყოლებული დღემდე დაახლოებით 260 კომპანია იყო დარეგისტრირებული, თუმცა 110-მდე კომპანიამ ლიცენზიაზე უარი თქვა.
„ყველას სხვადასხვა ფაქტორით განპირობებული სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა“, - აღნიშნავს ნიბლაძე.
მისი თქმით, უკვე წლებია ლიცენზიანტი კომპანიები მოლოდინის და დაკვირვების რეჟიმში არიან. რეგისტრირდებიან, თუმცა საქმიანობას არ იწყებენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი საქმიანობას ზონის გარეთ ამჯობინებენ და ლიცენზიას აუქმებენ.
ზონის გენერალური დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ ხშირად ინვესტორები ამჯობინებენ საწარმო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ააშენონ. მისი თქმით, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ქვეყნის არასტაბილურ სახელმწიფო ინსტიტუტებს.
მაგალითად, ფოთში ინდური ინვესტიციით აშენებული მეტალურგიული ქარხნის "Moulds and Metals Georgia" ხელმძღვანელობამ, საგადასახადო შეღავათის მიუხედავად, თავიდანვე უარყო ზონის ტერიტორიაზე ფუნქციონირება.
ნიბლაძის თქმით, ის, რომ წინა წლებში თავისუფალმა ზონამ მოლოდინი არ გაამართლა, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება.
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ინვესტორების მოზიდვას გულისხმობს. საგადასახადო შეღავათების გარდა, სავალდებულო და მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც, რაც ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას. ზონამ საქმიანობა, ძირითადად, 2010 წლის ბოლოდან დაიწყო. მანამდე საბაჟოს მოწყობის კუთხით კანონმდებლობაში იყო ხარვეზები, იყო 2008 წლის აგვისტოს ომი და ა.შ“, - აღნიშნავს ის.
მისი თქმით, ზონაში დიდი პროექტების განხორციელება და მსხვილი გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია. ის გასულ წელს წარმატებულად აფასებს და მსხვილ ინვესტიციებზე საუბრობს.
სოსო ნიბლაძე ამბობს, რომ დაახლოებით 5 კომპანიასთან მოლაპარკება უკვე დასრულებულია და ტექნიკური მხარის დაზუსტების შემდეგ საწარმოების საძირკვლის მშენებლობა დაიწყება.
„გასულ წელს გადამამუშავებელმა საწარმოებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. პირველი მასშტაბური გადამამუშავებელი სამრეწველო პროექტი გასულ წელს დაიწყო და დაახლოებით 1 თვეში დასრულდება. ეს არის დაახლოებით 1,5 - 2 მლნ დოლარიანი აზერბაიჯანული ინვესტიცია, რომლის ფარგლებშიც 5 ათას კვ.მ. ფართობზე აშენდება ქარხანა, სადაც მოხდება სხვადასხვა სამშენებლო გადახურვის სამუშაოების წარმოება. გარდა ამისა, ხელი მოვაწერეთ სპირტის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, რომელიც ასევე მიმდინარე წელს დასრულდება. თითქმის უკვე დასრულებულია უკრაინულ ფირმასთან შეთანხმება, რომელიც 30 ათას კვ.მ ფართობზე ააშენებს ქარხანას, რომელიც პარფიუმერული ხაზით იმუშავებს. უკვე დაიწყო ფუნქციონირება შედარებით პატარა, 2 ათას კვ.მ-ის, ფართობზე ჰელიუმის გადამუშავება-კომპრესირების ქარხანამ“, _ განმარტავს ნიბლაძე.