Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას შეცვლის კანონი “ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ”?

08 აპრილი 2014

ორგანიზმიდან აღებული გენის მცენარეში გადატანით ვიღებთ გენმოდიფიცირებულ თესლს. სწორედ ასეთი ორგანიზმებისათვის ცხადდება საქართველო დახურულ ზონად.

გენური ინჟინერია გულისხმობს პროცესს, როდესაც ერთ კონკრეტულ მცენარეში მისივე მონათესავე ან სრულიად განსხვავებული ორგანიზმიდან უცხო გენი გადააქვთ.

მაგალითად, ცხოველის ორგანიზმიდან აღებული გენის მცენარეში გადატანით ვიღებთ გენმოდიფიცირებულ თესლს. სწორედ ასეთი ორგანიზმებისათვის ცხადდება საქართველო დახურულ ზონად.

„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ'' კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, საქართველოში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, აიკრძალება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის  შემოტანა. კერძოდ, გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოყვანა მხოლოდ დახურულ სივრცეში, სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის იქნება ნებადართული.

აღნიშნული კანონის მიხედვით, შეზღუდვები გენური ინჟინერიის მეთოდებით დამზადებულ მცენარის ისეთ თესლებს ეხება, როგორებიცაა: სოიო, ბამბა, სიმინდი, იატროფა, შაქრის ჭარხალი, აბუსალათინი და სხვა. 

აქვე, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ გენმოდიფიცირებული თესლი და გენმოდიფიცირებული თესლისგან წარმოებული პროდუქტი, რომლის შემოტანაც არ იკრძალება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ასეთ პროდუქტებზეც წესდება.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის გიგლა აგულაშვილის განმარტებით, სახელმწიფო ე.წ. მარკირების სისტემის შემოღებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შემცველობის ოდენობის შესახებ.

“ცხოველთა საკვების უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის შესახებ“ კოდექსში გვხვდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, თუ საკვებ პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმის 0,9%–ზე მეტი კომპონენტი არსებობს, მაშინ მასზე უნდა იყოს აღნიშვნა ანუ მარკირება. კანონით გათვალისწინებული ნორმის დარღვევის შემთხვევაში, მეწარმე პირველ ჯერზე 400, ხოლო შემდეგ 1200 ლარით დაჯარიმდება. 

მომხმარებელთა ასოციაციის დირექტორის მადონა კოიძის აზრით, ეტიკეტირებასთან დაკავშირებული ცვლილებები მისასალმებელია. მისი თქმით, მომხმარებელს სრულყოფილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პროდუქტის ხარისხის, მისი უსაფრთხოებისა და შემადგენლობის შესახებ.

''მომხმარებელს ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პროდუქტის შესახებ. ხშირად უვნებლობა და ხარისხი საზოგადოებას ერთმანეთში ერევა. შეიძლება დაბალი ხარისხის პროდუქტიც იყოს უვნებელი. უვნებლობა სწორედ ის პარამეტრია, რომლის დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება მომხმარებლის ჯანმრთელობა დაზიანდეს'', - ამბობს კოიძე.

სამეცნიერო წრეებში დღემდე მიდის დავა იმაზე, საშიშია თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ზურაბ ქუჩუკაშვილი ამბობს, რომ გენმოდიფიცირებული მეთოდებით მიღებული პროდუქტები, თავიანთი ნიშან-თვისებებიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ საფრთხის მატარებლად, ზოგ შემთხვევაში – არა. ზოგადი მიდგომა - არის თუ არა მავნე გენმოდიფიცირებული ორგანიზმები, არამართებულია, რადგან გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ნიშან-თვისებებს ინდივიდუალურად განიხილავენ. 

''სწორი დასკვნების გამოსატანად, ორგანიზმის შესწავლას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება. ის, რაც ჩვენ რამდენიმე წელიწადში გვინდა გავაკეთოთ, სინამდვილეში დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ პროდუქტის შემცველი ორგანიზმების შესამოწმებლად ასეთ ხერხს მიმართავენ – მსგ. გენმოდიფიცირებულ სოიოს ადარებენ არაგენმოდიფიცირებულს. რეალურად ადარებენ იმას, რაც უკვე გამოკვლეული გვაქვს და ვიცით, მაგალითად, თუ აღმოჩნდა, რომ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმში გაჩნდა ახალი ცილები, შემდეგ ამოწმებენ საფრთხის შემცველი ხომ არაა ეს ცილები, არის თუ არა პრობლემები უვნებლობის კუთხით …  და ასე ხდება გადარჩევა.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები რისკის მატარებელ ჯგუფს მიეკუთვნება, რაც აუცილებლად მავნეს არ ნიშნავს. მაგალითად, ევროპაში ზოგიერთი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი დაშვებულია, ხოლო ზოგიერთი – ჯერ არა. შეიძლება რაღაც პროდუქტი ამერიკაში იყოს დაშვებული, ევროპა კი ჯერჯერობით მასზე უარს ამბობდეს. აქედან გამომდინარე უკვე ჩანს, რომ საქმე გარკვეულ რისკებთან გვაქვს,'' - ამბობს ქუჩუკაშვილი.

რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, ამ მხრივ ქვეყანაში არასახარბიელო მდგომარეობაა. აგულაშვილის თქმით, საბაჟოზე შემოტანილი პროდუქციის  კონტროლს, ერთი მხრივ, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, ხოლო, მეორე მხრივ, სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს, თუმცა ლაბორატორიების ქსელი ძალზე მწირი გვაქვს.

''ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ლაბორატორია გვაქვს, რომელსაც კვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვს. პირველ რიგში ეს ქსელი უნდა გაფართოვდეს, რომ შემდგომში პრობლემები არ შეგვექმნას''. 

კონტროლის მექანიზმების აუცილებლობაზე საუბრობს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო ზამბახიძეც, რომელიც კანონში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებს, თუმცა თვლის, რომ მხოლოდ კანონი სიტუაციას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის. მისი თქმით, საჭიროა, როგორც  საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება, ისე სამოქალაქო სექტორის გააქტიურება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^