ინტერვიუ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან.
პრეზიდენტ ობამას ნათქვამმა, რომ საქართველო და უკრაინა ახლა ნატოს გზას არ ადგანან, საქართველოში ბევრი ადამიანი გააკვირვა და იმედი გაუცრუა. როგორია ამ საკითხზე ნატოს პოზიცია?
საქართველოში არავინ უნდა იყოს იმედგაცრუებული, რადგან ნატო-ს პოზიცია არ შეუცვლია. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ამერიკელები ამ გადაწყვეტილების ერთგულები რჩებიან. და მეორეც: ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ მას სჯერა, სექტემბერში დიდ ბრიტანეთში ნატო-ს სამიტზე საქართველო ნატოს მიმართულებით თვალსაჩინო ნაბიჯს გადადგამს. მას არ დაუკონკრეტებია, ეს რა იქნება, რადგან ამას თვითონ არ წყვეტს, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ საქართველომ ძალიან ბევრი რეფორმა გაატარა, მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია და რაღაც უნდა მოხდეს. მაგრამ, ამ "რაღაცას" ჩვენ სახელი უნდა დავარქვათ.
ისევ მაპზეა საუბარი თუ შესაძლოა ეს სხვა რამე აღმოჩნდეს? საპარტნიორო შეთანხმების რაიმე ფორმა ან სხვა რამ?
სწორედ ესაა შეკითხვები. ჩვენ გათვითცნობიერებულად ზედმეტად არ ვაკონკრეტებთ, რა შეიძლება ეს იყოს. ასეა თუ ისე, მაპი იქნება ეს თუ სხვა რამ, სექტემბრის სამიტმა რაც არ უნდა გადაწყვიტოს, დარწმუნებული ვარ ეს ნატოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და საქართველოს წარმატებების აღიარება იქნება. ვიმედოვნებ, ქართველები ამაში დარწმუნდებიან. ველი, რომ ისინი კმაყოფილები იქნებიან იმით, რასაც ჩვენ გადავწყვეტთ – მაპი იქნება ეს თუ სხვა რამ.
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველო, მონტენეგროსთან, მაკედონიასთან და ბოსნიასთან ერთად, ასპირანტი ქვეყნების ჯგუფში შედის, რომელსაც უკრაინა არ განეკუთვნება. აქვს ეს სტატუსი საქართველოს?
ასპირანტი ქვეყნების რაიმე ფორმალური ჯგუფები ჩვენ არ გვაქვს. საქართველოსა და უკრაინას შორის კი ერთი თვალსაჩინო განსხვავება არსებობს. როგორც ვიცი, უკრაინა, როგორც ადრე, ისევე ახლა, ფორმალურად ნატო-ს წევრობისაკენ არ ისწრაფვის. რადაში არსებობს სათანადო კანონპროექტი, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ახლა არაა საუკეთესო დრო იმისთვის, რომ უკრაინამ ნატო–ს წევრობის სურვილის შესახებ განაცხადოს. ეს მაინცდამაინც გონივრული არ იქნებოდა.
საქართველო კი იმ ოთხი ქვეყნიდან და მნიშვნელოვანი პარტნიორებიდან ერთ-ერთია, ვინც ნატოს წევრობისკენ ისწრაფვის.
მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების, უფრო კი ნატო-ს წევრობის კონტექსტში ისაა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავრცელდება თუ არა პრინციპი, რომლის თანახმადაც ნატო-ს წევრი ქვეყნები ასეთ შემთხვევაში ალიანსის დაცვის ქვეშ ხვდებიან. ამას გვთავაზობდა ცოტა ხნის წინ თავის სტატიაში ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი დემონ ვილსონი. შესაძლებელია ეს?
ჩვენ ივნისში გადავამოწმებთ ყველა ასპირანტ ქვეყანაში მიღწეულ წინსვლას. ამის შემდეგ დაიწყება დისკუსია საქართველოსთვის მაპ-ის მიცემის შესახებ.
ჩვენ ხანდახან ერთმანეთში გვერევა საგნები. მაპ-ი არ ნიშნავს იმას, რომ ალიანსი საქართველოს რომელიმე ნაწილს დაიცავს. ეს ქართველებმაც კარგად იციან, ისინი საუბრობენ ამის შესახებ და ვფიქრობ, თავადაც მოხარულები იქნებიან, თუ ამ ორ ასპექტს ერთმანეთისგან განვასხვავებთ. მაპი არაა დაკავშირებული კოლექტიურ თავდაცვასთან.
მაგრამ, თუ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, ეს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს?
ნატოს სპიკერად მუშაობის ექვსნახევარი წლის განმავლობაში ვისწავლე, არ ვუპასუხო შეკითხვებს, რომელიც "თუ"-თი იწყება. ახლა სერიოზულად: გეცოდინებათ, ინგლისურად ვამბობთ ხოლმე – ჯერ ხიდამდე უნდა მივიდეთ, რომ ის მერე გადავიაროთ. უახლოესი ხიდია – მაპ-ი ან რაიმე სხვა. ჩვენ აქედან რომელიმეს ავარჩევთ, მაგრამ არც ერთი არ ითვალისწინებს მე-5 მუხლის ვალდებულებას.
ჩვენ ვხედავთ, რომ გრძელდება სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვრის გამაგრება. სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, საქართველოში ბევრი პრორუსული, ნატო-სადმი მტრულად განწობილი ჯგუფი გააქტიურდა. მიიჩნევა, რომ მათ პირდაპირ ან ირიბად რუსეთი უჭერს მხარს. ამის შესახებ ოპოზიციური და ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები ადრევე საუბრობდნენ.
წლებია საქართველოთი ვარ დაკავებული და ვგრძნობ, რომ ეს ძალიან პროდასავლურად განწყობილი ქვეყანაა. ამ შთაბეჭდილებას გამოკითხვებიც ადასტურებს.
სირთულეების მიუხედავად, ქართველებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი დასავლური სახელმწიფოების ოჯახის წევრობა და ჩვენი ფასეულობების გაზიარება. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რა და რა ფორმის ეფექტი შეიძლება მოჰყვეს დესტაბილიზაციის მცდელობებს, მაგრამ თუ რეგიონში არსებობს ქვეყანა, სადაც ეს მცდელობები ვერ იმუშავებს, ეს საქართველოა. პროცესი დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ეს საქართველოა!
მეორე მხრივ, საქართველოში მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარებაა. თუ ლიბერალ-დემოკრატებმა, როგორიც, მაგალითად, ალასანიაა, დაპირებები ვერ შეასრულეს, შესაძლოა გაძლიერდეს ულტრა-კონსერვატული და ორთოდოქსული ძალები …
დიახ, ეს რისკი არსებობს, მაგრამ ეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ და ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებამ უნდა შეაკავოს. ევროკავშირის ბაზრის გახსნა და სტანდარტების გაუმჯობესება ქართულ ეკონომიკას გააძლიერებს. ეს მხოლოდ პროდასავლურ და მოდერნისტულ ძალებს კი არ გაძლიერებს, გააუმჯობესებს რიგითი მოქალაქეების მდგომარეობასაც.
საქართველომ აისაფ-ის მისიაში დიდი წვლილი შეიტანა. ავღანეთში ქვეყანა 1500 ჯარისკაცითაა წარმოდგენილი, მათგან 29 დაიღუპა. თუ ავღანეთის მთავრობა დათანხმება, საქართველო მისიაში მონაწილეობის გაგრძელებას 2014 წელსაც აპირებს…
ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს წვლილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო იქცევა როგორც მოკავშირე, ნატოს წევრი. ჩვენ მოხარულები ვართ საქართველოს შემოთავაზებით, 2014 წლის შემდეგაც განაგრძოს მისიაში მონაწილეობა.
მთავარი გამოწვევა ავღანეთის მთავრობაა. ჩვენ არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა მისია და, თუ გაგრძელდა – როგორ. ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატები აცხადებენ, რომ ხელს მოაწერენ უსაფრთხოების ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენს ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. მხოლოდ ხელმოწერაა საჭირო. პროცესი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნამ შეიძლება გააჭიანუროს. მაგრამ, თუ ვითარება გეგმის მიხედვით განვითარდა, ველი, რომ საქართველო თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს. დღეისათვის საქართველო ორმხრივი შეთანხმებების მისაღწევად სხვადასხვა ქვეყანასთან დისკუსიებში მონაწილეობს.