Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► გლოვის ღამე ტყიბულში

10 აპრილი 2018

ტყიბულის ცენტრში 5 აპრილს დაღუპულ მეშახტეებს ბოლო ღამე გაუთენეს. თეატრის მიმდებარე ტერიტორიასთან გლოვის ღამეს ადგილობრივებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან ჩასული ადამიანები შეიკრიბნენ.

26 წლის პავლე, 28 წლის გიორგი, 46 წლის მირზა, 50 წლის ბესიკი, 52 წლის ელგუჯა და 59 წლის გოგი „საქნახშირის“ კუთვნილ მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს, გამთენიისას საწარმოო შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ. დაშავდა სამი ადამიანი. დაღუპულთაგან ხუთს დღეს დაკრძალავენ. ერთ მეშახტეს კი - 12 აპრილს. ოჯახი საზღვარგარეთიდან შვილის ჩამოსვლას ელოდება.

ამწის მემანქანეები, ნატალია კეთილაძე და ალექსანდრე ოდიკაძე მინდელის სახელობის შახტში წლების განმავლობაში მუშაობდნენ. გლოვის დღეს ისინი კოლეგებთან ერთად ქუჩაში გამოვიდნენ. „ეს შემთხვევა უნდა იყოს ყველასთვის გამოფხიზლება. არ შეიძლება, ყოველდღე ასეთ შიშში ცხოვრება. უსაფრთხოებასა და სიცოცხლის უფლებას ვითხოვთ“, - ამბობს ალექსანდრე ოდიკაძე.

მათთან ერთად ტყიბულის ცენტრში 9 აპრილის გლოვის ღამეს ზესტაფონიდან, ჭიათურიდან და აგარიდან ჩამოსული მუშებიც იდგნენ. „აგარის მეშაქრეების სახელით სამძიმარს ვუცხადებ ტყიბულელებს. მათ ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვთ. ეს უნდა იყოს მაგალითი მთავრობისთვის, რომ ძალიან სერიოზულად დაფიქრდეს რადიკალური ცვლილებების საჭიროებაზე", - აღნიშნა ზაზა ალბორიშვილმა, რომელიც „აგარის შაქრის“ პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარეა (აგარაში უკვე ერთი თვეა, ქარხნის დახურვას ქუჩაში აპროტესტებენ. სამსახურის გარეშე 500-მდე ადამიანია დარჩენილი);

მეშახტეების დაღუპვას 9 აპრილს გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ნაბიჯები, რომელიც შრომის უსაფრთხოების კუთხით მთავრობამ გადადგა, საკმარისი არაა.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მთავრობის საკანონმდებლო ორგანო კვლავ აგრძელებს მუშაობას: ”ჩვენი ამოცანაა, ყველა მხარის ინტერესების სათანადოდ დაბალანსება და, რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლე უნდა იყოს დაცული”.

„ლიბერალი“ ტყიბულის მერს, თემურ ჩუბინიძეს ესაუბრა. მისი განმარტებით, ადგილობრივ მთავრობას კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს და „კომპანია მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს, თუმცა ტყიბულის შახტები რისკის მხრივ ზეკატეგორიას განეკუთვნება და ყველა ობიექტს სპეციფიკური მიდგომა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება სჭირდება“, - ამიტომ, ქალაქის მერი ფიქრობს, რომ აღნიშნული სტანდარტებისა და რეგულაციების შემუშავებაში ცენტრალური მთავრობა მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული: „ჩვენ, ადგილობრივ მთავრობას ამდენი ლეგიტიმაცია არ გაგვაჩნია“.

ტყიბულამდე, სოლიდარობის აქცია 6 აპრილს თბილისში გაიმართა. სხვადასხვა აქტივისტურმა ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. ტყიბულში გლოვის ღამეს იმავე მოთხოვნებზე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ წარმომადგენელმა, ლინა ღვინიანიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა. ღვინიანიძის განმარტებით, უნდა გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი პოლიტიკური თანამდებობიდან და მთავრობის ეკონომიკის გუნდმა არსებითად გადახედოს მის ეკონომიკურ პოლიტიკას.

ასევე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი"(EMC), მოძრაობა „აუდიტორია 115“, სოლიდარობის ქსელი და ახალგაზრდა სოციალისტები ხელისუფლებისგან ტყიბულის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ალტერნატიული გეგმის შემუშავებას მოითხოვენ, რაც, მათი განმარტებით, ადგილობრივებს ხელს შეუწყობს, ნაკლებად იყვნენ შახტებზე დამოკიდებულები და ჰქონდეთ შემოსავლის ალტერნატიული წყარო.

რაც შეეხება კომპანია „საქნახშირს”,  6 მუშის დაღუპვის შემდეგ  მათ განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდიან, ამ დროისთვის კი, გამოძიების შედეგებს ელოდებიან; „კომპანია არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას და ყოველთვის  გვერდში უდგას დაშავებულებს და დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს. საწამო წლებია, ინდივიდუალურად   ფინანსურ მხარდაჭერას უწევს თითოეულ მათგანს“, - აცხადებს „საქნახშირი“.

მინდელის სახელობის შახტში ორი დღის წინ იმყოფებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტისა და ეკონომიკის სამინისტროს, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ისინი შახტში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ, თუმცა ჯერ გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა შპს „საქნახშირის“ კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის შახტებში შრომის პირობები 2016 წელსა და 2017 წელს შეამოწმა. ამ ხნის განმავლობაში ტყიბულმა 11 მეშახტე დაკარგა;

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვა. მასში ნათქვამია, რომ „შპს „საქნახშირის“ კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში“.

ასევე, ინსპექტირების მასალების მიხედვით, საწარმოს სხვა უბნებთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სწორედ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში. მაგალითად, ანგარიშში წერია, რომ: ვაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრები; ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის ადგილები არ არის შემოღობილი და დაცული სასკიპე ჭაურის სამანქანო კამერაში; 400 ნიშნულის დამხმარე ჭაურის ლიფტის კარები და ბაქანი მოსაწესრიგებელია, რათა გამოირიცხოს ადამიანების ვარდნის საფრთხე; ასევე, ობიექტებზე მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები საფრთხეს უქმნის მუშების სიცოცხლეს; პერსონალს შეხება უწევს სხვადასხვა მჟავასთან და სხვა;

5 აპრილს მომხდარ საწარმოო შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე სწავლობს. გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^