ჯერ კიდევ მხოლოდ მილიარდერობისას (1987) ტრამპმა დაწერა წიგნი სათაურით „გარიგების ხელოვნება” (The Art of Deal). უკვე მაშინ მომავალი პრეზიდენტი ღიად წერდა თავის მთავარ სტრატაგემაზე - იმისათვის, რათა მეორე მხარე შენს პირობებზე დაიყოლიო, საჭიროა იგი დააშინო და დაარწმუნო, რომ ყველაფერზე ხარ წამსვლელი, რომ გიჟიც კი ხარ და ამიტომაც სჯობს, მეორე მხარემ დაგითმოს.
რუსეთზე ლამის ყოველ კვირას ახალი სანქციების დადება, პარალელურად ჩინეთისათვის სატარიფო ომის გამოცხადება, ტვიტერზე (გარე სამყაროსთან ურთიერთობებისათვის პრეზიდენტ ტრამპის მთავარი ინსტრუმენტი) მუქარა პუტინისა და ირანელების მისამართით ასადის მხარდაჭერის გამო - ყველაფერი ეს მართლაც ჰგავს ცოტათი სიგიჟეს.
თუმცა, ალბათ ასევე სიგიჟეს ჰგავდა კიმ ჩერ ინთან საჯარო კამათსა და ლანძღვა-გინებაში შეყოლა და პარალელურად უკიდურესად სახიფათო სამხედრო მანევრების გამართვა უშუალოდ ჩრდილო კორეის საზღვართან. ოღონდ, აი ამ სიგიჟემ თითქოსდა თავისი შედეგი გამოიღო - კიმმა ტრამპთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რაც გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
ახლახან ჩრდილო კორეის ხელმძღვანელობისგან პირდაპირი მინიშნებებიც გაისმა, რომ გარკვეული პირობების სანაცვლოდ მათი მხრიდან ბირთვულ იარაღზე უარის თქმაც არაა გამორიცხული. კიმის მხრიდან ასეთი დათმობა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩინეთმა, რომელმაც ჩრდილო კორეა ფაქტობრივად ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქცია და ამით კიმის რეჟიმს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
ცხადია, ჩინეთის ხელისუფლებამ ეს ამერიკის საამებლად არ გააკეთა - მას საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა, კონკრეტულად კი, ძალიან არ სურდა მის უშუალო სამეზობლოში დიდი ომი მთელი აქედან გამომდინარე შედეგებით (რომლებიც ჩინეთისათვის გაცილებით მძიმე იქნებოდა ვიდრე ამერიკისათვის, რომ არაფერი ვთქვათ ჩრდილო კორეაზე).
ტრამპის გამონათქვამებმა და ნაბიჯებმა კი ჩინელებს აფიქრებინა, რომ ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა ნამდვილად არ შეიძლებოდა. შესაბამისად, ჩრდილო კორეაზე ზეწოლის განხორციელება და მისი კომპრომისზე დაყოლიება მისაღებ ვარიანტად ჩაითვალა - სასწორის მეორე მხარეს გაცილებით უარესი რამე იდო, უფრო სწორად გაცილებით უარესი რამის ალბათობა.
ასევე სრულიად რაციონალურია ტრამპის მიერ ჩინეთისათვის სატარიფო ომის გამოცხადება. ცხადია, ამერიკის მხრიდან ჩინურ საქონელზე ტარიფის დადებას პეკინმა ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ომი ჩინეთისათვის უფრო მტკივნეული იქნება, გამომდინარე იმ უბრალო მიზეზიდან, რომ ამერიკას ჩინეთთან 375 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტი აქვს და აქედან გამომდინარე თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების დაცვა ამერიკას ამ შემთხვევაში სულაც არ აწყობს.
„ამერიკა უპირველეს ყოვლისა” (America first) და არა თავისუფალი ვაჭრობა უპირველეს ყოვლისა. ამერიკას უპირატესობას ისიც აძლევს რომ მისი ეკონომიკა გაცილებით (ორჯერ) ნაკლებად არის დამოკიდებული ექსპორტზე, ვიდრე ჩინეთის ეკონომიკა.
ტრამპის ხელმძღვანელობით ამერიკა არანაირად არ ამბობს უარს მსოფლიო ლიდერობაზე. „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” არ ნიშნავს იმას რომ ამერიკა საკუთარ თავში ჩაიკეტება. ეს ნიშნავს, რომ ამერიკამ პირველობა უნდა შეინარჩუნოს და განიმტკიცოს. ოღონდ საამისოდ ის აღარ დახარჯავს მილიარდებს ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაზე საზღვარგარეთ (ეს USAID-ის მეშვეობით ხდებოდა, რომელსაც ბიუჯეტი მკვეთრად შეუმცირდა) - იგი თავის ინტერესებს თავისი შეიარაღებული ძალებით დაიცავს, რომლებიც კვლავაც უძლიერესია მსოფლიოში. ასეთი ბერკეტის არგამოყენება კი უგუნურებაა იმ ადამიანისათვის, რომელიც გარიგებას ძლიერის პოზიციიდან დებს. ძლიერის და გიჟის - რომელიც შთაბეჭდილებას ქმნის, რომ მზადაა, ძალა გამოიყენოს.
საკუთარ ჯარზე კიდევ უფრო მეტი ფულის ხარჯვა ძალიანაც ეფექტურია - ეს ჯარს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს და მეტოქეებსაც უფრო მეტად აშინებს. „თუკი შეიარაღებაში გაჯიბრებას აპირებთ ამ შეჯიბრში გამარჯვებული მე დავრჩები”, - განუცხადა ტრამპმა პუტინს სატელეფონო საუბარში, რომელიც პუტინის არჩევიდან რამდენიმე დღეში შედგა.
მალე ისიც გაირკვა, რომ ტრამპმა პუტინი ვაშინგტონში მიიწვია. ამ ცნობის გავრცელებიდან სულ მალე კი ტრამპმა სანქციები დაადო კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებს. ამ სანქციებს საკმაოდ სერიოზული ეფექტი მოჰყვა - ოლიგარქებმა მილიარდები დაკარგეს და რუსეთის საფონდო ბირჟამაც უსიამო დარტყმა მიიღო. მაგრამ ალბათ ეს არის და ეს - ნეგატიური ეფექტი ალბათ საკმაოდ მალე თითქმის მთლიანად გაივლის და საერთოდაც მსგავსი სანქციები რუსეთის ეკონომიკას არ ჩამოშლის.
რამდენიმე მილიარდის ზარალი შესაძლოა საქართველოსნაირი ქვეყნისათვის იყოს კატასტროფა, მაგრამ ნამდვილად არა რუსეთისათვის, რომელსაც დაახლოებით ნახევარ ტრილიონი დოლარის რეზერვები აქვს. უფრო მეტიც - ამ ეტაპზე რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავის მთავრობას უჭერს მხარს, რომელიც დასავლეთთან კონფრონტაციას მშვენივრად იყენებს პროპაგანდისტული მიზნებისათვის და კიდევ უფრო მეტად ახდენს მხარდამჭერთა მობილიზაციას.
ასე რომ, თუკი ვინმეს (მათ შორის ტრამპს) ილუზია აქვს, რომ ამ სანქციებით რუსეთს სერიოზულად შეარყევს, ეს მისი პრობლემაა. არც სანქციებში მოყოლილი ოლიგარქების პუტინისგან ჩამოშორება არ არის პერსპექტიული საქმე - მათ უკვე დასავლეთში გზა დაეკეტათ და მხოლოდ რუსეთში თუ იქნებიან კომფორტულად. რუსეთს სანქციები პრობლემას გრძელვადიან პერსპექტივაში თუ შეუქმნის, როცა ტექნოლოგიური ჩამორჩენა მის განვითარებაზე თანდათანობით აისახება. მაგრამ კრემლში ალბათ იმედი აქვთ, რომ მანამდე სანქციები და კონფრონტაცია დასრულდება.
მაშ რა მიზნებს ისახავს სანქციები რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ? აქ საინტერესოა ერთი გარემოება: სანქციებმა ოლიგარქების წინააღმდეგ მკვეთრად დაარტყა რუსეთის ალუმინის წარმოებას (სანქციებს ქვეშ მოყოლილი დერიპასკა რუსული ალუმინის გიგანტის „რუსალის” მსხვილი მეწილეა). ეს კი ის სფეროა, სადაც ამერიკას უჭირს: იგი ძალიან ბევრ ალუმინს მოიხმარს, მაგრამ თავად არც ისე ბევრს აწარმოებს. ტრამპი, როგორც ცნობილია, ამომრჩეველს საზღვარგარეთიდან ამერიკაში სამუშაო ადგილების დაბრუნებასა და ადგილობრივი წარმოების აღორძინებას დაპირდა (აქაც „ამერიკა უპირველეს ყოვლისა”) და ამ მხრივ ალუმინის წარმოების აღორძინება ძალიან მნიშვნელოვანია.
რუსული ალუმინის ამერიკაში იმპორტისათვის პრობლემების შექმნამ წესით ამ საქმეს ხელი უნდა შეუწყოს. რომც არ შეუწყოს, სულ ცოტა ტრამპი ამით საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს. როცა იგი პუტინს შეხვდება, ძლიერის პოზიციაში სწორედ ტრამპი უნდა იყოს.
ამიტომ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ამერიკის სანქციები ამით არ დასრულდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პუტინთან გამკლავება (და სასურველი გარიგების დადება) ტრამპისათვის იოლი იქნება. სხვა თუ არაფერი პუტინს კგბ-ს სკოლა აქვს დამთავრებული. გადმოცემით კი იქ სტუდენტებს (კგბ-ს მომავალ ოფიცრებს) სხვა ყველაფერთან ერთად თვალის გაყრაში ავარჯიშებდნენ - ორი სტუდენტი ერთმანეთის პირისპირ ჯდებოდა, ისინი ერთიმეორეს თვალებში საათობით უყურებდნენ მანამდე სანამ რომელიმე ბოლოს და ბოლოს თვალებს არ მოარიდებდა. ასეთი ტრენინგის შედეგები უკვე მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა იწვნია თავის თავზე.