Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

GOOGLE GLASS-ის მოლოდინში

25 აპრილი 2014

ინდიანას შტატის საავადმყოფოს ქირურგებმა პოლ სზოტეკმა და ჯეფ ბრაუნმა თებერვალში მუცლის კედლის ოპერაცია გააკეთეს. ოპერაციას ჩვეულებრივზე ნაკლები დრო დასჭირდა. ამის მიზეზი კი მხოლოდ ის იყო, რომ ორივეს სათვალე ეკეთა, ოღონდ არა ჩვეულებრივი, არამედ „ჭკვიანი“. ექიმების ტრადიციულ აღჭურვილობას კიდევ ერთი „ხელსაწყო“, ამჯერად Google glass შეემატა. მისი დახმარებით ქირურგებს პაციენტის ტომოგრაფიისა და რენტგენის ფოტოები მუდმივად თვალწინ ჰქონდათ.ოპერაციის ხანგრძლივობის შემცირებაც ამით იყო განპირობებული.

„ჩემი აზრით, ამ მეთოდს შეუძლია შეცვალოს ის, რასაც ვაკეთებთ და ისიც, როგორ ვაკეთებთ. წარმოიდგინეთ, რამდენი დროის ეკონომია იქნება შესაძლებელი, თუ ამ ხელსაწყოს, მაგალითად, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შტაბიც გამოიყენებს და შემთხვევის ადგილიდან ტრავმების შესახებ ინფორმაციას ცოცხალი გამოსახულებითა და ჩანაწერით მიიღებს.მერე კი ამ ინფორმაციას ქირურგებთან გაგზავნის, რომლებიც დაზიანებებს ოპერატიულად შეაფასებენ და დაზარალებულებთან კონტაქტი რეალურ დროში ექნებათ“, - განაცხადა ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემდეგ პოლ სზოტეკმა.

***
მომდევნო სასწავლო წელს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში სტუდენტებს ახალ სასწავლო კურსს შესთავაზებენ. ვებჟურნალისტიკის პროფესორი რობერტ ერნანდესი ამბობს, რომ ეს ის იშვიათი შესაძლებლობა იქნება, რომელიც ჟურნალისტიკას ტექნოლოგიური ტრენდისთვის გასწრების საშუალებას მისცემს. „ეს პლატფორმა იმდენად ახალია, რომ ჯერ არც არავინ იცის, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მასზე ესა თუ ის ფორმატი“, - ამბობს პროფესორი.

ამ შემთხვევაშიც საუბარია Goole glass-ზე და ახალ სასწავლო კურსსაც Goole glass ჟურნალისტებისთვის ჰქვია.რობერტ ერნანდესი შეეცდება, სტუდენტებს ის ახალი ხერხები შეასწავლოს, რომელთა დახმარებითაც ჟურნალისტური ისტორიების Goole glass-ით გადმოცემაა შესაძლებელი, და ახსნას, როგორ შეიძლება შექმნან მასალა მკითხველებმა ან იკითხონ ისინი ჭკვიანი სათვალის გამოყენებით. სტუდენტები თავადვე შექმნიან იმ სპეციალურ დამატებებს, რომლებიც ისტორიების გადმოცემაზე იქნება ორიენტირებული.ერნანდესი ვარაუდობს, რომ კურსის შესწავლით არა მარტო ჟურნალისტიკის, არამედ დიზაინის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობების სტუდენტებიც დაინტერესდებიან.

***
ქალთა საერთაშორისო დღეს ინტერნეტსივრცეში ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელიც პოპულარული მალევე გახდა. ვიდეო ერთი ჩვეულებრივი ქალის ჩვეულებრივ დღეს ასახავს და ძალიან დადებით ემოციებს იწვევს... თუმცა ეს მხოლოდ ფინალამდე: საბოლოოდ, პოზიტიური რგოლი ოჯახში ძალადობის სცენით სრულდება.

`woman,s Day #throughglass"-ის იდეა კომპანია  Banjo Eyes films-ს ეკუთვნის. მისი რეჟისორი დევიდ ჯენტილე ამბობს, რომ სოციალური ვიდეორგოლის ერთადერთ მიზანს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის მიმართ საზოგადოების ყურადღების მიქცევა წარმოადგენდა. თუმცა მაყურებლისთვის მოულოდნელი მხოლოდ ვიდეოს ფინალი არ აღმოჩნდა: სიახლეს წარმოადგენდა ისიც, რომ რგოლი Google glass-ით იყო გადაღებული, რის გამოც ის ერთი შეხედვით ამ გაჯეტის რეკლამასაც ჰგავდა.

***
არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამუშაო პროცესში Google glass-ის გამოყენების ტესტირება დაიწყეს. პორტალ venturebeat-ზე ერთ-ერთი წყარო წერს, რომ დეპარტამენტმა რამდენიმე მოწყობილობა შეიძინა, რათა გაარკვიოს, რამდენად ეფექტური იქნება გაჯეტით სარგებლობა საპატრულო ჯგუფებისთვის.ჯერჯერობით ყოველდღიურ მუშაობაში სათვალის დანერგვაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ Google glass მათ სხვადასხვა სამძებრო ოპერაციების განხორციელებაში მათ გარკვეულ დახმარებას გაუწევთ.

და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც Google-ს ინოვაციური გაჯეტი ჯერ კომერციულ გაყიდვაში არც გამოსულა. დამატებითი რეალობა და „ჭკვიანი სათვალე“, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს, ხმოვანი ბრძანებების დახმარებით ვიდეო და ფოტო გადაიღოს, ნავიგაციით, ელექტრონული ფოსტით, SMS-ითა და სხვა ფუნქციებით ისარგებლოს, ჯერ კიდევ მხოლოდ პროტოტიპია. გაჯეტი, რომლის კონცეფციაც პირველად ზუსტად ორი წლის წინ წარადგინეს, კვლავაც დამუშავების სტადიაშია.დეველოპერებისთვის ის უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა მოწყობილობის „გადაყიდვა“ სამომხმარებლო შეთანხმებით აკრძალულია.როდის გამოვა Goole glass ბაზარზე, ჯერ კიდევ უცნობია. რთულია იმის თქმაც, თუ რამდენად მაღალი იქნება მოთხოვნა მოწყობილობაზე, რომელიც 1500 დოლარი ღირს და რომელსაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა დასაწყისში მოტანილი მაგალითები ცხადყოფს, რომ მისი გამოყენების არეალი უსათუოდ მრავალფეროვანი იქნება, გაჯეტს კი ნამდვილად აქვს შანსი მეინსტრიმიდან პროფესიულ სფეროებშიც შევიდეს. ყოველ შემთხვევაში, ეს სფეროები უკვე ემზადებიან „ჭკვიან სათვალესთან“ ინტეგრაციისთვის და მომხმარებელსაც აჩვევენ ახალ ქცევას, რომელიც Google glass-ს აუცილებლად მოჰყვება.

როგორი იქნება დამატებითი რეალობის დამატებითი ქცევა?სანამ ყველანი გაჯეტის მოლოდინში ვართ, Google-მა გადაწყვიტა, თავადაც შეიტანოს წვლილი მის ფორმირებაში და ამით ის აჟიოტაჟიც გაანეიტრალოს, რომელიც ინოვაციას ჯერ კიდევ გამოსვლამდე ხვდა წილად.საქმე ის გახლავთ, რომ უფლებადამცველები გაჯეტის კონცეფციის წარდგენის დღიდანვე ცდილობენ გაარკვიონ, არღვევს თუ არა მისი ვიდეო თუ ფოტოგადაღების ფუნქციები ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.ამერიკელი კონგრესმენებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ორგანოები მიიჩნევენ, რომ Google glass პრივატულობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს. ზოგიერთ კაფესა და გასართობ დაწესებულებაში კი მფლობელები ჭკვიანი სათვალით შესვლას კრძალავენ: ვინ იქნება იმის გარანტი, რომ რომელიმე მომხმარებელი ერთი ფოტოს ან ვიდეოს უნებართვო გადაღებით დამატებით რეალობას დამატებით თავსატეხად არ აქცევს...

Google-ს ამაზე თავისი პასუხი აქვს: ისარგებლე Goole glass-ით, მაგრამ ნუ იქნები „glasshole“! ამ ტერმინით კომპანია იმ მომხმარებელს მოიხსენიებს, რომელიც გაჯეტით სარგებლობის ეტიკეტს მიზანმიმართულად არღვევს, თუნდაც იმით, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ფოტოებსა თუ ვიდეოებს ნებართვის გარეშე, დემონსტრაციულად უღებს. Google-მა ეტიკეტიც უკვე გამოაქვეყნა და გაჯეტის ფუნქციონალთან ერთად მომხმარებლებს მოქცევის წესებიც აუხსნა:

* აიღეთ ნებართვა! Google glass -ის ფუნქციები არ განსხვავდება მობილური ტელეფონის ფუნქციებისგან. ამიტომ მოიქეცით ისე, როგორც მოიქცეოდით მობილური ტელეფონის შემთხვევაში. ითხოვეთ ნებართვა ფოტოს თუ ვიდეოს გადაღებამდე.

* ნუ ივლით მუდმივად ჩართული გაჯეტით, არ გადაინაცვლოთ ეკრანის სივრცეში და არ წაიკითხოთ „ომი და მშვიდობა“ glass-ით. ასეთ შემთხვევაში გარშემომყოფებს აუცილებლად უცნაურად მოეჩვენებით.

* არ იფიქროთ, რომ glass-ით ვერავინ შეგამჩნევთ. საკმაოდ ბევრ კითხვას დაგისვამენ, ამიტომ ნუ გაღიზიანდებით და მოთმინებით აუხსენით სხვებს, რომ მას ბევრი ისეთი ფუნქცია აქვს, როგორიც მობილურ ტელეფონს.

* იმ ადგილებში, სადაც აკრძალულია ტელეფონის კამერის ჩართვა, გლასს-ის კამერის გამოყენებაც დაუშვებელია. თუ ამ წესს არ დაიცავთ და თქვენი სურვილის მიხედვით მოქცევას მაინც უხეშად შეეცდებით, ცუდ შთაბეჭდილებას შეუქმნით, როგორც გაჯეტს, ისე მის სხვა მფლობელებს.

მოგვიანებით კი კომპანიამ უფლებამდაცველებისა და მომხმარებლების დამატებითი შეშფოთების დეტალებიც განმარტა და აღნიშნა, რომ სათვალეს არც ადამიანების სახეების გარჩევის სისტემა ექნება და არც პირად ცხოვრებას „მოკლავს“: „როცა სამომხმარებლო ბაზარზე პირველი კამერები გამოჩნდა, ხალხი ასევე საუბრობდა პირადი ცხოვრების არსებობის გაქრობის შესახებ. კამერები იკრძალებოდა პარკებში, ძეგლების სიახლოვესა და პლაჟებზე.ეს შიში კვლავ გაჩნდა, როცა პირველად გამოჩნდა მობილური ტელეფონი ინტეგრირებული კამერით. ახლა მათ ვხედავთ ყველგან და მომდევნო 10 წლის განმავლობაში, Google glass-თან ერთად, თუ მის გარეშე, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამბობენ Google-ში.

ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის: Google-მა უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას ცნობილი ბრენდების Ray-Ban-ისა და Oakley-ს მწარმოებელ კომპანია luxottica-სთან. ამ შეთანხმების მიხედვით, Google glass-ის დიზაინზე სწორედ uxottica იზრუნებს და გაჯეტს კიდევ უფრო მოდურს გახდის.

ყოველ შემთხვევაში, კომპანიაში უკვე ამბობენ, რომ მოდელების ხაზი ყველაზე წამყვანი ტექნოლოგიის, ავანგარდული დიზაინის, საუკეთესო სტილის, ხარისხისა და ფუნქციონალის სინთეზი იქნება. ჯერჯერობით მათი გამოსვლის კონკრეტული თარიღი ასევე უცნობია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიური ინდუსტრიის მომავალი მატარებელი მობილური მოწყობილობებისაა.კომპანია juniper research-ის ანალისტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2018 წელს ჭკვიანი სათვალეების გაყიდვები მილიონს მიაღწევს. ასე რომ, დროა ისწავლოთ ცხოვრება Google glass -ით... მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ იყიდება, ის მაინც უკვე აქ არის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^