Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"მედალოსანთა საქმე"

25 აპრილი 2014

 

გაზაფხულის დადგომასთან ერთად სკოლებში „ახალი აქტივობა“ე.წ. „მედალოსანთა საქმე“ იწყება. მიმდინარეობს მედლების მიღების კანდიდატთა დოკუმენტაციის გადამოწმება. „მედალოსანთა საქმე“, როგორც „ახალი აქტივობა“, მედლების აღდგენიდან ერთი წლის შემდეგ გაჩნდა და აპოგეას ცენტრალიზაციის ხელახალი აღზევების წლებში მიაღწია. ეს თემა ხდება სასკოლო საზოგადოების არაერთი განსჯისა და განქიქების მიზეზი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია რომ მედალოსანთა საქმე, უამრავი მშობლის, მოსწავლის, მასწავლებლის, სკოლის ადმინისტრაციის უკმაყოფილებას იწვევს. რატომ? ისმის კითხვა. იმიტომ, რომ რამდენადაც დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს მედლების გაცემის არსებული წესი -

  1. ყოვლად უსამართლო და დისკრიმინაციულია;
  2. ყოვლად არაპრაქტიკული და არაპრაგმატულია;
  3. ყოვლად წინააღმდეგობრივი და არქაულია;
  4. საჭიროებს ხელახალ გააზრებას, შეცვლას და დახვეწას.

მკითხველთა ფართო წრისათვის სასკოლო საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი გასაგები რომ გახდეს, განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.

მედლების გაცემის მოქმედი წესის მიხედვით, მედალი არ გაიცემა მოსწავლეზე, რომელმაც ერთი სემესტრი ან ერთი საგანი მაინც დახურა ექსტერნის ფორმით! მაშინ როდესაც მოსწავლე სარგებლობს არჩევანის თავისუფლებით და დაშვებულია განათლების მიღების სხვადასხვა ფორმა. ეს ჩანაწერი აშკარად დისკრიმინაციულია მოსწავლეთა გარკვეული კატეგორიის მიმართ და აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს (თანასწორობის პრინციპი)  მაგალითად, რას ვემართლებით უცხოეთში სხვადასხვა პროგრამით გაგზავნილ მოსწავლეებს, რომლებმაც აქ ურთულესი კონკურსი გაიარეს, სადაც ზოგჯერ ერთ ადგილზე ასი მსურველიც კი მოდის?! (მაგ:FLEXპროგრამა). ამ კონკურსის დაძლევის შემდეგ წავიდნენ ეს მოსწავლეები უცხოეთში, გადალახეს ადაპტაციის სირთულეები, ბრწყინვალედ დაასრულეს საგანმანათლებლო კურსი, ასახელეს თავისი თავიც და ქვეყანაც, და მათ უმაღლესი შეფასებების მიუხედავად ქართული კანონი მედალზე უარს ეუბნება.

რატომ? იმიტომ რომ მათ მოუწიათ სამშობლოში დაბრუნებისას რამდენიმე საგნის ექსტერნად ჩაბარება! უსამართლობა არ არის?! მადლობისა და პატივისცემის ნაცვლად სახელმწიფო მათ მონდომებას, ნებისყოფას, შრომისმოყვარეობას არ აღიარებს. ეს იმას ნიშნავს რომ ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია ვინ განსაზღვრავს ქვეყნის პროგრესს, ვისზე დგას სახელმწიფო, ვისი იმედი უნდა ჰქონდეს ერს მომავალში.

მაგალითად, ძალიან გაუგებარია, რატომ ეუბნება უარს სახელმწიფო იმ ნიჭიერ, შეუპოვარ და მიზანსწრაფულ მოსწავლეებს, რომლებმაც კლასი წინსწრებით დახურეს, მოიგეს ძვირფასი დრო და დაიმსახურეს უმაღლესი შეფასებები.

მეტად უცნაურია, რატომ არ აძლევს ქვეყანა მედალს უცხოეთის სკოლაში განათლებამიღებულ, თავის წარმატებულ თანამემამულეს, რომელიც ბრუნდება ქვეყანაში და სწავლას ასრულებს ქართულ სკოლაში?! ამ უცნაურობას აძლიერებს ქვეყნის ხელმოწერა ბოლონიის პროცესზე. სამაგიეროდ ამ საქმეში შეზღუდვა არა აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აქ სკოლას წარმატებით დაამთავრებს. არც უნდა ჰქონდეს ალბათ, თუმცა ეს საკითხი ბოლომდე კარგად გააზრებას მოითხოვს. თუ ქვეყანა მის (უცხო ქვეყნის მოქალაქის) სწავლას არ აფინანსებს და ის ვალდებულია საგანმანათლებლო ვაუჩერი შეიძინოს, მაშინ როგორ აფინანსებს სახელმწიფო მის ოქროს ან ვერცხლის მედალს?! თუ იგივე სახელმწიფო ამ კატეგორიიის მოსწავლეებს არ უზრუნველყოფს პირველკლასელთა ნოუთბუკებით, როგორ აფინანსებს წარმატებულ ცხრაკლასდამთავრებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კომპიუტერებით?! როგორც ხედავთ აქ არც პრინციპი ჩანს და არც რაიმე იდეოლოგია, სახეზეა სრული ქაოსი!

ასევე ბუნდოვანია, რატომ ეუბნება ქვეყანა მედალზე უარს თავის წარმატებულ მოსწავლეს, რომელსაც ავადმყოფობის თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო უხდება რომელიმე საგნის ან საგნების ექსტერნის ფორმით ჩაბარება?!

ახლა გასაგებია ალბათ იმ მოსწავლეებისა და მშობლების უკმაყოფილება, რომლებიც ამ უსამართლობის  მსხვერპლნი გახდნენ, რომლებსაც გული დაწყვიტა ქართულმა კანონმდებლობამ და ქართულმა სახელმწიფომ!

რატომ არის უკმაყოფილო მასწავლებელი ამ წესის არსებობით? იმიტომ, რომ ეს წესი თავისი არაპრაგმატულობის და არაპრაქტიკულობის გამო მასწავლებელს აიძულებს შეღავათი გაუწიოს მედლის კანდიდატს იმ შემთხვევაში, თუ მას „ჩათვლიმა“, არ დაუფიქსიროს დაბალი ნიშანი, ვინაიდან დაბალი ნიშნის შემდგომი გამოსწორება თითქმის შეუძლებელია! ნათქვამია - “ერთხელ მდინარესაც ჩაეძინებაო“, მაგრამ ქართული კანონმდებლობით მედალოსნის „ჩაძინება“ არ დაიშვება. ამას მოსდევს ის, რომ თუ მასწავლებელმა წარჩინებულ მოსწავლეს „დაუთმო“, სხვა მოსწავლეებსაც უნდა „დაუთმოს“, ამას ითხოვს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპი, რასაც ეწირება მასწავლებლის ღირსება და ავტორიტეტი.

რატომ არის უკმაყოფილო ამ წესის არსებობით სკოლის ადმინისტრაცია და დამრიგებელი? იმიტომ, რომ თუ პედაგოგს მოუვიდა შეცდომა (უშეცდომო კი არავინაა) ნიშნებისა და არების დაფიქსირების დროს მას არ ენდობა და ეჭვის თვალით უყურებს მონიტორინგი! უნდობლობა სკოლების მიმართ არის სასკოლო საზოგადოების გაღიზიანების მიზეზი, რასაც მონიტორინგის უაზრობა ემატება. უაზრობაა იმიტომ, რომ სახელმწიფო ებრძვის მედლის გაცემის დაუხვეწავი წესის შედეგს და არა მიზეზს.

თუ მონიტორინგის მიზანი ჭეშმარიტი მედალოსნის გამოვლენაა, მაშინ ეს ცალსახად მიუღწეველი მიზანია. თუ მონიტორინგის გაუცხადებელი მიზანი „სკოლების  ტონუსში მოყვანაა“, როგორც ამბობდა ერთი „პიარშიკი“, მაშინ გასაგებია, თუმცა ბოლომდე მაინც არა. 21-ე საუკუნეში „შიშის ეფექტით“ მართვა ცენტრალიზაციის გაძლიერება, უკვე წარსული ეპოქაა, რეპრესანტის იმიჯის დამკვიდრებაა, რასაც შედეგად მოსდევს საპროტესტო განწყობილებების გაძლიერება, ანუ „ელექტორალური კრიზისი“ და გარდაუვალი მარცხი. „ბიზნესისა და პოლიტიკის სასაფლაო სავსეა იმ სუბიექტებით, ვინც ყური არ ათხოვა საზოგადოების მაჯისცემას“.

რაში მდგომარეობს ამ წესის არქაულობა და წინააღმდეგობრიობა? ატესტატი, როგორც ცნობილია, გაიცემა საატესტატო გამოცდების საფუძველზე, მედალი კი, რომელიც მიბმულია ატესტატთან -სკოლის  ნიშნების საფუძველზე. თუ სკოლას არ ვენდობით და ვატარებთ საატესტატო გამოცდებს „დამოუკიდებელი არბიტრის“, გამოცდების ეროვნული ცენტრის მეშვეობით, მაშინ რატომ ვენდობით სკოლის ნიშნებს მედლების შემთხვევაში?!  რატომ ვიყენებთ ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა მიდგომასა და პრინციპს?! გაუგებარია! როგორც ცნობილია სახელმწიფო გასცემს სხვადასხვა ტიპის ატესტატებს, ჩვეულებრივს, ვერცხლის, ოქროსა და ექსტერნატის (შტამპით), მაგრამ ამ სხვადასხვა ტიპის ატესტატების გაცემის მარეგულირებელი რაიმე დოკუმენტი არ არსებობს (სახეზეა იურიდიული კაზუსი).

ატესტატზე ექსტერნის შტამპის ჩარტყმა მოქალაქის პირდაპირი დისკრიმინაციაა. რას ვეუბნებით ამით მოქალაქეს? როდესაც მის ატესტატს ვასხვავებით ჩვეულებრივი ატესტატისაგან, არატოლძალოვანია ეს ატესტატი? ხარისხით განსხვავებულია თუ რამე სხვა მიზეზია?! არის თუ არა ეს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სტიგმატიზაცია?!

გასაგებია ვერცხლისა და ოქროს ატესტატების არსებობა,რომელიც განასხვავებს მოქალაქის ზოგადი განათლების ცოდნის ხარისხს,მაგრამ ექსტერნატის შტამპი ატესტატზე რა მიზანს ემსახურება? სრულიად ნათელია რომ მედლების გაცემის არსებული წესი ჩამორჩა დროს და ის სხვაგვარ გააზრებასა და ცვლილებას ითხოვს. ჩვენი აზრით, მედლების გაცემა უნდა მიებას საატესტატო გამოცდების შედეგებს და არა მხოლოდ საშუალო საფეხურის ნიშნებს.

უნდა დაწესდეს მედლების მიღების მაღალი სტანდარტი, სადაც გათვალისწინებული უნდა იქნას განვლილი წლების  საატესტატო გამოცდების შედეგების სტატისტიკური ანალიზი. და ის უნდა შეივსოს რეალური შინაარსით, კერძოდ: ვერცხლისა და ოქროს მედალოსანი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, უგამოცდოდ, პირდაპირ უნდა ჩაირიცხოს რეგისტრაციაში მითითებულ უმაღლეს სასწავლებელში ასპროცენტიანი დაფინანსებით.  მის მშობლებს უნდა გადაეცეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული (დიდი ხანია დასაწესებელია) საპატიო მედალი „საუკეთესო შვილის აღზრდისათვის“. კლასის დამრიგებელს უნდა მიეცეს სამინისტროს პრემია მინიმუმ 1000 ლარის ოდენობით, სკოლის დირექტორს უნდა მიეცეს სამინისტროს პრემია მინიმუმ 1000 ლარის ოდენობით, მედალოსანი მოსწავლის საგნის მასწავლებლებს უნდა დაერიცხოთ შესაბამისი კრედიტქულები. ყოველივე ეს უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ შეიქმნას მედალოსნებთან შემხებლობაში მყოფი მოტივაციის გარკვეული სისტემა, რომელიც იქნება მისაბაძი მაგალითი და სტიმული მათთვის, ვისაც ასეთი მოსწავლეები ჯერ არ გაუზრდია. ენთუზიაზმის იმედად ყოფნამ თავისი დრო დიდი ხანია მოჭამა და აღარ მუშაობს! „ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ“!

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისტორიის გაკვეთილები, ჩაწყობები, ჩალიჩი და პროტექცია, რასაც ადგილი ჰქონდა მედლებთან დაკავშირებით კომუნისტური მმართველობის ბოლო პერიოდში. ეს აღარ უნდა განმეორდეს! მედალოსნების მიმართ საზოგადოების ნდობას ბზარი არ უნდა გაუჩნდეს.

დროა ქართულმა საზოგადოებამ და ქართულმა სახელმწიფომ მოახერხოს სასკოლო განათლების სისტემის ტრანსფორმაცია ისე, რომ მან მაქსიმალურად შეძლოს თითოეული მოქალაქის ტალანტისა და შესაძლებლობის გამოვლენა. დროა ქვეყანამ შექმნას ნიჭიერ, მიზანსწრაფულ და შეუპოვარ მოსწავლეთა ელიტა, რომელიც მომავალში გახდება საზოგადოებისა და ქვეყნის მთავარი მომოძრავებელი ძალა. ლოკომოტივი, ახალი ქართული ეკონომიკისა, რომელსაც ცოდნის ეკონომიკა ჰქვია და რომლითაც სუნქავს 21-ე საუკუნე.

 

დიმიტრი მეჭურჭლიშვილი

23.04.2014

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^