Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალურად დაუცველები საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე

09 მაისი 2014

“ამასწინათ, ღამის 12 საათზე ოლიას გულის შეტევა ჰქონდა, 4 საათამდე ვამშვიდებდით, მოტყუებით დამამშვიდებელი დავალევინეთ, მაგრამ ძალიან ცუდად რომ გახდა, სასაწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, შენობის დაცვას დავურეკეთ და კარი გავაღებინეთ. მეორე დღეს კი დირექტორი დამხვდა და მისაყვედურა”, - ყვება მარინე ხუნაშვილი.

“მესამე ჟურნალისტი ხართ უკვე, აღარავის გავცემ პასუხს!”, - ნანა გერგედავა, პოლიკლინიკის დირექტორი, არც ისე კეთილგანწყობილია.

ავჭალაში, ილორის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე შვიდი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.

კორიდორში სარეცხის თოკებზე ბავშვების ტანსაცმელია გაფენილი. შვიდივე ოჯახს ცალ-ცალკე აქვს ოთახები, მაგრამ მთელ დღეს ერთად ატარებენ. შენობაში არ არის ელექტროენერგია და გაზი, გადაკეტილია წყალი, მას ეზოდან ეზიდებიან და იქვე შეშის ღუმელზე ათბობენ.

ბავშვები პერიოდულად, ოთახიდან ოთახში დარბიან და უფროსების მონაყოლს უსმენენ.

რუსუდან ტრაპაიძე ხის გრძელ სკამზე ზის და ბავშვის მაისურს ჯიბეს აკერებს: “20 წლის წინ თბილისში ბავშვის ასთმის გამო ჩამოვედით, ჩემს ქმარსაც ფილტვის სიმსივნე აქვს. დასავლეთ საქართველოში სახლი მაქვს, მაგრამ იპოთეკაში ჩავდე და ახლა სხვა ოჯახი შევუშვი, თუ გადაიხდიან ვალს, მათვე დარჩებათ”, - მიყვება რუსუდანი.

შენობა ექვსი თვის წინ დაიკავეს, თუმცა მათთვის ეს თავშესაფრის ძიების პირველი მცდელობა არ არის.

2012 წლიდან მათთან ერთად, 40-მდე ოჯახმა ყოფილი მე -13 სკოლის შენობა დაიკავა, თუმცა აგვისტოში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული ობიექტი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ  შეისყიდა და შენობა დევნილებს გადასცა. სოციალურად დაუცველი 45-მდე ოჯახიდან, ნაწილს სახელმწიფომ კოჯორში ალტერნატიული საცხოვრებელი გამოუყო. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესწავლილი სოციალური მდგომარეობის შედეგად კი, 20-მდე ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

თუმცა, ყველაზე მეტად ახლა ე.წ. ავჭალის დასახლებაში მაცხოვრებლებს ლოკალური პრობლემები აწუხებთ. შენობის პირველ სართულზე სამედიცინო ცენტრი “დიოსკურია” ფუნქციონირებს. შენობა მერიის ქონების სააგენტოს ბალანსზეა. მერიასა და აქ მაცხოვრებლებს სიტყვიერი შეთანხმება აქვთ და ჯერჯერობით მათ შენობის დატოვებას არ სთხოვს, მაგრამ პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობას თავად პოლიკლინიკის ადმინისტრაციასა და სოციალურად დაუცველებს აკისრებს.

მარინე ხუნაშვილი ყვება, რომ რამდენჯერმე ე.წ. დამაგრძელებელი კაბელით შენობის საკუჭნაოდან ელექტროენერგია გამოიყვანეს, რაზეც პოლიკლინიკის ხელმძღვანელმა უკმაყოფილება გამოთქვა: “მესმის, რომ ჩვენი ხარჯების დაფარვა მათი მოვალეობა არ არის, მაგრამ აქ თვეებია ვცხოვრობთ, ბავშვები სანთლის შუქზე მეცადინეობენ, ერთი ტელევიზორიც გვაქვს და ვთხოვეთ, რომ ცალკე მრიცხველს დავაყენებდი და ჩვენ თვითონ გადავიხდიდით. მერიას, შემდეგ თელასს მივმართეთ, მათ გვიპასუხეს, რომ სამედიცინო პუნქტის ადმინისტრაციასთან ჩვენ თვითონ მოგვეგვარებინა ეს საკითხი, შემდეგ კი მრიცხველს ინდივიდუალურად დაგვიყენებდნენ, მაგრამ პოლიკლინიკის დირექტორი ამის სასტიკი წინააღმდეგია“.

გარდა კომუნალური პრობლემებისა, სოციალურად დაუცველებს შენობაში შესვლა და გამოსვლაც ეზღუდებათ. ობიექტს ორი კარი აქვს. მათგან ერთი შემოსასვლელი ჩაკეტილია, ცენტრალური კი, საღამოს 5 საათის მერე, პოლიკლინიკის დაკეტვისთანავე იხურება:

“ამასწინათ, ღამის 12 საათზე ოლიას გულის შეტევა ჰქონდა, 4 საათამდე ვამშვიდებდით, მოტყუებით დამამშვიდებელი დავალევინეთ, მაგრამ ძალიან ცუდად რომ გახდა, სასაწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, შენობის დაცვას დავურეკეთ და კარი გავაღებინეთ. მეორე დღეს კი დირექტორი დამხვდა და მისაყვედურა”, - ყვება მარინე ხუნაშვილი.

“მესამე ჟურნალისტი ხართ უკვე, აღარავის გავცემ პასუხს!”, - ნანა გერგედავა, პოლიკლინიკის დირექტორი, არც ისე კეთილგანწყობილია.

“ეგენი არიან შემოხიზნულები, ჩვენგან წყალსა და დენს იპარავენ.  ნახეთ რა კატეგორიის ხალხია”, - მეუბნება დირექტორის კაბინეტსი მყოფი ერთ-ერთი ქალბატონი და კომპიუტერში ჩართულ ვიდეოს მანახებს, სადაც აგვისტოში მე-13 სკოლიდან გამოსახლების დეტალებია ასახული - “ამასწინათ, დარაჯს ურეკავდნენ, ინგლისურის მასწავლებელია მოსული და კარი გაუღეო, თუ სოციალურად დაუცველები არიან, მასწავლებლის ფული საიდან აქვთ?”. 

სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს სოციალურად დაუცველების მიმართ თავისი პრეტენზიები აქვთ. ნანა გერგედავას თქმით, ეს დაწესებულება შპს-ა, ის ვალდებული არაა, რომ სოციალურად დაუცველების ხარჯებიც მან დაფაროს: ”ვერ გავუყვანთ ცალკე მრიცხველს, მაშინ ცალკე სუბიექტად უნდა დარეგისტრირდნენ. არადა საკუჭნაოდან იპარავენ დენს, ხელოსანი მოვიყვანე, 100 ლარი გადავუხადე, რომ ჩაეჭრა მათთვის შუქი. წყლის მილებსაც, ავალთ გადავუკეტავთ, ცოტა ხანში ისევ თვითნებურად ხსნიან”.

რაც შეეხება შეზღუდულ გადაადგილებას, ნანა გერგედავა უკანა კარს გვიჩვენებს, რომლის გაღების შემთხვევაშიც, მისი თქმით, პოლიკლინიკის უსაფრთხოება დაცული არ იქნება.

“ტყუილია როცა ამბობენ, რომ შენობაში შესვლა და გასვლა ეზღუდებათ. სპეციალურად აკეთებენ, რომ ხმაური გამოიწვიონ, გუშინაც სასწრაფო დახმარების მანქანა მაინც და მაინც შუაღამისას გამოიძახეს. ექიმს ვკითხეთ და სერიოზული არაფერი იყო, საავადმყოფოში გადაყვანაც კი არ დასჭირდაო”, - მეუბნება უკვე გარეთ გამოსვლისას პოლიკლინიკის დირექტორი და ბოლოს მაფრთხილებს: “იცოდეთ, რამე უსამართლოდ დაწერილი რომ ვნახო, სამსახურში ერთი დღეც არ გაგაჩერებთ”.

სოციალურად დაუცველები კი სახელმწიფოს დახმარების იმედზე რჩებიან და აცხადებენ, რომ შენობას არ დატოვებენ, სანამ შესაბამისი უწყებები ყურადღებას არ მიაქცევენ.

ჯანდაცვის სამინსტროს ოფიციალური პასუხით, თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი სამინისტროს უფლებამოსილებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება ობიექტს, სადაც ამჟამად იმყოფებიან, გია კაკაჩიას, სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსის წერილში წერია:  “შენობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკუთრებაა, შესაბამისად, კანონით არ შეგვიძლია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების თავშესაფრითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით დაკმაყოფილება”.

რაც შეეხება მერიას, მას სოციალურად დაუცველებთან სიტყვიერი შეთანხმება აქვს და ჯერჯერობით, შენობის დატოვებას არ სთხოვს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართა და ილორის ქუჩაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველთა და პოლიკლინიკის ადმინისტრაციას შორის შუამდგომლობა სთხოვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^