“ამას თვალები რატომ არა აქვს, ბრმაა?” - სოც.უზრუნველყოფის განყოფილებასთან არსებული, ომიდან დაბრუნებულ ინვალიდთა დამხმარე კომისიის თავმჯდომარე ამხანაგი ფესვენიძე.
“ეს სოკრატეა, აგულის გაკეთებული არ გეგონოთ, ძველი ნამუშევარია, ბნელი რომ იყო ხალხი - მაშინდელი”, - პიპინია ერისთავი (მხ. ფილმი “არაჩვეულებრივი გამოფენა”, 1968წ.)
აგული ერისთავის სახელოსნოსგან განსხვავებით, “ბრმა” არა, მაგრამ შავი ფერის ქსოვილით თვალახვეული ბიუსტები თუ ქანდაკებები თბილისის სამხატვრო აკადემიაში აპრილის დასაწყისში, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აკადემიის შენობის კედლები კითხვის ნიშნებითა და წარწერებით აჭრელებულმა ფურცლებმა დაფარა.
“აკადემია ვერ გეგუება, წადი”, “აკადემიას არა აქვს პროექტორის შეძენის საშუალება”, “მე არ მინდა, რომ ჩემი ლექტორი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში იყოს შეტანილი”, “და მეთოდოლოგია?”, “დიპლომი: 900 ლარი; მასალები: 100 ლარი სემესტრში; მიღებული ცოდნა: შეუფასებელი”, “რამდენსაც მიხდიან, ისე გასწავლი”, - ეს სამხატვრო აკადემიის შენობის კედლებზე გამოკრული იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც სტუდენტთა ნაწილმა მათი ინიციატივით გამართულ აქციაზე აკადემიაში არსებული პრობლემების ლუსტრაცია სცადა.
ამ აქციებს მოგვიანებით სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნაწილის პერფორმანსი “Academy - It Is Time” მოჰყვა, რომელზეც ნატურმორტს პანაშვიდი გადაუხადეს, ჯერ აკადემიის შენობიდან გამოასვენეს, “სასახლის” ეზოში დასვენების შემდეგ კი სამგლოვიარო პროცესიაც დაიწყო.
ზემოთჩამოთვლილი მოვლენები სამხატვრო აკადემიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სტუდენტთა ნაწილში გაჩენილ პროტესტს უკავშირდება. ისინი აღნიშნავენ, რომ წლებია აკადემიაში პროტესტისა თუ ალტერნატივის შექმნის პროცესები მიმდინარეობს, ხოლო თუკი ამდენი წელია ყველა საუბრობს, რომ რაღაც შესაცვლელია, ესე იგი ეს სიმართლეა და წინა წლებისგან განსხვავებით, დღეს აკადემიის შიგნითაც თანხმდებიან იმ საკითხზე, რომ პრობლემები მართლაც არსებობს.
სტუდენტთა ეს ჯგუფი მიიჩნევს, რომ დღეისათვის სამხატვრო აკადემიაში სააზროვნო პროცესი მკვდარია, სასწავლებელში არ ხდება შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, (ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით კარგად ჩანს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე) თავისუფლად მოაზროვნე სტუდენტი მაქსიმალურად ექცევა შემოქმედებით ჩარჩოებში, თეორიულ ლექციებზე მხოლოდ ინფორმაციის გაცნობა ხდება, არ მიმდინარეობს დისკუსია და სტუდენტს თითქმის არ ეძლევა კითხვის დასმის საშუალება.
სტუდენტები აკადემიაში არსებულ პრობლემებზე:
ნატალია ნებიერიძე
წლების მანძილზე აკადემიაში არაფერი იცვლება. ვგულისხმობ თანამედროვე, თავისუფალი, სააზროვნო სივრცის გაჩენას. არავინ აანალიზებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს არა მარტო აკადემიისთვის, ან სტუდენტებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ლექტორი სტუდენტს ელაპარაკება, როგორც ბავშვს. რატომღაც ფიქრობენ, რომ ჯერ აქ უნდა ისწავლო, შემდეგ კი გახვიდე და შეგიძლია გააფრინო. მიიჩნევენ, რომ რაღაცა ფორმების სწავლით შესაძლებელია შემოქმედებას შინაარსიც შესძინო. ანუ თუ კარგად ისწავლი ფიგურის დახატვას, მერე ეს კომპოზიციაში გამოგადგება. რატომ უნდა შექმნა კომპოზიცია მაინცდამაინც ფიგურით, რატომ უნდა დაიწყო აზროვნება ფორმით და არა შინაარსით, ამაზე არ არის საუბარი. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და შემდეგ შიგნით პატარ-პატარა პრობლემებამდე ხურდავდება. არტსივრცე, ისევე როგორც სხვა ყველაფერი ქვეყანაში, ვიწრო ჩაკეტილ წრეშია მოქცეული და ამ წრეების გარღვევა აკადემიამ უნდა ითავოს. ამაზე დღეს დისკუსია არ მიმდინარეობს. ხშირად ამბობენ, რომ ამ აბუნტებულ სტუდენტებს აკადემიის დანგრევა სურთ, რეალურად კი პირიქითაა, თუ უნდათ, რომ აკადემია გადარჩეს და თავისთავადი სიკვდილით არ მოკვდეს, მაშინ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე უნდა დაიწყოს მუშაობა.
თორნიკე ტატიშვილი
წლებია აკადემიაში ეს პრობლემები არსებობს და საზოგადოება თითქოს მიეჩვია ამას. ყელში აქვთ ამოსული, რომ აკადემიაში ასეთი სიტუაციაა და გამოსავალი ვერ მოინახა. ამ ყველაფერზე არ სურთ საუბარი, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ თუ არ იფიქრე, არაფერი გამოსწორდება.
დაჩი ჩეზია
აკადემია იმდენად ვეღარ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს, რომ საზოგადოებაც ინდიფერენტული გახდა მის მიმართ. სასწავლებელი კონკურენტუნარიან არტისტს არ უშვებს, მთელი 4 წლის განმავლობაში სტუდენტი შემოქმედებითად იმდენად მოდუნებულია, საერთოდ აღარ აქვს შემოქმედებითი აქტივობის სურვილი, რადგან არ ეჩვევა ამ ტიპის რეალიზაციას.
მარიამ ასლანიშვილი
ვფიქრობ, რომ რაც დღეს აკადემიაში ხდება, ეს მხოლოდ აკადემიის კი არა, ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემის პრობლემაა და მიმაჩნია, რომ ამაზე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმაც არ უნდა დახუჭონ თვალი.
გიორგი კარტოზია
კარგი სტუდენტი აკადემიაში დღეს ასოცირდება ისეთ სტუდენტთან, რომელიც კითხვას არ სვამს, ხმას არ იღებს და არ ინტერესდება მიმდინარე პროცესებით. აკადემიის სტუდენტების ნაწილს აქვს პესიმისტური დამოკიდებულება - “როგორ არ მობეზრდათ? რით ვერ დამთავრდა ეს ყველაფერი? აქაურობას მაინც არაფერი ეშველება? საერთოდ რა გინდათ?” და ა.შ. ადმინისტრაცია გვთავაზობდა დიალოგსა და დისკუსიას დახურულ კარს მიღმა. ცოტა არ იყოს სასაცილოა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ადმინისტრაცია ჩვენი დახმარების გარეშე ვერ ხედავდა პრობლემებს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა გაირკვეს, თუ რა გეზი აქვს აკადემიას - ვრჩებით საბჭოეთის ღირებულებების ერთგულნი, თუ მივდივართ დასავლეთისკენ.
სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც სამხატვრო აკადემიის პრობლემებზე საუბრობს, ქვეყანაში არსებული ინტელექტუალური რესურსის აკადემიაში მიწვევასა და მათთან ერთად როგორც სასწავლებელში, ასევე ქვეყანაში, შემოქმედებით სფეროებში არსებული კრიზისის გაანალიზებას გეგმავს. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა ჩაკეტილ წრეს უნდა გასცდეს, რადგან ეს მხოლოდ სამხატვრო აკადემიის პრობლემა არ არის.
“ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ დაიწყოს ინტენსიური მუშაობა, გვინდა შევიმუშავოთ პრობლემის გადაჭრის ახალი კონცეფცია. ე.წ. “აბუნტებული” სტუდენტები მხოლოდ ჩვენ არ ვართ და არიან სტუდენტები, რომლებსაც არსებული პრობლემების მოგვარების სხვა, გონების დაძაბვითი სამუშაოებისგან განსხვავებული ხედვები აქვთ. ვცდილობთ ალტერნატიული სივრცის დანახვას, მარტო ამას ვერც სტუდენტები, ვერც ადმინისტრაცია და ვერც რექტორი ვერ მოახერხებს~.
გია ეძგვერაძე - მხატვარი, ხელოვნების თეორეტიკოსი
მიმაჩნია, რომ სამხატვრო აკადემიის პრობლემა მხოლოდ ლოკალური ხასიათის არ არის და იქ არსებული ვითარება საზოგადოების სოციალური ცნობიერების ზოგადი კრიზისის ნაწილია. ამ კრიზისიდან გამოსვლისთვის კი ცნობიერი მუშაობა და სერიოზული სოციოლოგიური ანალიზია საჭირო.
საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული იდეოლოგია ითხოვდა, რომ შემოქმედებით სექტორს ამ იდეოლოგიის შინაარსისა და ფორმის შესატყვისი ნიშნების სისტემა შეექმნა: “სოციალისტური რეალიზმის” (და მისი პერიფერიულ/ეთნიკური ვარიაციების) ხელოვნების ნიმუში ფიგურატიულ პრინციპებზე უნდა ყოფილიყო აგებული და სრულიად გარკვეული ფსიქოლოგიური მოდუსის ნარატივი (თხრობა) გაეშალა. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, მიმეზისზე (მიბაძვა/კოპირება) იყო დამყარებული, როგორც სამყაროს “ადეკვატური”(?!) ასახვის პრინციპზე. ჩვენში შემოქმედებითი სკოლები ბეჯითად, სწორედ მიმეზისის “ყოველგვარ ნაირსახეობას” ასწავლიდნენ და დღესაც ასწავლიან.
დასავლეთის ვიზუალური ხელოვნების წამყვან შემოქმედებით სკოლებში სასურათო სიბრტყე დამოუკიდებელ/სუვერენულ რეალობად აღიქმება და სტუდენტს ამ სიბრტყეზე საკუთარი ვიზუალური სისტემის, საკუთარი ვიზუალური კოდების შექმნისკენ უბიძგებს. მიდგომის ასეთი პრინციპი რადიკალურად განსხვავდება მიმეზისზე დამყარებული სწავლების პრინციპისაგან, რომელიც ვიზუალური კოდის ზოგად და საწყის დეტერმინირებულობას ემყარება და შემოქმედების თავისუფლებას მის საწყისებშივე ბლოკავს. მიმეზისის პრინციპიდან, ამ ახალ პრინციპზე გადასასვლელად ვიზუალურ შემოქმედებასთან მიდგომის ფუნდამენტალური ცვლილებაა საჭირო, რომელიც მიზანდასახულ ძალისხმევას, გააზრებას და, რაც მთავარია, სურვილს საჭიროებს, რახან მიმეტური აზროვნების წესი ჩვენში ისტორიული მოთხოვნების გამო ღრმადაა გამჯდარი. ასეთი ცვლილების გარეშე მომავალი არ არსებობს - ეს ცვლილება ყოველმიზეზგარეშე მოხდება და ჩვენი ვალია მას ყველანაირად შევუწყოთ ხელი. გარემოსადმი ჩვენში გამჯდარი მონური დამოკიდებულება უნდა დასრულდეს - ჩვენ სრულად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენს ცნობიერებაში არეკლილი გარემო მხოლოდ და მხოლოდ პირობითი აღმნიშვნელებისგან შედგება, ისინი კი, თავის მხრივ, მხოლოდ ჩვენი ინტერპრეტაციების და თამაშების პოტენციებს წარმოადგენენ.
მაქს ერნსტს, “მიმეზისზე” ასეთი საზიზღარი მონობის მაგალითად, მამამისის (რომელიც ასევე მხატვარი იყო) შემოქმედებითი პროცესის ფრაგმენტი მოაქვს, რომელმაც საკუთარი ეზო დახატა, სადაც შუაში ხის ნერგი ხარობდა - სურათი სახლში რომ შემოიტანა, მასში ნერგის პოზიცია კომპოზიციურად არ მოეწონა და ამოშალა, შემდეგ კი ეზოში გავიდა და ის ნერგი ამოძირკვა, რომ მისი სურათის მსგავსება გარემოსთან არ დარღვეულიყო.
დღევანდელ შემოქმედებით სასწავლებელში პედაგოგმა მოსწავლეს საკუთარი ცოდნა/ხედვა კი არ უნდა “გადასცეს”, არამედ უნდა ეცადოს, რომ სტუდენტს კითხვების დასმა და სამყაროს პრობლემური ხედვა შეაყვაროს. პროფესორმა სტუდენტს მხატვრული ხედვის ინტუიციისკენ უნდა უბიძგოს, რათა მან შესძლოს შექმნას რაიმე იმდენად მნიშვნელოვანი, რასაც საზოგადოებაში კითხვის ნიშნების გაჩენის ძალა შესწევს და საზოგადოებას სამყაროზე მყარ წარმოდგენებს ურღვევს. ეს სწავლების ის დონეა, რომელიც პროფესორის კვალიფიკაციას მასწავლებლის დონისგან გამოარჩევს! ჩვენს ქვეყანას მოაზროვნეები სჭირდება, რადგან დღეს ჩვენს საზოგადოებაში ასეთი კითხვის ნიშნები არ არსებობს.
ლუიზა ლაფერაძე - ფერწერის ლექტორი
როგორც პედაგოგი ვიტყვი, რომ სასწავლო პროცესში რეალურად არსებობს პრობლემები. ამაზე საუბრობენ სტუდენტები და ამაზე ვსაუბრობთ ჩვენც, რადგან სასწავლო პროცესს სწორედ ჩვენი, სტუდენტის და ლექტორის თანამშრომლობა ქმნის.
აკადემიაში ლექტორად მუშაობა ჩემთვის შემოქმედებით პროცესს გულისხმობს, თუმცა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. არის კონკრეტული მოცემულობა, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს სწავლება და ლექტორს მისი შესრულება ევალება. ამ მოცემულობის მიხედვით, ჩვენი მუშაობა რაღაც კონკრეტული შედეგისკენ უნდა იყოს მიმართული და არა თანამშრომლობისა და სტუდენტის ინდივიდუალურ განვითარებისკენ... თუკი პედაგოგი მუშაობის პროცესში თავისუფალი არ იქნება, მაშინ ვერანაირ შედეგზე ვერ ვილაპარაკებთ. რამდენიმე წლის წინ გვქონდა მცდელობა, რომ სახელოსნოში შეგვექმნა ისეთი გარემო, რომელიც სხვადასხვა ფორმებზე ფიქრისა და შემოქმედებითი პროცესის შექმნის საშუალებას მოგვცემდა, თუმცა ამას სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა და რამდენიმე წლით აკადემიიდან წამოსვლა მომიწია.
დღესდღეობით რეალობა არ შეცვლილა, არის ასეთი ვითარება - ლექტორი შედის ლექციაზე, სტუდენტი იღებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არანაირი კითხვა არ უჩნდება. ხშირ შემთხვევაში პროცესი არა დიალოგის, არამედ მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო წლების განმავლობაში აკადემიაში უამრავი ისეთი სტუდენტი სწავლობს, რომელიც აქ იმ მიზეზით მოხვდა, რომ სასურველ სასწავლებელში მოსახვედრად სასურველი ქულების დაგროვება ვერ შეძლო. არაერთი პრობლემა გამოიწვია აკადემიაში მისაღები გამოცდების ფორმამაც.
დღემდე პრობლემურია სასწავლო პროცესის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილის - სემესტრის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების შეფასება. ეს პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, სტუდენტს საშუალება არ აქვს დაიცვას საკუთარი ნაშრომი, ან ის მაინც იცოდეს, რა კრიტერიუმებით ხდება მისი შეფასება.
აკადემია თავის თავზე არ იღებს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, თუ სად და რა ცოდნით უშვებს სტუდენტებს სწავლის დასრულების შემდეგ. ვფიქრობ, რომ ეს დანაშაულია. აკადემიის უკეთეს მომავალზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ამ პროცესში ჩართული თითოეული პირის პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ლევან სონღულაშვილი - ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი
საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნით, განათლების სისტემამ და აკადემიურმა პერსონალმა ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტის პროფესიულ ზრდას და “პიროვნებად” ჩამოყალიბების პროცესს.
შარშან დავასრულე თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო კურსი. დღეს აკადემია, ათწლეულების მანძილზე ნაგროვები პრობლემებით, ჩვენივე სახელმწიფოს ანარეკლია. მივტირით წარსულ ღირებულებებს, ვერც ვინარჩუნებთ მათ და ამასობაში გვავიწყდება მთავარი - აწმყო, რაც მომავლის წინაპირობაა.
ხელოვანის ტრანსგრესია დროისა და სივრცის პარალელურად უნდა გახორციელდეს, თუმცა არა შეძენილი ღირებულებების გაქრობის ხარჯზე. არსებულზე უნდა დაშენდეს ვიტალური, რათა მივიღოთ ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი და არა - პაროდია.
თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს რამდენიმე გამორჩეულ ხელოვანთან მომიწია ურთიერთობა, რაშიც გამიმართლა. თუმცა აკადემიაში უამრავი პრობლემა იყრის თავს, რომლის გადაჭრას პროფესიონალთა მიერ ფრთხილი და ურთიერთშეთანხმებული მუშაობა სჭირდება, რათა თანამედროვე სახელოვნებო ტენდენციებთან სინთეზში აკადემიის მნიშვნელოვანი ტრადიციები (და უნიკალური შენობა) შენარჩუნდეს, ასევე, აუცილებელია რამდენიმე ალტერნატიული ინსტიტუციის შექმნაც.
დღეისათვის, პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს, სამწუხაროდ, განსხვავებული ინტერესები აქვთ. ძნელად მოიძებნება ჯგუფი, რომელსაც ერთიანი და ჩამოყალიბებული, არგუმენტებით გამყარებული პოზიცია აქვს და ტრაფარეტული განცხადებებით არ შემოიფარგლება, რაც კიდევ უფრო კრიტიკულს ხდის არსებულ გარემოებას.
თინათინ კლდიაშვილი - სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
სამხატვრო აკადემიაში, რა თქმა უნდა, აუცილებელია ცვლილებები, იმიტომ, რომ თავად დღევანდელობაც ითხოვს ამას. არ შეიძლება წლების განმავლობაში ერთ ადგილას გავიყინოთ. 25 წელია გამუდმებით მიმდინარეობს რეფორმები, სულ გარდამავალ პერიოდში ვართ, თანაც ამ პროცესიდან 90-იანი წლები შეიძლება საერთოდ გამოვრიცხოთ.
ზოგადად, პრობლემა სახელმწიფოში არსებობს. ჩვენ აბსოლუტურად მიბმული ვართ სახელმწიფო სტრუქტურას და არაერთ საკითხში მასზე ვართ დამოკიდებულები. რა თქმა უნდა, არსებობს შიდა პრობლემები, რომლებსაც ჩვენ თვითონაც დიდი ხანია ვიცით და გვაქვს ხედვები, თუმცა გარკვეულ საკითხებში ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს.
საგანმანათლებლო პროცესში ცვლილებები აუცილებელია და შიდა აკადემიური პრობლემებიც ნამდვილად არსებობს. ამასთან დაკავშირებით სტუდენტების აზრი გასათვალისწინებელია, მაგრამ, როდესაც ისინი ამაზე საუბარს, პრაქტიკულად, სემესტრის ბოლოს იწყებენ, ძალიან რთულია ამ გლობალური პრობლემების ერთი ხელის მოსმით გადაჭრა. რაც შეეხება პატარ-პატარა სეგმენტებს - ყველანაირად ვცდილობთ ამ ყველაფრის მოგვარებას. უფროსები ვერ ამჩნევენ იმას, რასაც ხედავენ ახალგაზრდები და ამას მივესალმები - მათ პრობლემების ერთად გადაჭრას ვთავაზობთ, რისი მოგვარებაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში შეგვიძლია.
უამრავი პრობლემა გვაქვს - აკადემიის შენობა ინგრევა და ელემენტარულად აუდიტორიები არ გვყოფნის ახალგაზრდების დასაკმაყოფილებლად. ეს ყველაფერი თვითონაც არ მოგვწონს და გვინდა გამოვასწოროთ, უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ ამას.
სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჩემი ყოფნა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ერთი წლის განმავლობაში მთლიანად უნდა შეცვლილიყო აკადემიური პერსონალი, თუმცა იურიდიული სტატუსის შეცვლას ახლაც ველოდებით - ადრე საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვიყავით, შემდეგ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირად გადაგვაკეთეს, ახლა ისევ სსიპ სტატუსი უნდა მოგვენიჭოს. ეს იმიტომ, რომ ფაქტობრივად არც ერთი ვართ და არც მეორე. ამ ცვლილებების შემდეგ მომენტალურად გამოცხადდება კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე. ხუთკაციანი აკადემიური საბჭო ათკაციანით შეიცვლება. ეს დადგენილება უკვე მიღებული გვაქვს, რექტორის არჩევნები აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება, თითოეული კანდიდატი საჯაროდ გაგვიზიარებს საკუთარ ხედვებს, მიზნებს, თუ რას უნდა ემსახუროს 4 წლის განმავლობაში და ამ პროცესის განხილვაც საჯარო იქნება.
ბოლო წლებია ვცდილობთ არსებული ვითარების გამოსწორებას, სხვათა შორის, ძალიან ბევრი კეთდება, თუმცა, სამწუხაროდ, მედია ამას ყურადღებას არ აქცევს. ის თითქოს მხოლოდ ნეგატივს ამჩნევს, რაც ზოგადად არსებობს დღევანდელ სოციუმში, ხოლო პოზიტივის მიმართ გულგრილია. ვფიქრობ ეს ყურადსაღებია.
სამხატვრო აკადემია არის სკოლა, სადაც კლასიკური და თანამედროვე აზროვნება უნდა იყოს შერწყმული, რაც თვითმყოფადობის შენარჩუნების წინაპირობაა. თანამედროვეობას აუცილებლად უნდა ავუწყოთ ფეხი. ამას ძალიან სერიოზული განხილვა და მსჯელობა სჭირდება. ეს უნდა მოხდეს ჩვენი, ახალგაზრდებისა და საზოგადოების მონაწილეობით.
გიორგი კევლიშვილი - მხატვარი, სამხატვრო აკადემიის რექტორის ყოფილი მრჩეველი
აკადემიაში დღეს იგივე პრობლემებია, რაც საბჭოთა პერიოდში იყო. იგივე გრძელდებოდა ჩემი სტუდენტობის, შემდეგ კი ჩემი პედაგოგობის დროს. ეს მთლიანად ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის პრობლემაა, რომელიც საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის ერთგვარი ინერციაა. ეს სისტემა ინდოქტრინაციის მანქანას წარმოადგენდა და მისი მთავარი დანიშნულება ხელისუფლების მორჩილი კადრების მომზადება იყო.
იგი პოსტსაბჭოთა ქვეყნების დიდ ნაწილში დღესაც ინერციით მუშაობს. სისტემა, რომელსაც მართავს ხელისუფლება ან რაიმე სხვა ძალები, გარდა უმაღლესი რანგის მეცნიერების/შემოქმედებისა, არ არის ის აკადემიური თავისუფლების სივრცე, სადაც ზოგადად შემოქმედების, მეცნიერების არსებობა შესაძლებელია.
ამდენად, აკადემიაში არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მთლიანად საგანმანათლებლო სივრცის რეფორმაა. არსებული სისტემის ერთადერთი პოზიტიური ალტერნატივა კი დასავლური განათლების სისტემაზე გადასვლაა, რაც ახალმა ხელისუფლებამ თავის ამოცანად დასახა და ამის უზრუნველსაყოფად კომისიაც შექმნა.
დასავლური სისტემა გულისხმობს მოდელს, რომელსაც ჩვენში “ტენუარის სისტემა” დაერქვა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას სხვა ალტერნატივა არ აქვს და ყველანაირი სხვა ძალისხმევისთვის მიმართვა - მაგალითად: ახალი რექტორის არჩევა; “ცუდი” მეთოდოლოგიის “კარგით” ჩანაცვლება - ნიშნავს რეალური პრობლემების გაუცნობიერებლობას და აბსურდია. სტუდენტობიდან მოყოლებული სულ ჩართული ვარ, ან თვალყურს მაინც ვადევნებ სტუდენტურ აქტივობებს და დასანანი იქნება, თუკი ეს ენერგია უაზროდ დაიხარჯება. ვერანაირი პერფორმანსი შედეგს ვერ გამოიღებს, თუკი ამ ძალისხმევის კონტექსტში არ ჩაჯდება.
ტენუარის სისტემის არსი ძალიან მარტივია - უნივერსიტეტი სტუდენტისა და პროფესორის შეხვედრის ადგილია, სადაც მათ შორის შემოქმედებითი თანამშრომლობა უნდა შედგეს და ამ თანამშრომლობით უნდა შეიქმნას ახალი ტიპის აზროვნება, გაკეთდეს აღმოჩენები, განვითარდეს ხელოვნება, მეცნიერება და ა.შ. ეს შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში - როცა პროფესორები თავად არიან მოწოდებით შემოქმედი და მეცნიერი ადამიანები. ტენუირების სისტემა გულისხმობს, რომ უნივერსიტეტში პედაგოგებად უნდა მოვიდნენ ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები და სწორედ მათ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა სტუდენტებთან, ისინი უნდა წარმართავდნენ აკადემიურ პროცესებს. რაც შეეხება იმ საკითხს, ვინ არის ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის პროფესორი, ეს გარე, თავად უმაღლესი რანგის, უკვე აღიარებულ შემოქმედთა რეფერირებით უნდა გაირკვეს. ამგვარად - კაცობრიობისთვის ცნობილი ერთადერთი ობიექტური კრიტერიუმით გამოვლენილი ადამიანები შემდეგ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აკადემიური თავისუფლებით: უვადო კონტრაქტით, შესაბამისი ანაზღაურებით, მუშაობის პირობებით...
ჭორები, რომ სტუდენტების უკან ვიღაც დგას, შეთქმულების თეორიების მიმდევართა ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მეტყველებს. თუმცა ეს პირველ რიგში ახალგაზრდების შეურაცხყოფაა. სამხატვრო აკადემიაში ბოლოდროინდელი აქტივობის პირველივე დღიდან დაიწყო იმაზე საუბარი, თითქოს ამ პროცესების უკან ვიდექი. რეალურად თითქმის ორი წელია აკადემიასთან დაკავშირებულ არანაირ პროცესში პრინციპულად არ ჩავრეულვარ - ვფიქრობ, რომ აკადემიის ადმინისტრაციასთან პოლემიკით შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ძალისმხევა მხოლოდ ხელისუფლებისკენ და საზოგადოებისკენ უნდა იყოს მიმართული. გამუდმებით იმაზე საუბრით, რომ ყველაფრის უკან ვდგავარ, სტუდენტებს ჩემი თავი რამის მითიურ პერსონაჟად დაუხატეს და ამით მხოლოდ მათი ინტერესი გააღვივეს. რამდენიმე სტუდენტი Facebook-ის მეშვეობით დამიკავშირდა, შემდეგ შევხვდი მათ. არ არსებობს ძალა, რომელმაც შეიძლება მაიძულოს არ შევხვდე სტუდენტებს, როცა ეს ინიციატივა მათგან მოდის.