Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერი ერის წინააღმდეგ

15 მაისი 2014

ყველაფერი, რაც აქ და ახლა ხდება, სადმე აუცილებლად მოხდა უკვე. ასეა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებული აურზაურის შემთხვევაშიც. 2011 წელს მოლდავეთში მართლმადიდებელი კონსერვატორების ბრძოლას კანონის პროექტის წინააღმდეგ ამერიკელი პასტორი და ადვოკატი სკოტ ლაივლი ჩაუდგა სათავეში.

ლაივლი, რომელიც სამშობლოში საკმაოდ საეჭვო რეპუტაციით სარგებლობს, კიშინიოვში მართლმადიდებლობის დასაცავად გამართულ მგზნებარე შეხვედრებზე აცხადებდა:

“სექსუალურ ორიენტაციაზე დამყარებული ანტიდისკრიმინაციული კანონი არის თესლი, რომელიც შეიცავს ჰომოსექსუალთა პოლიტიკური გეგმების მთელ ხეს, თავისი შხამიანი ნაყოფით. თუ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ამოქმედებას დაუშვებ, კანონების და მთავრობის ძალა ჰომოსექსუალ აქტივისტებს ჩაუვარდებათ ხელში და ის ადამიანები, რომლებიც ჰომოსექსუალობას არ ამართლებენ, კრიმინალებად იქცევიან”.

შეთქმულების თეორია თეორიად დარჩა. მოლდაველებმა კანონი მიიღეს და უკვე ერთი თვეა უვიზოდაც დადიან ევროკავშირის ქვეყნებში. ჰომოსექსუალთა დიქტატურის შესახებ მედიაში ჯერჯერობით ცნობები არ გავრცელებულა.

კანონი, რომლითაც სქესის, ეთნიკურობის და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ადამიანების ჩაგვრა იკრძალება, ყველა იმ ქვეყანაში მოქმედებს, რომელიც თავს დემოკრატიულ სამყაროს მიაკუთვნებს. მათ შორის ევროპის მართლმადიდებლურ სახელმწიფოებშიც. ადამიანის უფლებების დაცვა დასავლური ცივილიზაციის საფუძველი და ანა-ბანაა. კეთილდღეობასა და სამოქალაქო თანხმობაში მცხოვრები დასავლეთის ასეთად ჩამოყალიბება დიდწილად გასული საუკუნის 60-იანმა წლებმა განაპირობა. მაშინ იქ მიმდინარე პროცესებს ახლა “სექსუალურ რევოლუციადაც” მოიხსენებენ.

ტრადიციული რელიგია იქაც პროცესის გაცხარებული წინააღმდეგი იყო. ჰომოსექსუალური კავშირები კათოლიკებშიც ისეთივე მძიმე ცოდვად ითვლება, როგორც მართლმადიდებლებში. ამ მხრივ დღესაც არაფერი შეცვლილა. ცოდვა დღესაც ცოდვაა. უბრალოდ, იქ შეთანხმდნენ, რომ არის ცოდვა და არის დანაშაული. არის ერი და არის ბერი. ისინი კი ერთმანეთის საქმეებში არ ერევიან.

საზოგადოების ემანსიპაცია ყველგან რთული იყო და მტკივნეული. თუ ჩვენ თავს დასავლურ კულტურულ სივრცესა და ქრისტიანულ სამყაროს მივაკუთვნებთ, სეკულარული სახელმწიფო ჩვენი ბედისწერაა. სხვა არჩევანი არც არსებობს, რუსეთს თუ არ ჩავთვლით.

როდის დაიწყო სეკულარიზმის კრიზისი უახლეს საქართველოში?

1989 წლის 9 აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ რუსთაველზე შეკრებილ ხალხს დაშლისკენ და ეკლესიებში სალოცავად შესვლისკენ მოუწოდა. მაშინ ხალხი არ დაშლილა - პოლიტიკოსებს დაუჯერეს, პატრიარქს - არა.

“მის უწმინდესობას ჩვენს ცხოვრებაში სახიფათოდ დიდი ადგილი უკავია. იმიტომ, რომ მას მოუწია იმ სიცარიელის შევსება, რაც ჩვენს საზოგადოებაში და სახელმწიფოში სუფევდა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ამ ქვეყანაში შევქმნათ სამართლიანი სასამართლო, სადაც ამქვეყნიური ცოდვა-მადლი გაირკვევა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ძლიერი სახელმწიფოს აშენება, რომელიც შესძლებს დაიცვას ჩვენი მოქალაქეები”, - ეს კი უკვე 2013 წლის 3 იანვარია. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პატრიარქს 80 წლის იუბილეს ფილარმონიის სცენიდან ულოცავს.

ქართველ ხელისუფალთა შორის სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამიჯვნის სურვილისა და ნების ასე ერთმნიშვნელოვნად გამოხატვა მანამდე არავის გაუბედავს. საჯაროდ არავის უხსენებია ერთად “პატრიარქი” და “სახიფათო”. “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებში აგრესიული ძალის გამოყენებით, მათრახით ალაგმა განსაკუთრებულად რეაქციონერი მღვდლების თავგასულობა, მალევე იგრძნო ეკლესიის ძალა და თაფლკვერის პოლიტიკაზე გადავიდა. ხშირად სადავო საგადასახადო შეღავათებით, საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდითა და ყბადაღებული ჯიპებით “ნაციონალებმა” სრულიად გარყვნეს სასულიერო იერარქიის ნაწილი. ფული და ძალაუფლება ბერსაც ისე რყვნის, როგორც ერს.

ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის პოსტსაბჭოური ძლევამოსილება ბნელ 90-იანებში იღებს სათავეს. სამოქალაქო და ანტი-სეპარატისტული ომებით, ეკონომიკური სიდუხჭირით, უშუქობით, უსამართლობით, უიმედობით გატანჯული და სასოწარკვეთილი ადამიანები ხსნას ირაციონალურშიღა ხედავდნენ. სულიერებისგან, სამწუხაროდ, ხშირად დაცლილ რიტუალებსა და ქცევებში პოულობდნენ შვებას. როგორც ერში, ასევე ბერში ამას განათლების მკვეთრმა დეფიციტმაც შეუწყო ხელი. ქვეყნის ყველა კუთხეში სოკოებივით ამოზრდილ “სარდაფის უნივერსიტეტებში” ნასწავლ პედაგოგებთან, ექიმებთან, იურისტებთან ერთად მომრავლდნენ ემპირიულად გაუნათლებელი მღვდლები.

საბჭოთა საქართველოს ნანგრევებზე სახელმწიფოს მეთაურად მოსკოვიდან დაბრუნებულ ედუარდ შევარდნაძეს ეკლესიისთვის ანგარიშის გაწევა თავიდანვე უხდებოდა. პოლიტიკოსს, რომლისთვისაც ათეული წლების მანძილზე მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, სულ უფრო ხშირად ვხედავდით ხოლმე ეკლესიებში, ანთებული სანთლებით ხელში. ჭარმაგი შევარდნაძე მეორედ მოინათლა კიდეც. ნათლია პატრიარქმა მას ნათლობის სახელად გიორგი შეურჩია. “თეთრ მელად” წოდებულმა პოლიტიკოსმა ეკლესიასთან ურთიერთობაშიც კონიუნქტურას მიყოლისა და მუდმივი ბალანსის პოლიტიკა აირჩია. ის იყენებდა ეკლესიის ავტორიტეტს, რა დოზითაც სჭირდებოდა ხოლმე, თუმცა დროდადრო ბრჭყალებსაც აჩენდა. ასე მაგალითად, 1995 წლის 25 დეკემბერს, ოპერის თეატრში, პატრიარქის აღსაყდრების იუბილეზე, შევარდნაძემ ღიად ისაუბრა საკუთარ როლზე ილია მეორის პატრიარქად კურთხევის საქმეში. მაშინ ეს ბევრმა ეკლესიის უმაღლეს იერარქებზე მისი გავლენის დემონსტრაციად მიიჩნია.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყანაში დაწყებული მოდერნიზაციის პროცესი ეკლესიას არ შეხებია. დაპირისპირების ხანმოკლე ფაზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მღვდელმთავრების ლოიალობის პრივილეგიებითა და ფულით მოსყიდვა დაიწყო. ამით მან ერსაც და ბერსაც ცუდი სამსახური გაუწია. სააკაშვილი ეკლესიის ავტორიტეტს ხშირად პოლიტიკური პროცესის სამართავად იყენებდა. 2008 წლის 25 მარტს ოპოზიციის ლიდერებმა ჩვიდმეტდღიანი შიმშილობის აქცია ისე შეწყვიტეს, რომ ვერ აიძულეს ხელისუფლება დათმობებზე წასულიყო, რომლებიც ძირითადად საარჩევნო საკითხებს შეეხებოდა. შიმშილობის შეწყვეტა პოლიტიკოსებს პარლამენტის წინ მისულმა პატრიარქმა სთხოვა. “ქვეყანაში ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც მის უწმინდესობას სურს”, - აცხადებდა მაშინ საპროტესტო მოძრაობის არაფორმალური ლიდერი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (“უცნობი”).

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენისთანავე ქართული საეკლესიო და პოლიტიკური ისტებლიშმენტისათვის შოკისმომგვრელად ღიად განაცხადა, რომ ის ათეისტია. მართალია, მას ამ განცხადების რელატივირება მალევე მოუხდა (მაგალითად, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის საქმეში მისი წვლილის მოშველიებით), მაგრამ ივანიშვილის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის (საზოგადოებაში დღეს დამკვიდრებული გაგებით) ცოტას თუ სჯერა, განსაკუთრებით ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ. ფაქტით უკმაყოფილო სასულიერო პირები და პოლიტიკური ქულების მიღების იმედით მათთან მიტმასნილი პოლიტიკოსები ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კანონისთვის ხმის მიცემაზე თანხმობა ივანიშვილმა 25 აპრილის დახურულ შეხვედრაზე “თითის ქნევით” აიძულა.

თუ კოალიციის სიჭრელეს გავითვალისწინებთ, ეს ვერსია სიმართლისგან შორს არ უნდა იყოს. სხვანაირად ძნელი ასახსნელია, რამ დააყენა ერთ ჭკუაზე, მაგალითად, სოსო ჯაჭვლიანი და ლევან ბერძენიშვილი.

პოლიტიკური აქტის დრამატურგიულად ბოლო აკორდი იყო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხმამაღლა წაკითხული იმ დეპუტატების სია, რომელთა მომხრე ხმები კომპიუტერულმა სისტემამ არ აღრიცხა. განგების უცნაურობით ამ სიაში განსაკუთრებულად “ღვთისმოსავი” პარლამენტარები მოხვდნენ. უცნაური, მაგრამ ახსნადია ისიც, რომ კანონპროექტზე კენჭისყრისას დარბაზში არმყოფთა უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აღმოჩნდა.

ამ ყველაფერს ქუთაისის პარლამენტის შუშაბანდებში გამართული ნამდვილი პოლიტიკური ბრძოლა უძღოდა წინ. როგორც პოლიტიკური ბრძოლების კონიუნქტურა მოითხოვს, ფრონტის ხაზზე ეკლესიის პოზიციას რადიკალები განსაკუთრებით იცავდნენ. ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოსმენაზე რამდენჯერმე ღია მუქარამაც გაიჟღერა. საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებების ტონი უფრო მოზომილი იყო, ჩანდა უკიდურესად რადიკალი მღვდლებისგან დისტანცირების მცდელობა. თუმცა უმაღლესი საეკლესიო იერარქიის წარმომადგენლები ზოგიერთი სასულიერო პირის აშკარად შავრაზმულ განცხადებებს არც ამ მოზომილ გზავნილებში გამიჯნვია. სამაგიეროდ, მყისიერი იყო პატრიარქის სამდივნოს რეაქცია, როცა პარლამენტში გამართული დახურული შეხვედრიდან გამოსულმა მღვდლებმა თქვეს, რომ პროექტში საფრთხეს ვეღარ ხედავდნენ. ეკა ბესელიას მიერ სასწაულებრივად გადარწმუნებული მღვდლების მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარები საპატრიარქომ მალევე გამოაცხადა ამ მღვდლების კერძო პოზიციად.   

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საქართველოს პარლამენტში ერთხმად მიღებული კანონი საზოგადოების კონსენსუსის ნაყოფი მაინც არ არის. ისინი, ვინც ანტიდისკრიმინაციულ კანონში ერის გადაგვარების საფრთხეს ხედავდნენ, დღესაც ასე ფიქრობენ. ასეთები, სავარაუდოდ, კანონპროექტის მხარდამჭერ დეპუტატებშიც არიან. გამოსავალი მხოლოდ ქართული სახელმწიფოსა და მართლმადიდებლური ეკლესიის დიალოგშია. ეს არ არის იოლი, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს.

სახელმწიფოსა და ეკლესიის - ერისა და ბერის, ერთმანეთისგან მშვიდობიანი გაყრის ყველაზე ოპტიმალური გზა “უღმერთოთა პარტიად” შერაცხული “რესპუბლიკელების” ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შემოგვთავაზა. 21 თებერვალს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ უსუფაშვილმა თქვა: “ამ ტიპის პრეზიდენტის მთავარი ამოცანა მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში არის ის, რომ შეუმსუბუქოს ტვირთი საქართველოს სულიერ ლიდერს, მის უწმინდესობას. საქართველოს პრეზიდენტმა უნდა შეუმსუბოს მორალური ავტორიტეტობის ის ტვირთი, რომელიც მას აწევს”.   

ჯერ რთულია ნათლად დავინახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული ეს კანონი - ამისთვის ძალიან ცოტა დროა გასული. და ჰომოსექსუალთა უფლებები აქ სულაც არ არის მთავარი. კანონი ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ სეკულარული სახელმწიფოსკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. სეკულარული სახელმწიფო კი ჩვენი ბედისწერაა, თუ თავს დასავლური კულტურული სივრცისა და ქრისტიანული სამყაროს წევრად მივიჩნევთ. სხვა ქვეყნების მაგალითები უკვე გვაქვს. ყველაფერი, რაც აქ და ახლა ხდება, სადმე ხომ აუცილებლად მოხდა უკვე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^