Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კულტურული მემკვიდრეობა და ეკოლოგია - დავით ნარმანიას აქცენტები

16 მაისი 2014

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის ყოფილი მინისტრის, ამჟამად კი მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამა ყველაზე დიდ აქცენტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარებასა და დედაქალაქის გამწვანებაზე აკეთებს. „ოცნების“ გუნდის მერიის ბიუჯეტიდან სოციალურ პროგრამებზე 4 წლის განმავლობაში 800 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.


თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებში დიდი ადგილი უკავია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების საკითხებს. როგორ გესახებათ დედაქალაქის ისტორიული უბნების იერსახის შენარჩუნება და მათი სწორი განვითარება?

ქალაქის იერსახის შენარჩუნება,  კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი საწყისი ნაწილია. ვგულისხმობთ ქალაქის ძველი, ისტორიული უბნების რეაბილიტაციას იერსახის შენარჩუნებით. ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია,  რათა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ, და მეორე მხრივ, განვაახლოთ, რათა ქალაქმა პირვანდელი სახე არ დაკარგოს, მიმზიდველი იყოს როგორც ადგილობრივი დამთვალიერებლების, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.

პირველ ეტაპზე განვითარების კონცეფცია უნდა მომზადდეს. ეს კონცეფცია უნდა დაეყრდნოს იმ მასალებს, რომლის ნაწილიც  მერიაში ინახება. ამასთან, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რესტავრატორებს აქვთ საკმაოდ ღირებული მასალები, რომლებსაც ასევე უნდა დავეყრდნოთ და კონცეფცია შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით მომზადდეს.  

პროგრამის მიხედვით, იმ ნაწილში, სადაც საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეა საუბარი, ძირითადად, თბილისის ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს ფული, მაგრამ ასევე შემოთავაზებული გვაქვს საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმა. ამ შემთხვევაში სწორედ მერია აგვარებს საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ნაწილს და სხვა დანარჩენში ფულს კერძო ინვესტორი დებს.

ამ კუთხით, მნიშვნელოვანია გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, რომელთან დაკავშირებითაც „ტფილისის ჰამქართან“ მემორანდუმი გავაფორმეთ, რათა აქედანვე აგვეღო პასუხისმგებლობა და მზრუნველობა ამ ადგილზე. თუმცა ის არ არის ერთადერთი ნაწილი, რომლის სწორი რეაბილიტაციაც აუცილებელია.

არის პრაქტიკაც, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი კერძო მფლობელობაში გადადის, თუმცა ინვესტორს ამ დროს საინვესტიციო პირობებში ეწერება, როგორი უნდა იყოს რეაბილიტირებული ობიექტი, რა უნდა გაკეთდეს შიგნით. ზოგადი განვითარების კონცეფცია როცა დგება, ამ კონცეფციის მიხედვით განისაზღვრება ისიც,  რისი გაკეთება შეიძლება და რისი - არა და ეს შემდეგ კონკრეტულ საინვესტიციო ვალდებულებებში იდება.

2005-2013 წლებში მთავრობამ  დააფუძნა ფონდები, რომლებიც ქალაქის რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე აგებდნენ პასუხს. ჯამში 680 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დღემდე საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ამ ფონდების საქმიანობის ანგარიშები და რეალური ხარჯთაღრიხვა. თუ გეგმავთ ამ ფონდების საქმიანობის გამოძიებას და როგორ გააგრძელებთ ამ ტიპის სამუშაოების განხორციელებას?

თბილისის მერიამ თავის დროზე ეს ფონდები („თბილისის განვითარების ფონდი“ და „ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი“) სწორედ იმისთვის დააფუძნა, რომ საბიუჯეტო თანხები ამ ფონდებში გადაეტანათ და შემდეგ შესყიდვების კანონმდებლობის გვერდის ავლით მოეხდინათ უბნების რეაბილიტაცია.

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა ფონდების საქმიანობასთან დაკავშირებით. დღემდე ინფორმაციის დიდი ნაწილი არაა გასაჯაროებული. ცნობილია მხოლოდ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგები, რომლებიც ამ ფონდების საქმიანობას აკვირდებოდნენ, თუმცა ისინიც ძალიან ბევრ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ.

საზოგადოებრივი ინტერესიც ძალიან მაღალია, ამიტომ პირველ ყოვლისა, ფონდის საქმიანობას საჯაროდ გამოვიტანთ, მასალებს გამოვაქვეყნებთ, მეორე მხრივ კი, ფონდების საქმიანობას მნიშვნელოვნად გადავხედავთ. მოვიფიქრებთ სხვა ტიპის მენეჯმენტს, უფრო გამჭვირვალეს, რომელიც საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეტ ჩათულობას უზრუნველყოფს.

ზოგიერთი ობიექტი დღემდე რჩება „თბილისის განვითარების ფონდის“ საკუთრებაში, მაგალითად, გუდიაშვილის მოედანი. თუმცა ქალაქის იმ ნაწილში, რომელიც ფონდის მონაწილეობით აღდგა, მაგალითად, აღმაშენებლის გამზირი, ფინანსურის გარდა, იერსახესთან დაკავშირებითაც ბევრი დარღვევაა. რესტავრაცია არ მოხდა იმ ღირებულებებისა და ფორმის შენარჩუნებით, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა.

ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადეთ, რომ ეს ფონდები გაუქმდება...

გამორიცხულია არა საერთოდ გაუქმდეს იმიტომ, რომ შესაძლებელია ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული პირდაპირ მიემართებოდეს კომპანიებს, რომლებიც რეაბილიტაციას განახორციელებენ. ამიტომ ფონდის, როგორც ცალკე მმართველის აუცილებლობა არ არსებობს თუ სხვა ტიპის მენეჯმენტს მოვიფიქრებთ.

რა ფორმაც დარჩება ამ ტიპის სამუშაოებისთვის, ყველა შემთხვევაში, მერიის ბიუჯეტიდან და რაიონული გამგეობის ხარჯთაღრიცხვიდან წარმოებული ყველა შესყიდვა აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონს.

ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში ბოლო წლებში სისტემატურად შედიოდა ცვლილებები. მერიის შესაბამისი სამსახურები პრაქტიკულად ყოველდღიურად ცვლიდნენ განაშენიანების კოეფიციენტებს მერიაში შესული კონკრეტული განცხადებების, მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორის ძველ უბნებში. ამგვარი პრაქტიკა გაგრძელდება თუ პირიქით, შეიზღუდება?

პირველ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა. ის, რაც 2009 წელს გაკეთდა, არ არის განაშენიანების გენგეგმა, ის მხოლოდ გარკვეული რეგულაციების ნაკრებია. ჩვენ გვაქვს პრეტენზია უფრო დახვეწილი და მოწესრიგებული გენგეგმის მომზადებაზე, რომლის მთავარი დანიშნულებაც არა რაიმეს შეზღუდვა იქნება, არამედ, ხაზგასმით - რეგულირება წესრიგისთვის.

თუ გენერალურ გეგმაში ხშირი ცვლილებები ხორციელდება, ეს ნიშნავს, რომ ის არ არის სტაბილური, განვითარებაზე ორიენტირებული დოკუმენტი. ამ გეგმაში თავიდანვე უნდა განვსაზღვროთ ძირითადი ჩარჩო, განვითარების ძირითადი ორიენტირები. დავადგინოთ კონკრეტული კოეფიციენტები და ამ კოეფიციენტების ფარგლებში განხორციელდეს შემდეგ ნებისმიერი საქმიანობა.

ისტორიულ უბნებში, სხვა უბნებთან შედარებით, კოეფიციენტები უფრო დაბალი იქნება. შეიქნება გარკვეული ჩარჩოები კოეფიციენტებთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე კონკრეტული არქიტექტურული პროექტი იქნება განხილული. მხოლოდ იმ შემთხვევაში დამტკიცდება ესა თუ ის პროექტი, თუ დადასტურდება, რომ ის ამ ჩარჩოებში ჯდება. სხვა შემთხვევაში ავტორს მიეცემა რეკომენდაცია ცვლილებებზე.

განაშენიანების გენერალური გეგმით რამდენიმე პრინციპული საკითხის დარეგულირება გვინდა.

განაშენიანების გენგეგმაში აუცილებლად უნდა გამოიყოს გამწვანებისა და რეკრეაციული ზონები, სადაც ხეების ჭრა  მკაცრად შეზღუდული იქნება. გამოიყოფა ასევე ახალი ტერიტორიები გამწვანებისთვის. გეგმით იქნება გამოყოფილი ცალკე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უბნები, და ცალკე სხვა უბნები, რომლებსაც განაშენიანების სხვადასხვა პირობები ექნებათ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გენგეგმაში შრეების მიხედვით დატანილი იყოს ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურა: გზები, ხიდები, გვირაბები, კომუნიკაციის საშუალებები. ასევე ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი სამრეწველო ზონები, სადაც კომპანიების საქმიანობის სტიმულირებისთვის, სხვადასხვა საქმიანობაზე ლიბერალური რეჟიმი გავრცელდება.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა იქნება მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტი. თანამედროვე პირობებში ეს უნდა იყოს ელექტრონული ფორმით, გეოინფორმაციული სისტემის მატარებლებზე, რაც მართვას უფრო მეტად გააადვილებს. მასში მუდმივი ცვლილებები არ უნდა შედიოდეს. ცვლილებები მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს ობიექტური აუცილებლობით იქნება გამოწვეული.

ექსპერტების ჩართულობის შესახებ ბევრი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოუსმენია ამომრჩეველს. უშუალოდ რა მექანიზმით უზრუნველყოფთ სპეციალისტების ჩართულობას?

ექსპერტების ჩართულობის უზრუნველსაყოფად იქნება ორი ფორმა: ერთი - საჭიროების მიხედვით, კვალიფიციური ექსპერტების დაქირავება მერიის მიერ, როგორც დამატებითი სამუშაოს შემსრულებლებისა და მეორე, საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოები, მაგალითად, არქიტექტორთა საბჭო მერიაში ერთ-ერთი ძლიერი ორგანო უნდა იყოს, რომელიც შემოსული არქიტექტურული პროექტების გენგეგმასთან შესაბამისობას უნდა განიხილავდეს, იძლეოდეს რეკომენდაციებს და ასე შემდეგ.

ბევრი კითხვა არსებობს მერიის არქიტექტურის არსებულ სამსახურთან, მშენებლობის ნებართვების გაცემის პრაქტიკასთან დაკავშირებით...

არქიტექტურის სამსახურთან დაკავშირებით ნამდვილად ბევრი კითხვაა, მაგრამ კითხვები არსებობს კანონმდებლობასთან მიმართებითაც. საკანონმდებლო ჩარჩოები ძალიან ზოგადია, ნორმები იმგვარადაა ფორმულირებული, რომ ბევრი სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს მერიის შესაბამის სამსახურებს. ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს და დალაგდეს.

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის თაობაზე თქვენ განაცხადეთ, რომ ეს პირადი ინტერესების სანაცვლოდ საზოგადოებრივი ინტერესების დაზიანების კლასიკური მაგალითია . რა გამოსავალს ხედავთ ვაკის პარკთან და სხვა პრივატიზებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომლებიც მწვანე ნარგავებითაა დაფარული?

თუ პრივატიზება კანონიერადაა განხორციელებული, სამწუხაროდ, ასეთი ტერიტორიები მესაკუთრეს ვერ ჩამოერთმევა, რადგან საკუთრება კანონმდებლობით არის დაცული.

მაგრამ იქ, სადაც პრივატიზებულია ტერიტორია შუაგულ პარკში, ან საზოგადოებრივად მნიშვნელოვან რეკრეაციულ ზონაშია, ჩვენ ნებაყოფლობის საფუძველზე კომპანიას შევთავაზებთ ადგილმონაცვლეობას - ალტერნატიულ ტერიტორიას.

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა ზუსტად იმ რეგულაციებში ჯდება, რომელიც  კანონმდებლობაშია განხორციელებული და რომლის მიხედვითაც, იქ მშენებლობა კანონიერია. ცალკე თემაა, როგორ გაიცა, როდის, ვისზე და ა.შ. იმ დროისთვის, როცა ჩვენ მერიაში შევალთ, თუ მშენებლობა უკვე დაწყებული არ იქნება, შევთავაზებთ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობას და ვფიქრობ, ეს ინვესტორსაც უნდა აძლევდეს ხელს, მერიასაც და საზოგადოებასაც.

იმ შემთხვევაში კი, როდესაც ტერიტორია პრივატიზებულია, მაგრამ მშენებლობის ნებართვა ჯერ არ არის გაცემული, კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ კომპანია შუაგულ პარკში მშენებლობაზე ნებართვას ვეღარ მიიღებს.

პარკებში სკვერებში, გამწვანებულ ტერიტორიებზე მშენებლობა მკაცრად იქნება შეზღუდული. ისედაც ძალიან ცოტაა მწვანე სივრცე და ამიტომ ამ მხრივ შესაბამისი რეგულაციები დაწესდება. მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც სპეციალურადაა გაკეთებული იმისათვის, რომ ასეთ ზონებში მშენებლობა შესაძლებელი გამხდარიყო, შეიცვლება.

დღეს არსებობს „კანონიერი უკანონობა“ - დაკანონებულია ის, რომ პარკებში, სკვერებში, შესაძლოა გაიცეს მშენებლობის ნებართვა მნიშვნელოვანი და განვითარებასთან დაკავშირებული ობიექტის ასაშენებლად.

 ამიტომ წესრიგი უნდა დამყარდეს, როცა ჩვენ გვექნება შესაბამისი პოლიტიკა და ჩარჩოები, ყველა ვალდებული იქნება ამ წესებს დაემორჩილოს. განვითარებისთვის იარსებებს სხვა სივრცეები და არა პარკების შუაგული. ამიტომ ვისაც მშენებლობები დასჭირდება, იქნება ცალკე ტერიტორიები, შესაბამისი კოეფიციენტებით, სადაც მათთვის სასურველი მშენებლობა ნებადართული იქნება.

სპეციალური ზონალური შეთანხმებები აღარ გაფორმდება?

ზონალური შეთანხმებები მნიშვნელოვნად შეიზღუდება. მერიის შიგნითაც ძალიან ბევრი რამე გვექნება შესასწავლი, რადგან წლების განმავლობაში ინფორმაციის დიდი ნაწილი დახურული იყო და ამიტომ ბოლომდე ყველა ინფორმაციასთან წვდომა არ გავქვს, მათ შორის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან დაკავშირებულ ნიუანსებზე. მერიაში არსებულ ინფორმაციას გავაანალიზებთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას სპეციალურ ზონალურ შეთანხმებებთან დაკავშირებითაც.

„პანორამა თბილისის“ პროექტიმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მოცემულ ადგილას, მოცემული პარამეტრებით, თქვენთვის ამ პროექტის განხორციელება მისაღებია?

ეს არის 800 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველია და მართლაც ნებისმიერი საღად მოაზროვნე მერი ინატრებდა ამ მოცულობის ინვესტიციას. ეს ზრდის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას, ხელს უწყობს დასაქმებას მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში, ამიტომ როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით, მიმზიდველი პროექტია.

რაც შეეხება მის არქიტექტურულ მხარეს და მემკვიდრეობასთან შესაბამისობას, ეს ის საკითხებია, რომლებზეც შესაბამისმა სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. ამ შემთხვევაში მსჯელობა დაიწყო მანამდე, ვიდრე შესაბამისი პროექტი იქნებოდა წარმოდგენილი. ჯერ კიდევ არაა მზად საბოლოო პროექტი, რამდენიმე ალტერნატივაა შემოთავაზებული. როცა საბოლოო საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდება და მერიას წარედგინება, უნდა მოხდეს ფართო საჯარო განხილვები გარემოსდამცველების, არქიტექტორების, ურბანისტების, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტების ჩართულობით, რათა ყველა ნიუანსი იქნას აწონილ-დაწონილი და ამის საფუძველზე იქნას გადაწყვეტილება მიღებული.

ვიცით ადგილი, სადაც არის პროექტი შემოთავაზებული, მაგრამ როგორი ფორმის შენობები ჩაიდგმება, არაა ცნობილი, არც საბაგიროების საკითხია ბოლომდე გადაწყვეტილი. მერია და ინვესტორი მოლაპარაკების პროცესში არიან.

მერიამ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები გაუგზავნა ინვესტორს და ამის შესაბამისად გრძელდება პროექტის მომზადება. როცა საბოლოო პროექტი იქნება განსახილველად შეტანილი, უფრო დეტალურად შეგვეძლება ვისაუბროთ ამ საკითხებზე. მთავარია ეს პროექტი კონსენსუსის გზით, ძირითადი წესებისა და რეგულაციების, მოთხოვნების დაცვით  მომზადდეს.

სპეციალისტების აზრი 800 მილიონიან ინვესტიციას გადაწონის?

თუ იქნება ძალიან მკაცრი უარი და ყველა ერთხმად იტყვის, რომ ეს პროექტი წინააღმდეგობაში მოდის ყველაფერთან და არ უნდა გაკეთდეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პროექტის განხორციელება არც ინვესტორს ენდომება. პროექტი მას სჭირდება განვითარებისთვის და მოგების მისაღებად. ასეთი წინააღმდეგობის შემთხვევაში ის ვერ მოიზიდავს იმ მოცულობით ტურისტებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომელიც მას პროექტის მომგებიან საქმედ ქცევისთვის სჭირდება.

თბილისი „მერების შეთანხმების“ მხარეა, როგორ აპირებთ ქალაქში CO2-ის ემისიების შემცირებას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და ენერგოეფექტური მშენებლობების დანერგვას, რაც დედაქალაქს მოეთხოვება, როგორც საერთაშორისო შეთანხმების მონაწილეს?

ამ სამი მიმართულებით განსახორციელებელი გეგმები გათვალისწინებულია ჩვენს პროგრამაში. პირველ ყოვლისა, აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ ქალაქის გამწვანებაზე და 1 მილიონამდე ხის დარგვა უფრო გამწვანებული ქალაქის მისაღებად და CO2-ის მისაღებადაა გათვლილი.  ამას ხელს შეუწყობს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობა.

ეტაპობრივად ელექტროტრასპორტით ჩანაცვლოება, სატრანსპორტო კვანძების დარეგულირება- განვითარება - გვაქვს 10 მზა პროექტი, რათა საცობებისგან ნაწილობრივ განიტვირთოს ქალაქი.

პირველ ეტაპზე  სატრანსპორტო ნაკადების კვლევა უნდა ჩავატაროთ, რომლითაც გამოჩნდება გადატვირთული და პირიქით, ისეთი უბნები, სადაც ტრანსპორტი უნდა განვითარდეს. აუცილებელია, რომ სატრანსპორტო ქსელი უფრო გავშალოთ და გადავანაწილოთ სხვადასხვა უბანზე. ამის სწორად განხორციელების შესაძლებლობას სწორედ ეს კვლევა მოგვცემს, რომელიც აპრობირებულია და ევროპის ბევრ დედაქალაქში იყენებენ,

მომზადებული 10 პროექტი ითვალისწინებს ქალაქის ცალკეული უბნების ტერიტორიებზე არსებული საცობების განტვირთვას, კერძოდ, ეს არის  იგივე თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზე, ვაკე საბურთალოს გზაზე ესტაკადის გაკეთება, სანაპიროს გაგანიერება „ლაგუნა ვერესთან“, სადაც ასევე საცობებია.  ძირითადად, ყველა პროექტი ითვალისწინებს მოძრაობის დარეგულირებას, რათა საცობები არ შეიქმნას, მძღოლებს გადაადგილება გაუადვილდეთ და გარემო უფრო მეტად არ დაბინძურდეს.

როცა გამოვაცხადებთ საჯარო დაწესებულების მშენებლობაზე ტენდერებს, პირობებში ენერგოეფექტურობაზე მოთხოვნებს აუცილებლად ჩავდებთ, ისევე როგორც უკვე ეტაპობრივად კერძო მშენებლობის ნებართვის პირობაც იქნება ენერგოეფექტიანი პროექტის წარმოდგენა.

ენერგოეფექტური ნაგებობების მოთხოვნა ინვესტორის ხარჯებს გაზრდის მოკლევადიან პერიოდში, უშუალოდ მშენებლობისას, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში მესაკუთრე იმდენ ეკონომიას გასწევს გათბობისა და სხვა თვალსაზრისით, რომ მშენებლობისას მეტი ინვესტიციის გაღება თავადაც უნდა უღირდეს. ამ კომპლექსური ღონისძიებებით შესაძლებელი იქნება შესაბამისი შედეგის მიღება.

ვგეგმავთ მდინარე მტკვრის გაწმენდას და მის სარეკრეაციო ზონად გარდაქმნასაც. მტკვარი ერთ-ერთი დაბინძურებული მდინარეა ჩამდინარე წყლების ანუ ე.წ. კანალიზაციის თვალსაზრისით. მდინარეს ასევე ძალიან ბევრი სხვა ნაგავი მოაქვს და ორივე კუთხით გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია.

ერთი მხრივ, არსებობს ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც, ჩამონატანი ნაგვის გასუფთავება შესაძლებელია თბილისის შემოსასვლელთან და ვფიქრობთ ამ ტექნოლოგიის გამოყენებაზე. მეორე მხრივ, კანალიზაციისგან მტკვრის გაწმენდა არის თბილისის წყლის საინვესტიციო ვალდებულება, რომელიც მას ხელშეკრულებაში უდევს. უბრალოდ მას სჭირდება მხარდაჭერა მერიის მხრიდან, რომ ექსპლუატაციაში გადაეცეს ის ქსელები და სისტემები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მათი საკუთრება და ამის შემდეგ შეძლონ შესაბამისი პროექტების განხორციელება. გარდა ამისა, სანაპირო ტერიტორია, რომელიც ჯერ კიდევ არაა გასხვისებული და ქალაქის საკუთრებაა, გამწვანდება და  ვფიქრობთ, გავაკეთოთ საველოსიპედო ბილიკები, სასეირნო ტერიტორიები. ცოტა შორეული და ძვირადღირებული პერსპექტივაა, თუმცა შესაძლებელია მტკვარი გამოყენებულ იქნას პატარა გემების სანაოსნოდაც ტურისტული თვალსაზრისით,

თუმცა თავიდან, აუცილებელია დავიწყოთ მდინარის გაწმენდა, სანაპიროების მოწესრიგება და რეკრეაციულ ზონად განვითარება.

როგორ აპირებთ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას?

ჩვენი ხელისუფლების პირობებში საბავშვო ბაღები უფასო გახდა და ამან ბევრ მშობელს მისცა საშუალება ბავშვები ბაღში მიეყვანათ. მაგრამ ბაღების რაოდენობა და ინფრასტრუქტურა არასაკმარისია. ბევრ უბანში ბაღები შესაკეთებელია და ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია. ბევრი ბაღი გაიყიდა კიდეც. თბილისში დღეს 150-მდე ბაღია, მაგრამ დაახლოებით 60-70 ბაღის დამატება-განვითარება იქნება საჭირო, რათა ბაღებზე არსებული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.

ამისთვის ჩვენ ტიპიურ პროექტებს გავაკეთებთ, რომლის ფარგლებშიც, უბნების მიხედვით ეტაპობრივად დავიწყებთ ახალი ბაღების მშენებლობას.

მშობლებისთვის პრობლემურია ბაღებში რეგისტრაციის საკითხიც და რეგისტრაციის წესსაც გადავხედავთ. მოსაზრებები გვაქვს კვების რაციონის განვითარებასა და აღმზრდელებისთვის პედაგოგის სტატუსის აღდგენაზე. მათი შრომის ანაზღაურებაც საკმაოდ დაბალია და ისინი ითხოვენ მომატებას, თუმცა ვიდრე ბიუჯეტის ანალიზს არ გავაკეთებთ, გავიგებთ რამდენი პერსონალი მუშაობს და არის თუ არა ამდენი ადამიანის საჭიროება, მანამდე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. განათლების სამინისტრო მუშაობს სკოლამდელი აღზრდის სტრატეგიაზე და ჩვენ მათთან კოორდინაცია გვექნება, რომ პოლიტიკის განსაზღვრის შემდეგ ვიმუშაოთ უშუალო აღსრულებაზე.

როგორ აპირებთ თბილისში უმუშევრობასთან ბრძოლას?

გვესმის, რომ უმუშევრობა ქალაქის მთავარი გამოწვევაა. დასაქმების ჩვენეული პოლიტიკა  კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.პრიორიტეტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ინვესტორებისა და საფინანსო ინსტიტუტების მოზიდვა და საინტერესო ბიზნესპროექტების განხორციელებაა. ჩვენი დასაქმების პოლიტიკა უზრუნველყოფს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდასა და გაფართოებას, მუნიციპალური პროექტების დასაქმების ზრდაზე ორიენტაციას, ბაზარზე ორიენტირებული კვალიფიკაციის ზრდის და პროფესიული გადამზადების სისტემას.

მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება მცირე და საშუალო ბიზნესის, მომსახურებისა და ტურიზმის მასშტაბების გაფართოებაზე, რათა ეს სექტორი სამუშაო ადგილების განმსაზღვრელ წყაროდ ჩამოყალიბდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სტიმულირების მთავარი ბერკეტები არა ქალაქის მთავრობის, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ხელშია, თვითმმართველობას ბიზნეს-ინიციატივების ხელშეწყობისთავის ჯანსაღი გარემოს შექმნა შეუძლია, რისთვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის განკარგულებაში არსებული ინსტრუმენტები ამოქმედდება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თბილისმა რეგიონის ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქცია დაიბრუნოს, რაც დიდად შეუწყობს ხელს სამუშაო ადგილების გაზრდას.

რა არის თქვენი სოციალური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები? თქვენი გამარჯვების შემთხვევაში როგორ იზრუნებს თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, დევნილებზე, უსახლკარო და მიუსაფარ მოქალაქეებზე?

სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი არც ისე ცოტაა დედაქალაქში, აქვე ცხოვრობს 95 ათასზე მეტი დევნილი. ორივე ის კატეგორიაა, რომლებზეც ცენტრალური ხელისუფლება ზრუნავს, მაგრამ მუნიციპალიტეტსაც აქვს გარკვეული უფლებამოსილება.

ჩვენ გვინდა, რომ მათი ყოფითი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დამატებითი სოციალური სერვისები შევთავაზოთ. პირველ ყოვლისა დავაფინანსებთ ისეთ მუნიციპალურ პროგრამებს, რომლებსაც ვერ აფინანსებს ცენტრალური ხელისუფლება იმიტომ, რომ ეს მათი უფლებამოსილება არ არის. ცალკეული მედიკამენტებით მხარდაჭერის პროგრამა, ცალკეული ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 500-ლარიანი დახმარების პროგრამა, ასეთ ოჯახში ყოველ ახალშობილზე 500 ლარით დახმარება. კომუნალურ გადასახდებზე შეღავათების პროგრამა და სხვა. პროგრამების ჩამონათვალი უკვე შემუშავებულია და კრიტერიუმებიც გვაქვს, შესაბამისი გაანგარიშებით, 4 წლის განმავლობასი 800 მილიონ ლარზე მეტი ამგვარ სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯება.  

დევნილებთან დაკავშირებით მერიის უფლებამოსილებაა კომპაქტურ ჩასახლებებში საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გარდა ამისა თუ ამ ჩასახლებებში არსებობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამა, ჩვენ შეგვიძლია გავუკეთოთ ლიფტები, სახურავები, სადარბაზოები, საერთო სარგებლობის ეზოები და ა.შ.

თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული იმ ობიექტების გასხვისების შემთხვევაში კი, რომლებშიც დევნილი ან სოცდაუცველი მოსახლეობა კომპაქტურადაა ჩასახლებული, ჩვენ მათ ალტერნატიული ფართით დავაკმაყოფილებთ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტრო დიდი ლილოს ტერიტორიაზე აშენებს 240 ბენეფიციარზე გათვლილ კაპიტალურ თავშესაფარს. შემდგომ ის სამართავად მერიას გადმოეცემა. რადგან თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით, მიუსაფართა თავშესაფრების მზრუნველობა ადგილობრივი თვითმმართველობის   უფლებამოსილება გახდა.  რაც შეეხება უსახლკაროებს, რომლებსაც საკუთარი ბინა არ აქვთ მაგრამ სხვა შესაძლებლობა აქვთ, ან ქირით არიან, ან სხვა, ეს საკმაოდ დიდი კონტინგენტია და მათზე მზრუნველობა თვითმმართველობის პირდაპირი უფლებამოსილება არაა  და  ცხადია, თბილისის მერია ვერ აიღებს ამ პასუხისმგებლობას.

თქვენ განაცხადეთ, რომ განახლდება თბილისის საბინაო ფონდი.  ვისთვის იქნება ეს ფონდი განკუთვნილი?

საბინაო ფონდის განახლება ითვალისიწნებს, ძირითადად, ავარიული სახლების გამაგრებას. იმ ადამიანებზე პასუხისმგებლობა, რომელთა სახლებიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს და ქირით გაიყვანეს, ჩვენზე გადმოდის და ამიტომ მოგვიწევს ინვესტორებთან მოლაპარაკებები, რომ ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლები ავაშენოთ, გადმოვიყვანოთ იქ და აქვე, ინვესტორს უნდა გავუზარდოთ კოეფიციენტი, რათა მან სხვა ფართი გაყიდოს და მიიღოს მოგება.

საბინაო ფონდი არ მოიაზრებს მიუსაფარ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას?

საბინაო ფონდი ამ შემთხვევაში გულისხმობს თბილისის ავარიული სახლების განახლების საკითხებს.

წლებია ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ ე.წ. მენაშენეები, კორპორატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ დახმარებას ჰპირდებოდა და რომელთა წინაშე არსებული დავალიანებაც ქვეყნის შიდა ვალშია გაწერილი. აპირებთ ამ ადამიანების მოთხოვნების დაკმაყოფილებას?

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ განვაახლებდით შესაბამის სახელმწიფო კომისიას. ეს კომისია განახლდა და მას  ნოდარ ხადური ხელმძღვანელობს. კომისიის ფარგლებში ხდება მთლიანად რეგიონებიდან და თბილისიდან ინფორმაციის მიღება და ანალიზი. თუმცა  თბილისის მერია კომისიას შესაბამის ინფორმაციას არ აწვდიდა.  ჩვენ კომისიას ყველა საჭირო ინფორმაციას მივაწვდით, ვნახავთ რა ვალდებულებებია უკვე შესრულებული, რამდენია შეუსრულებელი და ვფიქრობთ, დროში გავწერთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვარებთ ამ პრობლემას.

თქვენი აქტიური მონაწილეობით მომზადდა თვითმმართველობის ახალი კოდექსი. თუმცა დამტკიცებული რედაქცია მნიშვნელოვნად განსხვავდება თავდაპირველად პარლამენტში წარდგენილი რედაქციისგან. შეგიძლიათ კრიტიკულად შეაფასოთ ის და გვითხრათ რა ვერ მოხვდა ახალ რედაქციაში, რაც თქვენი აზრით, თქვენ და თქვენს კოლეგა მერებს მუშაობას გაუადვილებდა? 

ჩვენ მაქსიმალურად ევროპული სტილის კოდექსის პროექტი შევიმუშავეთ თავდაპირველი ვარიანტით, თუმცა განხილვებისას, როგოც მოსალოდნელი იყო კოდექსის პროექტმა,  მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.

ჩვენ ვგულისხმობდით, რომ თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილი მუნიციპალიტეტებიც 3-4 უფრო მცირე მუნიციპალიტეტად დაყოფილიყო, რაც კარგი იქნებოდა ამომრჩეველისა და ხელისუფლების უფრო ახლო და მჭიდრო კომუნიკაციისთვის.

ჩვენ ასევე ვგეგმავდით სამხარეო დონეზე თვითმმართველობის უფრო მეტი ელემენტის შემოღებას, რაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იყო და ასევე, უფრო მეტ დამოუკიდებლობას ფინანსური თვალსაზრისით. თუმცა ამჟამადაც ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხებზე ფინანსთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და პარლამენტის კომიტეტები ერთობლივად მუშაობენ და შემოდგომამდე უნდა გახდეს შედეგები ცნობილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი თბილისის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ  საწვავზე და გაზზე აქციზის გადასახადი გაუქმდება და ეს 25 თეთრით გააიაფებს საწვავს, ხოლო გაზს - 8 თეთრით. დაპირება მოიცავს ასევე საშემოსავლო გადასახადის 5 %-ით შემცირებას.  რას ფიქრობთ ამ დაპირებაზე?

ჩვენთვის გაუგებარია, როგორ წარმოუდგენიათ მათ ამის განხორციელება. მერიას არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ შეამციროს ტარიფები, აქციზის გადასახადი ან საშემოსავლო გადასახადი. მერიას და საკრებულოს ერთადერთი შეუძლია შეამციროს ქონების გადასახადის განაკვეთი, და ეს მათ არ უთქვამთ. სხვა, რაც ითქვა, ყველაფერი იყო  პიარ-აქცია.

რა არის სხვა კანდიდატებთან შედარებით თქვენი მთავარი უპირატესობა?

ვფიქრობ, ყველაზე დახვეწილი და სიღრმისეული პროგრამა გვაქვს, ვართ საკმაოდ  ძლიერი გუნდი და გვაქვს სწორი ხედვები ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით. დანარჩენ შეფასებას ამომრჩეველი 15 ივნისს გააკეთებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^