პირველი ნაწილი
ტვ 33 -> 202 -> ტელეკომპანია „საქართველო“ - „დარდუბალადან“ სამხედრო არხამდე
ტელეკომპანია „საქართველო“ კომპანია „ტვ 33“-ის ბაზაზე 1997 წელს დარეგისტრირდა. 2006 წლისთვის „ტვ 33“ ტელეკომპანია „202“-ად იქცა. დაიწყო მეწილეების ხშირი ცვლილება და არხის სახელმწიფოს მიერ მონოპოლიზაცია.
2007 წლის თებერვლიდან არხის 100%-იანი წილის მფლობელი იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მოადგილის ძმა, კახაბერ ნინუა ხდება, რომლის გვარიც „ობიექტივი 2“-ის საქმეშიც ფიგურირებდა. 4 თვის შემდეგ ნინუას მიერ ტელევიზიის გასხვისების შემდეგ კომპანიას „ტელეკომპანია საქართველო“ დაერქვა, მისი მთავარი დამფინანსებელი და არსებობის წყარო კი თავდაცვის სამინისტრო გახდა.
2008 წლის თებერვალში კომპანია გიორგი გეგეშიძემ შეიძინა. 1 წლის მერე გეგეშიძეს დირექტორის პოსტზე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „დენტალ იუნიონის“ (რომელიც 2009 წლიდან კომპანიის 100% წილის მფლობელია) წარმომადგენელი, თამარ სტეფანიშვილი ჩაენაცვლა. გეგეშიძე კი ამ დროს „რუსთავი 2“-ის დირექტორად დაინიშნა.
„ამ სამი ტელეკომპანიის ("ობიექტივი 2", ტვ33/"საქართველო" და "რუსთავი 2-ის", ისევე როგორც „მზის“) ბედი მრავალი წლის მანძილზე საეჭვოდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, წლების მანძილზე მოქმედი პირები იცვლებოდნენ, თუმცა მათი მხოლოდ ტელევიზიიდან ტელევიზიაში გადაადგილება ხდებოდა და ყოველი მათგანი პირდაპირ იყო დაკავშირებული სახელისუფლებო გუნდთან.“
ამავე პერიოდში „რუსთავი 2-ის“ დირექტორობიდან პირდაპირ კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი ჩიქოვანი გადავიდა. წლების მანძილზე ჩიქოვანისა და გეგეშიძის ბიზნესპარტნიორობა, მიუხედავად მკვეთრად გამოხატული ინტერესთა კონფლიქტისა, კვლავ გრძელდებოდა.
2011 წლის დეკემბერში „საქართველოს“ერთადერთი მესაკუთრე იაგო ჩოჩელი - მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორისა და ბიზნესმენის ცეზარ ჩოჩელის ძმა გახდა. დაახლოებით 10 თვის შემდეგ კი მფლობელები ლევან და გიორგი ყარამანაშვილები ხდებიან. ეს უკანასკნელი სწორედ ის ყარამანიშვილია, რომელიც ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით “Delgado Resources” 2006 წელს „რუსთავი 2-ში“, ქიბარ ხალვაშისაგან გადაფორმებული წილის მნიშვნელოვანი ნაწილის მესაკუთრე გახდა.
2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შპს „ტელეკომპანია საქართველო“, როგორც დამოუკიდებელი მედიასუბიექტი, არსებობას წყვეტს. თავად კომპანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ 51%-იანი წილი იყიდა, ხოლო მისი ლიცენზიები „სამოქალაქო განვითარების ფონდს“ გადაეცა.
როგორც თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებთან მიმოწერით დადგინდა, ტელეკომპანია “საქართველოსთვის” წლების მანძილზე არანაკლები ფინანსური რესურსები გამოიყოფოდა, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
კომპანიასთან პირველი კონტრაქტი 2007 წლის 10 აპრილს გაფორმდა. სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროცესის ხელშეწყობის, სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და წინსვლაზე საზოგადოების ფართო ფენების უკეთ ინფორმირებულობის მიზნით კომპანიამ ვალდებულება აიღო 2010 წლის 12 აპრილამდე 11,600,000 საფასურად გამოეყო საკუთარი ტელეკომპანიის საეთერო დრო შეთანხმებული ტელეგადაცემების ჩვენებისათვის თბილისი-ქუთაისი-გორი-საჩხერე-სენაკის ტერიტორიაზე.
თუმცა ხელშეკრულებაში რამდენიმე ცვლილების შეტანის შემდეგ მომსახურების საფასურმა 29,559,822 ლარს მიაღწია.
ტელეკომპანია “საქართველო”, რომელიც მთლიანად სახელმწიფოს მიერ შექმნილი, რამდენიმე ათეული მილიონი ლარით დაფინანსებული და უზრუნველყოფილი იყო და რომელიც მოსახლეობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისათვის მაუწყებლობდა, 2012 წლის არჩევნებიდან ერთ თვეში საერთოდ გაქრა, ქონება კი, რომელიც მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით იყო შეძენილი, მეორე კერძო მაუწყებელს გადაეცა.
„სუპერ ტვ“ და „ახალი ქსელები“ - საკაბელო ოპერატორები მუქარისა და ზეწოლის შესახებ ჩივიან
საგამოძიებო კომისიისთვის წარმოდგენილ საჩივარში შპს „სუპერ ტვ“-ის დამფუძნებელი ზურაბ ჩიგოგიძე განმარტავს, რომ 2011 წლის თებერვალში ირაკლი ჩიქოვანმა აიძულა კაბალური ხელშეკრულება გაეფორმებინა შპს ,,გლობალ მედია ჯგუფთან” (GMG). ხოლო მას შემდეგ, რაც ჩიგოგიძემ ხელშეკრულების შეწყვეტა ითხოვა, ორგანიზაციაზე მასშტაბური ზეწოლა დაიწყო.
2011 წლის გაზაფხულზე კომპანიამ კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენისთვის ერთთვიანი ვადა ითხოვა, მაგრამ თხოვნა არ დაკმაყოფილებულა და მას ავტომატურად სანქცია დაეკისრა. 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, „სუპერ ტვ“-ის წინააღმდეგ სანქცია გამოიყენეს იმის გამოც, რომ კომპანიამ დამფუძნებლების ცვლილება მარეგულირებელ კომისიას არ აცნობა. საგამოძიებო კომისია აღნიშნულ ფაქტს ცალსახად კომპანიის წინააღმდეგ ანგარიშსწორების მაგალითად მიიჩნევს.
კანონის ის დებულება, რომელიც დამფუძნებლის ცვლილებების შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტის კომისიაში წარდგენის ვალდებულებას ადგენდა, კანონში მოგვიანებით შევიდა. კომპანია პრაქტიკულად არარსებული დარღვევისათვის 8,295 ლარით დაჯარიმდა.
ზურაბ ჩიგოგიძემ კომისიას ისიც განუცხადა, რომ პირადად ჩიქოვანი მისგან სტუდია „მაესტროს“ საკაბელო ქსელიდან ამოღებას მოითხოვდა და ეუბნებოდა, რომ ის უშუალოდ ზურაბ ადეიშვილის, იუსტიციის მინისტრის დავალებით მოქმედებდა.
ჩიგოგიძის განმარტებით, ის 2012 წლის აპრილში სამართალდამცავებმა (უშიშროებამ)დაიბარეს და უთხრეს, რომ ის არის ჯაშუში, და ურჩიეს მისი კუთვნილი კომპანიების წილების გასხვისება. მოგვიანებით, უკვე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახი ყურაშვილმა გააცნო ვინმე დავით მანია, რომელზედაც კომპანიის წილები უნდა გადაეფორმებინა. საბოლოოდ, ჩიგოგიძემ წილების გადაფორმებაზე უარი განაცხადა და 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იძულებით დატოვა ქვეყანა.
2010 წლის 16 ივლისს კომისიამ „ახალი ქსელები“ 30 000 ლარით საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით დაასანქცირა. ახალი ქსელების წარმომადგენელთა თქმით, ირაკლი ჩიქოვანმა სხვადასხვა საკაბელო კომპანიას GMG-ისთან თანამშრომლობა აიძულა, რომელიც მეგობრებთან ერთად თავად დააარსა. კომისიამ უარყო ბრალდებები, მაგრამ საინტერესოა, რომ ოფიციალურად GMG 2010 წლის 27 ივლისს - “ახალი ქსელების” დასანქცირებიდან 9 დღეში – დაარსდა.
თავად კომისიამ კი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მონიტორინგის უფლება 2009 წელს პრაქტიკულად მიითვისა. ის ამ უფლებას დისკრიმინაციულად, სადამსჯელო ღონისძიებების გასატარებლად იყენებდა. 2009 წლიდან ამ მოტივით 70-მდე სანქცია გაიცა.
ინტერნეტის სიჩქარის კვლევა
ინტერნეტის სიჩქარის კვლევა და მონიტორინგი საგამოძიებო კომისიას მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ხარვეზად მიაჩნია, რადგან 13 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა მომსახურების ხარისხის კონტროლი.
კომისიამ 2013 წლის სექტემბერში ინტერნეტის სიჩქარის კვლევის განსახორციელებლად ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „Red M“-თან, მაგრამ კომპანია „Wi – Fi” სისტემის მონიტორინგს ვერ უზრუნველყოფდა და ხელშეკრულებაც შეწყდა. მაგრამ ამ ტენდერთან დაკავშირებით სხვა კომპანიებსაც და კომისიასაც ბევრი კითხვა აქვს.
საგამოძიებო კომისიის შეფასებით, გამარჯვებული კომპანია ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებსაც კი. არ ჰქონდა მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება, არ წარმოუდგენია მოდელი, რომელსაც მსოფლიოში ერთი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მაინც იყენებს და ა.შ. კომისიონერი კახა ბექაური ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც შესაძლო კორუფციული ინტერესები იკვეთება, რადგან გაიმარჯვა გამოუცდელმა კომპანიამ, რომელიც პრაქტიკულად შუამავალი იყო კომისიასა და იმ კომპანიას შორის, რომელსაც უშუალოდ უნდა გაეზომა ინტერნეტის სიჩქარე. ამჟამად კომისია ახალ სატენდერო პირობებზე მუშაობს და საერთაშორისო ტენდერის ჩატარებას გეგმავს.
სააბონენტო ნომრის პორტაბელობის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემები
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია პროკურატურასთან ერთად მარეგულირებელ კომისიასაც სთხოვს გამოიძიოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის საკითხი.
2010 წელს პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ გაიმარჯვა. კომპანიის მიერ ავტორიზებული პირებისაგან 1 წლის მანძილზე მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 7,000,000 ლარი შეადგინა. შპს “მედიაპრო ჯორჯიას“ ზღვრული მომსახურების ტარიფი 2011 წლის მდგომარეობით 0.38 ევროცენტი იყო, რომლის გადახდაც ავტორიზებული პირის მფლობელობაში არსებულ ყველა სააბონენტო ნომერზე ხორციელდება, რაც მოიცავს როგორც პორტირებულ, ისე არაპორტირებულ, მათ შორის, დაუტვირთავ სააბონენტო ნომრებსაც.
მობილური ნომრის პორტაბელურობის მომსახურების დანერგვიდან (2011 წლის 15 თებერვლიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) სულ 121.8 ათასი ნომრის პორტირება განხორციელდა.
„ახალი ქსელებისა“ და „ახტელის“, ასევე „მაგთიკომის“ შეფასებით, დადგენილი საფასურის ოდენობა, რომელსაც შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ ავტორიზებული პირები უხდიან, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. კომპანიების საჩივრებში ასევე საუბარია კონკურსის პირობების დარღვევასა და მონაწილე მომსახურების გამწევი კომპანიების არათანაბარ გარემოში ჩაყენებაზე.
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონკურსის შედეგები გამოცხადდებოდა, „მედიაპრო ჯორჯიამ“ აიღო ათწლიანი სალიცენზიო ვალდებულება. სავარაუდოა, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ წინასწარი გარანტიები ჰქონდა, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებდა.
საინტერესოა, რომ რამდენიმე წლით ადრე კომპანია GMG-მაც კომისიის მხრიდან შესაბამისი უფლების მიღების ყოველგვარი რეალური პერსპექტივის გარეშე, მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელა და სულ მალე სრულყოფილი საქმიანობის შესაძლებლობაც იპოვა.
შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ წესდების თანახმად, საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კალანდაძეა. ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კალანდაძე სხვა კომპანიაში ბიზნესპარტნიორები არიან. როდესაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, ამ უკანასკნლის 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ გიორგი კალანდაძე იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს ,,მედიაპრო ჯორჯია“ 2013 წლის 23 აპრილამდე იმ მისამართზე იყო რეგისტრირებული, რომელი ფართიც ჩიქოვანმა 2007 წელს მემკვიდრეობით მიიღო.
კახა ბექაური ამბობს, რომ ტენდერთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. „რამდენად ადეკვატურად იყო შედგენილი სატენდერო პირობები, ხომ არ გვქონდა საქმე კერძო ინტერესებთან და კორუფციულ სქემასთან. იყო თუ არა ეკონომიკურად ეფექტიანი სისტემა, რამდენად ძვირს იხდიან მობილური კომპანიები, რადგან ეს საფასური საბოლოოდ მომხმარებელს აწვება ტვირთად“, - ამბობს ბექაური. კომისიაში ამ საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფია შექმნილი. საკითხის ზეპირი მოსმენა 5 ივნისს არის დანიშნული.
მანამდე კი 19 მაისს კომისიის თავმჯდომარედ ვახტანგ აბაშიძე აირჩიეს. ის კომისიონერთაგან ერთადერთია, რომელმაც თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. პროფესიით ჟურნალისტი ვახტანგ აბაშიძე 1995-2000 წლებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2000-იდან 2004 წლამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე იყო. 2004 წლის ივნისში აბაშიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შემდეგ იგი კონსულტანტად მუშაობდა სატელეფონო კომპანიაში „საქართველოს გაერთიანებული ტელეკომი“, რომელშიც მას შემდეგაც აგრძელებს მუშაობას, რაც 2010 წ. ეს კომპანია „სილქნეტად“ გარდაიქმნა. 2012 წლიდან იგი „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია.
“არჩევის შემთხვევაში, უმჯობესი იქნება მან თავი შეიკავოს იმ გადაწყვეტილებებისათვის ხმის მიცემისგან, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ კომპანიას“, - აცხადებენ „საერთასორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.
ვახტანგ აბაშიძე საფინანსო საკონსულტაციო ფირმის შპს „ოპტიმას“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელიცაა; იგი ასევე ფლობს გამომცემლობა შპს „დეგაპრინტ+“ -ის 30%-იან წილს. მისი ძმა კი საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში და ამჟამად რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი - ზურაბ აბაშიძეა.