Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ქართული ოცნების" შეუსრულებელი დაპირებები და მათი შესაძლო შედეგები

20 მაისი 2014

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე „ქართული ოცნება“ თავისი წინასაარჩევნო დაპირებებიდან მხოლოდ ორზე იყო კონცენტრირებული - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და ე.წ. „სამართლიანობის აღდგენაზე“. „სამართლიანობის აღდგენა“ გულისხმობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გასამართლებას და დასჯას. მართალია, „ქართული ოცნების“ ბევრი მხარდამჭერი მიიჩნევს, რომ გამარჯვებულმა კოალიციამ ეს დაპირება არ შეასრულა, მაგრამ სინამდვილეში ისე მოხდა, რომ ყბადაღებული „სამართლიანობის აღდგენა“ გადაჭარბებულად და კანონის დარღვევით შესრულდა. ამისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ივანიშვილის გუნდი ცდილობდა სხვა დაპირებების შეუსრულებლობა ოპონენტების დასჯით და მათზე შურისძიებით გადაეფარა.

საყოველთაო ჯანდაცვის გარდა „ქართულმა ოცნებამ“ რეკორდულად ბევრი სოციალური დაპირება გასცა, რომელთაგან ზოგიერთი განსაზღვრულ ვადებში უნდა შესრულებულიყო. ამ სტატიაში სწორედ იმ დაპირებებზე ვისაუბრებ, რომლებიც უკვე უნდა შესრულებულიყო, მაგრამ არ შესრულდა. იმის მიხედვით, თუ რამდენად ერთგულად ასრულებდა „ქართული ოცნება“ დაპირებებს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად შეიძლება ვენდოთ მათ, როდესაც საქმე მომავალ დაპირებებს შეეხება. კონკრეტული დაპირებების განხილვის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზეც, რას შეიძლება ნიშნავდეს „ქართული ოცნების“ დაპირებების შეუსრულებლობა ქართული პოლიტიკური პროცესისთვის.

აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო ისიც, რომ ნაცმოძრაობის წევრები ასევე ყურადღებით ითვლიან თავიანთი ოპონენტების შეუსრულებელ დაპირებებს და ამას თავიანთი წარსული შეცდომებისა და შეუსრულებელი დაპირებების გასამართლებლად იყენებენ. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ შეუსრულებელ დაპირებებსა და დაშვებულ მძიმე შეცდომებს არ აღიარებს, თუმცა ამ სტატიაში ამ თემაზე საუბარი არ მექნება.

ბიძინა ივანიშვილის ერთი ყველაზე მთავარი დაპირება, რომელსაც შესრულებისთვის განსაზღვრული ვადა ჰქონდა დაწესებული, 2013 წლის ბოლოსთვის 60 ქარხნის აშენება იყო. 2013 წლის 30 მაისს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოახერხოს და წლის ბოლომდე მინიმუმ 60 ქარხანა უნდა ააშენოს. იმავე წლის 3 ივლისს კი პრესკონფერენციაზე დაამატა, რომ 60-ის ნაცვლად, 100 ქარხანა აშენდება. არანაირი ინფორმაცია დაპირებული 60 თუ 100 ქარხნის შესახებ არ არსებობს, თუმცა თავად ივანიშვილს ამაზე პასუხის გაცემა არ მოუწია, რადგან 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა.

კიდევ ერთი სერიოზული სოციალური დაპირება იყო პენსიის 220 ლარამდე გაზრდა. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატი გუბაზ სანიკიძე 2012 წელს ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ მომავალი წლის იანვრიდან „პენსიები გადაისინჯება და საარსებო მინიმუმს გაუტოლდება...მინიმუმი 160 ლარია,  მაგრამ გადაიხედება და 220 გახდება.“ (გუბაზ სანიკიძის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი არსებობს „იუთუბზე“, წყარო: http://dreammeter.ge/dapireba-10-pensia-220-lari/). სინამდვილეში, 2013 წლის სექტემბრიდან მინიმალური პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა, 2014 წლის ბიუჯეტში კი პენსიის ზრდა საერთოდ არ იყო გათვალისწინებული.

კიდევ უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ბიძინა ივანიშვილი ამბობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შექმნილი მონოპოლიები ხელს უშლიდნენ ბაზარზე პროდუქციის გაიაფებას. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ მას შემდეგ, რაც მონოპოლიები გაუქმდებოდა, ბენზინზე ფასები დაიწევდა. რეალურად ისე მოხდა, რომ ფასებმა არათუ დაიწია, არამედ მოიმატა და „ქართული ოცნების“ ორწლიანმა მმართველობამ ამაზე გავლენა ვერ მოახდინა; არ განახევრებულა არც გაზის ტარიფი, როგორც ამას არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილი  ამომრჩეველს ჰპირდებოდა.

სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის ამ სექტორში 1 მილიარდიანი ინვესტიციის ჩადება ალბათ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაპირებაა. 2013 წლის სექტემბერში მართლაც დაფუძნდა 6 მილიარდიანი თანაინვესტირების ფონდი, სადაც ივანიშვილს დაპირების მიხედვით 1 მილიარდი დოლარი უნდა შეეტანა. ფონდმა დაფუძნებისთანავე განსაკუთრებული აქცენტი ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებზე გააკეთა, თუმცა სოფლის მეურნეობასაც გარკვეული ყურადღება დაუთმო (იხ. ფონდის ვებსაიტი). მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, მაინც ისე გამოვიდა, რომ ფონდი თავის რესურსებს არა რომელიმე ერთი დარგის განვითარებას მოახმარს, არამედ კომერციული მოგების მიღებაზე იქნება ორიენტირებული. ეს კი პარალელურად არ გულისხმობს იმას, რომ დასაქმების მაჩვენებელი და სოციალური ფონი რადიკალურად გაუმჯობესდება. საბოლოო ჯამში, ამგვარი პოლიტიკა არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც წინა ხელისუფლებას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა. აღნიშნული მიდგომა ისეთ მეგაპროექტებში ინვესტიციების განხორციელებას გულისხმობს, სადაც მოგების ამოღება შედარებით მოკლე ვადებში შეიძლება, თუმცა სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე ეს მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს.

დაბოლოს, თავად „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესიც პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემა 2014 წლის მარტში დიდი ალბათობით დაკავშირებული იყო მის პოლიტიკურ საქმიანობასთან. ეს ფაქტი დღემდე  სათანადოდ არ გამოუძიებიათ და არც დამნაშავეები დაუსჯიათ. თავად წიკლაური ვარაუდობს, რომ მისი ცემა დაკავშირებულია მის მიერ შალვა თათუხაშვილის საქმეზე გაკეთებულ კომენტარებთან. ამავე ტიპის დარღვევების რიცხვს მიეკუთვნება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გამოყვანა მაშინდელი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის მიერ, რასაც საქმის სათანადოდ გამოძიება და ფარცხალაძის გადაყენება არ მოჰყოლია (ფარცხალაძე მოგვიანებით თავად გადადგა, გაყალბებულ დიპლომთან წარმოშობილი ეჭვების გამო).

საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ „ქართული ოცნების“ ყველა მთავარი დაპირება, გარდა საყოველთაო ჯანდაცვისა, არ შესრულდა ან ისე შესრულდა, რომ ამან „ქართული ოცნების“ რეპუტაცია კიდევ უფრო დააზარალა (მაგალითად, „სამართლიანობის აღდგენა“). ძნელი სათქმელია, როგორ აისახება ეს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რადგან აქ არა მხოლოდ იმას ექნება მნიშვნელობა თუ რა გააკეთა ან არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ იმასაც, თუ როგორ არის ამომრჩეველი განწყობილი მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტების და, უპირველეს ყოვლისა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. შესაბამისად, შეუსრულებელი დაპირებების გავლენა არჩევნების შედეგებზე ძნელი გასაზომია.

ამის მიუხედავად, შესაძლებელია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გავლენა ექნება შეუსრულებელ დაპირებებს ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე. ფაქტია, რომ ამით მოსახლეობაში ნიჰილისტური განწყობები უფრო მეტად გამწვავდება და საბოლოო ჯამში, რეპრესიული პოლიტიკის დაბრუნებით, რელიგიური ინსტიტუტების გაძლიერებით ან პრორუსული ძალების გამარჯვებით დამთავრდება. მხოლოდ შიდა პოლიტიკური რესურსებით ამ ტენდენციების შეჩერება უკვე შეუძლებელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ და სხვა პოლიტიკური პარტიები საჭირო და შესრულებად დაპირებებს არ შესთავაზებენ ამომრჩეველს. მხოლოდ გარე ფაქტორების ჩარევამ შეიძლება იხსნას სახელმწიფო ექსტრემიზმისგან.

ევროკავშირთან დაახლოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება შეიძლება გახდეს ის პირველი ნაბიჯი, რამაც უნდა განამტკიცოს ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. უპირველეს ყოვლისა, ეს იმის გამო მოხდება, რომ შეიქმნება ეკონომიკური წინაპირობები სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციის გაზრდისთვის. სხვა შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც შიდა პოლიტიკურმა ძალებმა სოციალური და ეკონომიკური რეფორმებისთვის საჭირო ყველა რესურსი ამოწურეს, ავტორიტარიზმის, რელიგიური ფანატიზმის, ნიჰილიზმით გამოწვეული ანარქიისა და მტრულად განწყობილი სახელმწიფოების გავლენის ზრდის საფრთხე სრულიად რეალურია.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^