ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. მათი ნაწილი ონლაინსესხს გასცემს და ბანკის რეგულაციებს ექვემდებარება. თუმცა არსებობს ათეულობით ონლაინსესხის გამცემი ორგანიზაცია, რომელთა მოქმედების სფერო ჯერჯერობით არ კონტროლდება.
- ზუსტი რიცხვი - რამდენი ადამიანი სარგებლობს ამ პროდუქტით, უცნობია;
- 2017 წელს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები შევიდა, რითაც განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთისა და წლიური საჯარიმო სანქციის მაქსიმალური ოდენობა.
- ამ ცვლილების მიუხედავად, ონლაინსესხის გამცემი ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი ვერ ხერხდება.
- ისინი კვლავ უკანონო გზებით ცდილობენ ვალის დაბრუნებას - არღვევენ მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონს; აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სასამართლოს სახელით ემუქრებიან მოქალაქეებს პირად ქონებაზე ყადაღის დადებით; მიმართავენ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებს.
„ლიბერალი“ ესაუბრა მსგავსი სესხის გამცემი სხვადასხვა ორგანიზაციის ერთ-ერთ კლიენტს, რომლის მაგალითზეც მოგიყვებით მათი საქმიანობის შესახებ.
...
ნატო შანიძემ ონლაინსესხი პირველად 2015 წელს აიღო. ამისთვის მარტივი პროცედურები დასჭირდა - შევიდა ერთ-ერთი ორგანიზაციის ვებგვერდზე, შეავსო სპეციალური ფანჯარა, სადაც მიუთითა პირადი მონაცემები. მათ შორის: სახელი, გვარი, ასაკი, პირადი და საკონტაქტო ნომერი, მისამართი, ინფორმაცია ყოველთვიური შემოსავლის შესახებ და სასურველი თანხა, რომელიც, როგორც წესი, 20-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე 100-დან 1500 ლარამდე გაიცემა. ბოლოს დაადასტურა, რომ გაეცნო ორგანიზაციის ხელშეკრულებისა და საიდენტიფიკაციო პირობებს. სულ რაღაც 15 წუთში კი, 350-ლარიანი სესხი დაუმტკიცდა.
ნატო იხსენებს, რომ ეს თანხა დედის მკურნალობის ხარჯის დასაფარავად გაიტანა. ამ დროისათვის მას ჰქონდა სტაბილური შემოსავალი, რითაც ყოველთვიურად ბინის სესხს იხდიდა, თუმცა, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ფული დამატებით დასჭირდა.
ნელ-ნელა დედის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამასთან ერთად, სამსახურში ხელფასი შეუმცირდა. მოუწია ბანკიდან საკრედიტო ბარათებით სარგებლობა. საბანკო ვალდებულებების დასაფარავად კი პირველ ონლაინსესხს მეორე მოჰყვა. მეორე სესხის გადაფარვის დროს ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რომლებმაც საბოლოოდ გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანა - მან მაღალი საპროცენტო განაკვეთისა და ჯარიმების გამო, ვალის გასტუმრება ვეღარ შეძლო და ახლა, ერთდროულად, 10-მდე სხვადასხვა ორგანიზაციის მოვალეა.
2017 წლის 15 იანვრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელმაც ყველა კატეგორიის, მათ შორის ონლაინსესხის გამცემ ორგანიზაციებს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი წლიურად 100%-ით და საჯარიმო სანქციის ოდენობის მაქსიმალური ზღვარი 150%-ით განუსაზღვრა.
ეროვნულ ბანკში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ამ ცვლილებების მიუხედავად, ბაზარზე შესაძლოა, კიდევ არსებობდნენ კომპანიები, რომლებიც არღვევენ აღნიშნულ მოთხოვნას: „თუმცა, ამ ცვლილებებით, გაჩნდა სესხის გამცემი ორგანიზაციების ცნება, რაც გულისხმობს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც 20-ზე მეტ მომხმარებელზე გასცემს სესხს. მსგავს ორგანიზაციებს 2019 წლის 1 იანვრიდან ბანკში რეგისტრაცია მოუწევთ: „შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გარკვეული ვალდებულებების შესრულებაც, რაც შესაბამის რეგულაციაში გაიწერება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე“.
თუმცა ეს ცვლილება, ნატო შანიძის მსგავსად, საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქეზე ვერ გავრცელდა. კანონის ცვლილებამდე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჯარიმებისა და საპროცენტო განაკვეთის ნაწილში ფაქტობრივად, არავინ აკონტროლებდა და შპს-დ რეგისტრირებული ორგანიზაციები ამ ყველაფერს თავისი სურვილისამებრ, ინდივიდუალურად განსაზღვრავდნენ. გარდა ამისა, აღნიშნული რეგულაცია არ ეხება იმ მსესხებლებს, ვინც ონლაინსესხით კანონის ცვლილებამდე ისარგებლა.
ნატოს შემთხვევაში ასე მოხდა - ერთ-ერთი მორიგი სესხი 300 ლარის ოდენობის იყო. ერთ თვეში მას 360 ლარი უნდა დაებრუნებინა. 30 დღით გადავადების შემთხვევაში, დამატებით კიდევ 60 ლარი დაემატებინა. სულ სამჯერ გადავადების საშუალება ჰქონდა და ეს თანხა 180 ლარამდე ავიდა. სამი თვის შემდეგ კი, ერთჯერადად, ჯარიმის სახით 20 ლარი დაეკისრა და ყოველ გადაცილებულ დღეზე ძირი თანხის კიდევ 1,5%. ანუ, საბოლოოდ, წელიწადში მას ძირი თანხის 250% უნდა გადაეხადა და ამ თანხამ 700 ლარს გადააჭარბა: „და ასე, პირამიდასავით აეწყო ეს პროცესი. ვეღარ ვხვდებოდი, რა სახის ჯარიმა ან პროცენტი მემატებოდა. ერთის გადასაფარავად მეორეს ვიღებდი, მეორის გასასტუმრებლად მესამეს...“, - ჰყვება ნატო.
მალევე სახლის გაყიდვა მოუხდა და არასრულწლოვან შვილთან ერთად გირაოთი სხვაგან გადავიდა. ამ თანხით, ბანკის კრედიტები და სესხის ნაწილი დაფარა, ნაწილი - ვერა.
ამ დროისთვის ნატოს წინააღმდეგ სასამართლოში 4 სესხის გამცემი ორგანიზაციის სარჩელია შესული. პროცესები ჯერ არ ჩანიშნულა.
ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციების რიცხვი ქართულ საფინანსო ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება.
როგორ იყენებენ ონაინსესხის გამცემები კლიენტის პერსონალურ მონაცემებს
სანამ ონლაინსესხის გამცემი ორგანიზაციები ნატო შანიძის წინააღმდეგ სასამართლო დავას დაიწყებდნენ, მისგან სესხის ამოღების პროცესში კიდევ ერთი, მესამე პირი ჩაერთო - ე.წ. სესხის ამომღები კომპანია. მათ მიკროსაფინანსო, ონლაინსესხის გამცემები და ბანკები მაშინ მიმართავენ, როდესაც კლიენტი პრობლემური მსესხებელი ხდება და ვალს თავის დროზე არ/ვერ აბრუნებს.
ონლაინსესხების გამცემების უმეტესი ნაწილი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემის თაობაზე კლიენტს ხელშეკრულებაში ჩანაწერით აფრთხილებს. ეს ხელშეკრულებები, როგორც წესი, 20-მდე გვერდზე, წვრილი შრიფტითაა გაწერილი და ზედმიწევნით არ ხსნის, რა მიზნით გადასცემს ე.წ. ამომღებ კომპანიას მსესხებლის პირად მონაცემებს.
თუმცა ყველაზე პრობლემური საკითხი სესხის ამომღები კომპანიების მიერ მსესხებლის შესახებ პერსონალური ინფორმაციის სხვა ადამიანებისთვის გაზიარებაა. ეს სხვა პირები, როგორ წესი, ახლობლები, თანამშრომლები და მეზობლებიც არიან.
ნატო შანიძე იხსენებს, პირველად როგორ დარეკა სესხის ამომღები კომპანიის თანამშრომელმა მისი სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში და თანამშრომელს მასთან დაკავშირება სთხოვა: „არ ვიცი, საიდან გაიგეს ჩემი შიდა, კორპორაციული ნომერი. დარეკეს და ჩემს თანამშრომელს უთხრეს, რომ მათი ვალი მაქვს. პარალელურად, დღემდე ინტენსიურად ურეკავენ ჩემს არასრულწლოვან შვილს სახლის ნომერზე. მე თუ მელაპარაკებიან, მემუქრებიან, უხეშად მომმართავენ, ფსიქოლოგიურად ძალადობენ“.
მოქალაქის მიერ სესხის აღების შესახებ ინფორმაციას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი“ არეგულირებს. ამის გამჟღავნება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება, როგორებიცაა: მსესხებლის თანხმობა ან კომპანიის კანონიერი ინტერესი;
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მთავარი იურისტი, სალომე ქურასბედიანი ამბობს, რომ მათ ამ პრობლემით ყოველთვე არაერთი მოქალაქე მიმართავს. თუ დადასტურდა ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტი, კომპანია ადმინისტრაციული წესით, 500-2000 ლარამდე ჯარიმდება.
ამომღები კომპანიები პრობლემურ კლიენტებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით ემუქრებიან
„ერთ დილას მომივიდა ფოსტიდან შეტყობინება - აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით, ქონების დაყადაღებით მემუქრებოდნენ”, - იხსენებს ნატო შანიძე, რომელიც ამბობს, რომ მის სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ არსებობს და ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით კლიენტების დაშინების პრაქტიკას ონლაინსესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ დაქირავებული ამომღები კომპანიები დღემდე მიმართავენ. კომპანიის წარმომადგენლები მიდიან კლიენტების საცხოვრებელ ადგილზე, თავს აღსრულების ბიუროს წარმომადგენლად აცნობენ, აღწერენ ქონებას და ეუბნებიან, რომ შეუძლიათ დააყადაღონ მოძრავი ქონება, რომელიც შესაძლოა, ნატოს მსგავსად, მსესხებელს არც ეკუთვნოდეს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”(საია) მსგავსი პრობლემით ხშირად მიმართავენ.
საიას იურისტი, მარიკა დუმბაძე განმარტავს, რომ აღსრულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანო თავად აღსრულების ბიურო ან მის მიერ დაქირავებული კერძო კომპანიაა. ამის დასადასტურებლად კი საჭიროა, მსესხებელთან მისულ პირს თან ჰქონდეს აღსრულების ფურცელი. არც გამსესხებელ ორგანიზაციასა და არც მის მიერ დაქირავებულ ამომღებ კომპანიას კლიენტის ქონების დაყადაღების უფლება არ აქვს, თუმცა ხშირად რთულია, კომპანიას დაუმტკიცო, რომ ის დამნაშავეა, რადგან ბიუროს არც გერბს და არც სხვა საიდენტიფიკაციო ნიშანს არ იყენებენ:
„ამიტომ საჭიროა, მსესხებელთან მისულ პირს მოვთხოვოთ აღსრულების ფურცელი. ამის გარეშე სახლში შესვლის და ქონების აღწერის არანაირი უფლება არ აქვთ“, - ამბობს იურისტი და, ასევე, აღნიშნავს, რომ არსებობს შემთხვევები, როცა კლიენტის სახლიდან მის საკუთრებაში არარსებული ქონებაც გააქვთ:
„ეს არის დაშინების ერთ-ერთი გზა. როდესაც ეუბნებიან, რომ ახლა ამ მაცივარს წავიღებ, მოვალეები გადიან სახლიდან და ყველა გზით ცდილობენ ფულის შოვნას“.
„ლიბერალს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, რომ ამის შესახებ მათთვის ცნობილია. ამიტომ, მოქალაქეებს მოუწოდებენ, აღმასრულებლის სახელით მუქარის შემცველი ზარისა თუ შეტყობინებების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურს აცნობონ. მსგავსი ტიპის შანტაჟისა და მუქარის გამო, ბიუროში შეიქმნა ცხელი ხაზიც (ნომერი (032 2 749 649).
„მუქარის შემცველ ზარს, სამწუხაროდ, ბიუროს სახელით კერძო პირები და ზოგიერთი კომპანია ახორციელებს.
ამის შესახებ მოქალაქეებმა მოგვაწოდეს ვიდეო და აუდიოჩანაწერები; აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა შესაძლებელი ღონისძიებები. რამდენიმე მიკროსაფინანსო კომპანიამ ამის გამო ბოდიშიც მოიხადა და შიდა სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა“. - გვითხრეს ბიუროში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბანკები და საზოგადოების“ 2014 წლის მონაცემებით, ამ წლის მე-4 კვარტალის მიხედვით, 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელთა შორის ონლაინსესხის გამცემებიც არიან, დასაკუთრებული აქვს 6 მილიონი ლარის უძრავი და მოძრავი ქონება. აქვე საუბარია პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში კრედიტორების მხრიდან მოლაპარაკების დროს ხისტ მიდგომაზე, როდესაც მოლაპარაკება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია;
კრედიტორები არ თანხმდებიან სესხის რესტრუქტურიზაციასა და შეღავათზე. შედეგად, მომხმარებელს სხვა გზა არ რჩება - ქონება ან თვითონ უნდა გაყიდოს, ან ბიუროს გააქვს აუქციონზე:
„მიკროსაფინანსოები უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს გასცემენ ქონების ღირებულების მიხედვით. კერძოდ, სესხის მოცულობა განისაზღვრება უზრუნველყოფის ღირებულების მაქსიმუმ 50%-ით. ამიტომ, არსებობს ეჭვი, რომ ეს ორგანიზაციები დაინტერესებულები არიან ქონების ჩამორთმევით, რის შემდეგაც მათ ორჯერ მეტი კაპიტალი რჩებათ“, - წერია ორგანიზაციის კვლევაში.
ყალბი სასამართლო კორესპონდენციები, რომელსაც მოვალეებს უგზავნიან
ბოლო რამდენიმე თვეა, სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა ვალის სასამართლოს გზით ამოღება ინტენსიურად დაიწყეს, თუმცა ხანდახან სასამართლოს სახელსაც არაკანონიერად იყენებენ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ამის შესახებ უკვე 2 თვეა, მოქალაქეები მასობრივად მიმართავენ და იურისტებს დახმარებას სთხოვენ.
მსესხებლებს მისდით გაურკვეველი კორესპონდენცია, რომელსაც თან ახლავს ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა მას არანაირი სავალდებულო რეკვიზიტები, როგორებიცაა: სასამართლოს გერბი, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, სასამართლო ინსტანცია და მოსამართლის ვინაობა არ აქვს მითითებული.
საიას იურისტი, მარიკა დუმბაძე ამბობს, რომ ამ დოკუმენტით მოვალეები შედიან შეცდომაში და ჰგონიათ, სასამართლომ დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება, რის შემდეგაც მათ ქონებას დაუყადაღებენ: „ესაა მომხმარებლის მოტყუება. უდავოა, რომ მსესხებელმა კომპანიას ვალი უნდა გადაუხადოს, თუმცა სრულიად გაუმართლებელია მსგავსი მეთოდების გამოყენება“.
რა უნდა იცოდეს მსესხებელმა თავის უფლებებზე სასამართლო დავის დაწყებისას?
„ლიბერალის“ რესპონდენტის, ნატოს წინააღმდეგ სასამართლოში ამ დროისთვის 4 ორგანიზაციის სარჩელია შესული. ოთხივე მათგანზე მან შესაგებელი უკვე შეიტანა. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს და ნატო მოგვიანებით არ შეიტყობს ამის შესახებ.
თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც სესხთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს.
საიას იურისტის, მარიკა დუმბაძის თქმით, ამ დროს მნიშვნელოვანია, მსესხებლებმა იცოდნენ თავიანთი უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას ორ შემთხვევაში და ამ დროს მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება თუ:
- 1. მხარე, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლოში; და
- 2. მოპასუხე სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეიტანს შესაგებელს. შესაგებლის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს და მასთან ერთად, კლინეტს შეუძლია, სარჩელში მიუთითოს თავისი მოსაზრებები, მაგალითად - რომ არ ეთანხმება საჯარიმო სანქციას ან პირგასამტეხლოს და ა.შ.
აუცილებელია, რომ სასამართლო უწყება ადრესატს ჩაბარდეს: ფაქტობრივ; ალტერნატიულ; სამუშაო ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
ასევე, საიას ადვოკატი განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც დაუშვებელია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, მაგალითად:
- თუ სარჩელის ადრესატი არ იყო სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწვეული;
- როდესაც სასამართლოს აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ პირს ნამდვილად არ შეეძლო გამოცხადება პროცესზე (დაუძლებელ ძალას ან სხვა მოვლენას ჰქონდა ადგილი);
- თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და
- არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
მნიშვნელოვანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხიც. მხარეს ეგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი, გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ მას 10 დღეში შეუძლია, სასამართლოში შეიტანოს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ.
„ლიბერალი“ იმ ონლაინსესხის გამცემ ორგანიზაციებს დაუკავშირდა, რომლის მომსახურებითაც რესპონდენტი, ნატო შანიძე სარგებლობს.
ერთადერთი ორგანიზაცია, რომელთან დაკავშირებაც შევძელით, Vivus.ge-ა.
„სისი ლოუნისა“ და Netcredit.ge-სთვის გაგზავნილი არაერთი შეტყობინების მიუხედავად, არავინ გამოგვხმაურებია.
Vivus.ge-ში კი მხოლოდ მარკეტინგის სამსახურს ვესაუბრეთ. ვკითხეთ, აქვთ თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ დაქირავებული სესხის ამომღები კომპანიები არღვევენ კლიენტთა პერსონალურ მონაცემებს, მოვალეებს ეცნობიან აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით და სასამართლოს ყალბ კორესპონდენციებს გზავნიან.
მარკეტინგის სამსახურის განმარტებით, ისინი აღნიშნული კომპანიის ქმედებებზე პასუხისმგებლები არ არიან და არ აკონტროლებენ: „თუ რამე პრეტენზია მოდის ჩვენამდე, ვურეკავთ და გამოსწორებისკენ მივუთითებთ, მაგრამ მსგავსი ახლა არაფერი მახსენდება. სხვა მხრივ, ჩვენ ეროვნული ბანკის გარკვეული რეგულაციებით ვმუშაობთ და როგორ გგონიათ, უკანონოს რამეს გავაკეთებთ?“.
რამდენი მსესხებელი სარგებლობს Vivus.ge-ის მომსახურებით - ამ შეკითხვაზე ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ მკაცრად კონფიდენციალური ინფორმაციაა.
„ლიბერალი“ ეცადა, დაკავშირებოდა ე.წ. ამომღებ ერთ-ერთ კომპანიას „საკრედიტო ბიუროს“, თუმცა პასუხისმგებელ პირთან დალაპარაკება ვერ მოვახერხეთ.