საქართველოს მთავრობა დაგროვებითი საპენსიო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა და შესაბამისი კანონპროექტიც მოამზადა. მიზანი საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის ღირსეული პენსიის მიცემა და ქვეყნის ბიუჯეტისთვის ტვირთის შემსუბუქებაა. კანონპროექტის თანახმად, ფონდში თანხის შეტანის ვალდებულება დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და სახელმწიფოს ექნება, თუმცა ოპოზიცია სხვა ქვეყნების წარუმატებელ პრაქტიკაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ასეთი მოდელი მხოლოდ დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ხარჯებს გაზრდის, ადამიანების ღირსეულ სიბერეს კი მაინც ვერ უზრუნველყოფს.
რას გვთავაზობს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს პენსიას (ასაკის გამო) 732 100 ადამიანი იღებდა. კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა 2030 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება, 2060 წლისათვის კი პენსიებზე გასაცემი თანხა საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 30% იქნება.
პროექტის ავტორები საუბრობენ, ერთი მხრივ, ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთზე და მეორე მხრივ, ჩანაცვლების დაბალ კოეფიციენტზე (ხელფასის შეფარდება პენსიასთან), რაც საქართველოში 18%-ია (საერთაშორისო სტანდარტით, კარგ კოეფიციენტად 40-50% მიიჩნევა). ხელისუფლებამ გამოსავალი დაგროვებითი საპენსიო ფონდის შექმნაში იპოვა და ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი მოამზადა.
პროექტის თანახმად, დაგროვებით სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დაქირავებით დასაქმებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო იქნება, 40 წელზე ზევით მოქალაქეებისა და თვითდასაქმებულებისთვის კი - ნებაყოფლობითი.
დაგროვებითი პენსიის პრინციპი ასეთია - სისტემაში ჩართული ადამიანის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად მისი დაუბეგრავი ხელფასის ოდენობის 6% გადაირიცხება. აქედან 2%-ს დასაქმებული, 2-2-ს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო რიცხავენ. იმ მოქალაქეებს, ვისი წლიური ხელფასიც ჯამში 24-დან 60 ათასამდეა, სახელმწიფო მხოლოდ 1%-ს გადაურიცხავს. თუ ადამიანის წლიური შემოსავალი 60 000 ლარს აჭარბებს, ის დაგროვებით სისტემაში ვერ ჩაერთვება.
რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, თუკი ისინი სისტემაში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ, პირად ანგარიშზე ყოველთვიურად მინიმალური შენატანის სახით დასაბეგრი შემოსავლის 4% უნდა შეიტანონ. სახელმწიფოს კონტრიბუცია მათთვის ისეთივეა, როგორიც დასაქმებულის შემთხვევაში (24 000 ლარამდე შემოსავალზე 2%, 60 ათასამდე - 1%).
იმის გამო, რომ დაგროვებული თანხა სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტში ინვესტირდება, კანონპროექტების ავტორების ვარაუდით, წლების შემდეგ ადამიანს ბევრად მეტი თანხა ექნება ანგარიშზე, ვიდრე მისი ხელფასის ოდენობის 6-6%. ეს მოქალაქის ხელფასზე, საპენსიო ფონდის საინვესიტიციო შემოსავალსა და დასაქმების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ადამიანები აიღებენ სხვადასხვა ოდენობის პენსიას, რომელსაც სახელმწიფოს მიერ პენსიონერებისთვის გამოყოფილი თანხაც დაემატება.
საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ სახელმწიფო და დამსაქმებელი თანხის შეტანას შეწყვეტენ. თუმცა მოქალაქეს პენსიის აღების გადავადება შეეძლება და ანგარიშზე თანხას მანამდე შეიტანს, ვიდრე პენსიის აღებას არ დაიწყებს.
საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მოქალაქეს შეუძლია, საკუთარი აქტივების ღირებულების შესაბამისი თანხა მთლიანი და ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანის მეშვეობით მიიღოს. თუ მან დაგროვება გვიან დაიწყო ან დაბალი ხელფასის გამო მხოლოდ მცირე თანხის მობილიზება შეძლო, საპენსიო ასაკის მიღწევისას პენსიის მთლიანი ოდენობის ერთჯერადად გატანა შეუძლია. სხვა შემთხვევაში ის პროგრამული გატანის მეთოდით ისარგებლებს. დარჩენილი კაპიტალი კი საინვესტიციო მოგების გენერირებას გააგრძელებს.
როგორ უნდა გამოვითვალოთ, რა თანხას მიიღებს ადამიანი ყოველთვიურად პენსიის სახით? - ამისათვის საპენსიო ანგარიშზე რიცხული თანხა საქსტატის მიერ გამოთვლილ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე გაიყოფა. მონაწილეს აღნიშნული პერიოდის სურვილისამებრ გაზრდა შეეძლება.
სისტემის მართვასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი საპენსიო სააგენტო იქნება. მის საქმიანობას სამეთვალყურეო საბჭო გააკონტროლებს. ხოლო საინვესტიციო საქმიანობას ეროვნული ბანკი გაუძღვება. სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო 5 წლის ვადით, კანონით გაწერილი კრიტერიუმების გათვალისწინებით ნიშნავს. პირველი 3 წელი სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და წელიწადში 5 მლნ ლარი გამოეყოფა.
საშუალოდ რამდენი ლარის დაგროვებას შეძლებთ
დაახლოებით რამდენი ლარის დაგროვებას შეძლებთ, თუ 30 წლის ქალი ხართ და პენსიის აღებამდე კიდევ 30 წელი გაქვთ? საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის საშუალო თვიური შემოსავალი 940 ლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის არც ისე დიდ ნაწილს აქვს ამ ოდენობის ხელფასი, ორიენტირად მაინც ეს რიცხვი ავიღოთ. შესაბამისად, მოქალაქის ინდივიდუალურ ანგარიშზე ყოველთვიურად 56,4 ლარი, წელიწადში კი 676,8 ლარი დაირიცხება. გამოდის, რომ 30 წელში თქვენ 20 304 ლარის დაგროვებას შეძლებთ.
საქსტატის მონაცემებით, ქალებისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72,7 წელია. იმის გათვალისწინებით, რომ ქალები პენსიის აღებას 60 წლიდან იწყებენ, თქვენ მიერ დაგროვილი თანხა 12,7 წელზე უნდა გავყოთ. შესაბამისად, თქვენ წელიწადში დაახლოებით 1 600 ლარის, თვეში კი 133 ლარის აღება მოგიწევთ. თუ ამას დღეს არსებულ პენსიას დავუმატებთ, ყოველთვიურად დაახლოებით 313 ლარს მიიღებთ.
თქვენ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა შეგეძლებათ, თუმცა, ცხადია, წინასწარ არავინ იცის, რამდენ ხანს იცოცხლებს და რამდენ თვეზე მოუწევს პენსიის განაწილება. შესაბამისად, ვერც იმას დაითვლით, ზუსტად რამდენის მიღებას შეძლებთ თვის განმავლობაში. ასევე, გასათვალისწინებელია როგორც ინვესტირების შედეგად მიღებული მოგება, ასევე ინფლაციის მაჩვენებელიც.
საინტერესოა, საშუალოდ, რამდენი ლარის გადახდა მოუწევთ სახელმწიფოსა და დამსაქმებლებს მოქალაქეების სასარგებლოდ. საქსტატის 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეთა რიცხვი 1 998 100-ია. აქედან 1 763 300 ადამიანი დასაქმებულია, ხოლო 235 100 - უმუშევარი.
20-39 ასაკობრივ კატეგორიაში, როცა შესაძლოა ადამიანი დაგროვებით სისტემაში ჩაერთოს, დასაქმებულთა რაოდენობა 534 200-ია. აქედან 227 500 თვითდასაქმებულია, 304 300 - დაქირავებით დასაქმებული.
იმის გათვალისწინებით, რომ დაქირავებით დასაქმებულებისთვის სისტემაში ჩართვა სავალდებულოა, მხოლოდ მათ სასარგებლოდ გაკეთებული შენატანის ოდენობა დავითვალოთ. თუ დავუშვებთ, რომ ყველა მათგანს 940-ლარიანი ხელფასი აქვს, სახელმწიფოს მათ სასარგებლოდ თვეში 5 720 840 ლარის გაღება მოუწევს, წელიწადში კი - 68 650 080 ლარის.
ასეთივე ხარჯი ექნება ყველა დამსაქმებელს ერთად. რაც შეეხება ერთი კომპანიის საშუალო დანახარჯს, თუ ხარჯს საშუალო ზომის კომპანიისთვის დავითვლით და დავუშვებთ, რომ მას 40 თანამშრომელი ჰყავს, რომელთა ხელფასი 940-940 ლარია, კომპანიას ყოველთვიურად 752 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო წლიურად - 9 024-ის. მსხვილი კომპანიებისთვის კი ეს ხარჯი გაცილებით დიდი იქნება. მაგალითად, მას, ვისაც 1000 თანამშრომელი ჰყავს, ყოველთვიურად 18 800, წელიწადში კი 225 600 ლარის გადახდა მოუწევს.
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობისა და ხელფასის საშუალო ოდენობის მიხედვით, საპენსიო ფონდში 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 205 950 240 ლარი მობილიზდება.
რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას
ოპოზიციური პარტიები მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ხარვეზებსა და ფულის გაფლანგვის საშიშროებას ხედავენ.
„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი „ლიბერალთან“ კანონპროექტის კრიტიკის მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიზანი არა ღირსეული პენსიის გაცემა, არამედ გადასახადების ირიბი ზრდაა, რადგან საპენსიო ფონდში თანხის შეტანის ვალდებულება მას გადასახადის სახეს აძლევს. მეგრელიშვილი ამბობს, რომ დამქირავებელს ამ თანხის გადახდას ვერავინ დაავალდებულებს და ვარაუდობს, რომ დამსაქმებელი ამ 2%-ს დაქირავებულს დააკლებს ხელფასიდან.
„გირჩისთვის“ კიდევ ერთი რისკი სისტემის საერთოდ გაუქმება ან ფონდში არსებული თანხის გაფლანგვაა.
„ასეთი ბედი მსგავს კანონებს ყოველთვის ემუქრება. ან ეს ფული დაიკარგება და მერე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვერავის დაეკისრება, რადგან რომელიღაც მთავრობა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, აღარ იქნება. ასევე, ეს ფული შეიძლება გაუფასურდეს. ჩვენ საერთოდ არ გვაქვს გარანტია, რომ ის თანხა, რასაც 30 წლის მერე გვპირდებიან, ისეთივე მსყიდველუნარიანი იქნება, როგორც დღესაა“.
ვახტანგ მეგრელიშვილს ამის დასტურად სხვა ქვეყნების მაგალითები მოჰყავს, სადაც დაგროვების სისტემამ არ გაამართლა. მისი ინფორმაციით, დღეს განვითარებული ქვეყნების საპენსიო დავალიანებები 73 ტრილიონ დოლარს აღწევს. ამიტომ მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა გადმოიტანოს ასეთი წარუმატებელი სქემა საქართველოს ხელისუფლებამ.
„ჩვენი და პოლონეთის დემოკრატია ხომ შეუდარებელია. პოლონეთი ევროკავშირის წევრი და დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილია და იქ რამდენიმე წლის წინ ეს ფული გაქრა, მთავრობამ შეჭამა. იგივე მოხდა უნგრეთში. იგივე მოხდა 2008 წელს, როცა უამრავი საპენსიო დანაზოგი დაიკარგა სკანდინავიის ქვეყნებში“.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით „გირჩი“ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნის წინააღმდეგია და გამოსავალს პენსიის საჭიროების მიხედვით გაცემაში ხედავს. ვახტანგ მეგრელიშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფოსგან თანხას ყველა საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანი არ უნდა იღებდეს და ასაკთან ერთად განმსაზღვრელი სოციალური ფონი და სხვადასხვა ფაქტორი უნდა იყოს.
„ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენს გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმაროთ, დღესაც გვაქვს ამის შესაძლებლობა. 10-დან 10 ადამიანს კი ნუ ვეხმარებით, თანაც მწირი თანხით, დავეხმაროთ 4-5-ს უფრო მეტით. ვამბობთ, რომ რადგან ვიღაც 65 წლის გახდა, ის ავტომატურად არის შრომის უუნარო, უძლური და დახმარება სჭირდება. არადა, ხალხს მაგ პერიოდში აქვს ყველაზე წარმატებული ბიზნესი, დაგროვებული კაპიტალი და ზოგს არაფერიც არ სჭირდება, გადასახადს იხდის, 10 პენსიას რომ დააფინანსებს, იმდენს“.
დაგროვებით საპენსიო ფონდთან დაკავშირებით შენიშვნები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს. პარტიის წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია ვერ უზრუნველყოფს პენსიონერების ყველა ჯგუფის სიღარიბისგან დაცვას და მომავალი თაობის პენსიონერების ღირსეულ სიბერეს.
მისი განმარტებით, დაგროვებითი სისტემის წარმატების აუცილებელი წინაპირობა ქვეყანაში დასაქმების მაღალი მაჩვენებელი და დაბალანსებული ბიუჯეტია, რაც საქართველოში ან არ არსებობს, ან ძალიან დაბალი ტემპებით ვითარდება.
რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ სისტემაში ჩართვა შემოსავლის ოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და თანხის დაზოგვის შესაძლებლობა მაღალი შემოსავლის მქონე პირებსაც უნდა მიეცეთ, თუმცა ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს კონტრიბუცია 0% იქნება. ამასთან, მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო საპენსიო ფონდებს შორის არჩევანის საშუალება უნდა მიეცეთ.
„გირჩის“ მსგავსად „ნაციონალური მოძრაობაც“ შიშობს, რომ სავალდებულო შენატანი დამსაქმებლებს ყოველწლიურ წმინდა მოგებას შეუმცირებს და ეს არაფორმალური შრომითი გარიგების პრაქტიკის რისკს ზრდის.
„რეფორმამ შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოში ინვესტიციის დაბანდების მსურველ პირებზე, რადგან დამატებით 2%-ანი საგადასახადო წნეხი დიდი რაოდენობით დაქირავებულების შემთხვევაში ბიზნესმოგებას ამცირებს“.
რა არგუმენტები აქვს ეკონომიკის სამინისტროს
რეფორმის ავტორთა ინფორმაციით, საპენსიო რეფორმის შემუშავებისას დეტალურად შეისწავლეს საერთაშორისო გამოცდილება და ზემოხსენებული უცხოური მოდელების წარუმატებლობის მიზეზებიც გააანალიზეს. კერძოდ, პოლონეთსა და უნგრეთში პენსია სოციალური გადასახადიდან ფინანსდებოდა და როცა ეკონომიკური პრობლემების გამო საპენსიო სისტემას დეფიციტი ჰქონდა, მთავრობებმა დაგროვებითი თანხის სახელმწიფო პენსიის დასაფინანსებლად გამოყენება გადაწყვიტეს.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი რამ საქართველოში ვერ მოხდება, რადგან ქვეყანაში სოციალური გადასახადი არ არსებობს და სახელმწიფო პენსია ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამასთან, საპენსიო აქტივი მონაწილის საკუთრებაა და სახელწიფოს ჩარევა მხოლოდ კონტრიბუციის შეტანით შემოიფარგლება.
„ამ შენატანებს არანაირი შემხებლობა არ აქვს სახელმწიფო ბიუჯეტთან ან სახელმწიფო ხაზინასთან, ეს თანხა არის მონაწილის ისეთივე საკუთრება, როგორიც საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა. ერთადერთი დათქმით, რომ მას გაიტანს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. თანხა დაცულია საკუთრების უფლებით“.
უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოს ჩარევის უფლება არც ინვესტირების პროცესში აქვს. ეკონომიკის სამინისტრო პრევენციის იმ მექანიზმზე საუბრობს, რომელიც ინვესტირების შემთხვევაში ფულის არასწორად განკარგვის ალბათობას გამორიცხავს.
„საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკას წარმართავს საერთაშორისოდ აღიარებული, საინვესტიციო სფეროს მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული საინვესტიციო საბჭო. ამ პროცესის ზედამხედველობა კი ეროვნულ ბანკს ეკისრება, რაც დამატებითი კონტროლის მექანიზმია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
ეკონომიკის სამინისტრო შენატანის სავალდებულო ხასიათთან დაკავშირებით ოპოზიციის შენიშვნას პასუხობს. უწყებაში განმარტავენ, რომ საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გადასახადი ბიუჯეტში სავალდებულო ფულადი შენატანია, რომელსაც გადასახადის გადამხდელი უსასყიდლოდ იხდის. საპენსიო შენატანი კი სისტემის მონაწილის საპენსიო ინტერესებს ემსახურება.
უწყებაში ოპოზიციის არც იმ შენიშვნას ეთანხმებიან, რომ სისტემა ჩრდილოვანი ეკონომიკის რისკს ზრდის. კანონპროექტის ავტორთა თქმით, ასეთ შემთხვევაში დასაქმებული ვერ ისარგებლებს მთავრობის კონტრიბუციით, ამიტომ ის არაფორმალურ კონტრაქტს არ დასთანხმდება.
„2%-იანი შენატანი არასაკმარისი პრემიუმია იმ რისკის კონტექსტში, რაც დაკავშირებულია არაფორმალურ სექტორში ბიზნესის გადასასვლელად. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსაზრება არა მხოლოდ 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, არამედ მთლიანად ქვეყანაში უმუშევრობის ან არაფორმალური დასაქმების შესაძლო გაზრდის შესახებ“, - განუცხადეს „ლიბერალს“ ეკონომიკის სამინისტროში.
როგორია მოქალაქეთა განწყობა
დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნა პირველ ყოვლისა მოქალაქეებსა და მათ შემოსავალზე იქონიებს გავლენას. თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა ამ რეფორმის შესახებ არაფერი იცის. ამას მოწმობს „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ წარმოებული კვლევა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 18 წლიდან ზევით 1000 რესპონდენტი გამოიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 85,8% დღეს არსებულ პენსიას არასაკმარისად მიიჩნევს, საპენსიო ფონდის იდეა მხოლოდ 38,4%-ს მოსწონს, ხოლო 12,1% ეწინააღმდეგება.
როგორც ფონდის შექმნის მოწინააღმდეგეები ამბობენ, მათ არ აქვთ იმედი, რომ ეს თანხა მათ პენსიაზე გაიხარჯება. ზოგიერთი მათგანი კი აცხადებს, რომ დაბალი ხელფასი აქვს და მისი კიდევ უფრო შემცირება აღარ უნდა.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული 1000 რესპონდენტიდან 70 თვითდასაქმებული იყო, 276 - დაქირავებით დასაქმებული, 29 - არაფორმალურ სექტორში დასაქმებული, 188 - უმუშევარი, ხოლო 437 სამუშაო ძალის გარეთ.
კვლევამ ასევე კარგად აჩვენა, რომ საშუალოზე მაღალი ხელფასი გამოკითხულებიდან მხოლოდ 169 რესპონდენტს ჰქონდა, საშუალომდე - 189 ადამიანს, ხოლო 180 ლარამდე შემოსავალი - 125-ს.