Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მალნუტრიცია - როგორ დავძლიოთ კვების დეფიციტი

05 ივნისი 2014

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში კვების დეფიციტმა 3400 ახალშობილის სიცოცხლე იმსხვერპლა. იუნისეფის კვლევის მიხედვით, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა, ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება მალნუტრიციის მიზეზით. ბავშვებში კვების დეფიციტით გამოწვეულ ზიანსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე სადისკუსიო შეხვედრისას ფრონტლაინ კლუბში იმსჯელეს.

კვების დეფიციტით გამოწვეული შედეგები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ეკონომიკას. კვლევის თანახმად, ათი წლის განმავლობაში ამ ზარალმა შესაძლოა 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინოს. მკვლევრების შეფასებით, გამოსავალი ამ შემთხვევაში ნუტრეციული პროგრამების დანერგვასა და ექსკლუზიური ძუძუთი კვების პოპულარიზაციაში მდგომარეობს.

საქართველოს მოსახლეობის ნახევარ მილიონ მოქალაქეს, უმეტესად ქალებსა და ბავშვებს აქვთ მალნუტრიციის გარკვეული ფორმა. პედიატრის, მაია ხერხეულიძის თქმით, მალნუტრიცია ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელთანაც ბევრი სხვა პრობლემა ასოცირდება, როგორიცაა სიკვდილიანობა, არასრულყოფილი ჯანმრთელობა, განათლების დაბალი დონე. არაერთი კვლევით დადასტურდა, რომ კვებითი ელემენტების ნაკლებობით წარმოიშობა კოგნიტური სფეროსა და მენტალური პრობლემები, რაც თავის მხრივ, უარყოფითად აისახება სწავლის პროცესზე. „თუ ადრე განვიხილავდით, რომ მალნუტრიცია ეს იყო სიღარიბის შედეგი, დღეს განიხილება, რომ ეს არის სიღარიბის ერთ-ერთი ელემენტი. თუ ჩვენ ორგანიზმს არ ვაწოდებთ სწორ, ბალანსირებულ საკვებს, ეს იწვევს, ერთი მხრივ, ჯანმრთელობის გაუარესებას, მეორე მხრივ, უარყოფითად ზემოქმედებს განათლებაზე. აქედან გამომდინარე, ქვეითდება შესაძლებლობების უნარი, პრობლემას მივყავართ უმუშევრობამდე, საბოლოოდ კი სიღარიბემდე“, - ამბობს მაია ხერხეულიძე. 

მაია ხერხეულიძემ ყურადღება გაამახვილა კვების ისეთ დარღვევებზე, რომლებიც იწვევს სიმაღლისა და წონის დეფიციტს, გარდა ამისა, ჭარბწონიანობას, რაც თავის მხრივ, არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს. მისი შეფასებით, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ რიგ შემთხვევებში კატასტროფული მონაცემები აჩვენა, განსაკუთრებით ანემიის კომპონენტში, სადაც გამოვლინდა, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვთა 22,8%-ს და ორსულთა 25%-ს აღენიშნება ანემია. კიდევ ერთი პრობლემა, რაც კვლევამ ცხადყო, ეს არის  ზრდაში ჩამორჩენა, რისი მიზეზიც ქრონიკული მალნუტრიცია შეიძლება იყოს,-

„ეს შედეგები გვიჩვენებს, რომ დღეს აუცილებელია ეფექტური ქმედებები, დოკუმენტი თვითონ მოიცავს სტრატეგიულ გეგმას, თუ როგორ შეიძლება თითოეული ამ პრობლემის დაძლევა. პირველ რიგში ეფექტურია ორსულობის დროს განხორციელებული პრევენციული ქმედებები“.

მაია ხერხეულიძის თქმით, მნიშვნელოვანია საკვების ფორტიფიკაცია,  რომელსაც მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს. საკვების ფორტიფიცირება, -  „ეს კარგი სტრატეგიაა იმისთვის რომ პოპულაციურად აღმოიფხვრას გარკვეული დეფიციტები, მსოფლიოში ამის ბევრი მაგალითია. ხდება ფოლიუმის მჟავით ფორტიფიკაცია. გარკვეულწილად, ეს შეგვიძლია გავითვალისწინოთ, როგორც მალნუტრიციის აღმოფხვრის სტრატეგია“,- ამბობს ხერხეულიძე.

მისი თქმით, კვების დეფიციტი არ არის პრობლემა, რომელიც დღეს მოქმედებს და ხვალ მოგვარებადია,- „დღეს თუ ჩვენ არ მოვაგვარეთ ეს პრობლემა, ხვალ მივიღებთ განათლების გაცილებით უფრო დაბალ დონეს, რაც ქვეყნის საერთო განვითარებაზეც აისახება. კვების საკითხებში ჩადებული ინვესტიცია მომგებიანია სახელმწიფოსთვის. დღეს ჩადებული ერთი დოლარი, 30 დოლარის მოგებას იძლევა მომავალში. ეს მოგება გამოიხატება, ადამიანის ჯანმრთელობით, სიკვდილიანობის შემცირებით, შრომისუნარიანობისა და განათლების დონის გაუმჯობესებით, ჩვენ თუ დღეს განვახორციელებთ ამ სტრატეგიებს ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს სიკვდილიანობის შემცირებას, მეორე მხრივ, ეკონომიკურ მოგებასაც მისცემს სახელმწიფოს“.

გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამის სპეციალისტის, თამარ უგულავას თქმით, ამ შრომას საფუძვლად დედო 2009 წელს ნუტრიციული სტატუსის შესწავლა. კვლევისას სამიზნე ჯგუფი  რეპროდუქციული ასაკის ქალები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ,- „მოსახლეობაში შევისწავლეთ ანემია, ანემიაში რკინის დეფიციტის წვლილი. შევისწავლეთ ბავშვების ანთროპრომეტრული მონაცემები, მათი სიმაღლე, წონა, გარდა ამისა, ძუძუთი კვების და ზოგადად ბავშვების კვების პრაქტიკა. შევისწავლეთ ორსული ქალები,  მათი წონა, ანემია და ანემიის მდგომარეობა, იმუნოდეფიციტის გავრცელება. შემდგომ თავი მოვუყარეთ ამ ყველაფერს ერთ კვლევაში, რომელსაც ნუტრიციული კვლევა ეწოდა“. მისი თქმით, კვლევის მეორე ეტაპი იყო  თითოეული ამ ინდიკატორის წარმოჩენა, როგორც ქვეყნისათვის პოტენციური ეკონომიკური ზარალი,- „კიდევ უფრო გასაგები რომ გახდეს, მაგალითად  განვიხილოთ ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, რაც იწვევს ნერვული მილის დეფექტებს, რაც, თავის მხრივ, ადამიანში გარკვეული შესაძლებლობების შეზღუდვას იწვევს, შესაბამისად ეს ადამიანი აღარ წარმოადგენს სამუშაო ძალას და არ აქვს განვითარების პოტენციალი, რაც აბრუნებს მას უკან, სიღარიბეში.“ მეორე მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე სახელმწიფო ძალიან ბევრს ხარჯავს, სოციალური დახმარებისა თუ ჯანდაცვის კუთხით, ამდენად ამ მხრივ ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების ტვირთი დიდია.

უგულავას თქმით, როცა ყოველივე ეს შეიკრიბა, აღმოჩნდა, რომ 10 წლის განმავლობაში  ამ კუთხით ინტერვენციის არარსებობამ განაპირობა ის, რომ ქვეყანამ 6,3 მილიარდი ლარის ზარალი მიიღო. ამას ემატება მორალური და ეთიკური ზარალი, რაც დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობაში გამოიხატა.

 2009 წლის კვლევაში ერთ-ერთი ინდიკატორი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში წონის სიმცირე იყო. შეესაბამებოდა თუ არა 5 წლამდე ასაკის ბავშვი თავის წონით მრუდს, რომელიც განსაზღვრა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები გადაცდენილი არიან ამ ზღვარს, არა წონის სიმცირით, როგორც მაგალითად აფრიკის ქვეყნებში, არამედ წონის სიჭარბით. გადაცდენა გამოვლინდა სიმაღლის მხრივაც,- „ანუ საქართველოში ბავშვები არიან უფრო დაბლები და მსუქნები, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული სტანდარტებით უნდა იყვნენ. ამას სამედიცინო ენაზე ორმაგი ტვირთი  - ზედმეტი წონისა და დაბალი სიმაღლის – ეწოდება“.

თამარ უგულავას მიაჩნია, რომ მსგავსი პრობლემის შესწავლა ქვეყანაში რუტინულად თუ არა კვლევებით მაინც, 3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ტარდებოდეს,- „ ქვეყანაში, სადაც ასეთი პრობლემები აღმოჩნდა და გამოვლინდა, ბუნებრივია უნდა არსებობდეს სტრატეგია, რომ 2014 წელს ისევ შევისწავლოთ ეს საკითხი, არის თუ არა გადადგმული რაიმე ქმედითი ნაბიჯები. მოსახლეობის ნუტრიციული სტატუსის შესწავლა გარკვეული პერიოდულობით უნდა ხდებოდეს, ასეთი კრიტიკული მონაცემები უნდა ფასდებოდეს. ეს მეორე ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“.

რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების მაგალითს, სიმაღლეში ჩამორჩენის პრობლემა ამიერკავკასიის ქვეყნებშიც არსებობს. ის სომხეთში უფრო გამოხატულია, ვიდრე აზერბაიჯანში  „ამდენადასეთია ტენდენცია და არანაირ გამონაკლისს ჩვენ არ წარმოვადგენთ“,- განმარტავს თამარ უგულავა.

დისკუსიისას პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ძუძუთი კვება განიხილება. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვების 45% მოკლებულია ძუძუთი კვებას. პედიატრებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების განათლების დონის ამაღლება ამ საკითხში, რომ, ერთი მხრივ, მოსახლეობამ და, მეორე მხრივ, სამედიცინო პერსონალმა სწორად აღიქვას, რომ დედის რძე ბავშვისთვის შეუცვლელია. „სამწუხაროა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ცდილობს ადვილად მოაგვაროს ეს საკითხი, მათთვის უფრო იოლია ხელოვნური საკვები გამოწეროს, ვიდრე პაციენტს კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიოს. პირველ რიგში დედა უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ შვილს ძუძუ აჭამოს, მეორე მხრივ, ამაზე ანტინატალური მეთვალყურეობის დროს ექიმმაც უნდა იზრუნოს“,- ამბობს მაია ხერხეულიძე.

დისკუსიისას მნიშვნელოვან პრობლემად დაასახელეს სამედიცინო პერსონალის განათლების დონე. პედიატრის, დიმიტრი ტოკლიკიშვილის თქმით, ამ მიმართულებით მთავარი პრობლემა უმეცრებაა,- „ჩვენ ტოტალურ უმეცრებასთან გვაქვს საქმე, როგორც მოსახლეობის ისე, სამედიცინო პერსონალის მხრიდან“. მისი აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ფინანსური დაინტერესებაა, მეორე ფაქტორი კი ცოდნის დეფიციტია,- „შეიძლება შესანიშნავი ექიმი იყოს, მაგრამ ამ პროგრამის განხორციელებისთვის ბევრი ნიუანსის ცოდნაა საჭირო. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ამაზე ნაკლებს ლაპარაკობენ, საჭიროა მეტი პროპაგანდა“.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სერვისების შესახებ ისაუბრა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ. ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი სერვისია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში უკვე დამტკიცდა, შეძენილია მედიკამენტებიც. დაიწყო ფოლიუმის მჟავითა და რკინის პრეპარატებით საქართველოს ორსული ქალების უზრუნველყოფა,- „დასაწყისში ჩვენ გამოვყავით ორსული ქალები, მიზნობრივად პირველი 13 კვირის განმავლობაში მათზე უფასოდ გავცემთ საჭირო რაოდენობის ფოლიუმის მჟავას, ეს არის დღეში 400 მგ დოზა.“

პრეპარატის გაცემა პირობითად მიბმულია ანტინატალურ პროგრამას. ორსულს შეუძლია 13 კვირამდე არ აიღოს კუთვნილი ვაუჩერი და არ ისარგებლოს ვიზიტით. პროგრამის ერთმანეთზე მიბმით კი მჟავის აღების საშუალება ორსულს მაშინ ექნება, თუ ვაუჩერს აიღებს, რაც უნდა მოხდეს ორსულობის საწყის ეტაპზე. „ამდენად, მათი მოტივაცია გაიზრდება, რომ პატარას ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის და შემდგომში ძალიან კარგი ინვესტიციისთვის რაც შეიძლება ადრეულად მიმართონ სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს, აიღონ თავიანთი ვაუჩერი და პარალელურად მიიღონ უფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფოლიუმის მჟავის უფასოდ მიღებისათვის. ისინი შემდგომში მკურნალი ექიმის რეცეპტის საფუძველზე მიმართავენ აფთიაქს და მიიღებენ პრეპარატის საჭირო რაოდენობას“,- განმარტა დარახველიძემ. თუკი ორსულობა ვადაზე ადრე შეწყდება, პიროვნებას შეუძლია მაინც გააგრძელოს ამ პრეპარატის მიღება, ეს  ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

რაც შეეხება რკინის პრეპარატებით უზრუნველყოფას, ორსულთა ანემია ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს, - „ვიფიქრეთ, რომ ამ ეტაპზე უმჯობესი იქნებოდა ინვესტიცია ჩაგვედო ორსულობის 26-28 კვირის ვადაზე, ეს არის ორსულობის ის ვადა, როდესაც აბორტი უკვე ნაკლებად გვაქვს სახეზე, ძალიან დიდია ნაადრევი მშობიარობების რისკი და სწორედ აქ შეგვიძლია ქალის დახმარება, რომ ისინი მშობიარობას მომზადებული შეხვდნენ.“

დასაწყისისთვის რკინის პრეპარატები დღეში 200 მგ განისაზღვრება, მხოლოდ იმ ორსულებისთვის, რომლებსაც აქვთ დადასტურებული რკინადეფიციტური ანემია. ამ შემთხვევაში ეს ვაუჩერზე მიბმული არ არის,-„ არის სამწუხაროდ ისეთი შემთხვევები, როცა ქალი 13 კვირამდე არ აკითხავს ანტინატალური მომსახურებისთვის სამედიცინო დაწესებულებას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მოქალაქე ყველა ორსულმა უნდა ისარგებლოს ამ სიკეთით. არ არის აუცილებელი, რომ ორსული სარგებლობდეს ანტინატალური მომსახურებით, დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში ის მაინც მიიღებს ამ პრეპარატს“,- განმარტავს დარახველიძე.

მისი თქმით,  საქართველოს მთავრობას გააჩნია სტრატეგია 2014-2015 წლებისთვის, ეს არის  ადამიანთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა, სადაც სპეციალური ქვეთავი ეძღვნება ბავშვთა უფლებების დაცვას, რომელშიც მალნუტრიციის შემცირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. წამყვანი პასუხისმგებელი ორგანო კი ჯანდაცვის სამინისტროა. დარახველიძის თქმით, იმისათვის, რომ პრობლემა მხოლოდ სახელმწიფოს მხრებზე არ დარჩეს, აუცილებელია ამაღლდეს მოსახლეობის განათლების დონე ამ სფეროში, რომ მომავალში, საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^