30 აპრილიდან 5 მაისამდე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მსოფლიოს ოცი ქვეყნის ორმოცდაათ ახალგაზრდა მომღერალს უმასპინძლებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში სახელწოდებით OPERA CROWN („საოპერო გვირგვინი“). მათ უკვე წარმატებით დაძლიეს კონკურსის შესარჩევი ეტაპი (მათ შორის 15 ქართველი მომღერალია), რომელიც აპრილის დასაწყისში დასრულდა და რომელშიც სამასზე მეტმა(!) ახალგაზრდა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა.
ვოკალისტთა კონკურსი თბილისში 2018 წელს პირველად გაიმართება, ხოლო შემდგომში - ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. მისი მიზანია გამოავლინოს და ხელი შეუწყოს ახალგაზრდა, ნიჭიერ მომღერლებს, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია არამხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური წარმოჩენა, არამედ პროფესიული კარიერის შექმნა და განვითარება მსოფლიო საოპერო სცენებზე.
კონკურსში მონაწილეობენ მომღერლები 22 წლიდან 32 წლამდე. გარკვეული ასაკობრივი ბარიერი იმიტომ არის დაწესებული, რომ სწორედ ახალგაზრდა თაობას მიეცეს მაქსიმალური შესაძლებლობა საკუთარი თავის წარმოსაჩენად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ტექნოლოგიების საუკუნეში ახალი თაობის მსმენელმა არ დაივიწყოს მსოფლიოს საოპერო მუსიკის შედევრები.
თბილისის საერთაშორისო ვოკალისტთა კონკურსის ორგანიზატორია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროს ხელშეწყობით. კონკურსანტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ცნობილი ტენორი, ბადრი მაისურაძე. კონკურსის შემადგენლობაში შედიან ასევ საოპერო ვარსკვლავები და მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა თუ სააგენტოების ხელმძღვანელები.
2018 წლის საერთაშორისო კონკურსის წევრები არიან: ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო/მეცო-სოპარნო გრეის ბამბრი, მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერალი მაყვალა ქასრაშვილი, ლონდონის სამეფო თეატრ „კოვენტ გარდენის“ დირექტორი პიტერ მარიო კატონა, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯონათან ფრენდი, პარიზის ,ნაციონალური ოპერის დირექტორი ილიას ცემპეტონიდისი, ბარსელონას საოპერო თეატრ „ლისეუს“ სამხატვრო ხელმძღვანელი კრისტინა შეპელმანი, ნეაპოლის „სან-კარლოს თეატრის“ სამხატვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრანჩესკო ანდოლფი, გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრის დირექტორი და მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდის პრეზიდენტი ოლგა როსტროპოვიჩი, გლინდებორნის საოპერო ფესტივალის გენერალური დირექტორი სებასტიან შვარცი. გარდა ამისა, ცნობილი იტალიელი საოპერო მენეჯერები - ალესანდრო არიოზი და ფაბიანა დალპიაზი.
საკმაოდ მნიშვნელოვანია საპრიზო ფონდიც. კონკურსში გამარჯვებული (პირველი პრემია) მიიღებს 15 ათას დოლარს, მეორე პრემიის მფლობელი - 10 ათასს, ხოლო მესამე - 7 ათასს. გარდა ამისა, დაწესებულია თბილისის ოპერის თეატრის პრიზი - 2 ათასი დიოლარი, პლუს ჰონორარი საოპერო სპექტაკლში მონაწილეობისთვის. ასევე დაწესებულია ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სპეციალური პრემია - ათასი დოლარი, რომელიც საუკეთესო ტენორს გადაეცემა. კონკურსის პირველ ტურში მონაწილენი შეასრულებენ ორ საოპერო არიას ფორტეპიანოს თანხლებით. მეორე ტური ასევე ფორტეპიანოს თანხლებით სრულდება (ორი არია), ხოლო მესამე ტურში გადასულ ვოკალისტებს უკვე ორკესტრის თანხლებით მოუწევთ საოპერო არიების შესრულება.
სამივე ტური თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დიდ დარბაზში ჩატარდება. კონკურსი საზეიმოდ გაიხსნება 30 აპრილს თეატრის, ე.წ. წითელ დარბაზში. პირველი ტური გაიმართება 1 და 2 მაისს, მეორე ტური - 3 მაისს, დასკვნითი მესამე ტური, ლაურეატების დაჯილდოება და კონკურსის საზეიმო დახურვა 5 მაისს, საღამოს გაიმართება. ფინალურ ეტაპზე მომღერლები მსმენელის წინაშე უკვე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად წარდგებიან, რომელსაც ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.