Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალები გადაწყვეტილებებს მიღმა

12 ივნისი 2014

2014 წელს თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატ ქალთა რაოდენობა 10,96%-ს შეადგენს, რაც შეეხება გამგებლობის კანდიდატთა გენდერულ დაყოფას, მათგან მხოლოდ 3.8%-ია ქალი.

პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 109-ე, მთავრობაში კი – 42–ე ადგილს იკავებს. დღეს ქალები საქართველოს პარლამენტის მხოლოდ 11%-ს შეადგენენ. ქვეყანაში მომუშავე ქალთა ორგანიზაციები ქალებისთვის არსებულ წინააღმდეგობებზე საუბრობენ და პრაქტიკულად ერთხმად ამბობენ, რომ გამოსავალი სტერეოტიპული მიდგომების შეცვლა და გენდერული კვოტების შემოღებაა. კვოტების, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს დაავალდებულებს, საარჩევნო სიების 30% მაინც ქალებით დააკომპლექტონ.

ხათუნა მაჭავარიანი ქუთაისის მერობის კანდიდატია. „ქალთა პარტიის“ ლიდერი დაახლოებით ხუთი წელია, რაც პარტიის წევრი და ახლა უკვე მისი ხელმძღვანელია.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა პოლიტიკაში წასვლა დაახლოებით 8 წლის წინ გადაწყვიტა. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე და შემდეგაც ბევრი ბარიერის გადალახვა მოუწია. ორი შვილის დედის პოლიტიკაში წასვლას მეუღლე არ შეწინააღმდეგებია, მამამაც მხარი დაუჭირა – „იცის, რასაც აკეთებსო“. როგორც თვითონ ამბობს, ოჯახური ტვირთი შეუმსუბუქეს და  ხელი ამით შეუწყეს. მაგრამ იცის, რომ ბევრი ქალისთვის ოჯახი გადაულახავი ბარიერია. საოჯახო საქმე, ფინანსების სიმცირე და დამკვიდრებული შეხედულებები პოლიტიკისკენ  გზას ბევრ ქალს უღობავს.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თავისი ინტერესების შესაბამისი პარტიის ძებნა დაიწყო. იცოდა, რომ „დიდ პოლიტიკაში“  პარტიის გარეშე ვერ მოხვდებოდა, რადგან დამოუკიდებელი კანდიდატი ქალისთვის გამარჯვება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ეძებდა პარტიას, რომელიც თავადაც მოეწონებოდა, და რომელშიც მიიღებდნენ. 2008 წელს ახალდაარსებულ „ქალთა პარტიაში“ გაწევრიანდა. ამბობს, რომ ყველა ის საფეხური გაიარა, რაც თავმჯდომარეობამდე იყო საჭირო – მეტროსადგურებთან ხელმოწერების შეგროვებიდან დასავლეთის რეგიონის კოორდინატორობამდე.

მოგვიანებით ქალთა პარტიის მაშინდელი ლიდერი გუგული მაღრაძე „ქართული ოცნების“ წევრი გახდა.

„გუგული მაღრაძე ნამდვილად ცდილობდა, რომ კოალიციაში მთლიანად „ქალთა პარტია“ შესულიყო, მაგრამ ეს არ მოხერხდა, „დიდ პოლიტიკაში“ ქალთა პარტიის ადგილი არ მოიძებნა. სამწუხაროა, რომ ამ პარტიას არ უყურებენ, როგორც სერიოზულ ძალას, არც ის უნდათ მაინცდამაინც, რომ ქალები იყვნენ პოლიტიკაში, ამ ყველაფრის მიზეზი კი განათლებაში, კულტურასა და ტრადიციებში უნდა ვეძებოთ“, – ამბობს პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე.

 „ქალთა პარტია – სამართლიანობისა და თანასწორობისთვის“ ოფიციალურად  2008  წელს დარეგისტრირდა. თუმცა, როგორც ხათუნა ამბობს, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელმოწერების შეგროვება და დროულად დარეგისტრირება ვერ მოხერხდა, ამიტომ „ქალთა პარტია“, როგორც საარჩევნო სუბიექტი, არჩევნებში არ მონაწილეობს. თავად ხათუნა ქუთაისის მერობის კანდიდატია ბლოკიდან „თვითმმართველობა ხალხს“.

დეკრეტული შვებულებები, შრომითი უფლებები, სახელმწიფოს მხრიდან ქალების საქმიანობის ხელშეწყობა - მაჭავარიანის აზრით, ეს ის თემებია, რომლებიც შესაბამის გადაწყვეტას საჭიროებს, ამიტომ პოლიტიკაში ქალების რაოდენობის გაზრდა „ქალთა პარტიის“ ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.

ჯერ კიდევ შორს გენდერული პარიტეტისგან

ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულთა 53% ქალები არიან. თუმცა მოსახლეობის დემოგრაფიული განაწილება საკანონმდებლო, აღმასრულებელ თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში არა თუ იმავე თანაფარდობით, ნახევარი პროპორციითაც კი არ არის ასახული.

დღეს ქალები თვითმმართველობებშიც 11%-ით არიან წარმოდენილნი. 2014 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტისა და 5 თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დეპუტატების 89% მამაკაცია. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კვლევის მიხედვით, საკრებულოებში ქალ დეპუტატთა წარმომადგენლობით ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი თეთრიწყაროშია – 8 ქალი. ქარელში, გარდაბანში, სიღნაღსა და წყალტუბოს საკრებულოებში ქალები მხოლოდ 4%-ს შეადგენენ. ქალი დეპუტატები საერთოდ არ ჰყავთ მცხეთაში, ახალქალაქში, დედოფლის წყაროსა და ხონში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 38 წევრიდან კი ქალი მხოლოდ ერთია.

„ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრი ბაია პატარაია ფიქრობს, რომ მდგომარეობა დიდად არც 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეიცვლება, რადგან წარმოდგენილ კანდიდატებშიც მამაკაცები ქალებს ბევრად სჭარბობენ.

„ახალი თვითმმართველი ორგანოების არჩევის შემდეგ, დავინახავთ, რომ ქალების წარმომადგენლობა 10%-ზე მეტი ისევ არ იქნება, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი არ გვაქვს და ყველა ის ღონისძიება, რასაც აქამდე ქვეყანა ქალთა პოლიტიკაში ჩართვისთვის აკეთებდა, არაეფექტურია“, – ამბობს პატარაია.

1998 წლიდან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში ქალთა რაოდენობის დინამიკა კლებულობს. თუკი  მაშინ ქალების რაოდენობა 14% იყო, 2002 წელს ეს რიცხვი 11,9%-მდე შემცირდა,  2006 წელს - 11,5%,  2010 წელს კი 10,2% შეადგინა.

2014 წელს თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატ ქალთა რაოდენობა 10,96%-ს შეადგენს, რაც შეეხება გამგებლობის კანდიდატთა გენდერულ დაყოფას, მათგან მხოლოდ 3.8%-ია ქალი.

2006 წელს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის დროებითი საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც 2009 წელს მუდმივ ორგანოდ გადაიქცა. 2012 წლის ნოემბრიდან პარლამენტის თავმჯდომარემ გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი შემადგენლობა მისი პირველი მოადგილის მანანა კობახიძის ხელმძღვანელობით დაამტკიცა. საბჭოს შემადგენლობაში გენდერული ბალანსი დაცულია – 6 ქალი და 6 მამაკაცი პარლამენტარი. ორგანომ დაარსებისთანავე გენდერის საკითხებში პირველადი დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა მიიღო, რომლის განხორციელების ზედამხედველობაც მისსავე ფუნქციებში შედის.

თუმცა „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო სრულიად უფუნქციო ორგანოდ გადაიქცა, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში მას არათუ სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარმოუდგენია, არამედ საბჭოს წევრები არც კი შეკრებილან.

რატომ უნდა იყვნენ ქალები პოლიტიკაში

ექსპერტი გენდერის საკითხებში, თამარ ბაგრატია ფიქრობს, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს უფრო პრინციპულ პოლიტიკას, ნაკლებ კორუფციულ გარიგებებს და ნაწილობრივ, უკეთეს სოციალურ პოლიტიკას, რადგან პრობლემების დიდი ნაწილი ქალს სოციუმში თავად გამოცდილი აქვს.

„სამი არგუმენტია იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ქალი პოლიტიკაში: რაოდენობრივი – მოსახლეობის 53% გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი; ინტერესთა – რადგან ქალებსა და მამაკაცებს განსხვავებული ინტერესები აქვთ; და გამოცდილების – რადგან გამოცდილებაც განსხვავებულია. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფი, მით უფრო ახლოს იქნება ის სამართლიან გადაწყვეტილებასთან“, – ამბობს ბაგრატია.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქალი დეპუტატი დამაკავშირებელი რგოლი უნდა იყოს ამომრჩეველ ქალებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის. სწორედ ქალ პოლიტიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ და დადებითი ზეგავლენა მოახდინონ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც ამომრჩეველმა, ამ შემთხვევაში კი ქალმა ამომრჩეველმა, სარგებელი უნდა მიიღოს.

„მას შეუძლია მხარი არ დაუჭიროს თუნდაც კონკრეტული ბიუჯეტის დამტკიცებას, რომელშიც ქალთა საჭიროებები არ იქნება ასახული. სწორედ ამიტომ უნდა იყოს ქალი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, რადგან უკეთესად ესმის ჩვენი პრობლემები. ნორვეგიაში თვითმმართველობებში ქალების რაოდენობის გაზრდის შემდეგ საბავშვო მოვლის ცენტრების დაფინანსება 20%-ით გაიზარდა. სწორედ ამას ვუწოდებთ ინტერესთა და გამოცდილების არგუმენტს“, – განმარტავს თამარ ბაგრატია.

სტერეოტიპების კედელი - ბარიერების კასკადი ქალებისთვის

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ამბობს, რომ პოლიტიკაში ქალების დაბალი მონაწილეობის მიზეზები ყოველთვის კომპლექსურია. მაგრამ ძირითად ბარიერად, როგორც წესი, მაინც გავრცელებული გენდერული სტერეოტიპებია.

„დამკვიდრებული შეხედულებების მიხედვით, ქალის მთავარი როლი ოჯახში დედისა და მეუღლის ფუნქციით შემოიფარგლება და არ გულისხმობს საზოგადოებრივ საქმიანობას. ამ უკანასკნელისთვის ქალებს არ აქვთ საკმარისი პირობები. მათ არ რჩებათ დრო ოჯახს გარეთ საქმეებისთვის. არის ნაკლებობა კონსტიტუციური, საკანონმდებლო ან ნებაყოფლობითი პარტიული კვოტებისა“, – ამბობს კვაპილოვა.

USAID-ის მიერ 2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალების მთავარ ფუნქციაზე საუბრისას არც ერთი რესპოდენტი ქალის მთავარ ფუნქციად მის პოლიტიკურ-სოციალურ როლს არ ასახელებს. ისინი ამბობენ, რომ ტრადიციულ მენტალიტეტთან ერთად, რომლის მიხედვითაც ქალის მთავარი ფუნქცია ოჯახის მოვლაა, ქალი პოლიტიკას თავს სათანადოდ ვერ გაართმევს და ეს კაცის საქმეა.

თუმცა მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა აზრით, საარჩევნო კანდიდატისთვის აუცილებელი თვისებები - დიპლომატიურობა, ნაკლებად აგრესიულობა, სანდოობა, პატიოსნება და ნაკლებად კორუმპირებულობა ქალებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე კაცებს.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია ამბობს, რომ ქალებს პოლიტიკაში მოსვლამდეც და პოლიტიკაში ყოფნის დროსაც მამაკაცებზე მეტი წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ.

„თავიდან ქალებს უჭირთ გადაწყვეტა, წავიდნენ თუ არა პოლიტიკაში. პირველი და მთავარი ბარიერი ოჯახია, აუცილებელი მორალური, ეკონომიკური თუ სხვაგვარი მხარდაჭერა. ამასთან საარჩევნო გარემოს კვლევები აჩვენებს, რომ ეს გარემო დიდწილად ძალადობრივია. არსებობს მოსაზრებაც, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა“ ამჟამადაც ერთ-ერთ რეგიონში 15 ქალი ემზადებოდა პოლიტიკაში მოსასვლელად, თუმცა საბოლოოდ მათგან მხოლოდ 3 კანდიდატი დარჩა“, - ამბობს რუსეცკაია.

სტერეოტიპებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, თამარ ბაგრატიას აზრით, ისაა, რომ მთელი სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კაპიტალი მამაკაცების მიერაა მონოპოლიზებული და ამ კაპიტალის გარეშე ქალებისთვის პოლიტიკაში მოსვლა ძალიან რთულია.

„ოპონენტებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ქალს პოლიტიკაში მოსასვლელად და მამაკაცის თანაბარი კვალიფიკაციის მოსაპოვებლად მეტი მუშაობა სჭირდება. და ესეც იმითაა განპირობებული, რომ ოჯახური ფუნქციები არათანაბრადაა გადანაწილებული. ეკონომიკური შემოსავალიც განსხვავებულია. ეს ყველაფერი ქალს განვითარებაში ხელს უშლის“, - ამბობს ბაგრატია.

მამაკაცების ნაწილი აცხადებს, რომ  პოლიტიკაში ქალების დაბალი წარმომადგენლობა ქალებისავე მოუმზადებლობითაა გამოწვეული.

„რატომღაც მომზადების და კვალიფიკაციის არგუმენტი მხოლოდ ქალების შემთხვევაში არსებობს და იგივე მოთხოვნები მამაკაცებზე აღარ ვრცელდება. თუმცა, მაშინაც კი, როცა ჩვენ პარტიებს მომზადებული ქალები შევთავაზეთ, ესეც უშედეგოდ დამთავრდა, როგორც ჩანს, მოუმზადებულობა, არც ისე საფუძვლიანი არგუმენტია“, - ამბობს ბაგრატია.

არსებული გამოცდილებით, ქალებისთვის პროპორციული სისტემა უფრო ხელსაყრელია, ვიდრე მაჟორიტარულ და დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა.

2006 წელს პროპორციული სიით ქალების 15% მოვიდა თვითმმართველობებში, პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით - 8%-მა გაიმარჯვა. დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფის წარდგენილი კანდიდატებიდან კი ქალების მხოლოდ 4% გახდა დეპუტატი.

ასეთ პირობებში კიდევ უფრო რთულია პოლიტიკაში მოსვლა, როცა პარტიების შიგნით დაწინაურების ბუნდოვანი და არადემოკრატიული სისტემა მოქმედებს.

„ქალები პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მხოლოდ დაბალ დონეებზე არიან ჩართულები და ვერ მონაწილეობენ შედარებით სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაში. ქალები ხშირად ჩივიან, რომ მიუხედავად აქტიური ჩართულობისა, პარტიული ელიტა, რომელიც კაცებითაა დაკომპლექტებული, როგორც წესი, ქალებს მაინც არ აწინაურებს“, - განმარტავს ბაგრატია.

ქალები ქალების წინააღმდეგ

NDI-ის 2013 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, თანაბარი კვალიფიკაციის ქალ და მამაკაც კანდიდატებიდან გამოკითხულთა 39% მხარს მამაკაცს დაუჭერდა, ქალს კი მხოლოდ - 14%. საინტერესოა, რომ მათგან, ვინც მამაკაცს მისცემდა ხმას, 31% პროცენტი ქალია.

ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს პრეტენზიები აქვთ იმ ქალებთანაც, რომლებიც ამჟამად საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან და ამბობენ, რომ ისინი არ არიან ქალთა საჭიროებებზე, ქალების უფლებებზე ორიენტირებული ცვლილებების ინიციატორები.

„ჩვენ არ მოგვისმენია ამ ქალების განცხადებები და პოზიციები ბოლო დროს გახშირებულ მკვლელობებთან და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. არც ერთ მათგანს არ დაუგმია ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა. ჩვენ გვჭირდება გენდერულად მგრძნობიარე ქალები, რომლებიც ამომრჩეველ ქალთა უფლებებს დაიცავენ და აუცილებელი ცვლილებების განხორციელებას შეუწყობენ ხელს“, - ამბობს ბაგრატია.

ქალები საკუთარი უფლებებისთვის - სუსტი „დაკვეთა ქვემოდან“

იმას, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები მოსახლეობის 53%-ის ინტერესებს არასაკმარისად ითვალისწინებენ, ისიც განაპირობებს, რომ „დაკვეთა ქვემოდან“ საკმაოდ სუსტია.

თუკი წინასაარჩევნო კამპანიების დროს ხშირად ვხვდებით სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფზე მორგებულ დაპირებებს, ამგვარ განცხადებებს ფაქტობრივად ვერ ვისმენთ ქალი ამომრჩევლების მისამართით.

 „ქალების ცალკე სოციალური ჯგუფი რომ არსებობს, ამის განცდა თვითონ ქალებსაც არ აქვთ. მათ უფრო ძლიერი მორალური ბმა ეთნოსთან, რელიგიასთან და სხვა იდენტობებთან აქვთ, ვიდრე საკუთარ გენდერთან. ეს ბუნებრივია პატრიარქალურ საზოგადოებაში, რადგან ამ საზოგადოებას არ სჭირდება კონსოლიდირებული და გენდერული ნიშნის გარშემო გაერთიანებული ქალები. თუკი ქალები შეძლებენ თვითორგანიზებას, ისინი სერიოზული და ანგარიშგასაწევი ძალა გახდებიან, მით უფრო, რომ რაოდენობრივად ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ“, - ამბობს ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი ბაია პატარაია.

ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ერთიანი ქალთა მოძრაობა, რომელიც კონკრეტულ ინიციატივებს წარმოადგენდა, შემდეგ მათ ლობირებას დაიწყებდა და „აიძულებდა“ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებსა და პირებს, დაეკმაყოფილებინათ მათი მოთხოვნები. ფემინისტებისა თუ უფლებადამცველების აქციები და ღონისძიებები ეპიზოდური და ფრაგმენტული ხასიათისაა. ამიტომ საბოლოოდ იმ ქალთა ინტერესები ზარალდება, რომლებზეც არც გადაწყვეტილების მიმღებებმა იფიქრეს.

გენდერული კვოტა,  როგორც გამოსავალი

2013 წლის 29 ივლისს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებით, თუკი პარტიების მიერ წარდგენილ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - ყველა პარტიულ სიაში) კანდიდატთა ყოველ ათეულში განსხვავებული სქესი სულ მცირე 30%-ით იქნება წარმოდგენილი, ეს პარტია 30%-ით მეტ დაფინანსებას მიიღებს.

თუმცა ქალთა უფლებადამცველების შეფასებით, შიდაპარტიულმა კვოტამ არ გაამართლა. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, მმართველი პარტიები დამატებითი დაფინანსების მოტივაციის არქონის გამო, კვოტირების სისტემას არ იყენებენ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გენდერული კვოტები არ დააკმაყოფილა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კი  ნებაყოფლობითი კვოტირების სისტემა, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, გამოიყენა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. მაგრამ საინტერესოა, რომ ნაციონალურ მოძრაობასაც ქალები ათეულში კრიტიკულ, არაგამსვლელ ადგილებში ჰყავს, იქ სადაც გამარჯვების შანსი ნაკლებადაა. 

„ის, რომ მმართველმა პარტიამ ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით გენდერული კვოტა არ გამოიყენა, აჩვენებს, რომ კვოტირების სიტემა პარტიებისთვის მხოლოდ ფინანსური დანამატის მიღების საშუალებად განიხილება და სხვა ინტერესი ქალებთან დაკავშირებით არ არსებობს. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის თავის მოტყუება და ნებაყოფლობითი კვოტირების სისტემა არ მუშაობს“, - ამბობს ბაია პატარაია.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ასეთ ვითარებაში ერთადერთი რეალური და ეფექტური საშუალება  სავალდებულო კვოტირების სისტემის დანერგვაა. პატარაიას აზრით, „ამის შემდეგ პარტიები იძულებულები გახდებიან წევრი ქალები გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობაზე გამოაჩინონ“.

თამარ ბაგრატია ფიქრობს, რომ სავალდებულო კვოტირების სისტემას ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება. პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგის მიღწევა შესაძლებელია. ამ ეტაპზე სასურველი  შედეგი კი მინიმუმ 30%-იანი წარმომადგენლობაა, რომელიც ექსპერტის შეფასებით, ე.წ. „კრიტიკულ მასას“ შექმნის.

„გენდერული თანასწორობა არ არის მხოლოდ თანაბარი უფლება, ეს არის თანაბარი შესაძლებლობა და თანაბარი პასუხისმგებლობა და ჩვენ ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობასაც“, - ამბობს ბაგრატია.

პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის ქალებიც ამბობენ, რომ გენდერული კვოტა პოზიტიური დისკრიმინაციის გამოხატულებაა. თუმცა მეორე ნაწილის აზრით, კვოტა არა დისკრიმინაციული, არამედ მაკომპენსირებელი საშუალებაა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ამბობს, რომ გენდერული კვოტები მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის გასაზრდელად ყველაზე ეფექტური მექანიზმია.

„უფრო ღრმა და კონსტრუქციული დისკუსია ამგვარი კვოტების შესახებ საქართველოს ნამდვილად დაეხმარება, რომ ჰქონდეს გენდერულად მეტად დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი და, შესაბამისად, მეტად დემოკრატიული საზოგადოება“, - ამბობს კვაპილოვა.

2014 წლის ივლისში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტი (CEDAW) მთავრობების ანგარიშებს განიხილავს და შეაფასებს, რას მიაღწიეს ქვეყნებმა გენდერული თანასწორობის კუთხით.

„ველოდებით, რომ კომიტეტის რეკომენდაციები წაახალისებს საქართველოს მთავრობას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად უფრო შესაფერისი გზები მოძებნოს“, - ამბობს კვაპილოვა.

მანამდე კი, 15 ივნისს თვითთმმართველობის არჩევნები გაიმართება. ხათუნა მაჭავარიანი აპირებს ქუთაისში პირველი, არჩეული ქალი მერი გახდეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^