ვინ და რატომ უწევს რეკლამას ჩეჩნურ ბრენდს უკრაინაში
დიდი ხანია გაჩნდა ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული ძალების მხარეზე, ჩრდილოკავკასიელები, უმთავრესად, ჩეჩენბი იბრძვიან. რეგიონში ჩეჩნების ყოფნის ყველაზე აშკარა დემონსტრირება 25 მაისს, დონეცკში მოხდა, როცა ქალაქში გამართულ მიტინგს სამხედრო ტექნიკაზე "ამხედრებული" შეირაღებული პირები შეუერთდნენ. დამკვირვებლების ყურადღება ერთ-ერთ ჯავშანმანქანაზე გაკეთებულმა წარწერამ - "ბატალიონი "ვოსტოკი" და ჩაცმულობის კავკასიელებისათვის დამახასიათებელმა ელემენტებმა მიიპყრო. უკვე 26 მაისი იყო, როცა დონეცკში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ უკრაინული მასმედიის საშუალებებმა ცნობა გაავრცელეს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დაღუპულთა შორის ათობით ჩრდილოკავკასიელი აღმოჩნდა.
ბატალიონი "ვოსტოკი" კი ჯერ კიდევ 2008 წელს დაიშალა, რუსულ-ქართული კონფლიქტის დასრულებიდან ძალიან მალევე. დონეცკში ამგვარწარწერიანი ჯავშანმანქანის გამოჩენას, უპირველეს ყოვლისა, ორი მიზეზი ჰქონდა. ჩეჩნების გამოჩენას ადგილობრივი ფორმირებებისათვის – საომარი სულისკვეთება, ხოლო ოფიციალური კიევისათვის შიში უნდა შთაენერგა. როგორც ჩანს, უფრო გრძელვადიანი გათვლაც იყო: უკრაინულ ქალაქში "ვოსტოკის" შესვლას კიევში ჩეჩნეთის მიმართ მტრული განწყობა უნდა გაეღვივებინა, რათა ოდესმე, თუკი ჩეჩნეთი დამოუკიდებლობაზე განაცხადს ისევ გააკეთებდა, უკრაინაში მისი მხარდაჭერის სურვილი არავის გასჩენოდა. სიტუაცია ძალიან ჰგავდა იმას, რაც 90-იანების დასაწყისში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ხდებოდა. ჩეჩნები იმ ომში მოწინააღმდეგის ძალის უმნიშვნელო სეგმენტს შეადგენდნენ. მაგრამ რუსული მედიასაშუალებები ლამის მხოლოდ ჩეჩნებზე წერდნენ და ამით ჩეჩნეთის საქართველოსაგან იზოლაციის საფუძველს ამზადებდნენ.
იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი მმართველი ძალა თითქოს სულ სხვა განწყობების არსებობაში არწმუნებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, მოსკოვში ჯერ კიდევ არსებობს ჩეჩნეთის რუსეთისაგან შესაძლო გამოყოფის შიში.
ჩრდილოკავკასიელები რომ უკრაინაში გამოჩნდნენ, ამაში მათი ლიდერების დემონსტრაციულად ცენტრისკენული, პირფერული პოლიტიკაც თამაშობს როლს. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გავლენა კვლავ გასცდა რუსეთის საზღვრებს, ამჯერად დასავლეთის მიმართულებით.
23 მაისს კადიროვმა მისივე ინსტაგრამის მეშვეობით მოულოდნელად გააკეთა განცხადება, რომ "ლაიფნიუზის" რუსი ჟურნალისტების, ოლეგ სიდიაკინის და მარატ საიჩენკოს გასათავისუფლებლად დაწყებული საიდუმლო მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ეს ჟურნალისტები უკრაინაში 18 მაისს დააკავეს. სიდიაკინი და საიჩენკო ტერორისტული აქტის მზადებაში იყვნენ ეჭვმიტანილები. ჩეჩნეთის მეთაური თავისი გამარჯვების შესახებ ვითომდა თავმდაბლად, მაგრამ მეტყველად წერდა: "ჟურნალისტებისა და ჩეჩნეთის ყველა მკვიდრის სახელით, სიდიაკინისა და საიჩენკოს გადარჩენისთვის უზარმაზარი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეროვნულ ლიდერს, ვლადიმირ პუტინს! მარატი და ოლეგი დილამდე გროზნოში დაისვენებენ, ხვალ კი მოსკოვში ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს შეხვდებიან". უკრაინის ხელისუფლებამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რუსი ჟურნალისტების თაობაზე რაიმე სახის მოლაპარაკება შედგა, ან გამოსასყიდი იქნა გადახდილი, თუმცა ორი ჟურნალისტის გათავისუფლებიდან სულ რამდენიმე დღე იყო გასული, როცა რუსული ტელეარხი НТВ სერიოზულად აცხადებდა, თითქოს "ლაიფნიუზის" ჟურნალისტებისა და უკრაინელი სამხედრო ტყვეების ურთიერთგაცვლის საკითხზე ეგრეთ წოდებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და კიევის ხელისუფლებაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა.
საინტერესოა, რომ უკრაინის მოვლენებში ასეთი ხალისით "შეჭრას" ჩრდილოეთ კავკასიის ვერც ერთი ლიდერი ვერ დაიკვეხნის. რუსეთის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთიცა და აფხაზეთიც დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ამ პრობლემას. თუმცა არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სამხრეთ ოსეთიდან გამგზავრებული თხუთმეტიოდე მოხალისე აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს. 19 მაისს ცხინვალის ყოფილი მერი, ალან კოტაევი აცხადებდა, რომ მის მოწოდებას უკრაინაში მოხალისეებად წასვლის თაობაზე 50-ზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა. ორგანიზატორებს იმედი ჰქონდათ, რომ მაისის ბოლომდე მათი რაოდენობა ასს მიაღწევდა და 1 ივნისისთვის დონეცკში ერთი ოსური რაზმი გაიგზავნებოდა. თუმცა 23 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მოულოდნელად გაღიზიანებული ტონით მოითხოვა, შეწყვეტილიყო ამ საკითხის პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად გამოყენება. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს, "რეს"-ის ინფორმაციით, თიბილოვმა განაცხადა: "მსგავსი პოპულისტური მოწოდებები სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს ვნებს, რადგან ეს შეიძლება უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად იქნას შეფასებული".
მაშ, რაღატომ ცდილობს რამზან კადიროვი პუტინისთვის ლოიალობის ასე დამტკიცებას, ლეონიდ თიბილოვი კი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მცოცავ რუსულ ინტერვენციაში მონაწილეობისგან თავს იკავებს? ერთ-ერთი აშკარა მიზეზი ისიცაა, რომ ჩეჩენი მეომრის `ბრენდი~ მსოფლიოში უფრო ცნობადია, ვიდრე ოსი მეომრისა. დონეცკში "ოსური წარწერებით" ჯავშნიანი ტანკის გამოჩენა არაფრისმთქმელი ფაქტი იქნება. ანუ ოს მეომრებზე "მოთხოვნა" აღმოსავლეთ უკრაინაში სიმბოლურად დაბალია. მეორე, ნაკლებად ცნობილი მიზეზი ისაა, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტის პოლიტიკური ფიგურა მთლიანად კრემლის მთავარი ბინადრის თამაშს თამაშობს, მაშინ, როცა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დასავლეთის არაღიარების მიუხედავად, თეორიულად მაინც ინარჩუნებენ გარე სამყაროსთან გარკვეული ურთიერთობის შანსს. როგორც ჩანს, რაკი მოსკოვი არანაირ სარგებელს არ ელის უკრაინაში ოსი მებრძოლების გამოჩენით, ცხინვალმა გადაწყვიტა, იგნორირება გაუკეთოს რუსულ-უკრაინულ კონფლიქტს, რომლისკენაც ახლა მიმართულია დასავლეთის მთელი ყურადღება. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას ხელს არ აძლევს რუსულ-უკრაინულ დაპირისპირებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. რესპუბლიკას ეს რაიმე გამოკვეთილ სარგებელს არ მოუტანს, პრობლემების შემატება კი სავსებით მოსალოდნელია.