ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის დასი, რომელსაც საკუთარი სცენა აღარ აქვს, წლებია უკვე მომთაბარე ცხოვრებას ეწევა და სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრებში მართავს.
დახეული ფარდები, ძველი და დამტვრეული პროჟექტორები, ჩამონგრეული სახურავი, ჩამპალი იატაკი და ცივი ოთახები - ასე გამოიყურება დღეს თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრი.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვარლამ ნიკოლაძე ამბობს, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც თეატრის დასი იძულებულია, სპექტაკლები სხვა თეატრების სცენაზე გამართოს. სხვა თეატრები კი თანხის გადახდის გარეშე სპექტაკლის დადგმის ნებართვას მხოლოდ ერთჯერადად, საპრემიერო ჩვენებისთვის აძლევენ. “ამის გამო არ გვყავს მუდმივი მაყურებელი. ბილეთი 5 ლარი ღირს, მაგრამ ასეთი დაბალი ფასის პირობებშიც კი ბევრ ბილეთს მაინც ვერ ვყიდით. საკუთარი სცენა რომ გვქონდეს, პრემიერის გარდა თვეში რამდენიმე სპექტაკლის გამართვასაც შევძლებდით, მუდმივი მაყურებელი გვეყოლებოდა და თეატრს ფინანსურად ასე არ გაუჭირდებოდა,”- აცხადებს ნიკოლაძე.
თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრი 1909 წელს დაარსდა. 1922 წელს მას სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა. ნაგებობა, რომელიც 136 წლის წინ აშენდა, ბოლო 30 წლის განმავლობაში უფუნქციოდაა მიტოვებული. 2004 წელს შენობა ნაწილობრივ შეაკეთეს და ისევ თეატრს გადასცეს. თუმცა, საფუძვლიანი რესტავრაციის გარეშე თეატრში სპექტაკლის ჩვენება შეუძლებელია: შენობაში არც სკამებია, არც სცენა, არც ფარდა, არც ჭერი და არც იატაკი….
“მაყურებელი სპექტაკლს მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში უყურებს. ამ ერთი საათის უკან კი ძალიან დიდი ძალისხმევა დგას, რადგან სპექტაკლის დადგმას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება,” - ამბობს აზერბაიჯანული დრამატული თეატრის მსახიობი შეილა ჯაფაროვა.
სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ფინანსური პრობლემების გამო თეატრს კადრების მოზიდვაც უჭირს და დასში, რომელსაც 25 მსახიობი სჭირდება, ამჟამად მხოლოდ 11 მსახიობი მუშაობს.
მსახიობი აზერ მუსაოღლუ აცხადებს, რომ თანამშრომლების დიდი ნაწილი სამსახურს დაბალი ხელფასის და სათანადო პირობების არარსებობის გამო ტოვებს და სამუშაოდ აზერბაიჯანში მიდის: "მე გარდაბანში ვცხოვრობ. გარდაბნელია კიდევ რამდენიმე მსახიობი. ხელფასის ნახევარზე მეტს გზის ფულში ვხარჯავთ. ჩემი ხელფასი 288 ლარია. აქედან 150 ლარი გზაზე მეხარჯება."
როგორც ნიკოლაძე ამბობს, ფინანსური პრობლემების გამო თეატრს პროფესიონალი მსახიობების და ახალგაზრდა კადრების მოზიდვა უჭირს და წლებია უკვე, დახმარებას ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ: “დახმარების თხოვნით ვის აღარ მივმართეთ. მათ შორის აზერბაიჯანის მთავრობასაც. აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი აბულფაზ გარაევი მოვიწვიეთ. დახმარება ვთხოვეთ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია შOჩAღ-საც, მაგრამ უშედეგოდ. გასული წლის ბოლოს საქართველოს კულტურის სამინისტროში მიგვიწვიეს. ვფიქრობდით, რომ დამატებით თანხას მოგვცემდნენ. სამინისტროში კი გვითხრეს, რომ თეატრის ბიუჯეტი 10 პროცენტით, 160 ათასი ლარიდან 144 ათას ლარამდე შეგვიმცირეს.”
რატომ არ ჩაუტარდა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას რეაბილიტაცია? იგეგმება თუ არა შენობის შეკეთება ან დასის ახალ შენობაში გადაყვანა და როდისთვის? რა გახდა თეატრის ბიუჯეტის შემცირების მიზეზი? - ჩვენ ამ კითხვებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ, მაგრამ სამინისტროსგან ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.
არასამთავრობო ორგანიზაციის - „შემოქმედი ახალგაზრდების აკადემია“ ხელმძღვანელი ჯამალ მამედოვი აცხადებს, რომ რეგიონებში, იქ, სადაც კულტურის სახლები არსებობს, თეატრის მიმართ უფრო მეტი ინტერესია: “რამდენიმე რაიონში ვიყავით გასტროლებზე და სპექტაკლის სანახავად ბევრი ხალხი მოვიდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ რაიონებში კულტურის სახლები არსებობს და იქ კულტურული ღონისძიებები მუდმივად იმართება. აზერბაიჯანულ დრამატულ თეატრს საკუთარი სცენა და სპექტაკლების რეგულარულად გამართვის საშუალება რომ ჰქონდეს, მუდმივი მაყურებელიც ეყოლებოდა."
თეატრის მსახიობი აიდა თაგიევა ამბობს, რომ აზერბაიჯანული კულტურის პოპულარიზაციისთვის მათ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდებათ: “ბოლო წლებში ვხედავთ, რომ მაყურებლის ინტერესი, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან, იზრდება. მართალია, ახლა პატარა აუდიტორია გვყავს, მაგრამ თუ მხარდაჭერა გვექნება, მაყურებელთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.”
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარლამ ნიკოლაძე თეატრის მომავლის მიმართ პესიმისტურად არის განწყობილი: "ასე თუ გაგრძელდა, აზერბაიჯანული დრამატული თეატრი დაიხურება და ეს იქნება დიდი სკანდალი და დადასტურება იმის, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას."
რახიმ შალიევი
სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.