Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩარევა სასურველია - რა შეიძლება ვისწავლოთ ფრანგული დირიჟიზმისგან

20 ივნისი 2014

როცა ახალი მთავრობის წარუმატებლობაზე ლაპარაკობენ, როგორც წესი, ხაზს უსვამენ ხოლმე არაიდეოლოგიურ, სამართლებრივ და ტექნიკურ ასპექტებს. ამ ასპექტებზე დაყრდნობით მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაამართლა. მაგალითად, ამბობენ, რომ ღარიბაშვილის მთავრობა ზედმეტად ბევრ პრემიას იღებს და ეს ფული ხალხის ნაცვლად, მაღალჩინოსნების ჯიბეებში მიდის. კიდევ ერთი პრეტენზია არის ის, რომ ახალი მთავრობა კვლავ აგრძელებს მოსმენებს, ხალხის უკანონო თვალთვალს და ამიტომ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ა.შ.

აღარაფერს ვამბობ ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესთან დაკავშირებულ ჩავარდნებზე _ ერთი მხრივ, იმ ბრალდებაზე რომ „ქართული ოცნება“ რიგ შემთხვევაში გარიგებაში შედის „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტულ წევრებთან და, მეორე მხრივ, ის, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტიას, კანონდარღვევით ავიწროებს. ყველა ეს ბრალდება „ქართული ოცნების“ მისამართით ლეგიტიმურია და თავისი საფუძველი აქვს, მაგრამ ამ სტატიაში ვაპირებ, რომ ყურადღება პრობლემის სრულიად განსხვავებულ იდეოლოგიურ ასპექტზე გავამახვილო. ეს უკანასკნელი შეუიარაღებელი თვალისთვის შედარებით შეუმჩნეველია და პოლიტიკურზე მეტად სოციალურ და კულტურულ დონეზე მოქმედებს. 

ასეთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა ის არის, რომ სათანადოდ ვერ იქნა გათავისებული, რომ საბაზრო ეკონომიკაში ჩარევა სასურველია. „ქართული ოცნების“ იდეოლოგიური პლატფორმა, რომელიც შედარებით მემარცხენეა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობისა“, მაინც ბოლომდე ვერ გასცდა მემარჯვენე და ნეოლიბერალურ დისკურსს, რომელიც ყველა სოციალური პრობლემის მოგვარებას თავისუფალ ბაზარს ანდობს. პირველ რიგში, ვისაუბრებ იმაზე, თუ რაში გამოიხატება კონკრეტულად ასეთი მიდგომა, რა არის ამ მიდგომის მთავარი შეცდომა, შემდეგ კი ოპტიმალურ სახელმწიფო პოლიტიკაზეც ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. 

დავიწყოთ იქედან, თუ რას ემყარება რწმენა, რომ თავისუფალი ბაზარი (ბაზარი, რომელშიც სახელმწიფო სრულიად არ ერევა ან მინიმალურად ერევა) სამართლიანად და ეფექტურად გაანაწილებს მატერიალურ რესურსებს. თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი განაწილება სამართლიანია მხოლოდ იმიტომ, რომ იგი რესურსების (მათ შორის, სამუშაო ძალის) თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას ემყარება. ის, რომ ერთი ადამიანი მის ხელში არსებულ რესურსს მეორეს ნებაყოფლობით უცვლის, ეკონომიკური მემარჯვენეების აზრით, იმისი დასტურია, რომ ორივე მხარე შედეგით კმაყოფილი უნდა იყოს.  როგორც ეკონომისტები ამბობენ, ასეთ შემთხვევაში მიღწეულია ე.წ. პარეტო ეფექტურობა (ისეთი მდგომარეობა, როდესაც ერთი მხარე იგებს მეორე მხარის წაგების გარეშე).

ეკონომიკური მემარჯვენეების აზრით, განაწილებაც ასევე ეფექტურია, რადგან ინდივიდუალური აქტორები თავის რესურსებს უფრო მეტად დაზოგავენ და გაუფრთხილდებიან, ვიდრე სახელმწიფოს მიერ დანიშნული მოხელეები. ისინი მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურად მომგებიანი შედეგის მიღწევას შეეცდებიან.

თავისუფალი ბაზრის კრიტიკოსები, რომელთა პოზიციას მეც ვეთანხმები, ორივე ამ არგუმენტს კრიტიკის ქარ-ცეცხლის ქვეშ ატარებენ. პირველ რიგში, თავისუფალი ბაზარი არ უზრუნველყოფს სამართლიან განაწილებას ორი მიზეზის გამო: პირველი, აქტორებს არათანაბარი სასტარტო რესურსები აქვთ (და ეს არათანაბრობა არის არა მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, არამედ დაბადებიდან მიღებული არათანაბარი რესურსების შედეგი), და, მეორე, თავისუფალი გაცვლა ვერ არის თავისუფალი მაშინ, როდესაც რესურსების არმქონე აქტორებს გაცვლის გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვთ (მაგალითად, ღარიბ მუშას სხვა ალტერნატივა არ აქვს, თუ არა ის, რომ თავისი სამუშაო ძალა მიზერულ ხელფასზე გაცვალოს).

თავისუფალი ბაზარი ასევე ვერ უზრუნველყოფს ყველაზე ეფექტურ განაწილებასაც, რადგან ხშირ შემთხვევაში აქტორებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იქნება რესურსების გაცვლის საუკეთესო ალტერნატივა. ასევე, ხშირად არ აქვთ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ბაზა, რომ რესურსები ეფექტურად აითვისონ. სახელმწიფო არის საზოგადოების ყველაზე მსხვილი კოლექტიური ორგანიზაციის ფორმა და, ბუნებრივია, ასეთ ორგანიზაციას კონკრეტული მიზნებისთვის გაცილებით მეტი რესურსის ეფექტურად მობილიზაცია შეუძლია.

ჩვენს შემთხვევაში ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“, მიუხედავად დადებითი ნაბიჯებისა, ჯერ კიდევ ნეოლიბერალურ (მემარჯვენე) პარადიგმას იზიარებს იმით, რომ უშუალოდ სახელმწიფო კი არ ერევა ეკონომიკაში მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად, არამედ ხშირ შემთხვევაში ისევ ბაზარს ანდობს რესურსების ეფექტურად და სამართლიანად განაწილებას. მართალია, სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ეკონომიკური ინტერვენციონიზმისკენ (ჩარევისკენ) სოფლის მეურნეობაში, სადაც მასშტაბური იაფი საკრედიტო პროგრამის და ახალი მიწების ათვისების პროგრამა განახორციელა, მაგრამ ამავე დროს, სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია ეკონომიკის განვითარების გენერალური გეგმა.

ასეთი გენერალური გეგმა გულისხმობს არა მხოლოდ იაფი კრედიტების შეთავაზებას, არამედ მთლიანი ეკონომიკის წარმართვას გარკვეული მიმართულებით _ მათ შორის, სახელმწიფოს მიერ სტრატეგიულ დარგებში საწარმოების დაფუძნებას. საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც საბჭოთა წარსულის კომპლექსი არსებობს, ამგვარი პოლიტიკა შეიძლება წარსულის მავნე გადმონაშთად მიიჩნიონ, მაგრამ სინამდვილეში, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ფართოდ დანერგილი პრაქტიკა იყო.

საფრანგეთში, მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ ამგვარ პოლიტიკას დირიჟიზმს (Dირიგისმე) უწოდებდნენ და იგი გულისხმობდა, როგორც გარკვეულ სფეროებში წარმოების წახალისებას, ასევე, თავად სახელმწიფოს მიერ გარკვეული საწარმოების მფლობელობას (საფრანგეთის ისტორიაში აღმავლობის პერიოდს, რომელიც დირიჟიზმის პოლიტიკის პირობებში მიმდინარეობდა „დიდებულ ოცდაათწლეულს“ /Lეს თრენტე Gლორიეუსეს/ უწოდებენ). ამავე ტიპის პოლიტიკას დღეს უწოდებენ „ბეიჯინგის კონსენსუსს“, რომელიც, გარდა ავტორიტარიანული მმართველობის მხარდაჭერისა, თითქმის ყველა ასპექტით ეთანხმება ფრანგულ დირიჟიზმს. ცნობილი „აზიური ვეფხვები“ (აღმოსავლეთ აზიის ოთხი ქვეყანა,  რომელმაც მეორე საუკუნის მეორე ნახევარში სწრაფად განვითარდა: ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი და სინგაპური) განვითარების საწყის ეტაპზე (და ზოგიერთ მათგანი, დღემდე) მეტ-ნაკლებად ერთნაირად იყენებდნენ სახელმწიფო დაგეგმვას და თავიანთ ეკონომიკას გარკვეული მიმართულებით წარმართავდნენ; აღარაფერს ვამბობ ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის სოციალ-დემოკრატიულ გამოცდილებაზე.

დირიჟიზმისა და ინტერვენციონისტული სახელმწიფო პოლიტიკის უკან იდგა მოსაზრება, რომ თავისუფალი ბაზარი ვერ შეძლებდა რესურსების ეფექტურად განაწილებას, ინფორმაციის და ტექნიკური თუ ადამიანური პერსონალის ნაკლებობის გამო. სახელმწიფო ბიუროკრატიის სათავეში იდგა ყველაზე საუკეთესო და განათლებული ტექნიკური პერსონალი, რომლებიც წყვეტდნენ, თუ რა მიმართულებით უნდა წასულიყო ეკონომიკა და რა უნდა გაკეთებულიყო კონკრეტულ დარგებში.

დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სისუსტე ის გახლავთ, რომ ის ბოლომდე არ არის დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებს. ერთი მხრივ, გავლენიანი ბიზნესლობი და, მეორე მხრივ, ნეოლიბერალური პარადიგმების გავლენა საჯარო პოლიტიკის დისკურსზე ახალ ხელისუფლებას ხელს უშლის, რომ ჯეროვნად გაიაზროს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს აქტიური და სასწრაფო ჩარევა.

ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი ხელისუფლება სათანადოდ ვერ იაზრებს მაღალპროფესიონალური ბიუროკრატიის როლს და პოლიტიკის დაგეგმვის დროს ხელმძღვანელობს არა არსებული სიტუაციის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების ანალიზით, არამედ ინტუიციით. კვალიფიკაციის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ასევე საქართველოში სოციალური და ტექნიკური მეცნიერების განვითარების დონესთან. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თითქმის არც ერთ სფეროში სახელმწიფო არ ატარებს კვლევებს და არ ცდილობს სიტუაციის მეცნიერულ ანალიზს, არამედ ჯერდება იმას, რასაც იღებს ზეპირი გადმოცემით.

იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმუშაოს ისე, რომ ეფექტურად და სამართლიანად აწარმოოს და გაანაწილოს რესურსები, საჭიროა, რომ მან მიბაძოს არა ნეოლიბერალური და მემარჯვენე განვითარების მოდელს, არამედ აიღოს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის და განსაკუთრებით ფრანგული დირიჟიზმის მაგალითი, ისწავლოს ბოლო წლების ყველაზე წარმატებული „ბეიჯინგის კონსენსუსისგან“ და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^