Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსკოვი კორეულ ოფსაიდში

30 აპრილი 2018

სამხრეთ და ჩრდილო კორეის ლიდერთა ისტორიული შეხვედრა „მზიანი პოლიტიკის” ოც წლისთავს დაემთხვა. ასე უწოდა სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ 1998 წელს ორი ქვეყნის დაახლოებისკენ მიმართულ თავის  ახალ სტრატეგიას. მისი არსი მარტივი იყო - დაახლოება და შემორიგება ჩრდილო კორეელთა გულის მოგებისა და გათბობის გზით. სახელწოდება „მზიანი პოლიტიკის“, (Sunshine Policy) შთაგონებად იქცა ეზოპეს ცნობილი იგავი: „ერთმანეთს მზე და ჩრდილოეთის ქარი გაეჯიბრნენ და გადაწყვიტეს, რომ მათ დავაში გამარჯვებული გამოვიდოდა ის, ვინც გზად მიმავალ ადამიანს ლაბადას გახდიდა. ქარმა დაუბერა, მაგრამ ლაბადის შემოგლეჯა ვერ მოახერხა, რადგან ადამიანმა სიცივეში ლაბადა შეიკრა. მზემ კი დააჭირა, ადამიანს დასცხა და ლაბადა გაიხადა“.

კორეის საკითხი ჰაერში 1950 წლიდანაა გამოკიდებული, როდესაც ჩრდილოეთი სამხრეთს დაესხა თავს და ეს უკანასკნელი მხოლოდ ამერიკელთა ჩარევამ გადაარჩინა. ჩრდილოელები ავანტურაზე სტალინის წაქეზებით წავიდნენ, რომელსაც იმ დროს უკვე ატომური ბომბი ჰქონდა და ამერიკის იმდენად აღარ ეშინოდა. გარდა ამისა, სტალინი იმასაც ვარაუდობდა, რომ, თუკი ამერიკა სამხრეთს დაეხმარებოდა, ჩრდილოეთთან ომი გაუჭირდებოდა, კორეულ ჭაობში ჩაეფლობოდა, პრესტიჟს დაკარგავდა და ევროპულ საქმეებსაც შედარებით მოსწყდებოდა. სწორედ ამიტომ, როცა ამერიკელებმა კორეის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოზე გაიტანეს, სტალინმა გაეროში თავის ელჩს უბრძანა, სხდომაზე არ შესულიყო (და, შესაბამისად, ვეტოც არ დაედო) - დაე, ამერიკელებს გაეროს ეგიდით ეომათ კორეაში (რაც შეეხება ჩინეთს და მის შესაძლო ვეტოს, იმ დროს ჩინეთში ახალი დასრულებული იყო სამოქალაქო ომი და უშიშროების საბჭოში ადგილი დღევანდელ ტაივანს ეკავა - ჩინეთიდან განდევნილ ნაციონალისტთა მთავრობას). მისდა მოულოდნელად ამერიკამ თავის მოკავშირეებთან ერთად წარმატებით იომა და არა მხოლოდ სამხრეთ კორეა გაათავისუფლა, არამედ შეტევაზეც გადავიდა და ჩრდილო კორეის კომუნისტური ხელისუფლება დამხობისგან მხოლოდ ომში ჩინელთა მოულოდნელმა ჩარევამ გადაარჩინა. ეს უკანასკნელები ომში არც ისე დიდი ხალისით, ისევ სტალინის დაჟინებით ჩაერთნენ, მაგრამ მოულოდნელობისა და უზარმაზარი არმიის წყალობით, ამერიკელები უკუაქციეს.

ამის შემდეგ პირველად (და, როგორც გაირკვა, არა უკანასკნელად) კორეის გამო მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დადგა - ამერიკელთა მთავარსარდალმა, ლეგენდარულმა გენერალმა, მაკარტურმა, ჩინელების წინააღმდეგ ატომური ბომბის გამოყენება მოითხოვა. კატასტროფა პრეზიდენტმა ტრუმენმა აღკვეთა, რომელსაც საამისოდ მაკარტურის გადაყენება მოუხდა, რაც იოლი საქმე არ იყო და საბოლოო ჯამში ტრუმენის კარიერა შეიწირა კიდეც. ომი მალე რეალურად გაიყინა - ორივე მხარე საწყის პოზიციებს დაუბრუნდა და აშკარა გახდა, რომ ყველაფერი ამით დასრულდა. მაგრამ სტალინის დაჟინებით საომარი მოქმედებები მაინც არ წყდებოდა. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ, 1953 წლის ივლისში, საომარი მოქმედებები დასრულდა და ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. სამშვიდობო შეთანხმება, როგორც ასეთი, ორ კორეას შორის დღემდე არ არის გაფორმებული და გასულ კვირას გამართული სამიტის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ ახლო მომავალში გაფორმდება.

რამდენად არის ეს სამიტი უშუალოდ „მზიანი პოლიტიკის“ შედეგი, რთული სათქმელია. თავიდან თითქოსდა ყველაფერი კარგად მიდიოდა. უკვე 1999 წლიდან ეკრანებზე გამოვიდა სამხრეთკორეული (აშკარად მთავრობის მიერ დაკვეთილი) ფილმები ორი კორეის გაყოფის ტრაგედიაზე - „შირი“ (ტრილერი ჩრდილოელ აგენტ ქალზე, რომელიც იმდენად ღრმად ახერხებს სამხრეთ კორეაში შეღწევას, რომ თავისი უშუალო მეტოქის, სამხრეთელი აგენტის საცოლე ხდება), „38-ე პარალელი“ (დრამა ომში გაწვეულ ორ სამხრეთელ ძმაზე, რომლებიც ერთმანეთს კარგავენ და სხვადასხვა ბანაკში იბრძვიან) და კიდევ ბევრი სხვა. 2000 წელს სამხრეთ კორეის ლიდერი ჩრდილოელ კოლეგასაც ეწვია და მხარეები მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ, მათ შორის გაერთიანების პროცესის დაძვრაზეც. მაგრამ ერთ წელიწადში, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბუშმა, ჩრდილო კორეა „ბოროტების ღერძის“ ერთ-ერთ ქვეყნად გამოაცხადა და დაახლოებაც დამუხრუჭდა, თუმცა მხოლოდ დამუხრუჭდა: მალე ჩრდილო კორეაში შეიქმნა სპეციალური ინდუსტრიული ზონა, სადაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარდა. 2007 წელს კი ჩრდილოეთში კიდევ ერთი სამიტი შედგა. სამხრეთის მაშინდელი პრეზიდენტი ნო მუ-ჰონი, ისევე, როგორც გასულ კვირას კიმ ჩენ-ინი, ფეხით გადავიდა საზღვარზე და გაჩნდა იმედი, რომ „მზიანი პოლიტიკა“ წარმატებით გაგრძელდებოდა, მაგრამ ერთ წელიწადში სამხრეთში ახლად არჩეულმა ხელისუფლებამ ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელების სანაცვლოდ ჩრდილოეთისგან ბირთვული პროგრამის დახურვა მოითხოვა. მოთხოვნა ლოგიკური იყო, რადგან ჩრდილოეთის ბირთვული ტესტები უკვე არა მხოლოდ სამხრეთს, არამედ იაპონიას და ამერიკასაც სერიოზულად აწუხებდა და ჩნდებოდა ეჭვი, რომ „მზიან პოლიტიკას“ თავისი სიკეთეებით (სამხრეთული ინვესტიციებით და ჰუმანიტარული დახმარებით) კომუნისტური რეჟიმი, უბრალოდ, თავის გასაძლიერებლად იყენებდა. სეულის მოთხოვნას ჩრდილოეთმა უარით უპასუხა და მოყოლებული იქიდან კონფრონტაცია ისე გამწვავდა, რომ 2010 წელს სამხრეთ კორეამ „მზიანი პოლიტიკის“ სრული კრახის შესახებ განაცხადა, 2016 წელს კი სპეციალური ეკონომიკური ზონაც დაიხურა.

რა მოხდა ასეთი ბოლო ორ წელიწადში, რამაც შესაძლებელი გახადა სამიტი და ისიც სამხრეთის ტერიტორიაზე? პირველი - ჩრდილო კორეამ, ალბათ, გარკვეულ კონდიციამდე მიიყვანა ბირთვული პროგრამა და შეკავების რაღაც პოტენციალი მაინც აქვს (ანუ საბოლოოდ ომს წააგებს, მაგრამ მოწინააღმდეგეს მასზე თავდასხმა საკმაოდ ძვირად დაუჯდება და ამიტომაც თავს არ დაესხმება). ჩაკეტილ და პარანოიულ რეჟიმს, ალბათ, ეს ჰაერივით ესაჭიროებოდა, მით უფრო იმის შემხედვარე, თუ რა ბედი ეწიათ სადამ ჰუსეინსა და მოამარ კადაფის - დიქტატორებს ბირთვული იარაღის გარეშე. ახლა კიმი თავს უფრო უშიშრად გრძნობს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ და მოლაპარაკებებზეც უფრო თამამად მიდის. მეორე ის, რომ სანქციებმა რეჟიმი დაასუსტა და ურჩობას უკვე ზარალის მეტი არაფერი მოაქვს (ზარალი უკეთეს შემთხვევაში, - არ არის გამორიცხული, განადგურებაც მოიტანოს). ჩრდილო კორეის მოსახლეობა სიღატაკეში ცხოვრებას ოდითგანვეა მიჩვეული, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. მით უფრო, რომ სეული საზღვართან პროპაგანდას ეწევა - იქ დინამიკები დგას, რომლებიც ჩრდილოელებს შეულამაზებლად ამცნობს, რა ხდება ორ კორეასა და, საერთოდ, მსოფლიოში. საპასუხოდ ჩრდილოეთიც ეწევა პროპაგანდას, მაგრამ ცხადია, ეს უკანასკნელი სასაცილოდაც არავის ჰყოფნის.

დაახლოების ერთ-ერთ სიგნალად სწორედ სამხრეთის მიერ პროპაგანდის შეწყვეტა იქცა. პარალელურად კიმ ჩენ-ინმა ბირთვული პროგრამა შეაჩერა. მანამდე ისიც გაირკვა, რომ ჩრდილო კორეის ლიდერი და ტრამპი შეხვედრაზე შეთანხმდნენ, შეხვედრის მომზადებაზე კი ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები მუშაობდნენ. ეს უკვე თავისთავად საგულისხმო ფაქტი იყო, რადგან დაზვერვის სამსახურებს არა მხოლოდ ფარულად მოქმედება შეუძლიათ, არამედ უფრო თავისუფალნიც არიან მოქმედებაში. 2000 წლის სამიტის შემდეგ გაირკვა, რომ ჩრდილოეთის რეჟიმმა სეულისგან ფარულად დიდი ფული მიიღო, რასაც გვარიანი სკანდალიც მოჰყვა. აი, დაზვერვა ასეთ რამეებს სკანდალამდე არასოდეს მიიყვანს.

ამ საგულისხმო ინფორმაციას მალე საქმეც მოჰყვა. სწორედ იმ დღეს, როცა ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამსახურის ყოფილი უფროსი მაიკ პომპეო კონგრესმა სახელმწიფო მდივნად (საგარეო მინისტრად) დაამტკიცა, ამერიკულ პრესაში  პომპეოსა და კიმის შეხვედრის ამსახველი ფოტოები გაჩნდა. ალბათ, სწორედ ამ შეხვედრაზე ჩაეყარა საფუძველი სამიტს.

კიმი ფეხით გადავიდა საზღვარზე, სადაც მას სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე-ინი ელოდა. ამ უკანასკნელისათვის ამგვარი სამიტი სიახლე არ იყო, ვინაიდან ადრე ნო მუ-ჰონის ადმინისტრაციაში მუშაობდა და 2007 წლის ისტორიული შეხვედრა ნოსა და კიმ ჩენ-ინის მამას შორის სწორედ მან მოამზადა. ლიდერებმა ჯერ შვეიცარიული კერძი მიირთვეს (იმის აღსანიშნავად, რომ კიმმა ოდესღაც იქ მიიღო განათლება), შემდეგ სამხრეთული ქალაქ პუსანის თევზი (სადაც დაიბადა მუნი). რაც შეეხება საქმეს, სამშვიდობო შეთანხმების გარდა, მხარეებმა ცხადია, სხვა საკითხებიც განიხილეს. მათ შორის ბევრი იყო ჰუმანიტარული და ეკონომიკური ხასიათის - გაყოფილ ოჯახებს შორის კონტაქტის აღდგენა და სარკინიგზო ხაზების დაკავშირება, მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო განცხადება ახალი, ოთხმხრივი შეხვედრების გამართვის შესახებ - ჩრდილო კორეა, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და ამერიკა - რუსეთის გარეშე… სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, ალბათ, სწორედ ეს არის - მოსკოვი კორეის საკითხს გაეთიშა. თუკი ოდესღაც იქ ყველაფერი სწორედ მოსკოვის გამო აგორდა. სამხრეთ კორეელმა პოლიტოლოგებმა ამ ამბავს მეტად საინტერესო ახსნა მოუძებნეს: არა მხოლოდ სამხრეთში, არამედ ჩრდილოეთშიც კი მშვენივრად მიხვდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას კორეაში მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს - ამერიკას გაურთულოს საქმე. შესაბამისად, მოსკოვი მათ აღარ სჭირდებათ.

რამდენად დაიძვრება კორეის შერიგება და გაერთიანება, რთული სათქმელია, მაგრამ თუნდაც ზემოთ ხსენებული ფორმატის ამუშავება ბევრ რამეს შეცვლის, გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე, მაგალითად, ორ კორეას შორის სარკინიგზო კავშირის დამყარება - მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს გაეთიშება...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^