ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ პროგრამა პირველადი ჯანდაცვის ქსელში დაენერგათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ კონსულტაციაზე მისულ პაციენტს ექიმი წიგნს გამოუწერდა, როგორც წამალს. “მიწვდი და წაუკითხე” დღეს ამერიკაში სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება, რომელშიც 4 მილიონზე მეტი ბავშვია ჩართული.
პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია “ყველა პოლონელი უკითხავს ბავშვს” 10 წელზე მეტია ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური, მენტალური და მორალური განვითარების ხელშესაწყობად შეიქმნა.
“ჩემი შვილის პირველი წიგნი” ბოლო ფართომასშტაბიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ პოლონეთის სამშობიარო სახლებში ახალშობილთა დედებს 75 000-ზე მეტი წიგნი და ინფორმაციული დისკი გადასცა. ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, ამ პროექტის მთავარი მიზანი დედასა და შვილს შორის ემოციური კონტაქტის გაღრმავებაა.
“ჩემი შვილის პირველი წიგნი” ერთ-ერთია იმ მრავალ აქტივობათა შორის, რომელსაც პოლონური ორგანიზაცია ყოველწლიურად, სახელმწიფოს თანადგომით ახორციელებს. თავის მხრივ, პოლონეთიც ერთი მცირე მაგალითია იმისა, როგორ უწყობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნა ხელს მშობლებში – ცნობიერების, ბავშვებში კი კითხვის დონის ამაღლებას.
საქართველოში ასეთი ტიპის ფართომასშტაბიანი პროექტები, თანაც სახელმწიფოს მხარდაჭერით, თითქმის არ არსებობს. თიკო ცომაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, ერთ-ერთი პირველია საქართველოში, ვინც წიგნიერების ხელშეწყობას საკუთარი ძალებით ცდილობს.
ამერიკაში ყოფნის დროს ცომაია გაეცნო პროგრამას სახელწოდებით “მიწვდი და წაუკითხე”, რომლის ფარგლებშიც პედიატრთან მისულ ბავშებს წიგნებს სამედიცინო პერსონალი უკითხავს. ცომაიას თქმით, შემდგომში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ პატარები, რომლებიც ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ, განვითარების თვალსაზრისით დაახლოებით 6 თვით უსწრებდნენ მათ, ვინც აღნიშნულ პროექტში ჩართულები არ ყოფილან.
კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ პროგრამა პირველადი ჯანდაცვის ქსელში დაენერგათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ კონსულტაციაზე მისულ პაციენტს ექიმი წიგნს გამოუწერდა, როგორც წამალს. “მიწვდი და წაუკითხე” დღეს ამერიკაში სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება, რომელშიც 4 მილიონზე მეტი ბავშვია ჩართული.
“შთაგონებული ვიყავი ამ პროგრამით და ვფიქრობდი, ამაზე კარგი რა უნდა გამეკეთებინა საქართველოში. ჩამოვედი თუ არა, მაშინვე დავიწყე მსგავს პროექტზე მუშაობა. დაახლოებით ერთი წელი დამჭირდა, სანამ მოვძებნე პარტნიორები. მხარში დამიდგა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და კლინიკა “კურაციო”. სულაკაურის გამომცემლობამ უსასყიდლოდ გადასცა წიგნები კლინიკას, სადაც პროექტი უკვე ამუშავდა”, – ამბობს ცომაია.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ აღნიშნული კამპანია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის ნაწილი გახდება, რათა საქართველოში მცხოვრები არც ერთი ბავშვი, რომელიც პედიატრთან მოხვდება, არ დარჩეს წიგნის გარეშე.
“თუ მშობელმა არ იცის, რა მნიშვნელობა აქვს შვილისთვის ადრეულ ასაკში ხმამაღლა კითხვას, არსებობს ექიმი, რომელიც გამოუწერს ბავშვს წიგნს. როგორც წესი, მშობლები პედიატრის დანიშნულებას უფრო ენდობიან ხოლმე ”, – ამბობს ცომაია.
ადრეულ ასაკში კითხვას ბავშვის შემდგომი განვითარებისთვის გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს ბავშვთა ექიმი მაია ხერხეულიძე. მისი თქმით, როდესაც მშობლები წუხან იმის გამო, რომ მათი შვილი კარგად არ სწავლობს, უმეტეს შემთხვევაში თავად მშობლების დანაშაულია, რადგან მათ თავიდანვე არ დაიწყეს ჩვილის სწორად განვითარებაზე ზრუნვა.
პედიატრის თქმით, ბავშვი სწავლობს არა შეგონებებით, არამედ მშობლების მაგალითზე. მას შემდეგ, რაც შვილი ხედავს, როგორ კითხულობს დედა ან მამა, თავადაც იწყებს წიგნთან კონტაქტს.
“მნიშვნელოვანია, რომ 6 თვის ასაკიდან დედამ შვილთან ერთად დაიწყოს წიგნის თვალიერება. გარდა იმისა, რომ ბავშვის მეხსიერებაში ვიზუალურად შემოდის წიგნი, მისი გადაფურცვლა ხელის ნატიფ მოტორიკას ავითარებს და ახდენს ხელის კუნთების კოორდინაციას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას”, – ამბობს ხერხეულიძე.
საქართველოში წიგნიერების დონის შესაფასებლად არაერთი კვლევა ჩატარებულა, რომელთა შორისაა 2011 წლის PIRLS-ის საერთაშორისო კვლევა. მისი მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოზარდთა წაკითხულის გააზრების უნარის შემოწმებაა.
PIRLS – 2011–ის ანგარიშიდან ჩანს, რომ მოზარდები, რომელთა წიგნიერების განვითარებას ოჯახში უწყობენ ხელს, კარგი მკითხველები არიან. კითხვაში გაცილებით კარგი მიღწევები აქვთ იმ მოზარდებს, რომელთა ოჯახებშიც წიგნის კითხვა მკვიდრი ტრადიციაა, რომელთა მშობლებიც ცდილობენ, ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ჩააბან წიგნიერებასთან დაკავშირებულ აქტივობებში.
“მოზარდთა უმეტესობისთვის სახლი ერთგვარ მოდელს წარმოადგენს, რომლის ზეგავლენითაც ისინი კითხვასთან დაკავშირებულ ჩვევებს ითვისებენ. მოსწავლის კითხვის მიმართ დამოკიდებულებაზე გავლენას ისიც ახდენს, რამდენად ხშირად კითხულობენ და საუბრობენ წაკითხულის შესახებ მშობლები. ბავშები, რომელთაც მშობლები უნერგავენ, რომ კითხვა ღირებული და მნიშვნელოვანი აქტივობაა, უფრო მოტივირებულები არიან და კითხვისგან სიამოვნებას იღებენ”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
კიდევ ერთი კვლევა წიგნის მკითხველთა უკეთ შესწავლის მიზნით, “საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ” 2012 წელს ჩაატარა. შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ მშობელთა 51% შვილს წიგნს საერთოდ არ უკითხავს.
გამომცემლობა “დიოგენეს” ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე მიიჩნევს, რომ კვლევის შედეგების მიზეზი კომპლექსურია. მათ შორის წამყვან მიზეზად მშობლები მოუცლელობას ასახელებენ.
“მშობლის მხრიდან ყველაზე გავრცელებული არგუმენტია ის, რომ დრო არ აქვს წიგნის წასაკითხად. სინამდვილეში, საბავშვო წიგნის წაკითხვა სულ რაღაც 10 - 15 წუთს მოითხოვს. ვფიქრობ, ხშირად მშობელს თავისი შინაგანი სამყარო არ უწყობს ხელს, ბავშვთა წიგნის საშუალებით საურთიერთობოდ”, – ამბობს ლებანიძე.
მისივე თქმით, მშობლები ძირითადად იმ ტიპის წიგნებს ყიდულობენ, რომელსაც მათი მხრიდან დამატებითი ძალისხმევა და ბავშვამდე მიტანა არ სჭირდება. მაგალითად, საბავშვო ენციკლოპედიები, ხმოვანი წიგნები, სამგანზომილებიანი ფიგურებით სავსე სახელმძღვანელოები, რომელთანაც ბავშვი ურთიერთობას თავისი ძალისხმევით ცდილობს, ან პირიქით, წიგნით თვითონ ეკონტაქტება სამგანზომილებიანი ფიგურებითა თუ მასში ჩამონტაჟებული ხმოვანი ტექსტებით.
“ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. პირიქით, ასეთი პროექტების უმრავლესობა სწორედ უცხოელ გამომცემლებთან თანამშრომლობის შედეგია, მაგრამ საზღვარგარეთ სურათი მაინც დაბალანსებულია იმ თვალსაზრისით, რომ ხმოვანი ლიტერატურის პარალელურად დიდი რაოდენობით იყიდება ისეთი წიგნები, სადაც მხოლოდ ტექსტი და ილუსტრაციაა, ზოგჯერ მხოლოდ ტექსტი, სადაც ოჯახისა და მშობლის როლი შეუცვლელია. ამავე ფუნქციას წარმატებით ითავსებენ საბავშვო ბაღებსა თუ სკოლის დაბალ კლასებში“, – ამბობს თამარ ლებანიძე.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, “დიოგენეს” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში წიგნიერების დაბალი დონის მაჩვენებლის კიდევ ერთი ძირითადი მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მხარდაჭერაა. ლებანიძე მთავრობის მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებაზე საკუთარი გამოცდილებით საუბრობს.
“როდესაც ჩვენი გამომცემლობის ინიციატივით 2014 წელი წიგნიერების წლად გამოვაცხადეთ, კამპანიის შემაჯამებელი მასალებითა და კონკრეტული ინიციატივებით მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის მეთაურს, კულტურისა და განათლების მინისტრებს. სამწუხაროდ, არცერთი მხრიდან კონკრეტული გამოხმაურება არ ყოფილა”, – ამბობს ლებანიძე.
კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც ბოლო დროს საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა, მამების მხრიდან შვილების მიმართ გამოჩენილი არასათანადო ყურადღებაა.
“გაეროს მოსახლეობის ფონდის” მიერ 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ბავშვის აღზრდაში მამები, დედებზე გაცილებით ნაკლებ მონაწილეობას იღებენ. აღმოჩნდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს მამაკაცების 82% წიგნს არ უკითხავს.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, “გაეროს მოსახლეობის ფონდმა” საკუთარი ინიციატივით წამოიწყო პროექტი სახელწოდებით – “მამა, წიგნი წამიკითხე’’. ამავე სახელით გვერდი სოციალურ ქსელ facebook-ში დაახლოებით 3 კვირის წინ შეიქმნა, რომლის მიზანი ბავშვის აღზრდაში მამების ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.
პროექტის თანაავტორის ნინია მაჭარაშვილის თქმით, მამებზე ყურადღების გამახვილება კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს.
“კვლევა აღწერს მამაკაცების დამოკიდებულებას ქალის ფუნქცია-მოვალეობების მიმართაც. მათი აზრით, შვილების აღზრდა-განათლება მთლიანად ქალის მოვალეობაა. თავად კი ოჯახის ფინანსურ დამხმარეებად მოიაზრებენ თავს. ვფიქრობ, რომ მსგავსი მიდგომა არასწორია. შვილის აღზრდაშიც და ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფაშიც ორივე მშობელი თანაბრად უნდა მონაწილეობდეს”, - ამბობს მაჭარაშვილი.