Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟირაფი, გორილა და პანდა თბილისის ზოოპარკში, ანუ მთელი ცხოვრების გეგმა

30 აპრილი 2018

ზოგადად, ზოოპარკის მობინადრე ნებისმიერ ცხოველს კონკრეტული ფუნქცია უნდა ჰქონდეს. ტყუილ-უბრალოდ ცხოველის ყოლა, როდესაც არ იცი მისი ფუნქცია და არც მისი შენახვის პირობები გაქვს, კატეგორიულად მიუღებელია.

ამიტომაც, ყოველთვის, როცა ზოოპარკი კოლექციის გეგმას ადგენს, მასში მითითებულია, თუ რა ფუნქცია დაეკისრება ამა თუ იმ სახეობას ზოოპარკში; ეს შეიძლება იყოს ე.წ. ვარსკვლავი სახეობა, რომელიც დამთვალიერებელს მოიზიდავს ან სახეობა, რომელსაც დაცვა, კონსერვაცია სჭირდება. ზოგიერთი ცხოველი ორივე კატეგორიას ერგება. კონკრეტული სახეობის დაცვა რამდენიმე ნიუანსს აერთიანებს: ცხოველის საზოგადოებისთვის გაცნობა, ტყვეობაში მისი გამრავლება და ბუნებაში დაბრუნება.

როდესაც ზოოპარკს ჰყავს ე.წ. კომერციული, ვარსკვლავი სახეობები, რომლებიც ძალიან პოპულარულები არიან და მათ სანახავად დამთვალიერებელთა დიდი რაოდენობა მოდის, ამით სარგებლობენ ის ცხოველებიც, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, თუმცა „ვარსკვლავები“ არ არიან.

ახლა, კონკრეტულად, იმ ცხოველებზე გადავიდეთ, რომელთა ნახვაც თბილისის ზოოპარკში გვინდა და ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებსაც ვდგამთ.

პირველი ასეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ცხოველი, რომელზეც დიდი მოთხოვნილებაა - ჟირაფია. როგორც ჩანს, სწორედ ამ ცხოველის უცნაური აგებულებაა იმის მიზეზი, რომ ადამიანებს მისი ხილვა სურთ.

საბედნიეროდ, ჟირაფი არ არის გადაშენების პირას მყოფი სახეობა და არც მისი ტყვეობაში გამრავლებაა საჭირო ბუნებაში დაბრუნების მიზნით; თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ცხოველია, რთული მოსავლელია და ამისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშვიდ, თუმცა ფიზიკურად ძლიერ ცხოველზე ვსაუბრობთ, რომელსაც შეუძლია, თუნდაც შემთხვევით, გარკვეული ხიფათი შეუქმნას მომვლელს. ასევე, ჟირაფს სჭირდება შესაბამისი ვოლიერი, შესაბამისი შენობა. თავშესაფარი საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, რათა იმ შემთხვევაში, როცა ცხოველი უკანა ფეხებზე შედგება, არ დაზიანდეს.

***

რადგან ჟირაფებზე დავიწყეთ საუბარი, ვახსენოთ ოკაპი, ანუ ტყის ჟირაფი, რომელიც ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ შთამბეჭდავი ცხოველია.

ოკაპი დასავლეთ აფრიკაშია გავრცელებული. მისი სიმაღლე ჟირაფისაზე ნაკლებია, შავი შეფერილობისაა, ზოლიანი ფეხებით. ეს ცხოველი, გარკვეულწილად, ორივე, ზემოთ ხსენებულ, კატეგორიას აკმაყოფილებს - ის მიმზიდველი სახეობაა ადამიანებისთვის და, ამავდროულად, დაცვა, კონსერვაციაც სჭირდება. ამ საქმით დღეისთვის ძალიან ბევრი ზოოპარკია დაკავებული, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მათი ბუნებაში დაბრუნება.

***

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტია - გორილა. ესაა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ცხოველი, რომელიც გადაშენების პირასაა და, ამავდროულად, იმდენად განვითარებული სახეობაა, რომ ჟესტების ენაზე საუბარიც კი შეუძლია. მასკულტურის გავლენით, ჩვენს წარმოდგენაში გორილა მრისხანე ცხოველია, თუმცა, რეალურად, ასე არ არის. თუნდაც შიმპანზე გაცილებით უფრო აგრესიული ცხოველია.

გორილების სანახავად დედამიწის ყველა კუთხიდან დადიან. უბრალოდ, წარმოიდგინეთ 2 მეტრამდე სიდიდის, წარმოუდგენლად ძლიერი და ამავდროულად - ჭკვიანი ცხოველი თბილისის ახალ ზოოპარკში!

მისი ჩამოყვანის პერსპექტივა რეალისტურია, თუმცა უახლოეს მომავალში ვერ მოხდება. ეს უფრო გრძელვადიანი გეგმაა. ასეთი ცხოველები სპეციალურ მენეჯმენტს დაქვემდებარებულ სახეობებს განეკუთვნებიან; ზოოპარკს ძალიან მკაფიოდ დეკლარირებული მიზანი უნდა ჰქონდეს - რატომ სურს, ჰყავდეს ეს ცხოველი; მისი ვოლიერი უმცირეს დეტალებშიც კი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს; ასევე, უნდა არსებობდეს ამ ცხოველის მოვლის გარკვეული გამოცდილება - მომვლელი, რომელსაც სპეცმომზადება აქვს გავლილი და ამ სახეობასთან უმუშავია.

***

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სახეობა, რომელიც გვინდა, რომ გვყავდეს - ფაფრიანი მგელია.

ფაფრიანი მგელი, რომელსაც ძაღლისებრთა ოჯახის გეპარდსაც კი უწოდებენ, სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, არგენტინასა და ჩილეშია გავრცელებული. ეს არის მაღალფეხება, ლამაზი, დიდი ზომის გრაციოზული, მორბენალი ცხოველი. ეს ცხოველი ზოოპარკში იშვიათად გვხვდება.

ფაფრიანი მგელი გადაშენების დიდი საფრთხის წინაშე არ იმყოფება, თუმცა, ასევე, საკმაოდ რთულად მოსავლელი ცხოველია. მასაც სპეციალურად მის საჭიროებებზე მორგებული ვოლიერი სჭირდება, დიდი სივრცე, რათა მისი სხეული სწორად განვითარდეს. არასწორი განვითარება ასეთ ცხოველებზე ძალიან ცუდად აისახება. მაგალითად, თუ ჩვეულებრივ მგელს ფიზიკური დეფექტი ნაკლებად ემჩნევა, ფაფრიანი მგლის შემთხვევაში - პირიქითაა.

ამ ცხოველის მოვლაც საკმაოდ სერიოზულ მომზადებას მოითხოვს, მაგრამ ჩვენი მიზანია, თბილისის ახალ ზოოპარკში ფაფრიანი მგელიც გვყავდეს.

***

მტაცებელი, რომელიც იმედი გვაქვს, რომ აუცილებლად გვეყოლება - ირბისი, ანუ თოვლის ჯიქია. ირბისი, რომელიც აზიის მთიან რეგიონებშია გავრცელებული და დიდი კატების კატეგორიას განეკუთვნება, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მტაცებელია.

ეს ცხოველი საკმაოდ ნელა მრავლდება და მისი კონსერვაციის კუთხით დიდი ძალისხმევაა მიმართული, რადგან მათი რაოდენობა უფრო და უფრო მცირდება.

***

საოცრად ეფექტური, ნებისმიერი ზოოპარკისთვის სასურველი სახეობაა პოლარული თეთრი დათვი, რომელიც კრიტიკული საფრთხის წინაშეა.

90-იანი წლების დასაწყისში თეთრი დათვი თბილისის ზოოპარკშიც ბინადრობდა, თუმცა ცხოველი ასაკოვანი იყო და მალევე მოკვდა.

მას მერე თბილისის ზოოპარკში თეთრი დათვი არ გვყოლია, მიზეზი კი ის არის, რომ პოლარული დათვი ჩრდილოეთის ცხოველია და ჩვენი ზაფხული მისთვის პრობლემატურია. ამ ცხოველის შესანახად კარგად კონდინცირებული, ცივი წყლით სავსე, აუზებიანი ვოლიერია საჭირო; მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

***

ცხოველი, რომლის ჩამოსაყვანადაც გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდგით, ინდონეზიური კომოდოს ვარანი, ე.წ. კომოდოს დრაკონია. დედამიწაზე ყველაზე დიდი - 7 მეტრამდე ზომის ხვლიკი მხოლოდ და მხოლოდ კომოდის კუნძულზეა გავრცელებული და ისიც საოცნებო ცხოველია ზოოპარკებისთვის.  

შარშან თბილისის ზოოპარკის დელეგაცია ინდონეზიაში იმყოფებოდა და იქ საკმაოდ წარმატებული შეხვედრები გვქონდა. მივიღეთ დაპირება, რომ, როგორც კი მზად ვიქნებით, ამ ცხოველს მოგვაწვდიან.

აქაც მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ მის მისაღებად - ეს ტროპიკული ცხოველია, მასაც სპეციალური ვოლიერი სჭირდება.

***

კონსერვაცია სჭირდება ისეთ გამორჩეულ ცხოველსაც, როგორიც ადაქსია. საჰარაში გავრცელებული საშუალო ზომის ანტილოპა დღეისთვის ყველაზე იშვიათი ჩლიქოსანია. ადაქსი ზოოპარკებში საკმაოდ კარგად მრავლდება, შესაბამისად გვინდა, რომ თბილისის ზოოპარკში ეს ცხოველიც ჩამოვიყვანოთ.

***

ზოგადად, ცხოველთა გადარჩენის საქმეში კონსერვაციის საერთაშორისო პოლიტიკა უმნიშვნელოვანესი ელემენტია და ამ თემაზე, მასში ზოოპარკების როლზე აქამდეც გვისაუბრია. ჩვენ გვსურს, რომ თბილისის ზოოპარკი ცხოველთა კონსერვაციის პროცესში აქტიურად იყოს ჩართული. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი ფაუნის გადარჩენაზე, კავკასიური ბუნების კონსერვაციაზე უნდა ვიზრუნოთ, თუმცა ეს არ გამორიცხავს გლობალური საფრთხის წინაშე მყოფის სახეობების გადარჩენაში ჩართვას.

ამ თვალსაზრისით, უახლოეს პერიოდში რამდენიმე ცხოველის ჩამოყვანაზე ვფიქრობთ. მათ შორისაა ადაქსი, ასევე, მოხატული აფრიკული ძაღლი, რომელიც ჩვენს ზოოპარკში ბინადრობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, 13 ივნისის მოვლენებს ემსხვერპლა.

დღესდღეობით აქტიურად ვმუშაობთ და ვამზადებთ გარკვეულ ტექნიკურ მონაცემებს კონკრეტული ვოლიერებისთვის - როგორი უნდა იყოს; სად უნდა იყოს და ა.შ., რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველების თბილისში ჩამოყვანა სწორედ ვოლიერების მშენებლობაზე, ანუ ფინანსებზეა დამოკიდებული.

***

დასასრულ, შეუძლებელია, არ ვახსენოთ ნებისმიერი ზოოპარკისთვის საოცნებო ცხოველი, ყველაზე პოპულარული სახეობა - პანდა.

დღეისათვის პანდების კონსერვაცია წარმატებით ხორციელდება, თუმცა მსოფლიოში არსებული ნებისმიერი პანდა ჩინეთის საკუთრებად მიიჩნევა, ამიტომაც, ზოოპარკს, რომელსაც ეს ცხოველი სურს, თანხა უნდა გადაიხადოს. საუბარია დაახლოებით მილიონ აშშ დოლარზე წელიწადში, თანაც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პანდაზე! ცხოველის ადგილზე გამრავლების შემთხვევაში, ზოოპარკებს მაინც უწევთ დამატებითი მილიონის(ების) გადახდა.

პანდის ყოლის შემთხვევაში, ზოოპარკს სპეციალური ლაბორატორიის მოწყობაც მოეთხოვება, რადგან პანდების რეპროდუქციული სისტემა ძალიან ხანმოკლეა. ჩვეულებრივ, ცხოველების ესტრუსი (სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება, რაც გამოიხატება მდედრის განაყოფიერებისადმი მზადყოფნაში) რამდენიმე დღის, კვირის, ზოგჯერ კი თვის განმავლობაშიც კი გრძელდება. პანდებს კი მხოლოდ და მხოლოდ ერთდღიანი ესტრუსი აქვთ და თუ ამ კონკრეტულ დღეს არ მოხდა მათი გამრავლება, ამ თვალსაზრისით, ის წელი დაკარგულია.

ამიტომაც, სერიოზული კვლევები მიმდინარეობს იმისთვის, რომ დადგინდეს, თუ რომელ დღეს უწევს პანდას ესტრუსი და ამ დღისთვის ზოოპარკები განსაკუთრებით მობილიზებულები არიან. 

მართალია, პანდა ძალიან ძვირადღირებული ცხოველია, მაგრამ ეს ცხოველი არაერთ ზოოპარკს ჰყავს, რადგან ამართლებს კიდეც გაწეულ დანახარჯს. სამწუხაროდ, თბილისის ზოოპარკში პანდის ხილვა, ჯერჯერობით, შორეული პერსპექტივაა, თუმცა სხვა ჩამოთვლილი ცხოველების ჩამოყვანა პირადად ჩემთვის მთელი ცხოვრების გეგმაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^