Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვხედავთ მუსიკას, ვუსმენთ ბალეტს

01 ივლისი 2014

ჯორჯ ბალანჩინის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საკონცერტო დარბაზში არტისტულად ორიგინალური და პოლიტიკურად  დაბალანსებული აღმოჩნდა.

შეიძლება ათასგვარი ახსნა მოუძებნო ჯორჯ ბალანჩინის დღემდე მოუხელთებელ, სრულყოფილ ქორეოგრაფიას. ისევე როგორც, მრავალი ვერსია შეიძლება განვიხილოთ, თუ რამ შეყარა ერთად თბილისის საკონცერტო დარბაზში, დიდი ხელოვანის 110 წლის იუბილეზე მოყმე და მხცოვანი, წითლები და ლურჯები, დიპლომატები და არტისტები, მემარცხენეები და მემარჯვენეები, „ნაცები“ და „ქოცები“, საბალეტო სკოლის ნორჩები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. აღარაფერს ვამბობ ურიცხ დიპლომატებზე, ელჩებზე თუ პოლიტიკოსებზე, რომლებიც 26 მაისის წინ ერთგვარ „არტისტულ მოთელვას“ გადიოდნენ თბილისის საკონცერტო დარბაზში.

ფაქტია, რომ დღევანდელი  ხელისუფლება (წინასგან განსხვავებით) მაინცდამაინც არ არის შემჩნეული ბალეტის სიყვარულში. მაგალითად,  ნინო ანანიაშვილი, რომელიც ბალანჩინის საიუბილეო საღამოს ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და მხარდამჭერი იყო, შეკრებილ-შეთხელებული „ნაციონალებისთვის“ მარტო კლასიკურ ცეკვასთან არ ასოცირდება. უცვეთელი კლასიკური პა-დე-დე-ების მიღმა სახელოვანი პრიმას მეუღლე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ ვაშაძე და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უცილოდ მოიაზრებიან; პლუს გამჭვირვალე და სათუთი ნათელ-მირონი. აღარაფერს ვამბობთ ერთ დროს მთელი ქვეყნის მიუზიკჰოლად გადაქცევის მცდელობაზე. თუნდაც ამბიციური პროექტები „ქეთო და კოტე“ და „ვერის უბნის მელოდიები“ რად ღირს.

ბალანჩინის მოკრძალებული რენესანსის ხანა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სწორედ ნინო ანანიაშვილის მოსკოვიდან თბილისში გადმოსვლას და მის საბალეტო დასის ხელმძღვანელად დანიშვნას უკავშირდება. საბალეტო დასის რეპერტუარში გაჩნდა ბალანჩინის ცნობილი ბალეტები: "სერენადა", "აპოლონ მუსაგეტი", "სიმფონიური ვესტერნი", "მოცარტიანა", "დონიცეტი ვარიაციები", "ჩაკონა", „საბალეტო მინიატურები“... უახლოეს მომავალში კი მათ დაემატება კიდევ ერთი ნეოკლასიკური შედევრი ჩონცერტო Bაროცცო.

შთაგონების წყაროდ ბალანჩინისათვის ბახის კონცერტი ორი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის იქცა. „ნიუ-იორკ სითი ბალეში“ ის 1941 წელს დაიდგა და თითქმის 60 წლის შემდეგ Concerto Barocco  თითქმის პირველქმნილი სახით, პირველად იხილა ჩვენმა მაყურებელმა. ბალანჩინის საიუბილეო საღამო კი კარგი მიზეზი აღმოჩნდა ძალიან დაგვიანებული პრემიერისთვის. წარმოდგენაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები - ეკა სურმავა, დავით ანანელი, ნუცა ჩეკურიშვილი მონაწილეობენ.

ბალანჩინის ნეოკლასიკური ბალეტების ხიბლი, პირველ რიგში,  გეომეტრიულ ფორმას, იდეალურ სინქრონსა და შესრულების სრულყოფილებას ემყარება. თუმცა ამჯერად „მიტერ ბი“, საყვარელი ჩაიკოვსკის ან იგორ სტრავინსკისგან განსხვავებით, შთაგონებასა და ფანტაზიას ბახის პოლიფონიას, მის ღვთაებრივ რაციონალიზმს და კოსმიურ მასშტაბს ანდობს. ამ ნახევარსაათიანი წარმოდგენის შემდეგ ბალანჩინის პარადოქსი, რომ „ცეკვა ქალური ფენომენია“, სადღაც უჩინარდება, იმსხვრევა. თქვენ თვალწინ ცეკვა უბრალოდ კი არ იქმნება, არამედ იქსოვება. ხელნაკეთის განახლება ბალანჩინის დასის მოცეკვავემ და მოგვიანებით მისმა ასისტენტ-ქორეოგრაფმა ბარტ კუკმა სცადა, რომელიც დღეს ბალანჩინის ფონდს განაგებს. სწორედ ბარტ კუკის სახელს უკავშირდება „სერენადის“, „აპოლონ მუსაგეტის“, „ჩაკონასა“ თუ „მოცარტიანას“ აღდგენა-განახლება.

„ჰენდ მეიდის“ უშუალობა, სურნელი და სიცხადე ბადებს ცეკვის შეგრძნებას და ამავე დროს, გაზიარებთ ბალანჩინის განსაცვიფრებელ,  პოეტურ გეომეტრიასთან. ვინ აღარ სცადა მოგვიანებით ამგვარი კონფიგურაციით ცეკვის „ქსოვა“. მორის ბეჟარს „თეთრი ბალეტი“ გაცილებით სტერილური, მშრალი გამოუვიდა. კილიანს ზედმეტად ჩახლართულ-ირონიული, ტრიშა ბრაუნს გაქანება და ფანტაზია ნამდვილად ეყო, მაგრამ ძირითად მაგისტრალს ასცდა და სადღაც ლამაზად გადაიჩეხა. ალბათ, უნიჭიერეს ქორეოგრაფს, დომინიკ ბაგუეს, ფრანგული ქორეოგრაფიის „პატარა პრინცს“, შეეძლო ბალანჩინის სინატიფე და სიმეტრია ახალ საფეხურზე აეყვანა, მაგრამ ის სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა...

ზმანებით დაბურული Barocco კონცერტის მეორე ნაწილში ვიხილეთ. მანამდე კი იყო ჩაიკოვსკის "სერენადა“, რომელიც ბალეტომანთა მეხსიერებაში ბალანჩინის სახელს უკავშირდება. პეტრე ჩაიკოვსკის მრავალჯერ შესრულებულ მუსიკაში ძნელია რამე ახალი და ცინცხალი იპოვო, თუმცა დირიჟორმა დავით მუქერიამ საკონცერტო დარბაზის საშინელი აკუსტიკის პირობებშიც ორკესტრს რაღაც სული და ძალა შთაბერა.

ბალანჩინი თავის დღიურებში აღნიშნავს: "ჩაიკოვსკის სიმებიან „სერენადაში“ ღამით აჟღერებული მუსიკა მომესმა და მაშინვე მომინდა შემექმნა ღამის ქორეოგრაფიული ანალოგი. ბალეტის პერსონაჟები ღამღამობით ფანტასტიკურ მეჯლისში ერთვებიან და ეს არის ცეკვა მთვარესთან ერთად".

„სერენადაში“ მოძრაობა მთლიანი და დაუნაწევრებელია. ეს თავის დროზე შოკის მომგვრელი სიახლე იყო („სერენადა“ ბალანჩინმა 30-იან წლებში დადგა, როცა დიაგილევის სიკვდილის შემდეგ ევროპიდან საბოლოოდ გადავიდა ამერიკაში), რაც კლასიკურ შტამპებს მიჩვეულმა მაყურებელმა ძნელად მიიღო. ასეა თუ ისე, დღეს ნეოკლასიკური ბალეტის აღორძინება ამერიკაში სწორედ ჯორჯ ბალანჩინის სახელს უკავშირდება. მთავარ პარტიებს „სერენადაში“ ღირსეულად უმკლავდებიან სოლისტები: ნინო სამადაშვილი, ნუცა ჩეკურიშვილი, ეკა სურმავა, იგორ არტამონოვი.

მესამე ნაწილი საბალეტო  დივერტისმენტს დაეთმო, ამიტომ დახვეწილი "სერენადისა" და თითქმის მომნუსხველი ჩონცერტო Barocco-ს შემდეგ საღამო ცოტათი პოპსაბალეტო ნომრების დემონსტრირებას დაემგავსა. ამ სანახაობაში თავისი კვალი მაინც დატოვა ბრიტანეთის ნაციონალური საბალეტო დასის პრიმაბალერინამ, ჩვენმა თანამემამულემ, ელენე გლურჯიძემ, რომელმაც სახასიათო „ტარანტელაში“  გაიელვა.

პუბლიკამ ასევე მხურვალედ მიიღო სპეციალურად ამ საღამოსთვის მომზადებული პა-დე-დე ადანის ბალეტიდან „კორსარი“ (სოლისტები ლალი კანდელაკი და იგორ ზელენსკი). ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის აღზრდილი იგორ ზელენსკი ჯერ კიდევ თბილისის საოპერო თეატრის სპექტაკლებში გამოირჩეოდა საოცარი ნახტომებითა და პირუეტებით.

90-იანი წლების ბოლოს ის ევროპაში მიემგზავრება; 1996 წლიდან არის ბერლინის „დოიჩე ოპერის“, ხოლო მოგვიანებით ლონდონის სამეფო ბალეტის სოლისტი. მონაწილეობს „ლა სკალას“, ბოსტონისა და სან-ფრანცისკოს საბალეტო დასის წარმოდგენებში. რაც შეეხება ლალი კანდელაკს, ის ვარნის 2000 წლის საერთაშორისო საბალეტო კონკურსის გამარჯვებულია. მისი კარიერა დაკავშირებულია ისეთ ცნობილ მოცეკვავეებთან, როგორებიცაა ალექსეი უვაროვი, დევიდ ჰოლბერგი, იგორ ზელენსკი...

მესამე ნაწილში დიდი, ჭრელი ფარდაგივით აღიქმებოდა ფრაგმეტები ბალეტიდან: „ძვირფასი თვლები“ (სოლისტები ანასტასია სტაშკევიჩი და ვიაჩესლავ ლოპატინი, იგორ სტრავინსკის მუსიკა); პა-დე-დე ჩაიკოვსკის ბალეტიდან „მძინარე მზეთუნახავი“ (სოლისტები მაია მახათელი და  არტურ შესტერიკოვი) და პა-დე-დე ჯონ ფილიპ სოუზას ბალეტიდან „ვარსკვლავები და ზოლები“ (ბერლინის „შტატსოპერის“ სოლისტები იანა სალენკო და რაინერ კრენსტეტერი).

აღსანიშნავია, რომ 2014 წელი ამერიკაში ბალანჩინის წლად არის გამოცხადებული. საზეიმო ღონისძიებები ჯერ კიდევ ბალანჩინის თემაზე შექმნილი კალენდრის გამოცემით დაიწყო და ელიზაბეტ კენდელის ახალი წიგნის -"ბალანჩინი და დაკარგული მუზა" - ქართული თარგმანისა და გამოცემის დაფინანსებით გაგრძელდა. დიდ საკონცერტო დარბაზში კი ბალანჩინისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამომდე 18 მაისს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ბალანჩინის მეგობრის, პაულ კოლნიკის უნიკალური ფოტოგამოფენა სახელწოდებით "მუდმივად აწმყოში". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^