ვრცელდება თუ არა თამბაქოს შესახებ კანონით განსაზღვრული შეზღუდვები ღია საჯარო სივრცეზე. - ამ შეკითხვით „ლიბერალმა“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კაკი ზოიძეს მიმართა.
ზოიძის თქმით, ინფორმაცია, თითქოს მოწევასთან დაკავშირებული შეზღუდვა, ქუჩებს, ტროტუარებსა და სხვა ღია სივრცეებს ეხებათ, სწორი არაა. მისი თქმით, თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული შეზღუდვები მხოლოდ იმ ღია პარკებზე გავრცელდება, რომლებიც ბავშვების გართობისთვის არის განკუთვნილი.
კანონში ღია საჯარო სივრცეებში მოწევის შეზღუდვასთან დაკავშირებული ჩანაწერი ასეთია:
„ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე". - წერია კანონში.
-------------------------------
დღეიდან თამბაქოს მოწევა სხვადასხვა დაწესებულებაში იკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. კანონი პარლამენტმა 2017 წლის მაისში მიიღო.
კანონის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება:
- ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში
- საგანმანათლებლო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
- სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე;
- ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები;
თამბაქოს მოწევა ნებადართულია:
- ფიზიკური პირის საცხოვრებელ სახლში;
- ტაქსიში და კატერში
- სტადიონებზე
- სამორინეში;
- წინასწარი დაკავების იზოლატორში;
- პენიტენციურ დაწესებულებაში;
- თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;
- სიგარაბარში;
- სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შემთხვევაში;
- აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას.
- სტადიონზე (2020 წლამდე)
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაშიმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სანქციებს აწესებს. მაგალითად, მძღოლი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს, დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 1000 ლარით. იგივე წესი მოქმედებს ბარებსა და რესტორნებთან მიმართებით.
წესების დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით.
ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 100 ლარით.