მიმდინარე წელს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტმა ბავშვთა უგულებელყოფის 31 შემთხვევა დააფიქსირა. იუნისეფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76% მიიჩნევს, რომ ბავშვთა ინტერესების უგულებელყოფა საქართველოში პრობლემას წარმოადგენს. რა ტიპის ძალადობაა ბავშვის უგულებელყოფა? რა გავლენას ახდენს ის ბავშვზე, მის ფსიქიკასა და განვითარებაზე?
უგულებელყოფა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა გულისხმობს მშობლების მხრიდან ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების რეგულარულ დაუკმაყოფილებლობას.
„ამას ზოგჯერ აქვს ობიექტური მიზეზები: სიღარიბე, მშობელთა ფსიქიკური დაავადებები, მშობლების გამოუცდელობა, თუმცა ძალადობის ამ ფორმას ამ მიზეზების გარეშეც ვხვდებით“, - განმარტავს ფსიქოლოგი მაია ცირამუა. მისი თქმით, უგულებელყოფა ეს არის ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური საჭიროებების ხანგრძლივი დაუკმაყოფილებლობა, რის შედეგადაც საფრთხე ექმნება ბავშვის სრულფასოვან განვითარებასა და ფუნქციონირებას.
მაია ცირამუას თქმით, უგულებელყოფილი ბავშვი სუსტადაა განვითარებული, აქვს მოუწესრიგებელი გარეგნობა - უსუფთაო სახე და სხეული, ჭუჭყიანი და შეუფერებელი ტანსაცმელი, არ გააჩნია აუცილებელი მოხმარების საგნები. გარდა ამისა, ხშირია კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები, ბავშვი დაღლილი და აპათიურია, უძნელდება ყურადღების კონცენტრირება, ეძინება. „უგულებელყოფილი ბავშვი მუდმივად მშიერია, არარეგულარულად დადის ბაღში ან სკოლაში, შეიმჩნევა წვრილმან ქურდობაში, არ აქვს ჰიგიენის ელემენტარული ჩვევები“.
გარდა იმისა, რომ უგულებელყოფა საფრთხეს უქმნის ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობას, საფრთხის ქვეშაა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაია ცირამუას თქმით, უგულებელყოფილი ბავშვი სამყაროსგან საკუთარი თავის შესახებ ისეთ მესიჯებს იღებს, როგორიცაა – „არავის ვუყვარვარ“, „ზედმეტი ვარ“, „ვერავის მიენდობი“. „ეს საკმაოდ მტკივნეულია, რაც აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე და გარესამყაროსადმი მტრული დამოკიდებულების ან მუდმივად ბრალეულობის განცდის მიზეზია. გარდა ამისა, ხშირია სტრესული რეაქციები - ძილის დარღვევა, დეპრესია, თავის ტკივილი, შიში, შფოთვა, უიმედობა, ჩაკეტილობა. ყოველივე ეს ვლინდება სხვადასხვა სახის ქცევით ან ემოციურ პრობლემებში“, - ამბობს ცირამუა.
მისი თქმით, გამონაკლისს არც ე. წ. რესპექტაბელური ოჯახები წარმოადგენენ.
„როდესაც ჩვენ ნაკლებად ვკონტაქტობთ ბავშვებთან, მათ დასმულ შეკითხვებს უყურადღებოდ ვტოვებთ, არ ვინტერესდებით მათი მოსაზრებებით, თავგადასავლებით, არ ვითვალისწინებთ მათ აზრს, მუდმივად თავიდან ვიშორებთ - ესეც უგულებელყოფაა“, - განმარტავს ცირამუა.
მისი თქმით, უგულებელყოფილი ბავშვისთვის ეს მტკივნეული გამოცდილება გავლენას ახდენს მის მომავალ ცხოვრებაზეც და „მოზრდილობაში მისი ფსიქიკა კვლავაც „მზად არის“ ტრავმული რეაქციებისათვის“. რადგან სამყარო უგულებელყოფილი ბავშვისთვის არასაიმედო და საფრთხის შემცველია, ამიტომ იბრძვის, რაც სხვა ადამიანებთან მუდმივ კონფლიქტში ვლინდება, ან გარბის - საკუთარ თავში იკეტება, ან შეშდება, რაც მორჩილებითა და უმოქმედობით გამოიხატება. „ფაქტობრივად, ისევე როგორც ძალადობის სხვა ფორმები, უგულებელყოფაც არის დაღი მთელი ცხოვრების მანძილზე“, - ამბობს ცირამუა.
საქართველოს პარლამენტმა 2006 წელს მიიღო კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. კანონი ითვალისწინებს ოჯახური ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილების მექანიზმებს. ასევე, განსაზღვრავს ოჯახური ძალადობის ცნებას,- „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.“
შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც გვთავაზობს უგულებელყოფის, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმის განმარტებას, რაც აქამდე კანონში არ ყოფილა. ცნება ასევე აისახა ქვეყანაში ბავშვთა ძალადობის რეფერალშიც.
აღნიშნული ცვლილებით ბავშვის უგულებელყოფა განისაზღვრება, როგორც მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლებების შეზღუდვა, საფრთხისგან დაცვის მოვალეობის შეუსრულებლობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო ან სხვა მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობლებს, ან/და კანონიერ წარმომადგენელს არ გააჩნია სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა შესაბამის მომსახურებაზე.
იუნისეფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში, 2013), ინტერვიუების დროს მოსახლეობის 79%-მა სწორად ამოიცნო ბავშვის ინტერესების უგულებელყოფის ყველა ფორმა. განსხვავებები არ დაფიქსირებულა არც ქალებისა და კაცების მაჩვენებლებს შორის, არც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის მაჩვენებლებს შორის. თუმცა ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში ცოდნის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უფრო დაბალი აღმოჩნდა დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით: აზერბაიჯანულ მოსახლეობაში - 42%, ხოლო სომხურ მოსახლეობაში - 31%. ბავშვის უგულებელყოფის შემთხვევაში მოსახლეობის თითქმის 40% ფიქრობს, რომ სოციალურმა სამსახურებმა რეაგირება არ უნდა მოახდინონ. მოსახლეობის 70% დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში პოლიციის ჩარევა საჭირო არ არის, ხოლო, 50% სკოლის ჩარევას მიიჩნევს ზედმეტად. ბავშვის ინტერესების უგულებელყოფის შემთხვევაში საზოგადოება ყველაზე საჭიროდ სოციალური სამსახურების ჩარევას (60%) მიიჩნევს და ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს სხვა სამსახურებს.
ბავშვთა დაცვის საკითხებში იუნისეფის კონსულტანტი, დარეჯან დვალიშვილის თქმით, როცა ფიზიკურ, სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ვსაუბრობთ, შედეგი, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ თვალსაჩინოა და რეაგირების მექანიზმი სწრაფად ირთვება, მაშინ როდესაც უგულებელყოფის შემთხვევაში რეაგირება შესაძლოა დროში გაწელილი იყოს, - „მისი ნიშნები შეიძლება ნელ-ნელა გამოვლინდეს და ყურადღება არ მიაქციონ, რადგან ჩათვალონ უმნიშვნელოდ და/ან ერთჯერადად. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის ამ ფორმის განსაზღვრებით ჩვენ დავეხმაროთ პროფესიონალებს, რომ გაფართოვდეს მათი ცნობიერება და პროფესიული ხედვა, თუ რა ტიპის ძალადობასთან გვაქვს საქმე, ამავე დროს ოჯახსაც ვასწავლოთ და დავეხმაროთ, რომ შეცვალონ ბავშვზე ზრუნვის მოდელი.“
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთელის თქმით, 2014 წელს გამოვლენილი უგულებელყოფის 31 შემთხვევიდან, 19 ბავშვია გამოყვანილი ოჯახიდან. „ჩვენი მთავარი მუშაობის პრინციპი არის ოჯახის გაძლიერება. უგულებელყოფის გამოვლენისას ნებისმიერ შემთხვევაში არ გამოგვყავს ბავშვი ოჯახიდან. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა სხვა გზა აღარ რჩება. ყოველთვის ვმუშაობთ ოჯახებთან, მათი გაძლიერებისთვის, რადგან ბავშვისთვის ბიოლოგიურ ოჯახზე საუკეთესო გარემო არ არსებობს. ვცდილობთ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ სიღარიბე და მერე ისევ დავაბრუნოთ ბავშვი ოჯახში. სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მოხვედრილ ბავშვთან 24–საათიან რეჟიმში იწყება მუშაობა, როგორც ბავშვთან, ისე მშობელთან, რადგან მოხდეს ბავშვის ინტეგრაცია და გაიზარდოს ბიოლოგიურ ოჯახში“,- ამბობს მარი წერეთელი.
მარი წერეთელი უგულებელყოფის ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა რეგიონში ქალი საავადმყოფოში სამშობიაროდ მივიდა, რომელსაც თან ახლდა წლინახევრის ბავშვი. დედამ განაცხადა, რომ ბავშვის დამტოვებელი არავინ ყავდა, ამიტომ ბავშვი მასთან ერთად იყო საავადმყოფოში. როდესაც ამ პრობლემის მოგვარებაში სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო, მოიძიეს ოჯახი და აღმოჩნდა, რომ მას ჰყავდა მეუღლე და 5 წლის ბავშვი, რომლებიც უმძიმეს საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობდნენ. წერეთლის თქმით, წარმოუდგენელი იყო ბავშვების იქ დატოვება. ოჯახის შესახებ ცნობილი იყო რაიონის თვითმმართველობისთვის, რომელსაც დასახმარებლად თანხაც ქონდათ ოჯახისთვის მიცემული, თუმცა მშობლებმა ბენეფიტის სახით მიღებული თანხა მიზანმიმართულად არ გამოიყენეს. ბავშვები იმავე რაიონში მიმღებ ოჯახში გადაიყვანეს. „ახლა ჩვენი სოციალური მუშაკები ეხმარებიან ოჯახს, რომ მოწესრიგდეს საცხოვრებელი პირობები, იმდენად, რომ მოხერხდეს ბავშვების ოჯახში დაბრუნება. სახელმწიფოს აქვს პროგრამა - კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება. სწორედ ამ პროგრამაში ჩავრთეთ ეს ოჯახი, გვეხმარება ადგილობრივი თვითმმართველობაც“,- ამბობს მარი წერეთელი.
ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი (1505), რომელზეც ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ. მარი წერეთლის თქმით, მომართვიანობამ იმატა, იმდენად, რამდენადაც საზოგადოებაში ამ საკითხზე ცოდნამ მოიმატა, არის შემთხვევა, როცა ძალადობის შესახებ ცხელ ხაზზე რეკავს მეზობელი ან ქუჩაში გამვლელი.
რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისათვის? მაია ცირამუას აზრით, პირველ რიგში საზოგადოება უნდა იყოს მზად, ძალადობის ამ ფორმის აღმოჩენისთანავე მიმართოს შესაბამის უწყებებს - დარეკოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505), მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ან პოლიციას, იმისათვის, რომ ბავშვი აღმოჩნდეს ისეთ გარემოში, სადაც მისი განვითარებისათვის ყველა საჭიროება დაკმაყოფილებული იქნება. „მნიშვნელოვანია გაიზარდოს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გავაცნობიეროთ, რომ როცა მშობელი უგულებელყოფს ბავშვს, ის საფრთხეს უქმნის მის მომავალს, ხოლო როცა ჩვენ ამაზე ვდუმვართ, საფრთხეს ვაღრმავებთ და ძალადობის თანამონაწილეები ვხდებით“.
ცირამუას თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლიც, მას უნდა შეეძლოს პრობლემის მოგვარებისას იყოს ეფექტური. ხოლო თითოეული პროფესიონალი, რომელსაც გულისხმიერი მოქალაქე მიმართავს, უნდა იყოს სენსიტიური. „როდესაც პოლიციელი გეუბნება, რომ მშობლის მიერ ქუჩაში მოწყალებისთვის გამწესებულ ბავშვზე არ ხორციელდება ძალადობა, იმიტომ რომ მას მოცემულ მომენტში ფიზიკურად არავინ უსწორდება - ეს საგანგაშო სიგნალია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენაც არა აქვს, რომ ამ დროს ბავშვის ექსპლუატაცია ხდება. განსაკუთრებით მტკივნეულია, როცა ასეთ შეკითხვას მოჰყვება კითხვა იმაზე, თუ „სად წავიყვანოთ ბავშვი?“ პრობლემაა ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი და საკმარისი სერვისები - თავშესაფრები, დღის ცენტრები, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და აღმზრდელობითი პროგრამები“,- ამბობს ცირამუა. გარდა ამისა, მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია მშობლების განათლება, მათი მომზადება ბავშვებთან ურთიერთობისათვის. აუცილებელია, ქვეყანაში დაინერგოს პოზიტიური მშობლების ინსტიტუტი.