Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალექსანდრე ელისაშვილი: "მინდა დავამსხვრიო დეპუტატის სტერეოტიპი"

14 ივლისი 2014

29 ივნისს გუდიაშვილის მოედანზე  არასამთავრობო ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარმა”მისი უსტაბაშის, ალეკო ელისაშვილის თბილისის თვითმმართველობის 2014 წლის არჩევნებში გამარჯვება აღნიშნა. ყოფილი ჟურნალისტი საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რა გეგმები გაქვთ, როგორც საკრებულოს ახალ დეპუტატს?

ჯერჯერობით საკრებულოს შეკრებას ველოდები, შემდეგ კი ის გეგმები უნდა შევასრულო, რომელთა შესრულებასაც ხალხს დავპირდი. მინდა დავამსხვრიო დეპუტატის სტერეოტიპი. დეპუტატის, რომელსაც მანქანა უნდა ემსახურებოდეს, დაღონებული სახით უნდა დადიოდეს და ხალხთან კონტაქტი უნდა ჰქონდეს გაწყვეტილი.

დეპუტატი, საკრებულოს წევრი იქნება თუ სახელმწიფო მოხელე, საკუთარი კომფორტის მოწყობაზე კი არა, ქალაქსა და ხალხზე უნდა ზრუნავდეს. ამაზე საუბრობს ყველა. ყველასთან ერთად ამას ვამბობდი მეც. მინდა, რეალურად გავაკეთო ეს ყველაფერი, ახლა უბრალოდ ცოტა დასვენება მჭირდება.

საკრებულო, არის უწყება, სადაც წლების განმავლობაში მოვლენები “ცისფერი მთების”სცენარით ვითარდებოდა და მისი წევრები 350%-იან პრემიებს იწერდნენ. ყოველი არჩევნების წინ თუ შემდეგ საუბარია იმაზე, რომ ვიღაც პრემიას არ გამოიწერს, ვიღაც სახელმწიფო რესურსით არ ისარგებლებს. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი საკრებულოში, სადაც შეიძლება ასეთი პრეცედენტები დაიშვას?

ასეთი პრეცედენტები არ უნდა დავუშვათ. საკრებულო რეალურად თავის ფუნქციას თითქმის არ ასრულებდა. 2006-2010 წლების მოწვევის საკრებულო ერთმნიშვნელოვნად “ნაციონალური მოძრაობის”წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული და  მათი საქმიანობა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას იდეებისთვის ბეჭდის დარტყმით შემოიფარგლებოდა.

შემდგომი მოწვევის შემადგენლობა იმდენად გაერთო ამ პარტიული კინკლაობით, რომ თავისი ფუნქცია დაავიწყდა და ეგონა, რომ ყველაზე მთავარი “ნაციონალურ მოძრაობასთან”დაპირისპირება და პრემიების გამოწერა იყო. საკრებულო პარტიული კინკლაობის ასპარეზი არ არის. ეს ქალაქის სამსახურში მდგომი დაწესებულებაა. სამარცხვინოა ის, რაც ხდებოდა. ბიუჯეტის ფულით ქველმოქმედება და “კაი ტიპობა”არ გამიგია. ჩემი აზრით, პრემიების ამ ბაკქანალიას და იმ გუნდს ხალხმა თავისი სახელი დაარქვა.

შეიძლება ვიღაცებმა პრემიები აიღონ, მე ამას არ ვაპირებ, მაგრამ რა არის პრემიის არსი? ვიღაცამ შეიძლება კიდეც იშრომა ისე, რომ წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ პრემია მიიღოს. საკრებულოში გაკეთებული ერთი საქმე გამახსენეთ, მით უფრო ისეთი, რის გამოც ვინმე პრემიას იმსახურებდეს! საქმეს თუ აკეთებდნენ, ამისთვის ხელფასი ჰქონდათ დანიშნული.

საკრებულომ უნდა დაიბრუნოს თავისი ფუნქცია. წინასაარჩევნო შეხვედრებზე ხალხს არწმუნებდნენ, თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად მოვდივართო. აჰა, ბურთი და აჰა, მოედანი.

შესაძლოა ახალი შემადგენლობიდან პირადად მე ვიღაცისთვის აუტანელი პიროვნება ვიყო, ვიღაცისთვის სასურველი, მაგრამ ასეთ ბაკქანალიას გასაქანს არ მივცემ. პირველივე ჩემი ინიციატივა, რომელსაც ახლა ვამუშავებ, პერსონალურ მანქანებზე უარის თქმაა. ჰყავდეს საკრებულოს ავტოპარკი, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ საჭიროების მიხედვით ხდებოდეს. ეს ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას მოგვცემს და ამდენი ფული აღარ გაიფლანგება.

თბილისს ახალი მერი ჰყავს...

ვინც ქალაქისთვის სასარგებლო საქმეს გააკეთებს, მე არც მის მხარდაჭერას ვითაკილებ და არც მის გვერდით დგომას. გიგი უგულავაც კი შემიქია, როცა მან ლეღვთახევი გახსნა, რის შედეგადაც აბანოთუბნის უკან ნახევარ საუკუნეზე მეტი დროის მანძილზე ბეტონის კოლექტორში ჩაკეტილი მდინარე წავკისისწყალი გამოჩნდა. გაკეთდა ჩანჩქერამდე მისასვლელიც, თუმცა ისე, როგორც სჩვეოდათ, ფართხა-ფურთხით,  ხელახლა რომ გახდა გასაკეთებელი. მომეწონა ეს საქმე და ამაზე ღიად ვსაუბრობდი ჩემს სტატიაში “აფერუმ მერიას”, მიუხედავად იმისა, რომ უგულავა ჩემთვის კორუფციის ფორმულაა. ამ სტატიასთან დაკავშირებით მერიიდან დამირეკეს და მკითხეს, გულწრფელად აქებ თუ ფარულად სხვა რამეს გულისხმობო?!

ჩვენთან ასეთი სტერეოტიპიც არსებობს, რაც განსაკუთრებით “ნაციონალურმა მოძრაობამ”გაამყარა - თუკი ოპოზიციონერი კრიტიკულადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ეს მის სიძულვილს უნდა ნიშნავდეს, შენი ქმედებები ზიზღით, სიძულვილით უნდა იყოს ნაკარნახევი და ერთი სული უნდა გქონდეს, რომ დაამხო, ციხეში ჩასვა. ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა სულ სხვა რამეს ნიშნავს - არ მისცე ხელისუფლებას შეცდომის საშუალება, რადგან საერთო ჯამში ორივე ერთ მიზანს - ქვეყნისა და ქალაქის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. 

აი, ამისთვის მივდივარ საკრებულოში, რომ შეცდომების უფლება არ მივცე. თუ “ნაციონალურ მოძრაობას” კარგი იდეა ექნება, არ მომერიდება და ვიტყვი - მხარს ვუჭერ-მეთქი; თუ “ქართულ ოცნებას”ექნება -  ორი ხელით დავეთანხმები. ვითანამშრომლებ ყველასთან, ვისგანაც ქალაქისთვის სასარგებლო იდეას მოვისმენ.

საკრებულოს სხვა წევრებისგან განსხვავებით, არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდით კენჭს. პოლიტიკური “ზურგის”არქონის გამო  ხომ არ შეგექმნებათ სირთულეები ინიციატივების გატანასთან დაკავშირებით?

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემს ზურგს უკან ხალხი დგას. საბურთალოს ამომრჩევლებმა მხარი დამიჭირეს და მანდატი მომანიჭეს. საკრებულოში მოხვედრილი სხვა პარტიების წარმომადგენლებიც ხალხის მხარდაჭერით მოხვდნენ იქ - კარდაკარ დადიოდნენ და ესაუბრებოდნენ მოსახლეობას.

“ნაციონალურმა მოძრაობამ”რომ იცის ხალხის ძალა, ცოდნაც მასეთი უნდა - 2012 წელს ხალხის აქტივობით დაკარგეს ხელისუფლება. “ქართულმა ოცნებამ”ახლა იგრძნო რას ნიშნავს ხალხი, როგორ არ შეიძლება მათი უგულვებელყოფა - აი, ასე, გაერთობი ციკნის მწვადებითა და შავი ჯიპებით და საყოველთაო ზეიმით მოსულ ხელისუფლებას მეორე ტური სახვეწარი გაგიხდება. 

ხალხმა მაჟორიტარებიც ისევე აირჩია, როგორც მე. ამიტომ მიმაჩნია, რომ თანაბარ მდგომარეობაში ვართ. ისე არ არის, რომ მარტო საბურთალოზე მიჭერდნენ მხარს და სხვაგან - არა. ეს ყველამ კარგად იცის, ჩემს ზურგს უკან ათასობით საბურთალოელი ამომრჩეველი დგას, ჩემი ამომრჩევლებიც და ისინიც, ვინც არჩევნებზე მხარი არ დამიჭირეს. დიდი გეგმები მაქვს, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლო მათთან კარგი საქმეების საკეთებლად.

გარდა ამისა, “ნაციონალურ მოძრაობაშიც”, “ქართულ ოცნებაშიც”, ბურჯანაძის პარტიაშიც მეგულებიან თანამოაზრეები. ასევე, ინიციატივები არ იქნება ჩემს კომფორტზე ორიენტირებული. ყველას შეიძლება შეეშალოს, მათ შორის მეც, მაგრამ, ვფიქრობ, ჭკუათმყოფელი, ქვეყნისა და ქალაქის სიყვარულით მათ არ შეეწინააღმდეგება, ან ამით თვითლუსტრაციას მოახდენს.საკრებულოს რომ პერსონალური ავტოპარკი არ ჰქონდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ კომისიის, ფრაქციის, საკრებულოს თავმჯდომარეები და მოადგილეები მანქანით აგარაკებზე  ვერ ისეირნებენ და ბაზარში ოჯახის წევრებს ვერ ატარებენ. ამაში იხარჯებოდა სახელმწიფოს რესურსი, ამიტომ იქმნებოდა ფრაქციები - “ნაციონალურ მოძრაობას”შვიდი ფრაქცია ჰქონდა, “ქართულ ოცნებას”- ხუთი, რადგან სამკაციანი ფრაქციის თავმჯდომარეს მანქანა ემსახურება. ხომ საინტერესოა, ვინ წავა ამის წინააღმდეგ? ეს დაზოგავს ფულს, დაამსხვრევს დეპუტატობის და ფრაქციის თავმჯდომარეობის სტერეოტიპს და ხალხის სამსახურში ჩააყენებს მათ - იარონ ფეხით, საქმეზე კი - მანქანით.

საჭიროა “სი-თი პარკ”-ის კონტრაქტის გაუქმება. ამბობენ პოპულისტი ხარო, მაგრამ, ჩემი აზრით, იმით, რომ ეს არის ბანდიტური ორგანიზაცია, რომელიც ქალაქში პარკინგის მოწესრიგების ნაცვლად მძღოლების ძარცვაზეა ორიენტირებული, ვამბობ ყველას სათქმელს, სიმართლეს.

ამაზე მეტყველებს ყველაფერი - როგორ შეიძლება ტროტუარი, ჩემი სივრცე, ფეხით მავალის სივრცე დახაზო და სადგომად გადააკეთო?! რატომ არ არის მოწყობილი ნორმალური სადგომები და, ყველაფრის თავი და თავი, რატომაა კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება 7 წლის მანძილზე გასაიდუმლოებული? რა კომპანიაა ასეთი, ატომურ ბომბებს ამზადებენ თუ პარკინგის მოწესრიგებაზე არიან პასუხისმგებლები? მაქვს ინიციატივა, რომ გაუქმდეს მიმდინარე კონტრაქტი, გამოცხადდეს ახალი ტენდერი ადამიანური პირობებით და ერთად შევარჩიოთ ისეთი კომპანია, რომელსაც გავაკონტროლებთ, რათა “სი-ტი პარკივით”არ “გაუტიოს”.

ჩემი მიზანია, ქალაქს ჰქონდეს გენგეგმა, იპოდრომზე  გავაშენოთ პარკი, არ გაიჩეხოს ინფექციურის ეზო, ისევე როგორც სკვერი ზაქარიაძისა და ასათიანის კუთხეში; 1927 წელს აშენებული ზოოპარკი გადავიტანოთ უფრო დიდ და უსაფრთხო სივრცეში - დღეს პირდაპირ სამანქანო გზიდან შეიძლება ვოლიერში მოხვედრა, გარდა ამისა, იქ საშინელი სუნი დგას; მოწესრიგდეს საცობები, ქალაქში დაიდგას საზოგადოებრივი საპირფარეშოები, შეიცვალოს ზონალური შეთანხმება, რომლითაც გიგი უგულავამ უკანონობა დააკანონა - გადაიხდიდი თანხას და ააშენებდი იმხელა შენობას, რამხელაც გინდოდა, ასეთი იდეებით გამოვალ და მარტო როგორ ვიქნები, რატომ უნდა წავიდნენ ამის წინააღმდეგ?!

როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, სხვადასხვა მოწვევის საკრებულოში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არცთუ იშვიათად წარმოდგენა არ ჰქონდათ ქალაქსა და მის საჭიროებებზე...

მე და ჩემმა მეგობრებმა 2006 წელს შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია “ტიფლის ჰამქარი”სლოგანით - “ერთად ვიზრუნოთ ქალაქზე”, ალალი და უსაყვედურო იყოს, ვინც ეს სლოგანი გამოიყენა, ოღონდ ქალაქზე იზრუნონ და სხვა სლოგანსაც დავუწერთ. ჰამქრის - თბილისზე მზრუნველთა გაერთიანების დაარსებისას ვფიქრობდით, რომ სულაც არ იყო აუცილებელი ხელისუფლებაში ყოფნა და რიგით მოქალაქესაც შეეძლო კარგი საქმეების კეთება - დასუფთავების აქცია, გამოფენა, საჭიროებისამებრ საპროტესტო აქციაც და ა.შ. მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ გარედან მეტის შეცვლა შეუძლებელი იყო და შიდა ურბანული ინსტრუმენტების ხელში აღება იყო საჭირო.

გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: რაც არ უნდა კარგად შეისწავლო და იკვლიო თბილისი მოყვარულმა, მას უფრო კარგი, კვალიფიციური სპეციალისტები ჰყავს. ამ ადამიანების აზრი დაკარგული იყო და, შესაბამისად, ქალაქში ჩარევა მექანიკურად ხდებოდა. 

ეს პრაქტიკა წარსულს უნდა ჩაჰბარდეს, პრობლემების მოსაგვარებლად სხვანაირი რეგულაციაა საჭირო, აუცილებელია კვალიფიციური, პროფესიონალი ადამიანების აზრის გათვალისწინება, მათი რჩევებისა და რეკომენდაციების მიღება. ჩემს ერთ-ერთ ფუნქციად იმასაც ვხედავ, რომ ასეთი ადამიანების ხმა, რომელთა ცოდნა და გამოცდილება დაკარგული იყო, მძლავრად გაჟღერდეს საკრებულოში, რადგან  საკრებულოში მაინც პოლიტიკოსებს ირჩევენ, ხოლო პოლიტიკოსებმა პროფესიონალთა ცოდნა უნდა გამოიყენონ.

კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა წლიდან-წლამდე უარესდება...

ჩემი საკრებულოში შესვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ, როცა იბრძვი იმელის შენობისთვის, გუდიაშვილის მოედნისთვის, ამასობაში  საკრებულოში, რომელიც დაზგას ჰგავს, ათობით ისეთ გადაწყვეტილებას ბეჭდავენ, რომელთა წინააღმდეგ წასვლასაც ვეღარ აუდიხარ, ამიტომაც გადავწყვიტე, იქ შევაჩერო პროცესი, სადაც საქმე ფუჭდება. 

ბევრი რამ გამოუსწორებლად გაფუჭდა, თუმცა არის რაღაცები, რის გამოსწორებაც შესაძლებელია, მთავარია, პროცესი შეჩერდეს. ამ პრობლემას მასშტაბურად უნდა შევხედოთ, მასშტაბურად უნდა შევხედოთ ისტორიულ ქალაქს, ისევე, როგორც ზოგადად ქალაქს მთლიანობაში. შემთხვევით აქ არც ხე დგას, არც შენობა და არც მიწისქვეშა კომუნიკაციაა გაყვანილი, ყველაფერი ერთმანეთს ემსახურება და ერთის მორყევა დანარჩენის პარალიზებას იწვევს. მაგალითად ქალაქში გაფუჭებულია ერთ-ერთი სანიაღვრე სისტემა, რომელსაც ვერავინ ხედავს, თუმცა საკმარისია წვიმის მოსვლა და ამას ყველა ვგრძნობთ.

ისტორიული ქალაქი მოსაწესრიგებელია. ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. აქამდე საქმე კორუფციული ინტერესის, ან კერძო პირების ხუშტურების გამო არ კეთდებოდა. აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისთვის უზარმაზარი ფული “გავისროლეთ”, გაკეთების ნაცვლად კი საქმე გაფუჭდა. შეიძლებოდა ამ ფულის გაცილებით რაციონალურად და ეფექტურად გამოყენება.

ეს გზა თითქმის ყველა ევროპულ ისტორიულ ქალაქს გავლილი აქვს - ისტორიულ ქალაქში შენობები მძიმე მდგომარეობაშია და ამ შენობებში ძირითადად ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს - ეს მოცემულობა ყველგან იყო და ყველამ მონახა გამოსავალი. არსებობს სხვადასხვა მეთოდი, ჩვენ ეს შემუშავებული გვქონდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კულტურის სამინისტროს ჰოლანდიელი ექსპერტები ჩამოვაყვანინეთ. კულტურის, ისევე როგორც ეკონომიკის სამინისტროები ცალკე პრობლემაა. ამ ექსპერტებმა კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის გეგმა შეიმუშავეს. ამ გეგმის პარალელურად არსებობს ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა - ძველი თბილისის კონსტიტუცია, 2007 წელს მომზადებული სერიოზული დოკუმენტი, რომელიც გიგი უგულავამ თავის დროზე თაროზე შემოდო. მას უბრალოდ განახლება სჭირდება, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავყვეთ მას და განვავითაროთ.

რაც შეეხება ძეგლის სტატუსს, აქამდე ასე იყო - ვინც ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ცხოვრობდა, ვერაფერს აკეთებდა, შესაბამისად შენობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა, რაც არცთუ იშვიათად ნგრევით სრულდებოდა. ამ მოსახლეებს სახელმწიფო განუმარტავდა, რომ ძეგლის სტატუსის მქონე შენობასთან მიმართებაში ვერაფერს გააკეთებდა და ეს ვირეშმაკური პოზიცია გამოწვეული იყო იმით, რომ შენობის დანგრევას ელოდებოდნენ, რათა შემდეგ სახელმწიფოს იაფად გამოესყიდა, ანუ გეტოს მიდგომა ჰქონდათ. ეს უნდა შეიცვალოს, ასეთ საკითხებს გლობალურად უნდა მივუდგეთ, საქმე გულითა და სიყვარულით უნდა ვაკეთოთ და ძეგლი არ უნდა აღვიქვათ, როგორც მიწის ნაკვეთი, სადაც კორპუსებს ავაშენებთ, როგორც გუდიაშვილს უყურებდნენ. ეს გეგმა ჩვენ მზად გვაქვს და ისტორიულ ქალაქთან მიმართებაში მას გავყვებით. აღნიშნული გეგმა მერობის ყველა კანდიდატს გავუგზავნეთ გამოსაყენებლად.

“თბილისობა”და ფესტივალები ქალაქში...

“თბილისობა” უხეში, ყურით მოთრეული, მწვადის ჭამასთან ასოცირებული მოვლენაა, რომელსაც მოგვიანებით ყურძნის დაწურვაც მიაბეს, რაც თბილისთან არანაირ კავშირში არ არის, რადგან ქალაქში ყოველთვის მზა ღვინო შემოდიოდა. “თბილისობის”ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ ხალხი უბრალოდ მომხმარებლის როლშია, ქვეყნდება პროგრამა და სულ ესაა, არანაირი თანამონაწილეობა.

თბილისს ჰქონდა ტრადიციული ათასწლოვანი ფესტივალი - “ყეენობა”. ამ ურბანული დღესასწაულის მთელი ეშხი იმაში მდგომარეობდა, რომ მასში მთელი ქალაქი მონაწილეობდა. ერთ-ერთ ფოტოზე “ყეენობის”მონაწილე ილია ჭავჭავაძეც არის დაფიქსირებული. გუდიაშვილის ბაღში გამართულ ე.წ. “მინიფესტში”, ის მომწონდა, რომ ხალხი თავად ქმნიდა ფესტივალს: ზოგი წიგნებს ყიდდა, ზოგი ბუშტებს ბერავდა, ზოგი რას შვებოდა, ზოგიც - რას. ჩვენ მაშინ ერთად შევქმენით ფესტივალი და “ყეენობაც”სწორედ ასეთი თანამონაწილეობითი ფესტივალი იყო. რამდენჯერმე გვქონდა ამის აღდგენის მცდელობა, მაგრამ არ გამოვიდა.

ვოცნებობ თანამონაწილეობით ქალაქზე, რადგან  ხალხმა ყველაზე უკეთ იცის, რა უნდა. მაგალითად, გერმანიის ზოგიერთ ქალაქში ასეთი წესი არსებობს - სკვერის გაშენებისას ბილიკები არ გაჰყავთ, მოსახლეობა რომ გაკვალავს, იმ გაკვალულზე აგებენ ბილიკს. ჩვენთან თუ დააკვირდებით, ნებისმიერ პარკში ბილიკები თავისთვისაა, ადამიანები თავისთვის დადიან, ხალხმა იცის, რა უფრო მოსახერხებელია, როდესაც მათ ფეხის ხმას ყურს უგდებ, აი სწორედ ესაა თანამონაწილეობა. 

გამწვანების პრობლემა, სკვერებისა და პარკების გაჩეხვა...

ვფიქრობ, ქალაქმა უნდა შექმნას ფონდი, რათა გაყიდული შიდა ეზოები, ან ის ტერიტორია, რომელიც პარკის სტატუსის შეცვლის შემდეგ გაასხვისეს, მფლობელებისგან გამოვისყიდოთ და უკან დავიბრუნოთ. ამას სხვანაირად ვერ მივაღწევთ. “წართმევები”რომ განახლდეს, ამით ისევ სააკაშვილის ეპოქაში დავბრუნდებით. 

ჩვენი ქალაქი ჩვენ თვითონ უნდა დავიბრუნოთ. თუმცა ასეთი არეალების გამოსასყიდად თანხა ბიუჯეტიდანაც უნდა გამოიყოს, რათა შემდეგ ჩვენივე ხელით გავაშენოთ პარკები. ასევე, გასათვალისწინებელია მეორე ფაქტორიც - როგორც მთაში არსებობს ხატის ტყეები, რომლებიც ხელშეუხებელია, ასევე უნდა იყოს ქალაქშიც. ხატის ტყეებად უნდა გამოვაცხადოთ ჩვენი მწვანე არეალი. ორი ხეც რომ იდგას, ის წმინდა ადგილი უნდა იყოს.

დაბინძურებული მტკვარი - მდინარე როგორც გამოუყენებელი რესურსი...

ჩემი აზრით, მტკვრის საკითხი შემდგომი ეტაპისაა, რადგან ზოგიერთი პრობლემა ისეთია, პირდაპირ გახრჩობს, თუმცა მტკვართან დაკავშირებით მუშაობა დღესვე უნდა დავიწყოთ.

მდინარესთან მიმართებაში ორი მომენტია: პირველი ის, რაც ბერიამ დაიწყო, კანდიდ ჩარკვიანმა გააგრძელა და შემდეგ შევარდნაძემაც. ქალაქს სანაპიროს გასწვრივ ორი მაგისტრალი რომ არ ჰქონდეს, მოძრაობა შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა მეორე საკითხია ის, რაც ამ პროცესმა გააფუჭა -  ადრე ქალაქი პირდაპირ ურთიერთობდა მტკვართან, ყოველგვარი პოეტური პათეტიკის გარეშე, აივნები მტკვარზე იყო გადაკიდული და მდინარესთან პირდაპირი, ძალიან უშუალო ინტერაქცია გვქონდა. მტკვარი რომ დაბეტონდა, მისკენ თითქმის აღარაფერი იხედება, ქალაქმა მდინარეს ზურგი აქცია და მტკვარი მას მოსწყდა.

მტკვართან ურთიერთობა უნდა განახლდეს, სხვაგვარად შეუძლებელია - გვაქვს მდინარე, რომელიც ყველამ დაივიწყა. დღეს ის ერთი აყროლებული სითხეა. არ შეიძლება შუა ქალაქში მდინარეს სამარცხვინო მიზეზის გამო სუნი ასდიოდეს. მტკვარი უნდა დავიბრუნოთ და მტკვარს უნდა დავუბრუნდეთ. დღეს ამაზე ფიქრი აუცილებელია, უბრალოდ ეს ხვალინდელი და ზეგინდელი პერსპექტივაა, ისევე, როგორც ველოსიპედების ქალაქი. დღეისათვის იმ ტიპის სამარცხვინო პრობლემები გვაქვს, როგორებიცაა საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ნორმალური, ეკოლოგიურად სუფთა, ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა.

ქალაქისთვის ავთენტური სხვადასხვა დეტალი, რომელთა ნაწილი ძველმანების ბაზრობაზე იყიდება, ან საერთოდ იკარგება... 

ჩემი ყველაზე დიდი ოცნება თბილისის შეგროვება და ექსპონირებაა. ვხედავ როგორ ქრება ქალაქი და არ მინდა, რომ ის თბილისი, რომელიც მიყვარს, მხოლოდ ფოტოებსა და საცავებს შემორჩეს.

სამწუხაროა, რომ არ გვაქვს ნორმალური მუზეუმი, სადაც შეხვალ და გაიგებ ქალაქის ისტორიას, არადა - გვაქვს შენობა, ფონდებში არსებობს მასალა, თუმცა ყველაფერი უთავბოლოდაა გაკეთებული.

უკვე არაერთი ნივთი გვაქვს  სახლებში, როგორც მე, ისე “ტიფლისის ჰამქრის”სხვა წევრებს და ასევე არაერთი ადამიანი მეგულება, რომელიც სახლში ინახავს თბილისის იმ “დეტალებს”, რომლებსაც დაკარგვა და გაქრობა ემუქრებოდა. ერთი სული გვაქვს, შევქმნათ სივრცე, სადაც ასეთი ნივთების ექსპონირება იქნება შესაძლებელი. ჩემი ოცნებაა, თბილისთან დაკავშირებული მუზეუმის შექმნა, ან არსებული მუზეუმის გადაკეთება, მაგრამ ჯერჯერობით “ვეშაპ” საქმეებს უნდა შევეჭიდო: დღის წესრიგში ჯერ პრემიები, მანქანები და “სი-ტი პარკია”. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^