Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამაჯურით მოძალადის ადგილსამყოფელს მუდმივად გავაკონტროლებთ - ინტერვიუ ლონდა თოლორაიასთან

04 მაისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სისხლის სამართლის პოლიტიკას ამკაცრებს. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დასრულებულია და მალე მთავრობას გადაეგზავნება.  კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი, როგორი იქნება მონიტორინგისა და რისკის შეფასების მექანიზმი, როგორ აპირებს შსს სამართალდამცავების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაზრდას? - ამ და სხვა კითხვებზე წერილობით გვიპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი იანვარში შეიქმნა. ახალი დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქცია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება და ეფექტიანი გამოძიების წარმართვაა. ამ პერიოდის განმავლობაში ამ კუთხით რამდენ საქმეზე დაიწყო უშუალოდ  დეპარტამენტმა მუშაობა და  რა ეტაპზეა ეს საქმეები? 

დეპარტამენტი შსს-ში შემოსული ყველა იმ შეტყობინებისა და სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგს აწარმოებს, რომლებიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური დანაშაულის, ტრეფიკინგის, დისკრიმინაციისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების, ასევე, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ხარისხს.  

გამოძიების ან ადმინისტრაციული მსვლელობისას ხარვეზების ან დაყოვნების გამოვლენის შემთხვევაში, დეპარტამენტი ახდენს რეაგირებას - უკავშირდება პოლიციის თანამშრომელს, უწევს მას სამართლებრივ კონსულტაციას, თანამშრომელთან ერთად მსჯელობს საკითხის სწორ სამართლებრივ გადაწყვეტაზე და ერთობლივად იგეგმება საქმის შემდგომი მსვლელობა. 

დეპარტამენტმა შეისწავლა ასეულობით სისხლის სამართლის საქმე, რომელთა უმეტესობაზე დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. 

თქვენ ხშირად ახსენებთ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ასეთი დანაშაულების მიმართ მკაცრია და ამას სტატისტიკა და გამოვლენის მაჩვენებელიც ადასტურებს. კიდევ ერთხელ რომ გვითხრათ, ბოლო თვეების სტატისტიკა როგორია, რამდენი შემაკავებელი ორდერია გამოცემული და რამდენი ადამიანია დაკავებული? ასევე, ფემიციდის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა 2018 წელს?

სამინისტროს პოლიტიკა მოძალადეების მიმართ არის სამართლიანი და მკაცრი, რაც, უპირველეს ყოვლისა, მსხვერპლთა ძალადობისგან დაცვის მიზანს ემსახურება. სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავეს და მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცეს.

ფემიციდი, როგორც უშუალოდ დეფინიცია არ გვაქვს კანონმდებლობაში, თუმცა სქესის ნიშნით ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელის დამამძიმებელ გარემოებადაა მითითებული. უშუალოდ ამ მუხლით რამდენი საქმეა დაწყებული 2017-2018 წლებში? 

თავისთავად ცხადია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიების მსვლელობისას ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, არის თუ არა დანაშაული ჩადენილი გენდერული ნიშნით და ამ ნიშნის გამოკვეთის მიზნით, გამოკითხვებისა თუ სხვა საგამოძიებო მოქმედებებისას სვამს შესაბამის კითხვებს.

გათვალისწინებით იმისა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას გენდერულ ნიშანზე მითითება კვალიფიკაციაში არ ხდება (და ეს მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებშია ასახული), აღნიშნულ ნიშანზე მკაფიო ხაზგასმა ხდება პროკურორის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისას და მოსამართლის მიერ პირის დამნაშავედ ცნობისას. შესაბამისად, ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს, ამ მიმართულებით, აწარმოებს პროკურატურა და სასამართლო. 

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თავიდან ასაცილებლად და პრევენციისთვის რა არსებული მექანიზმები გვაქვს? კონკრეტულად, რა ბერკეტი აქვს ქალს ძალადობისგან თავის დასაცავად? 

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს შემაკავებელი ორდერი, რომელიც პრევენციული ხასიათის სამართლებრივი აქტია და რომლის პირობის დარღვევის შემთხვევაში დგება პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო განმეორებით დაუმორჩილებლობის შემთხვევაში - სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ინციდენტის შესწავლისას თუ საქმეში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, დაუყონებლივ იწყება გამოძიება შესაბამისი მუხლით და ხდება პირის დაკავება.

პრევენციის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ძალადობისა და მასთან ბრძოლის სამართლებრივ ბერკეტებზე. სწორედ ამიტომ, შსს-ს ინიციატივით და სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გაიმართა და პერმანენტულად მიმდინარეობს სოციალური კამპანია. მათ შორის აღსანიშნავია კამპანია „ძალა ნდობას“, რომლის ფარგლებშიც არაერთი ინტერაქტიული აქტივობა შესრულდა. 

უფლებადამცველები, მათ შორის სახალხო დამცველიც, ხშირად მიუთითებენ, რომ არსებული მექანიზმები არ არის ეფექტიანი. ასევე, არ არსებობს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მონიტორინგისა და რისკის შეფასების სისტემა. ფიქრობთ თუ არა, რომ არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკა გასამკაცრებელია და კონკრეტულად რა ინიციატივები აქვს ამ კუთხით სამინისტროს?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაასრულა რისკის შეფასებისა და გამოცემული შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის სისტემებზე მუშაობა. 30 აპრილს აღნიშნული დოკუმენტი და კონცეფცია საჯაროდ განვიხილეთ სახელმწიფო სტრუქტურებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.

მაისში მოხდება ტესტირება და გამომძიებელთა დისტანციური გადამზადება რისკის შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის ახალ მექანიზმთან დაკავშირებით, რის შემდგომაც პოლიციის ყველა მუშაკი მას პრაქტიკაში გამოიყენებს.  

შსს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, უახლოეს თვეებში გეგმავს, ასევე, ელექტრონული სამაჯურების დანერგვას მოძალადეებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ შსს-მ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მკაცრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ოჯახურ და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე. ასევე, ინიციატივის მიხედვით, პირს, რომელიც დაარღვევს გამოცემულ და შემაკავებელ ორდერს, დაეკისრება პირველივე შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი (და არა ადმინისტრაციული) პასუხისმგებლობა.  ინიციატივა უახლოეს მომავალში წარედგინება მთავრობას. 

უშუალოდ რას გულისხმობს რისკის შეფასების მექანიზმი?

რისკის შეფასების მექანიზმი არის დამხმარე ინსტრუმენტი (კითხვარების ჩამონათვალი) სამართალდამცავისთვის, რომელიც აძლევს საშუალებას, ყურადღება მიაპყროს და შეაგროვოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მას ეხმარება რისკის სწორად შეფასებაში, მოსალოდნელი ძალადობის წინასწარ განჭვრეტაში, მოცემულ სიტუაციაში ყველაზე საჭირო და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებასა და მსხვერპლისათვის საჭირო სერვისების განსაზღვრაში.

მთავრობის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში საუბარია მოძალადეებისათვის ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურების დანერგვის შესახებ. ამაზე, თქვენც ისაუბრეთ. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობს ეს ინიციატივა, რა შემთხვევებში გამოიყენება, როგორ იმუშავებს და რეალურ შემაკავებელ ბერკეტად განიხილავთ თუ არა?

შსს უახლოეს თვეებში გეგმავს ელექტრონული სამაჯურების დანერგვას. აღნიშნული სამაჯურები გამოიყენება იმ მოძალადეების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ მსხვერპლისათვის მაღალი რისკის შემცველ მოძალადეებს. სამაჯურის გზით იწარმოებს მათი ადგილსამყოფელის მუდმივი მონიტორინგი, რათა მსხვერპლის დაცვის მიზნით მოხდეს ამ უკანასკნელთან მოძალადის კომუნიკაციის კონტროლი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივებისა, რა საკანონმდებლო ცვლილებებზეა საუბარი? 

შსს-მ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მკაცრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ოჯახურ და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე. ასევე, ინიციატივის მიხედვით, პირს, რომელიც დაარღვევს გამოცემულ და შემაკავებელ ორდერს, დაეკისრება პირველივე შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი (და არა ადმინისტრაციული) პასუხისმგებლობა. ინიციატივა შეეხება ასევე მსხვერპლისათვის ისეთი საკანონმდებლო გარანტიების შექმნას, რაც მას გაუმარტივებს სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობას და მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ინიციატივას უახლოეს მომავალში წარუდგენენ მთავრობას.

მსხვერპლი და უფლებადამცველებიც მიუთითებენ პოლიციელების მხრიდან ამ ტიპის დანაშაულების მიმართ ნაკლებ მგრძნობელობასა და სტერეოტიპულ დამოკიდებულებებზეც, რაც ხშირად მიმართვისგან თავის შეკავების საფუძველია. თუ უკვლევია უწყებას, ნდობის ნაკლებობის მიზეზი რა არის? და უშუალოდ ამ კუთხით  (ნდობის გაზრდის) რა გეგმა აქვს სამინისტროს?

საკითხისადმი მგრძნობელობის გაღვივებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამართალდამცავები პერმანენტულად გადიან გადამზადების მოკლევადიან და გრძელვადიან კურსს. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით და პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მიზნით, გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი დაიწყო.

პროგრამა მოიცავს როგორც სამართლებრივ, ასევე, ფსიქოლოგიურ საკითხებს: ოჯახში ძალადობის მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები, დაზარალებულისა და მოძალადის ფსიქოლოგიური პორტრეტები, ოჯახში ძალადობის ზეგავლენა ბავშვებზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან, მოწმეებსა და მოძალადესთან ურთიერთობის/გამოკითხვის ფსიქოემოციური და სამართლებრივი ასპექტები, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციის საკითხის შესახებ არსებული საკანონმდებლო აქტები, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები, დამცავი და შემაკავებელი ორდერები, მსხვერპლისთვის არსებული სერვისები, დისკრიმინაციის ან/და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისა და ოჯახური დანაშაულების გამოძიების თავისებურებები.

პირველ ეტაპზე, სასწავლო კურსის განმავლობაში მოხდება იმ ტერიტორიული ერთეულების გამომძიებელთა სპეციალიზაცია, სადაც ყველაზე მაღალია ოჯახური დანაშაულის მაჩვენებელი. სპეციალიზაციის კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა საგამოძიებო სტრუქტურას ეტაპობრივად მოიცავს.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^