რუსთავის მერიის მიერ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე გამოცხადებულ კონკურსში 26 მარტს შპს „ინტერ ტრანსმა“ გაიმარჯვა. კონკურსში „ინტერ ტრანსის“ ერთადერთი კონკურენტი „რუსთავის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმო“ იყო, რომელიც საჭირო დოკუმენტების მოუმზადებლობის გამო კონკურსს პირველსავე ეტაპზე გამოეთიშა, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე კონკურსის გამოცხადებამდე რვა შპს და ინდმეწარმე მუშაობდა, სადაც 300-მდე მძღოლი იყო დასაქმებული. კონკურსსა და შემდგომ უკვე კონკურსის შედეგებს მძღოლები აქციებზე აპროტესტებდნენ. ეს პროტესტი უკვე ხუთი თვეა გრძელდება. მათი მოთხოვნა უცვლელია, ისინი ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვენ და პროკურატურას კონკურსის საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. ვის ეკუთვნის „ინტერ ტრანსი“ და რა კავშირი აქვს მის მფლობელს პრემიერ-მინისტრის ნათესავთან?
27 მაისი. რუსთავში “ქართული ოცნების” ოფისის წინ რუსთავის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მორიგ აქციას მართავენ.
მძღოლები რუსთავის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო საშუალებების ტენდერში რუსთავი-თბილისის მარშრუტზე კომპანია “ინტერ ტრანსს” საკრებულომ სანებართვო პირობების შესრულების ვადა ორი თვით გაუგრძელა. 25 მაისს იწურებოდა დრო, როდესაც კომპანიას კონკურსით გათვალისწინებული პირობები უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტენდერი უნდა გაუქმებულიყო. თუმცა საკრებულომ კომპანიას ეს ვადა 26 ივნისამდე გაუგრძელა.
აქციის დროს მძღოლებთან შეხვედრა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გადაწყვიტეს.
“ქართული ოცნების” ოფისის საკონფერენციო დარბაზის გრძელი მაგიდის ერთ მხარეს რუსთავის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები სხედან, მეორე მხარეს”ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. მაგიდის თავში კი კოალიციის თანამშრომელი, ე.წ. მომრიგებელი, რომელიც დისკუსიას უნდა წარუძღვეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 2 კვირაა დარჩენილი.
მოლაპარაკების მცდელობის დასაწყისში კოალიციის წევრებმა მძღოლებს სთხოვეს, რომ მოეყოლათ საკუთარი პრობლემების შესახებ. მაგიდასთან მძღოლების 15-მდე წარმომადგენელი იჯდა. მათ შორის ერთ-ერთმა, ვასილ სულაშვილმა პოლიტიკოსებს საქმის ვითარება აუხსნა. მან ქრონოლოგიურად მოყვა, რატომ არიან მძღოლები კომპანია “ინტერ ტრანსის” რუსთავში შემოსვლის წინააღმდეგები. მძღოლების თქმით, გარდა იმისა, რომ ტენდერი არ უნდა ჩატარებულიყო, რადგან ადგილობრივ სატრანსპორტო ბაზარზე არსებულ დანარჩენ რვა კომპანიას გაქრობა ემუქრება, სატენდერო პირობებით მძღოლების დასაქმება იყო გათვალისწინებული. მძღოლები პარტიის წარმომადგენლებს უხსნიდნენ, რომ კომპანია „ინტერ ტრანსმა“ ეს პირობა არ შეასრულა, არც შრომითი ხელშეკრულება წარმოუდგენია ამ დრომდე, არც საკმარისი ავტომანქანები ჰყავს. გარდა ამისა, როგორც მძღოლები ამბობენ, კომპანია მათგან ყოველდღიურად 75 ლარის გადახდას ითხოვდა, რაც, მათი თქმით, შეუძლებელია.
მძღოლებმა შეხვედრაზე თავიანთ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზეც ისაუბრეს და პარტიის წარმომადგენლებს დახმარება სთხოვეს. „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მძღოლებს მოუსმინეს და თქვეს, რომ საკითხი კარგად არ იცოდნენ და გასარკვევად დრო ითხოვეს.
მოლაპარაკება 27 მაისს მალევე დასრულდა, თუმცა გამოსულმა მძღოლებმა თქვეს, რომ უშედეგო იყო და ისინი ტენდერის გასაუქმებლად დავას მერიასთან გააგრძელებდნენ.
უალტერნატივო კონკურსი
2014 წლის 14 თებერვალს რუსთავის მერის N56 ბრძანებით, რუსთავ-თბილისის M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე ნებართვის მაძიებელთათვის კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსის ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოსავლენად საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის მიზანიც კონკურსში მონაწილეობაზე მსურველი კომპანიის წერილობითი განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის შემოწმება, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით კი” კომპანიის შეფასება და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა იყო.
კომისია რუსთავის საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომლებისგან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების და მოწვეული სპეციალისტებისგან დაკომპლექტდა. კომისიის თავჯდომარე რეზო თევდორაძე იყო, მოადგილე -ელგუჯა მეტრეველი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების და ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღება 2014 წლის 17 თებერვალს დაიწყო და 17 მარტს დასრულდა.
შპს „ინტერ ტრანსი“ კონკურსში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც განაცხადი თერთმეტივე ლოტზე წარადგინა. კონკურსში ასევე მონაწილეობას შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმო“ (რომელსაც განაცხადი სამ ლოტზე ჰქონდა წარდგენილი) და შპს „საქართველოს სატრანსპორტო კომპანია“ (ე.წ. ალდაგი) იღებდა. თუმცა ამ უკანასკნელმა განცხადების წარდგენიდან მეორე დღესვე კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და საბუთები უკანვე გაიტანა.
კომპანია “ინტერ ტრანსის“ დირექტორი მამუკა მუმლაძე ამბობს, რომ „საქართველოს სატრანსპორტო კომპანიას“ ოფისში მძღოლები მიუცვივდნენ და განაცხადი ძალით გამოატანინეს. რუსთავის მძღოლების ადვოკატი და ერთ-ერთი შპს „სამება 77777“-ის იურისტის რეზო რიჟამაძის თქმით კი, კომპანია საკონკურსო პირობების გაცნობის შემდეგ მიხვდა, რომ ვერ გაიმარჯვებდა, ამიტომ მონაწილეობაზე უარი თქვა.
ამ ფაქტის გადამოწმება „ლიბერალმა“ რამდენჯერმე უშუალოდ „საქართველოს სატრანპოსრტო კომპანიის“ მფლობელთან დავით გიორგობიანთან სცადა, თუმცა უშედეგოდ.
ხუთ დღეში კონკურსს შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმო“ გამოეთიშა. ლოტების გახსნის დროს აღმოჩნდა, რომ მას საბანკო გარანტიაც კი არ ჰქონდა წარდგენილი.
2014 წლის 26 მარტს კომისიამ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიად შპს „ინტერ ტრანსი“ დაასახელა. კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი აღმოჩნდა, რომელმაც საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილა, შესაბამისად, ნებართვა რუსთავი-თბილისის მარშრუტის თერთმეტივე ლოტზე მოიპოვა.
საკონკურსო კომისიის თავჯდომარემ, რეზო თედორაძემ კონკურსის შედეგების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ შპს „ინტერ ტრანსი“ კონკურსში 287 ერთეული M2 კატეგორიის ახალი, ნულოვანი გარბენის მქონე, ევრო 4 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებებით შემოვიდა; რომ ავტომობილები აღჭურვილია GPS ნავიგაციური სისტემით და თანამედროვე ტიპის, ელექტრონული გადახდის ტერმინალებით; რომ გამარჯვებული კომპანია შეინარჩუნებს მგზავრობაზე არსებულ ფასს და დაასაქმებს მარშრუტებზე მომუშავე მძღოლებს.
„კომისიამ კომპანიის ყველა ავტომანქანა დაათვალიერა და დაადგინა შესაბამისობა. რუსთავის მერია კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს და გადასცემს ნებართვებს. „ინტერ ტრანსი” კი, თავის მხრივ, მძღოლებთან დადებს ხელშეკრულებას. მძღოლების უმრავლესობა, 95% ან მთლიანად, როგორც ეს საკონკურსო წესითაა გათვალისწინებული, იქნებიან ისინი, ვინც ამჟამად მუშაობენ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, შესაძლოა დაემატონ სხვებიც, თუმცა აუცილებლად ადგილობრივები”, - განაცხადა რეზო თედორაძემ.
რუსთაველი მძღოლების პროტესტი ჯერ კიდევ კონკურსის გამოცხადებისას დაიწყო. ოცამდე მძღოლმა რუსთავის მერიასთან შიმშილობა გამოაცხადა. ისინი კონკურსის გადავადებას ითხოვდნენ. აქციები რამდენჯერმე თბილისში, მთავრობის კანცელარიასთანაც გაიმართა. მძღოლები ამბობდნენ, რომ ისინი მცირე ბიზნესს ეწევიან, ტრანსპორტი მათი ერთადერთი შემოსავალია, რაზეც ბევრი ოჯახის არსებობაა დამოკიდებული. კონკურსის შედეგად კი რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი რვამდე შპს ბაზრიდან ქრება და მხოლოდ ერთი, გამარჯვებული კომპანია რჩება.
გარდა ამისა, დაახლოებით ერთი წლით ადრე რუსთავის მერიამ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე ყველა კომპანიას ავტოპარკების განახლების რეკომენდაცია მისცა, ამის შესახებ რუსთავის მერის მოადგილე დავით სხირტლაძე ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს „kkpress.ge”-ს ესაუბრა. შესაბამისად, მძღოლებმა ავტოპარკების განახლება დაიწყეს და შედარებით ძველი ავტოტრანსპორტი ახალი ავტომანქანებით ჩაანაცვლეს. როგორც მძღოლები ამბობენ, უმეტესობამ ბანკის ვალი აიღო, რომ ახალი სამარშრუტო ტაქსები შეეძინათ.
მიუხედავად ავტოპარკების განახლებისა, მძღოლების ადვოკატის, რეზო რიჟამაძის თქმით, რომელიც ასევე საკონკურსო კომისიის წევრიც იყო, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე ვერც ერთი კომპანია კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, რადგან კომისიამ ისეთი საკონკურსო პირობები შეიმუშავა, რომლის დაკმაყოფილებაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი შპს-ებისთვის შეუძლებელი იყო.
„რუსთავი-თბილისის სამარშრუტო სამგზავრო გადაყვანებზე კონკურსი რუსთავის მერიამ ისე გამოაცხადა, რომ კონკურსზე გასატანი ლოტები საკრებულოს არც დაუმტკიცებია. გარდა ამისა, მერიაში თვითნებურად დაადგინეს საბანკო გარანტიები განაცხადის შეტანისთვის”50 000 ლარი, ხოლო საკონკურსო პირობების შესრულებისთვის “100 000 ლარი, ჯამში”150 000 ლარი. შეიმუშავეს დებულებები სადაც ეწერა, რომ 2012 წელს და უფრო ადრე გამოშვებული მანქანები ყველაზე მაღალ 50 ქულას მიიღებდა. ჩვენი მანქანები 2008 წელს იყო გამოშვებული. მათ კარგად იცოდნენ, რომ „ინტერ ტრანსის“ ყვითელი მიკროავტობუსები ზუსტად 2012 წელს იყო გამოშვებული”, -ამბობს რეზო რიჟამაძე.
შპს „ინტერ ტრანსმა“ კომისიის მიერ დადგენილი საბანკო გარანტია პირველ ეტაპზე, განაცხადის შეტანისთვის საჭირო 50 000 ლარი „პროგრეს ბანკიდან“ წარადგინა. საკონკურსო პირობების შესრულებისთვის კი საჭირო იყო 100 000 ლარი, რომელიც კომპანიამ უკვე სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფისგან“ მიიღო.
მძღოლებმა რუსთავის მერიის წინააღმდეგ სარჩელით პროკურატურას მიმართეს. ისინი კონკურსის გამოცხადებას არაკანონიერად მიიჩნევენ და გამოძიებას ითხოვენ. თუმცა საქმის განხილვა პროკურატურას ამ დრომდე არ დაუწყია.
როგორც ადვოკატი რეზო რიჟამაძე გვიყვება, 2002 წელს რუსთავის ტრანსპორტზე ტენდერი ჩატარდა. გამარჯვებულ კომპანიებს კი ათწლიანი მუშაობის ნებართვა მიეცათ. სულ 8 კომპანია იყო და მასში როგორც საქალაქთაშორისო (რუსთავი-თბილისი), ასევე შიდა, რუსთავის საქალაქო გადაადგილება შედიოდა.
10 წლის განმავლობაში თბილისის მარშრუტზე ეს რვა კომპანია მუშაობდა: შპს „სამება 77777“, შპს „ექსპრეს 96“, შპს „საქართველოს სატრანსპორტო კომპანია“, შპს „თომი“, შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმო“, შპს „სოვრაკი“, შპს „მაგისტრალი XXI”, შპს „სტარტი“.
2005 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებითა და პარლამენტის საკანონდებლო აქტით, საქალაქთაშორისო გადაყვანაზე სანებართვო საქმიანობა გაუქმდა.
„გაუქმდა სატენდერო სისტემა, რაც სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება იყო. საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ საქალაქთაშორისო გადაყვანაზე სახელმწიფო რეგულაციები არ უნდა მოქმედებდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი და საერთაშორისო ვალდებულებები უკრძალავდა. 2011 წელს საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში ცვლილება შევიდა”, - ამბობს რიჟამაძე.
ამ ცვლილების მიხედვით, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო გადაყვანა ნაცვლად საქალაქთაშორისო გადაყვანისა, შიდა, ადგილობრივ საქალაქო ტრანსპორტირებაში ჩაითვალა. შესაბამისად, მასზე სატენდერო პირობები გავრცელდა.
2012 წლის თებერვალში რუსთავი-თბილისის მარშრუტზე კონკურსი გამოცხადდა, სადაც ნებართვა სხვადასხვა მარშრუტების მიხედვით თერთმეტ ლოტზე ბაზარზე არსებულმა 8 კომპანიამ 1 წლის ვადით მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ რუსთავის საკრებულომ ამ კომპანიებს ვადა მომდევნო კონკურსის ძალაში შესვლამდე გაუგრძელა. თუ როდის იქნებოდა მომდევნო კონკურსი, რუსთავის მერიის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული.
კონკურსის შემდეგ
რუსთაველი მძღოლების პროტესტი შპს „ინტერ ტრანსის“ გამარჯვების შემდეგაც გაგრძელდა. გამარჯვებულმა კომპანიამ რუსთავში მხოლოდ რამდენიმე ყვითელი სამარშრუტო ტაქსი შეიყვანა, სადაც, როგორც მძღოლები ამბობენ, მანამდე მომუშავე სამასამდე მძღოლიდან მხოლოდ ოცდაათი მუშაობს, დანარჩენები კი მგზავრებს თავიანთი სატრანსპორტო საშუალებებით ემსახურებიან.
სანებართვო პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია დაასაქმოს კონკურსში მის გამარჯვებამდე სამარშრუტო ტაქსიზე მომუშავე მძღოლები და მხოლოდ ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს დასაქმება სხვა პირებს.
იურისტი რეზო რიჟამაძე ამბობს, რომ ამ დრომდე კომპანიას ხელშეკრულება არც ერთ მძღოლთან არ გაუფორმებია.
„მხოლოდ ზეპირი მოლაპარაკება ხდება. კომპანია ამბობს, რომ მანქანები საბანკო კრედიტით აქვს გამოტანილი, ანუ ეს ვალი დასაფარი მაქვსო და მძღოლებს ასეთ პირობებს სთავაზობს: 43 ლარი ბანკის პროცენტი, ამას უნდა დაემატოს ცვეთა” 23 ლარი, გარდა ამისა, გეგმა 35 ლარი, ანუ ფირმის მოგება. და საბოლოოდ, კომპანია მძღოლების დასაქმების ნაცვლად, მათ გადასახადს აკისრებდა”, - ამბობს რიჟამაძე.
„ინტერ ტრანსში“ ამბობენ, რომ კომპანიას კონკურსით გათვალისწინებული ყველა ავტომანქანა საკუთრებაში ჰყავს და მან 280 მანქანა „საქართველოს ბანკისგან“ შეიძინა. ბანკს სხვა კომპანიის ტრანსპორტზე ყადაღა ჰქონდა დადებული და „ინტერ ტრანსმა“ ეს მანქანები გადმოიფორმა. რუსთავში მანქანების შეყვანას კი კომპანია ეტაპობრივად აპირებს.
მძღოლები ჩვენთან საუბარში ადასტურებენ, რომ კომპანია სათითაოდ მძღოლებს, ყოველგვარი ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე, კაბალურ პირობებს სთავაზობდა და ზეპირი შეთანხმების მიღწევას ცდილობდა.
შპს „ინტერ ტრანსის“ დირექტორი მამუკა მუმლაძე ამბობს, რომ მხოლოდ შპს „სამება 77777“-თან არსებობს პრობლემები, დანარჩენთან მოლაპარაკება შედგა და ამჟამად კონკურსამდე მომუშავე ყველა მძღოლი დასაქმებულია და მათთან როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ხელშეკრულება არსებობს. თუმცა წერილობითი ხელშეკრულების მოპოვება ჩვენ ვერ შევძელით.
რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ტაბატაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ კომპანია სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასრულებს და თითქმის ყველა მძღოლი დასაქმებულია.
„რაოდენობა ზუსტად არ ვიცი, სანებართვო წესში წერია, რომ კომპანიამ მძღოლები უნდა დაასაქმოს, მათი სახელი და გვარები არ არის ჩამოწერილი, ვისაც უნდა, ის დაიწყებს მუშაობას. ხელშეკრულებებიც გაფორმებულია, მაგრამ მე არ მინახავს“, - ამბობს გიორგი ტაბატაძე.
ვის ეკუთვნის შპს „ინტერ ტრანსი“?
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ინტერ ტრანსი“ 2012 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა. იმ დროისთვის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ანჩაბაძე იყო, კომპანიის დირექტორი კი დავით ცინცაძე. რამდენიმე დღეში, 2012 წლის 25 დეკემბერს გიორგი ანჩაბაძესთან ერთად კომპანიის მფლობელებს შორის 50%-იანი წილით ფირუზ ხურცილავა ჩნდება.
შპს „ინტერ ტრანსის“ ამჟამინდელმა მფლობელმა, ზაზა ლომიძემ კომპანიის 100%-იანი წილი 2014 წლის 6 თებერვალს გადაიფორმა. 8 აპრილს კი კომპანიის დირექტორი მამუკა მუმლაძე გახდა.
ზაზა ლომიძე ამბობს, რომ გიორგი ანჩაბაძე მისი ბავშვობის მეგობარია, ფირუზ ხურცილავა კი მისი მეგობრის მძღოლი. „მე და ჩემი მეგობარი საქართველოში არ ვიყავით, ამიტომ მეგობრის მძღოლს ვთხოვეთ, რომ აღნიშნული კომპანია დაეფუძნებინა. როცა ჩამოვედი მერე გადავიფორმე. სხვა არავითარი ურთიერთობა ამ ადამიანთან არ მქონია“,”ამბობს ლომიძე. ის არ ასახელებს იმ მეგობრის ვინაობას, რომლის მძღოლიც რეესტრში კომპანიის დამფუძნებლად მითითებული ფირუზ ხურცილავაა.
„ინტერ ტრანსის“ დირექტორი მამუკა მუმლაძე, როგორც თვითონ ამბობს წლებია სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს, თუმცა მანამდე ის შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ დირექტორი იყო, შემდეგ კი 8 წელი შპს „სამება 77777“-ში მუშაობდა. „ინტერ ტრანსის“ დირექტორობამდე მუმლაძე რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი იყო და როგორც ამბობს, სატრანსპორტო საკითხები ჰქონდა დავალებული.
კონკურსის პერიოდში მუმლაძე რუსთავის მერიაში მუშაობდა და ამას მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ტაბატაძეც ადასტურებს. მას შემდეგ რაც კონკურსში გამარჯვებულად „ინტერ ტრანსი“ დასახელდა და დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდა, მამუკა მუმლაძე კომპანიის დირექტორად გადავიდა.
შპს „ინტერ ტრანსის“ მფლობელი ზაზა ლომიძე 2010 წლიდან შპს „სითიში“ ზვიად ჯანყარაშვილის პარტნიორია. ჯანყარაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია. ის 2012 წლის არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის უფროსად დაინიშნა, მანამდე კი სიღნაღში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ზვიად ჯანყარაშვილმა შსს-ს გენინსპექციის უფროსის თანამდებობა 2014 წლის 15 აპრილს დატოვა. გადადგომის მოტივად დაასახელა, რომ არ სურს „ადგილი ჰქონდეს სპეკულაციებს პრემიერ-მინისტრთან ნათესაობის გამო“.
ზაზა ლომიძე ამბობს, რომ მიუხედავად ბიზნესპარტნიორობისა ზვიად ჯანყარშვილს მხოლოდ „გამარჯობით“ იცნობს და 6 წელია არ უნახავს.
„კომპანია „სითი“ აღარ არსებობს. ის არანაირ საქმიანობას არ ეწეოდა, კომპანიის საკუთრებაში მხოლოდ მიწა იყო, მერე ეს მიწა გავყიდეთ“, - ამბობს ლომიძე.
2013 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, შპს „სითიში“ პარტნიორები იყვნენ: გიორგი მჭედლიშვილი (5%), ზვიად ჯანყარაშვილი (4.5%), გურამ სულაბერიძე (5%), მიხეილ ბასილაშვილი (5%), ზაზა ლომიძე (10%), თეა ფალავანდიშვილი (10%), ირაკლი კასრაძე (5%), პაატა სირაძე (38%), დავით დოლიძე (10%), დავით შავლიაშვილი (4.5%), ალბერტ ვერნერ შვარცენბახი (3%).
საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „სითიში“ ბოლო ცვლილებები 2013 წლის 14 ივნისს ფიქსირდება, როდესაც დავით შავლიაშვილმა თავისი წილი პაატა სირაძეს გადაუფორმა.
დავით შავლიაშვილი საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსია. ის ამ თანამდებობაზე 2013 წლის 2 მაისს დაინიშნა. მანამდე კი (2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის აპრილამდე) ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ უფროსად მუშაობდა.
გარდა კომპანია „სითისა“ დავით შავლიაშვილი ზვიად ჯანყარაშვილის პარტნიორი იყო შპს „სმარტ ვეი გრუპში“ და შპს „კომპიქსში“. თუმცა ზვიად ჯანყარშვილმა კომპანია „კომპიქსის“ 50% შავლიაშილს 2012 წლის 20 ივლისს გადაუფორმა.
რაც შეეხება შპს „ინტერ ტრანსის“ მფლობელის ზაზა ლომიძის სხვა ბიზნესსაქმიანობას, ის ყოფილი ფეხბურთელის მურთაზ ხურცილავას პარტნიორია შპს „მურთაზ ხურცილავას სახელობის საერთაშორისო საფეხბურთო სკოლა ჩემპიონი 2004“ -ში. ის არის ასევე შპს „ჯეო ტრანსის“ 52%-იანი წილის მფლობელი და შპს „გლდანი ტრანსის“ დირექტორი და მეწილე. ლომიძის თქმით, „გლდანი ტრანსი“ გლდანის ავტოსადგურად გადაკეთდა და კომპანიის დამფუძნებელი მისი მეუღლეა.
„ინტერ ტრანსის“ დირექტორი მამუკა მუმლაძე ჩვენთან საუბარში ჰყვება, რომ გლდანის ავტოსადგური და „ინტერ ტრანსი“ ფაქტობრივად ერთი კომპანიაა, ორივეს მფლობელი ზაზა ლომიძეა. „ინტერ ტრანსი“ არის გადამზიდავი კომპანია, გლდანის ავტოსადგური კი მიმღები სადგური იქნება. მათ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება.
„სანამ კონკურსი გამოცხადდებოდა, „ინტერ ტრანსს“ შეძენილი ჰყავდა 280 სატრანსპორტო საშუალება. რადგან გლდანში სხვა ბიზნესაქტივობა ჰქონდა დაგეგმილი. მერე კონკურსი გამოცხადდა, სადაც მეტი პერსპექტივა დაინახა და ეს ავტომანქანები კონკურსისთვის გამოიყენა. გლდანისთვის კიდევ სხვა სატრანსპორტო საშულებები ჰყავს, მაგრამ კანონი არ ავალდებულებს, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებები მის საკუთრებაში იყოს“, - ამბობს მუმლაძე.
კომპანია გლდანის ავტოსადგურის გაშვებას ერთ თვეში გეგმავს. როგორც კომპანიაში ამბობენ „გლდანის ავტოსადგურს“ თითქმის ყველა ქალაქში პატარ-პატარა ავტოსადგურები აქვს.
„ინტერ ტრანსი“ გლდანის ავტოსადგურთან ერთად საქალაქთაშორისო გადაყვანებზე მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას აპირებს. რუსთავი-თბილისის შემდეგ, კომპანია „თბილისი-მცხეთა“, „თბილისი-ქუთაისი“, „თბილისი-ბათუმი“, „თბილისი-მარნეული“ და სხვა მარშრუტებზე გაუწევს კონკურენციას ამჟამად ბაზარზე მოქმედ კომპანიებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ გლდანის ავტოსადგური ბევრად კარგ პირობებს შესთავაზებს მგზავრებს, ვიდრე სხვა აქამდე არსებული სადგურები.
მიუხედავად სატრანსპორტო სფეროში სერიოზული გეგმებისა, შპს „ინტერ ტრანსს“ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოპოვებულ ნებართვაზე პირობები გამარჯვებიდან სამი თვის შემდეგაც არ შეუსრულებია. რუსთავში არ შეუყვანია ყველა ის მანქანა, რომელიც კონკურსითაა განსაზღვრული. ასევე, არ არიან სრულად დასაქმებულები აქამდე მომუშავე მძღოლები. რუსთავის მერიაში კი ამბობენ, რომ კომპანიას ჯერ კიდევ აქვს ვადა და თუკი ის ამ პერიოდში ვერ მოახერხებს სანებართვო პირობების შესრულებას და რომელიმე ლოტზე დარღვევა დაფიქსირდება, კომპანია დაჯარიმდება.